planetanews Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/weekly-standard-item.jpg საქართველოს დემოკრატიის გასაოცარი გამძლეობა მეთიუ კონტინეტი თბილისი რთულია სახლის აშენება, როდესაც შენს მეზობელს წინა გაზონი ანექსირებული აქვს. 2003 წლიდან, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “ვარდების რევოლუციით” ძალაუფლებაში მოვიდა, საქართველოს რესპუბლიკა კავკასიის შუაგულში თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის აშენებას ცდილობს. ეს კი ძირითადად რუსეთის წყალობით, ადვილი სულაც არ არის რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა კიდეც. დღეს ამ ომიდან ორი წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ჯარებს საერთაშორისო ნორმების დარღვევით, კვლავ ოკუპირებული აქვთ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის პროვინციები. რუსეთი ქვეყნის 20%-ზე მეტს აკონტროლებს. მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 000-მდე სამხედრო და ფსბ-ს აგენტი ჰყავთ დისლოცირებული. რუსული ჯარი საქართველოს დედაქალაქიდან მხოლოდ 30 მილის მოშორებით დგას. მათ სულ რამდენიმე საათში შეუძლიათ 4.6 მილიონი ქართველის დემოკრატიული სწრაფვა და დამოუკიდებლობა გაანადგურონ. მაგრამ 27 მაისს, როდესაც თბილისის მერი გიგი უგულავა მზის გულზე სასტუმრო „კოპალასთან“ იდგა ეს ყველაფერი თითქოს არაფერს ნიშნავდა. „კოპალა“ რომელიც მთის წვერზეა განლაგებული და ძველ ქალაქს გადასცქერის, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ადგილია და მისმა მფლობელებმა 34 წლის უგულავა სასტუმროს ახალი ფრთის გახსნის აღსანიშნავად მიიწვიეს. ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა: მომღიმარი პოლიტიკოსი, ადგილობრივ აქტორთა ჯგუფი, ბიზნესმენები და სხვა V.I.P. პერსონები, ათამდე ტელეოპერატორი და ცოტათი შეშფოთებული მფლობელი, რომელიც როდესაც აუდიტორიის აპლოდისმენტი დასჭირდებოდა, წამოიყვირებდა ხოლმე: ”ტაში, ტაში”. მერე შემოიტანეს ბალიში, რომელზეც მაკრატელი იდო. მერმა ოტელის შესასვლელთან დაკიდებული წითელი ლენტი გადაჭრა, ყველამ სიხარულით შეჰყვირა და ადამიანების გუნდმა შენობის დათვალიერება დაიწყო. შემდეგ იყო ლანჩი. ეს ჩემს მიერ გაშუქებულ კამპანიათა შორის ყველაზე ხანმოკლე და უმტკივნეულო ღონისძიება აღმოჩნდა, რაც სულ არაა ცუდი დემოკრატიისთვის, რომელსაც ჯერ 7 წელი არ შესრულებია. რამდენიმე დღის შემდეგ 30 მაისს, უგულავამ 8 მეტოქე დაამარცხა და მერის თანამდებობა მეორე ვადით მოიგო. სააკაშვილის ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა უგულავამ ხმების 55% მიიღო. თბილისის მერი იმ დღეს პირველად აირჩიეს პირდაპირი წესით, მაგრამ კამპანია მხოლოდ ამის გამო არ იყო განსაკუთრებული. განსაკუთრებულობა მას იმან შესძინა, რომ უგულავამ საქართველოს პოლიტიკაში სიახლეს დაუდო სათავე. მან გამარჯვებისთვის თავისი დამსახურებები გამოიყენა. სულახლო წარსულში 2004 წელს, თბილისში ელექტროენერგია დღეში ორი საათით მოდიოდა, კრიმინალი ბობოქრობდა, ხოლო პოლიცია ძალიან ხშირად თაღლითებზე უკეთ არ იქცეოდა. ახლა ქალაქს დენი მუდმივად მიეწოდება, იქ ცხოვრება უსაფრთხოა, გზები დაგებულია, ქუჩაში სისხლსავსე ცხოვრებაა. აქაურობა რესტორნებით და კაზინოებითაა სავსე. თბილისში სეირნობისას ხვდები, რომ ეკონომიკური პროგრესი და დემოკრატიული მართვა ხელიხელ მიჰყვებიან ერთმანეთს. ეს გახდა მთელს ქვეყანაში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების თემა. 30 მაისამდე საქართველოში უამრავი საერთაშორისო მეთვალყურე ჩამოვიდა, რათა დაკვირვებოდნენ იმას, თუ როგორ მონაწილეობს 14 პოლიტიკური პარტია და 3 პოლიტიკური ბლოკი 64 ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებში, რომლებიც 73 საარჩევნო რაიონში და 3 624 საარჩევნო უბანზე