Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს არეული არჩევნები


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg

 

იაკობ პარუსინსკი

 

იმსახურებს, თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოების აპლოდისმენტს იმის გამო, რომ მისმა პარტიამ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა?  ის, რაც იაკობ პარუსინსკიმ საკუთარი თვალით ნახა და რაც თავისი კოლეგა დამკვირვებლებისგან მოისმინა, იმის ვარაუდს აჩენს, რომ პროცედურული დარღვევები და გამიზნული გაყალბების შემთხვევები ბევრად უფრო მეტი და ორგანიზებული იყო, ვიდრე ეს თავდაპირველად გახდა ცნობილი.

 

30 მაისს მიხეილ სააკაშვილის გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში, რომლებიც რუსეთთან აგვისტოს მერე პირველი იყო, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. მთავრობები მთელს მსოფლიოში სააკაშვილს მისი პარტიის წარმატებას ულოცავდნენ. ეუთოს ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ადგილობრივმა არჩევნებმა დაადასტურა „აშკარა პროგრესი ეუთოსა და ევროპის კავშირის ვალდებულებებისადმი ერთგულების თვალსაზრისით“. თუმცა  აღიარებდა „მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების არსებობას, მათ შორის არათანაბარ გარემოს და არჩევნების დღეს მომხდარ ცალკეულ საარჩევნო დარღვევებს“.  ამგვარი დასკვნა, სამწუხაროდ,  ამსუბუქებს გარემოებებს, რომლებშიც არჩევნები ჩატარდა.

 

მე თბილისში მოქმედ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად არჩევნებს ვმეთვალყურეობდი და თავად გავხდი მოწმე იმისა, თუ რა პირობებში ჩატარდა არჩევნები. ის, რაც ვნახე, ქებას ნამდვილად არ იმსახურებდა. ვიყავი რა მობილური ჯგუფის წევრი, რომელიც საქართველოს კახეთის რეგიონში მუშაობდა, მათ შორის, თელავისა და გურჯაანის ახლომდებარე აზერბაიჯანულ სოფლებში, მალე გახდა ცხადი, რომ პროცედურული დარღვევები და გამიზნული გაყალბებანი წესი იყო და არა გამონაკლისი.

 

ცენტრისგან მოშორებით ბევრი არ იყო ისეთი უბანი, სადაც ამომრჩეველთა მარკირებისთვის ულტრაიისფერ ხსნარს იყენებდნენ  (მარკირება საარჩევნო კარუსელების პრევენციისთვისაა საჭირო).  ერთ უბანზე ისიც კი ვნახე, რომ კომისიის წევრები საარჩევნო კაბინებში იყვნენ შესულნი და ამომრჩევლებს 5 ნომრის  – ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის შემოხაზვას სთხოვდნენ. მთავრობის ერთი დამკვირვებელი მოგვიანებით ხსნიდა, რომ ბევრმა ამომრჩეველმა  არ იცოდა ქართული და წერა-კითხვა, მათ ციფრების ამოცნობაც კი არ შეეძლოთ. მას მიაჩნდა, რომ საჩივრების მიმწოდებელი დამკვირვებლების მაგიერ აჯობებდა საარჩევნო კომისიას სათანადო წვრთნა  გაევლო  და ესწავლა,  როგორ გადაეწყვიტა რთული შემთხვევები.  სანამ ის ამ განმარტებებს გვაძლევდა, ბედის ირონიით, ჩვენ დავინახეთ კაცი, რომელსაც აუღელვებლად გამოჰქონდა მოძრავი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბნიდან. როდესაც ამაზე კითხვა დავუსვით, კაცმა მიამიტად აგვიხსნა: „უბანზე ადგილს იკავებს, ამიტომ მანქანაში მიმაქვს“.

 

მაგრამ ყველა დარღვევა ასეთი „მსუბუქი“ როდი იყო. დამკვირვებლებს აშინებდნენ, საჩივრებს არ იღებდნენ, ხოლო ამომრჩეველთა შემოწმება წყდებოდა მაშინვე, როგორც კი დამკვირვებელი თვალს მოშარიდებდა, ან იქაურობას დატოვებდა. ლიის ტიიპმა მშვიდობისა და განვითარების აკადემიის დამკვირვებელმა მითხრა: „ერთ უბანზე, რამდენიმე საჩივარი შევადგინეთ იმაზე, რომ მარკერს არ იყენებდნენ. მათ იგნორირება გაგვიკეთეს.  როდესაც ჩვენ თვითონ დავიწყეთ ადამიანების შემოწმება, აღმოჩნდა, რომ ექვს მათგანს ცერა უკვე მარკირებული ჰქონდა. მეორე უბანზე, საარჩევნო ყუთს თვალი მოვაცილეთ, მერე ისევ შემოვბრუნდით ყუთისკენ და  დავინახეთ კაცი,  რომელიც 10, ან 20 ბიულეტენს საარჩევნო ყუთში ყრიდა. ასევე დღის ბოლოს ბევრი ისეთი ადამიანის ხელმოწერა  გაჩნდა, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ, როგორც უცხოეთში მყოფი“.

 

მაგრამ პრობლემები ამით არ ამოწურულა. ხმის მიცემის საშუალება არასრულწლოვანებსა და პირადობის მოწმობების ასლებით მოსულ ადამიანებსაც ეძლეოდა. ერთ სადგურზე უბედურმა ოპოზიციურმა დამკვირვებელმა, რომელსაც მასობრივი გაყალბების ეშინოდა, დარჩენა გვთხოვა. მალე შევამჩნიეთ მგაზვრებით სავსე მანქანა როგორ გაჩერდა და მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, რაც ზიზღით აღმოაჩინა, რომ ყოველწუთიერად ვამოწმებდით მარკერებს.  მაგრამ მოგვიანებით, ადამიანები, რომლებიც მარკირებული თითის გამო უკან დააბრუნეს, სუფთა ცერებით დაბრუნდნენ – მიაგნეს ხსნარს, რომელიც მელნის ლაქებს შლიდა. ერთ-ერთმა მათგანმა ერთ უბანზე სულ ცოტა სამჯერ მისცა ხმა. ვერაფერს გააწყობდი.

 

არჩევნების შედეგების გამიზნული გაყალბების მცდელობა ადგილობრივი ინიციატივად არ დარჩენილა. პრო-სამთავრობო ტელეკომპანიის „რუსთავი-2“-ის რეპოტიორი ადგილობრივ თავმჯდომარესთან მივიდა და სთხოვა, წაეკითხა მესიჯი, რომლის თანახმადაც საარჩევნო პროცესმა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა.  ჩრდილოვან  მეთვალყურეთა საკითხი, ცალკე პრობლემა იყო. როდესაც ერთ ქალს ჰკითხეს, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა, მან თავის მოწმობას დახედა და უპასუხა: „ეეეჰ… სპორტსმენთა პარტიას“. ადამაინის უფლებათა ცენტრის კიდევ ერთმა დამკვირვებელმა მითხრა, რომ იგივე კითხვით სამ სხვა დამკვირვებლებს მიმართა – „არ ვიცით“ , უპასუხეს მათ. დამკვირვებელი დაჟინებით ეკითხებოდა, ვინ მისცა მათ მოწმობა. ბოლოს „მეთვალყურეებმა“ აღიარეს, რომ მოწმობები ადგილობრივი მთავრობების ოფისებში მიიღეს.

 

ასეთი მოუხეშავი ტაქტიკა მხოლოდ სოფლებში გამოიყენეს, ისეთებში, რომლებიც მე მოვიარე. მაგრამ პრობლემა  ქვეყნის სხვა რეგიონებსაც შეეხო.  ორგანიზაციის „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის“  მეთვალყურეები, რომლებიც არჩევნებს თბილისსა და ქუთაისში აკვირდებოდნენ, ასევე იტყობინებოდნენ ბევრ სერიოზულ დარღვევაზე. მათი ანგარიშების თანახმად ადგილი ჰქონდა: „მეთვალყურეთა არ-დაშვებას საარჩევნო უბნებზე, მეთვალყურეთა დაშინებას და ზეწოლას მათზე, სხვა პიროვნების კუთვნილი პირადობის მოწმობით ხმის მიცემას, დამატებით სიებში ამომრჩეველთა გაზრდილ რაოდენობას და საარჩევნო ბილუტენების სიჭარბეს საარჩევნო სიებში დაფიქსირებულ ხელმოწერებთან შედარებით“.  იყო მაგალითები იმისა, რომ სამთავრობო მეთვალყურეები იწერდნენ ხმის მისაცემად მოსული ადამიანების სახელებს.

 

მიუხედავად ამისა, მათ აღიარეს, რომ დარღვევები არ იყო მასობრივი და არჩევნები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც შემდგარი. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) მეთვალყურეებმა სიტუაცია მთელი ქვეყნის საარჩევნო უბნების მყივარალა  96   პროცენტში შეაფასეს, როგორც კარგი, ან ძალიან კარგი, ხოლო კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და შიდა ქართლში ასეთად 90 პროცენტი მიიჩნიეს. მაგრამ ფაქტია -  საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებსაც ჩვენ შევხდით და რომლებიც  ადვილად მისადგომ უბნებზე იმყოფებოდნენ,  ერთ შემთხვევაში ვერ შეამჩნიეს ის, რომ ამომრჩევლებს არ ამოწმებდნენ მარკირებაზე.  ამიტომაც ჩნდება ეჭვი ამგავრი შეფასების მართებულობაზე.

 

უფრო მეტიც, არჩევნები არ შეიძლება განხილულ იქნას მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებათაგან განცალკევებით. ამ პერიოდში სააკაშვილის რეჟიმმა ნაცინალისტური და დაუცველობის რიტორიკა მხარდაჭერის განსამტკიცებლად გამოიყენა. ამ ტიპის ინციდენტი იყო  ინსცენირებული რეპორტაჟი, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ ამას წინათ ეთერში გადასცა. მასში გამოცხადებული იყო, რომ პრეზიდენტი  მოკვდა, სამხედრო ამბოხი დაიწყო და რუსეთი ქვეყანაში შემოიჭრა. კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო  ე.წ. ქურთას ინციდენტი –  გამოცხადდა, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა  მოკლეს სამი ქართველი, რომლებიც სეპარატისტული რესპუბლიკის საზღვართან ახლოს მდებარე საარჩევნო უბნისკენ ავტობუსით მიემგზავრებოდნენ.  ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ჰელსინკის კომიტეტმა ეჭვის ქვეშ დააყენა ოფიციალური ვერსია. ეს დაადასტურა კიდეც შემდგომმა დამოუკიდებელმა გამოძიებამ, რომელმაც დაადგინა, რომ სროლები საზღვრის ქართული მხრიდან განხორციელდა. მათ საქართველოს უშიშროების სამსახური დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰოქნდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქვეყნის სხვა კუთხეებში საარჩევნო გაყალბების გადასაფარად იყო გამოყენებული.

 

ის, რომ სააკაშვილის მმართველობას ხალხი მხარს უჭერს, ეჭვს გარეშეა და არც თუ დაუმსახურებლად.  მან ჩაატარა რეფორმები და ქვეყნის მოდერნიზება განახორციელა.  პატიოსანი და შედარებით ეფექტური პოლიციელები პატრულირებენ ქუჩებში თანამედროვე მანქანებით.   ბიუროკრატია შემცირდა და ბიზნესი გლობალური კრიზისისა და რუსეთთან ორმაგ შოკამდე ყვაოდა. დაბალი და  საშუალო რგოლის ადმინისტრაცია ახლა ძირითადად არაკორუმპირებულია, თუმცა პრეზიდენტის ავტორიტარულმა მიდრეკილებებმა  თავისი უკვე გააკეთა, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო „ვარდების რევოლუციის“  დროს. მე  თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს, ორგანიზაციისას, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში ძალიან აქტიური იყო, ხოლო ახლა უმოქმედოა და მთავრობასთანაა კავშირში, ეუთოს ანგარიშთან დაკავშირებით კითხვა დავუსვი. იმის მიზეზი, რომ ანგარიშს არ დათანხმებოდა, არ ჰქონდა – თავისუფლების ინსტიტუტი არჩევნებს არ აკვირდებოდა. როდესაც ვკითხე დაინტერესებულია თუ არა მისი ინსტიტუტი, რომელიც დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების მიზნით  ადრე სხვადასხვა საარჩევნო რეფორმის  ინიციატივით გამოდიოდა,   არჩევნებით საერთოდ, მან მიპასუხა „არც თუ ძალიან“.

