planetanews Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის თითქმის ყველა კარი ჩაკეტილია. მათ შორის ლიფტის კარიც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეტლით ლიფტებში შესვლა, სივიწროვის გამო, შეუძლებელია. პანდუსი (დაქანებული სიბრტყე, კიბის მაგივრად) საჯარო დაწესებულების, მაღაზიებისა და გასართობ ცენტრების უმრავლესობაში არ არის. თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თქმით, მთავარი პრობლემა უბრალოდ გადაადგილებაა. რასაც ისინი რთულად ან საერთოდ ვერ ახერხებენ. თბილისის 1888 ტრანსპორტის გაჩერებიდან, მხოლოდ სამი გაჩერებაა ისე მოწყობილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ტრანსპორტში ასვლა შეძლონ. ტრანსპორტი კი, რომელიც ქალაქ თბილისის მერიამ 40 ავტობუსის სახით 2008 წელს შეიძინა და სადაც გათვალისწინებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი პირობები, დღეს მათთვის არ ფუნქციონირებს. თბილისის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ 40 ბოგდანის ტიპის ავტობუსი არასამთავრობო ასოციაციების მიმართვის გამო შეიძინეს. რაოდენობა კი განპირობებული იყო იმით, თუ რამდენი მიმართულებით იყო საჭირო ავტობუსების დანიშვნა. „ჩვენ შევარჩიეთ 28 მიმართულება. ავტობუსის ყველა მძღოლი გავაფრთხილეთ, რომ უნარშეზღუდულ ადამიანებს ავტობუსში ასვლაში დახმარებოდნენ,“–ამბობს აკაკი ჯოხაძე, თბილისის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი. ზაზა სიხარულიძე, „ღვთისშვილთა კავშირის“ თავმჯდომარე, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობების არის, ამბობს,რომ მერიის მიერ შეძენილი ავტობუსებით კმაყოფილი არ არის. „არც ერთი ავტობუსი ჩვენთვის არ ფუნქციონირებს, კი დადის, მაგრამ უფუნქციოა. ხან ლიფტი აქვს გაფუჭებული, ხან რა.“ თუმცა მისი თქმით მთავარი პრობლემა უფრო ის არის, რომ ავტობუსამდე მისვლა არის რთული. „ ვერ მიუდგები ავტობუსს. ისე არ არის მოწყობილი გაჩერება, რომ მოახერხო. ისეთი ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც კმაყოფილია ამ ავტობუსით და სარგებლობს.“ თავად აკაკი ჯოხაძეც ადასტურებს, რომ ავტობუსები დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება. „ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ეს ავტობუსები არ გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის“. ის ამბობს, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის გარკვეული პირობებიც კი ჩამოაყალიბა. მაგალითად ,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ავტობუსი მისთვის სასურველ გრაფიკში ჩაესვათ. „შეგვეძლო ეს ავტობუსი ჩაგვესვა ისეთ გრაფიკში, რომ მისთვის სასურველ დროს უწევდეს ავტობუსს ამ გაჩერებაზე მისვლა, მაგრამ ასეთი გვაქვს სულ რამდენიმე შემთხვევა“,–ამბობს ჯოხაძე. რატი იონათამიშვილი, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ პროექტის ოფიცერი ამბობს, რომ ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მერიის მიერ შეძენილი ავტობუსები გამოუსადეგარია, კოორდინაცია; და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობის ნაკლებობა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია უნარშეზღუდული ადამიანებისთვის შეძენილი 40ავტობუსის ფუნცქიის შეცვლა. „ეს იყო ძალიან კარგი სურვილი ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან, რომელიც იყო მისასალმებელი, მაგრამ ამან ვერ იმუშავა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით ბოლომდე ჩართულები, რომ რეკომენდაციები მიგვეცა და მეორეს მხრივ, არ იმუშავა, იმიტომ რომ არ მოხდა გაჩერებების კეთილმოწყობა - თუ ვერ მივიდა ინვალიდობის მქონე ადამიანი ავტობუსის გაჩერებამდე და ვერ დაიკავა იქ ადგილი, როგორი ადაპტირებულიც არ უნდა იყოს ავტობუსი, მას გაუჭირდება მისით სარგებლობა, დღეს ეს ავტობუსები არიან ხაზზე, მაგრამ შეზღუდული გადაადგილების უნარის მქონე ადამიანებს ვერ ემსახურებიან“,–ამბობს იონათამიშვილი. „ღვთისშვილთა კავშირი“ ექვსართულიანი შენობის ერთ–ერთ სართულზეა. შენობა, სადაც კავშირის თავმჯდომარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების პირობების შემსუბუქებას ცდილობას, მძიმე მდგომარეობაშია. დაბზარული კედლები და ბნელი დერეფნები, თავად ორგანიზაციის ოთახი კი რამდენიმე კვადრატული მეტრია ძველი და უბრალო ავეჯით. ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ზაზა სიხარულიძეს, მხედველობის და სიარულის პრობლემა აქვს. სახელი „ღვთისშვილთა კავშირი“ კი ორგანიზაციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აერთიანებს იმიტომ დაარქვეს, რომ არც ერთი ტერმინი, რომელიც ამ ადამიანების მიმართ დღეს საქართველოში გამოიყენება მათ არ მოსწონთ. „ქართულში არ არის ადეკვატური შინაარსის ტერმინი, არც ინვალიდი, არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ მოგვწონს და ეს უფრო სიმბოლური სახელწოდებაა“. 1989 წელს დაარსებული პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს იმ შვიდ ორგანიზაციაში შედის, რომელიც სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს ქმნის. საბჭო 2009 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. 7 არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, საბჭოში შევიდნენ პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა და რამდენიმე მინისტრი. მათ შორის დავით ტყეშელაშვილი– რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი– შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინსიტრი, კახა ბაინდურაშვილი– ფინანსთა მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი–ეკონომიკური განვითარების მინისტრი, განათლების და მეცნიერების მინისტრი– დიმიტრი შაშკინი და ნიკა რურუა– კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპოტის მინისტრი. საბჭოს მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინტეგრაციია. საბჭოს პირველი ინიციატივა კი სამწლიანი პროექტია, რომელიც 2009 წლის 15 დეკემბერს დამტიცდა. „მან (პროექტმა) უნდა მოახდინოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების გამოვლენა და მიღება, ... გააუმჯობესოს ინვალიდობის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტიაციისა საკითხები. სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა შეიქმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სტატისტიკა და მონაცემთა ბაზა, მოხდეს ინფრასტრუქტურის ადაპტირება და ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა, გააუმჯობესდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, მოხდეს ინვალიდობის მქონე ადამიანების ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულურულ პროცესებში, განავითარდეს საინვალიდო სპორტი,“- ნათქვამია იმ მიზნებში, რომელიც საბჭომ რამდენიმე თვის წინ დაისახა. თუმცა ზაზა სიხარულიძე ამბობს, რომ 4 თვის მანძილზე საბჭო არც ერთხელ არ შეკრებილა. პრობლემების ნაწილი კი ისევ მოუგვარებელი რჩება. „ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა საბჭოს შეკრება, მიუხედავად, იმისა, რომ საბჭო სამი თვის თავზე უნდა შეკრებილიყო,“–ამბობს რატი იონათამიშვილი. საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმებიც ჯერ მხოლოდ გეგმებად რჩება. საქართველოში უკვე 15 წელია მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები თანაბარი პირობებით უნდა სარგებლოდნენ. „დღემდე არ არსებობს სოციალური უსაფრთხოებისა და განვითარების სისტემა, რომელიც აღადგენდა თანაბარ სამოქალაქო უფლებებსა და შესაძლებლობებს სატრანსპორტო, საგზაო, არქიტექტურული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით, განათლების სისტემით და დასაქმებით თანაბარი პირობებით სარგებლობაზე”,–ამბობს კობა ნადირაძე, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში 231 280 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts