Jump to content
Planeta.Ge

ქართული უგუნურების ფენომენი


Recommended Posts

ქართული უგუნურების ფენომენი ანუ პირველი კავკასიური ენერგეტიკული ომი

 

>>> დანტე თბილელი

 

ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის დამყარების ბრძანების გაცემიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. სააკაშვილის გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებიდან არა თუ ცხინვალის რეგიონი, სამეგრელო და ქართლიც გავიდა.

 

ათ დღეზე მეტია ქვეყნის ტერიტორიას რუსეთის ოკუპაციური ჯარების ჯავშანტექნიკა "აუთოვებს". სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული კატასტროფა ურთულეს მონახაზს იძენს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი "ელიტა" კი სდუმს.

 

არავინ კითხულობს იმას, თუ რატომ მიეცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე არმიის შემოყვანის საბაბი და შესაძლებლობა, მით უმეტეს, რომ მოსკოვი ცხინვალში მცხოვრებ საკუთარ "მოქალაქეებზე" თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას არასდროს ფარავდა.

 

არავინ კითხულობს, რადგან იშვიათს ადარდებს. საზოგადოების მინიმუმ ერთი, თუნდაც მცირე ნაწილი კი კითხვებზე პასუხს და მორიგი ქართული ტრაგედიის ავტორების დასჯას მოითხოვს.

 

ამ ფონზე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების დამწუხრებული გამომეტყველებით ნათქვამი "ახლა კრიტიკის დრო არ არის, ახლა ერთიანობაა საჭირო" როგორც მინიმუმ დამაჯერებლობის სერიოზულ დეფიციტს განიცდის.

 

რა მოხდა 8 აგვისტოს? რა დაიწყო და როდის დასრულდება?

 

ოფიციალური თბილისის განმარტებები საყოველთაოდ ცნობილია. რუსეთი თურმე საქართველოს ოკუპაციაზე ოცნებობდა საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან. რეალურად კი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთი აღმოჩნდა ქვეყანა, რომელმაც ყალბი მიზეზებით საუკუნის მეორე ენერგოომი წამოიწყო.

 

საქართველო ამერიკა-რუსეთის ენერგოდაპირისპირების მსხვერპლი აღმოჩნდა.

 

ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით მოსკოვმა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 58-ე და 43-ე არმიის რამდენიმე დივიზია შემოიყვანა. რუსეთმა დაიკავა ქართლი და სამეგრელო. გადაიკეტა აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობის ტრანსპორტირების ყველა მიმართულება.

 

საყურადღებოა, რომ ქართულ-რუსული კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი თურქეთის მონაკვეთზე აფეთქდა, სადაც აღდგენითი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

საქართველოში განვითარებული მოვლენების და თურქეთის ტერიტორიაზე ნავთობსადენის აფეთქების შედეგად მსოფლიო ბაზარმა ჯამში დღეში 1.2-1.5 მლნ ბარელი ნავთობი დაკარგა. ეს მაშინ, როცა ნავთობის ფასმა მკვეთრი კლება დაიწყო და 155 აშშ დოლარიდან 112 აშშ დოლარამდე დაეცა.

 

ექსპერტებში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ნავთობის ფასის შემდგომ კლებას აზერბაიჯანული ნავთობის ბლოკირება აფერხებს.

 

რუსეთის ფედერაცია, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ენერგორესურსების ექსპორტით მიღებულ შემოსავლებზე მოდის მნიშვნელოვნად ზარალდება, მაგრამ იმაზე გაცილებით ნაკლებად ვიდრე მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანული ნავთობის უწყვეტი მიწოდების პირობებში დაზარალდებოდა.

 

ანუ რუსეთი საქართველოზე აგრესიით მსოფლიო ენერგობაზარზე ზეგავლენას ცდილობს და ახერხებს კიდეც.

 

ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ძნელი სავარაუდოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლობირებით დაწყებული ტრანსკასპიური ენერგოპროექტები როდისმე განხორციელდეს. რამდენად დაცულია უკვე არსებული მილსადენები კი, უახლოეს მომავალში გაირკვევა, რადგან რუსეთს საბჭოთა კავშირის გამოცდილებიდან გამომდინარე უკან დასახევი გზა არ გააჩნია და ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ვარდნის შეჩერებას ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდით შეეცდება.

 

ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთის ოკუპაციური ჯარები საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებენ?

 

რუსეთის არმია საქართველოს სავარაუდოთ დატოვებს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც:

 

1. თბილისში ვაშინგტონიდან მართული სააკაშვილის ხელისუფლება კრემლიდან მართული მარიონეტებით შეიცვლება.

 

2. რუსეთი დანარჩენ საქართველოსთან ერთად თბილისსაც დაიკავებს ან სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით ხელისუფლების სადავეებს რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ პოლიტიკურ ფიგურას (ძალას) ჩააბარებს.

 

3. არის მოვლენების განვითარების კიდევ ერთი სავარაუდო სცენარი და ეს რუსეთის მიერ სამეგრელოზე კონტროლის შენარჩუნებითა და სამცხე-ჯავახეთში არეულობის ინსპირირებით საქართველოს ენერგოდერეფნის ფუნქციის შესრულების ყველა შესაძლებლობის ნეიტრალიზებაა.

 

რუსეთს მანევრირების შესაძლებლობა რჩება. ამერიკის შეერთებული შტატები კი თბილისის დაკარგვით სამხრეთ კავკასიისა და შუააზიაზე ზეგავლენის ყველა ღირებულ შესაძლებლობას კარგავს.

 

ამიტომ გააქტიურდა ამერიკის დიპლომატია და ეჭვგარეშეა, რომ ვაშინგტონი მაქსიმუმს გააკეთებს სააკაშვილის ხელისუფლებაში შენარჩუნებისთვის.

 

ამერიკელი იდეოლოგების დახმარებით სააკაშვილი აუცილებლად შეეცდება მართვადი ტელეკომპანიებისა და მედია-საშუალებების მეშვეობით დღევანდელობასა და 1921 წელს შორის პარალელების გავლებას. ნაციონალიზმის რესურსის მაქსიმალურ გამოყენებასა და საერთო ქართული ტრაგედიის უპირობო გამარჯვებად წარმოჩენის მეშვეობით ძალაუფლების შენარჩუნებას. რამდენად წარმატებულად, ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა, ადვილი სავარაუდოა, რომ საქართველოში სააკაშვილისა და ვაშინგტონის მმართველობა დასასრულს უახლოვდება.

 

რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ვაშინგტონმა ტრანსკავკასიურ ენერგოდერეფანზე კონტროლის შენარჩუნება შესაძლოა რუსეთისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დათმობით სცადოს, თუმცა ექსპერტებს ალბათ ესმით, რომ კრემლს სოხუმი და ცხინვალი არც დამოუკიდებელი სჭირდება და არც დამოკიდებული.

 

სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის სამიზნეს არა მხოლოდ და არა იმდენად თვითაღიარებული რესპუბლიკების უსაფრთხოება, არამედ ენერგორესურსების სატრანსპორტო კვანძები და ინფრასტრუქტურაზე კონტროლი წარმოადგენს.

 

რუსეთი უბრალოდ არ გაჩერდება.

 

P.S.

 

საქართველო კიდევ ერთხელ გახდა საკუთარი ადგილმდებარეობისა და ზესახელმწიფოების დაპირისპირების მძევალი, ცხინვალის რეგიონი კი პირველი კავკასიური ენერგო ომის საბაბი.

 

შესაძლოა ცხინვალის ტრაგედიამ მაინც აიძულოს ქართული საზოგადოება შეცდომებზე დაფიქრდეს, რადგან ვიდრე ქვეყანა ზესახელმწიფოების დაპირისპირების ნეიტრალური დამკვირვებელი არ გახდება და ვიდრე ყველაფერში სხვის დადანაშაულებას ჯანსაღი თვითკრიტიკა და საღი აზრი არ შეცვლის, საქართველო მხოლოდ წააგებს.

 

ისტორია მეორდება.

 

საზოგადოების უმრავლესობის ფენომენალური უგუნურების გამო ქვეყანა წლიდან წლამდე სიამაყესთან ერთად, ათეულობით ათას სიცოცხლეს კარგავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი ხართ, საქართველო რუსეთ ამერიკის დაპირისპირების მსხვერპლია, თუმცა არ დაგეთანხმები, საზოგადოება, ხალხი სვამს კითხვას რატომ არიან ჩვენს ქუჩებში რუსის ტანკები ამას შეიძლება თბილისში ვერ გრძნობენ იმიტომ რომ ტელევიზორიდან ნანახი სხვაა ის შიში კი რაც სამეგრელომ და შიდა ქართლმა გადაიტანა და დღემდე იტანს ენით აუწერელია, ის დამცირება, ის რომ ვერაფერც აკეთებ, და ამის პასუხი რარიგ სამწუხაროც არ უნდა იყოს თბილისშია და სწორედ იქ უნდა დაისვას ეს კითხვა და მოიხოვოს პასუხი, ის ინფორმაციული ვაკუუმი რაც დღეს საქართველოშია თუ არის ამერიკული "დემოკრატია" ძალიან სამწუხაროა იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ერისთვის ეს უბრასოდ შეურაცხმყოფელია. დღეს ვაჟა რომ იყოს ცოცხალი ალბათ ისევ დაწერდა "არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა".
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...