 

მაგრამ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისთვის ყველაფრის პატიება და მხოლოდ ხელზე წარტყმა არაგონივრული იქნებოდა.  თუ მთავრობის წარმომადგენლები მაშინ, როდესაც მოსახლეობის მხარდაჭერა აქვთ, ურიგდებიან, ან ხელს უწყობენ საარჩევნო დარღვევებს, საკითხავია  რა მოხდება, როდესაც ასეთი მხარდაჭერა არ ექნებათ. საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემა ჯერ არ მომხდარა.  მმართველი მთავრობამ უკვე გაამჟღავნა ავტორიტარული ტენდენციები, ასეთი არჩევნების მართებულობის აღიარება კი  სააკაშვილის   იმ მომავალი რევოლუციის საფუძველს ქმნის, რომლის მიზანი სააკაშვილის დამხობა იქნება.  მოვლენათა ასეთი განვითარება ფერადი რევოლუციების იდეას დაღუპვა იქნებოდა. ამ იდეას უკვე მიადგა ჩრდილი იუშჩენკოს უვარგისობითა და ბაქიევის დაცემით, რაც ყირგიზეთში ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მოყვა. ამიტომ სააკაშვილის მთავრობის ანგარიშვალებულება მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის.

 

საქართველოს ოპოზიციის ცუდი შედეგები ძირითადად ერთიანობის დეფიციტმა გამოიწვია. ოპოზიციურმა პარტიებმა აღიარეს ესეც და ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაც.  თუმცა 2 ივნისს ირაკლი ალასანიამ, მთავარი ოპოზიციური ჯგუფის „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა აღიარა, რომ დარღვევები უფრო მეტი იყო, ვიდრე თავდაპირველად გახდა ცნობილი. მან  პირობა დადო, რომ იწყებს კანონიერ ბრძოლას და 200-მდე საჩივრით სასამართლოს მიმართავს.

 

გარდა ამისა,  ნინო ბურჯანაძემ, დემოკრატიული მოძრაობის ერთიანი საქართველოს ლიდერმა (მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე)  განაცხადა, რომ არჩევნები ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბჯი იყო. მაგრამ 2007 წლის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები არაა სავარაუდო, რადგან ეკონომიკურმა კრიზისმა და არაერთმა მარცხმა საპროპტესტო მუხტი დაასუსტა.

 

საქართველოს ოპოზიცია, ალბათ, უგუნებოდაა.  მაგრამ იმ პოზიციასთან დათანხმება, რომლის თანახმადაც  საარჩევნო თაღლითობები მხოლოდ მაშინაა მიუღებელი, თუ ის პირდაპირაა დამნაშავე ოპოზიციის მარცხში, სახიფათოა. ასეთი პრაქტიკით მავნე ჩვევები კიდევ უფრო გაიდგამს ფესვებს და მომავალში უარესი პრობლემების მიზეზი გახდება.  საქართველოს მთავრობა ნამდვილად იმსახურებს მილოცვას ყველა  მიღწევისათვის, მაგრამ მისი პრობლემების მიჩქმალვა  კონტრპროდუქტიულია. ძველი აფორიზმის თანახმად, ნამდვილი მეგობრები შენთან პატიოსანნი უნდა იყვნენ მაშინაც კი, როდესაც ეს არ გსურს.  როგორც ჩანს, მოცემულ მომენტში საქართველოს ასეთი მეგობრები ნაკლებადა ყავს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...