ტარდებოდა. სააკაშვილის პარტიამ დიდი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად და სამართლიანად ჩაიარა. წინასწარ დასკვნაში ეუთო-ს დამკვირვებელთა დელეგაციამ განაცხადა, რომ არჩევნებით ”აღინიშნა აშკარა პროგრესი” საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ამ არჩევნებით როგორც სჩანს ის აღინიშნა, რომ სააკაშვილის რეფორმებმა ფესვები გაიდგა. საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს, მაგრამ მან ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე სახელმწიფოსავით ფუნქციონირება შეუძლიათ. ამის განცხადება უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ყველა პოლიტიკური ცვლილება საქართველოში ქუჩის საპროტესტო მოძრაობების გზით ხორციელდებოდა. 1992 წელს შეიარაღებული შეტაკებების შედეგად ნაციონალისტ ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაემხო და ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. 2003 წელს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტმა, ”ვარდების რევოლუციამ” გამსახურდიას მემკვიდრის, ედუარდ შევარდნაძის მთავრობა გადააგდო, ხოლო 2007 წლის 7 ნოემბრის ქუჩის დაპირისპირებამ სააკაშვილი აიძულა ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. როდესაც 2008 წელს სააკაშვილი ხელმეორედ აირჩიეს თანამდებობაზე, ოპოზიციის ნაწილმა შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. 2009 წლის აპრილში მათ ახალი საპროტესტო ტალღა წამოიწყეს. ეს გამოსვლები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მაგრამ მარცხით დასრულდა. ოპოზიცია გაიხლიჩა და მას შემდეგ ”საქართველოს ქუჩებში” შედარებითი სიმშვიდე სუფევს. ”პარლამენტის წინ ქუჩაში დგომა აღარაა საკმარისი პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად” – განაცხადა მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკმა. საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ნელ-ნელა ერთადერთ ლეგიტიმურ საშუალებად იქცევა. იმის თქმა რომ ქვეყანა გზაჯვარედინზე დგას – კლიშესავით ჟღერს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში კლიშე რეალობას შეესაბამება. ეს უძველესი ერი, უნიკალური ანბანისა და კულტურის პატრონი, იმ ქვეყნების შემოსევებსა და ბატონობას უწევდა წინააღმდეგობას, რომლებიც ევრაზიის კონტინენტს კვეთდნენ: თურქების, სპარსელების, მონღოლებისა და რუსების. მას ბოლო 200 წლის განმავლობაში მხოლოდ მეორედ მიეცა დამოუკიდებლობა და სურს რომ დასავლეთს დაუკავშირდეს. მთავრობამ თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურის რეფორმირება განახორციელა. სამთავრობო შენობებთან საქართველოს დროშების გვერდით ევროპის საბჭოს დროშები ფრიალებს. დაახლოებით 1000 ქართველი სამხედრო ავღანეთში მსახურობს. პრობლემა ისაა, რომ საქართველო მაშინ იწყებს ამ ნაბიჯების გადადგმას, როდესაც დასავლეთის ქვეყნები ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა, მათ ნატო-ს დანიშნულების შესახებ სხვადასხვა პოზიცია აქვთ და აგრესიული რუსეთიც აფრთხობთ. დასავლეთი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატია განუყოფლად არიან დაკავშირებულები. ”საქართველოს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე ძლიერი დემოკრატია აქვს” – ამბობს გურამ ჩახვაძე, ოპოზიციური პარტიის ”ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი და პარლამენტარი – ”მაგრამ ეს არაა ის სტანდარტი, რომელიც ნატო-ში შესვლისა და ევროპის კავშირზე ფიქრის საშუალებას მოგვცემს”. საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას, არამედ იმიტომაც რომ წარსულის მისწრაფებებიც გააცნობიერონ, მათი დამოუკიდებლობის ბოლო პერიოდი 1918-წლიდან 1921-წლამდე. მაშინ საქართველოს ლიდერმა ნოე ჟორდანიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპულ სოციალ-დემოკრატიად ექცია: კონსტიტუციით, ინდივიდუალური უფლებებით და თანამედროვე ინსტიტუტებით. ეს იმედები საბჭოთა ინტერვენციამ გააცამტვერა და ახლა, ახალი საუკუნის სტარტზე ისტორია მეორდება. ერთ მხარეს დემოკრატიისკენ, ინდივიდუალიზმისა და ბაზრისკენ მიმავალი გზაა, ხოლო მეორე მხარეს – ავტოკრატიის, ვასალური დამოკიდებულების და კონტროლირებადი ეკონომიკისკენ მიმავალი გზა და თუ არც ევროპა და არც ამერიკა არ დაეხმარება საქართველოს ამ მიხვეულ-მოხვეულ გზის გავლაში, მაშინ ვინ დაეხმარება? საქართველო ძველი ქვეყანაა, მაგრამ ახალი სახელმწიფოა. ბავშვებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდები. თბილისში თავისუფლების მოედანი ნებისმიერ დროს მოსეირნე ახალგაზრდა კაცებითა და ქალებითაა სავსე. ისინი რაღაც ქართული უნიფორმის მსგავს ტანსაცმელში არიან გამოწყობილები: შავი ბლუზები და ცისფერი ჯინსები. სახელმწიფო კანცელარიაში ვიზიტი ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნის, თითქოს 1980-იანი წლების კინოვარსკვლავთა გარემოცვაში მოხვდი. პრატქიკულად ყველა, ვინც ხელისუფლებაშია 30 წლისას წააგავს. სააკაშვილი მათ შორის უხუცესია – 42 წლის. ამის მიზეზი მარტივია. ”ვარდების რევოლუციის” მომენტისთვის უფროსი ქართველები გაკოტრებულ სისტემაში მონაწილეობდნენ. შევარდნაძის ნომენკლატურა მოგებას ქაოსიდან და კორუფციიდან იღებდა. ახალგაზრდა ქართველებს ეს არ გაუკეთებიათ. ამბოხებულთა თაობას, რომელიც საბჭოთა ეპოქის დაცემის პერიოდში დაიბადნენ და პოსტ-საბჭოთა ქაოსში გაიზარდნენ, მათი გმირების რონალდ რეიგანის, მარგარეტ ტეტჩერის და ფრიდრიხ ჰაიეკის სულისკვეთების მქონე პოლიტიკური რეფორმები სურდათ. ცვილილებებს უნდა გეუმჯობესებინა საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება, მაგრამ ამას ასევე უნდა მოჰყოლოდა ერთი თაობიდან მეორესთვის ძალაუფლების გადაცემა, იმ ახალგაზრდა ქალებისა და კაცებისთვის, რომლებიც სახელისუფლებო სტრუქტურებს მიღმა არსებობდნენ და მათთვის ახალი შესაძლებლობები უნდა შეექმნა. ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას გულისხმობდა. 2004 წელს საქართველო თითქმის არშემდგარი ქვეყანა იყო. პოლიცია სინამდვილეში კიდევ ერთ ბანდას წარმოადგენდა. აჭარას, შავი ზღვის რეგიონს, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, განგსტერი ასლან აბაშიძე მართავდა. ისეთი საქართველოს არსებობა, რომელსაც კრიმინალურ სამყაროსთან და არაკანონიერ შემოსავალთან შეხება არ ექნებოდა, ნულს უტოლდებოდა. ”ახალგაზრდებს”, როგორც სააკაშვილის გუნდს ხანდახან იხსენიებდნენ, რადიკალური ცვილებები შემოჰქონდათ. სააკაშვილმა შევარდნაძის მთავრობაში სახელი იმით გაითქვა, რომ კორუფციას ებრძოდა. მექრთამეობის წინააღმდეგ მიმართული კანონები განმტკიცდა და გაძლიერდა, კომპრომეტირებული პოლიციელები და ბიუროკრატები სამსახურიდან დაითხოვეს. კორუფციით ცნობილი ერთი დეპარტამენტი – საგზაო პოლიცია უბრალოდ გააუქმეს. მთავრობა ამაყობდა თავისი მიღწევებით, ხანდახან ძალიან თვალში საცემადაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოსტ-მოდერნული შენობა მთავრობის ტრანსპარენტულობის აღსანიშნავად, შუშითაა ნაგები. მაგრამ ცვლილებები იოლად არ განხორციელებულა. როდესაც პოლიციელს სამსახურიდან უშვებ, უკმაყოფილოთა მთელს კლასს ქმნი. ”კანონიერ ქურდებს” საქართველო უსისხლოდ არ დაუტოვებიათ. ორგანიზებულ დანაშაულთან პირველ ბრძოლებში 27 პოლიციელი მოკლეს. 2004 წელს აჭარაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასა და აბაშიძეს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდა. მაგრამ საბოლოოდ სიტუაცია გადაწყდა. აჭარის საქართველოში დაბრუნება მშვიდობიანი აღმოჩნდა. დღეს სააკაშვილს უყვარს შავი ზღვის ქალაქ ბათუმში ჩინოვნიკებთან ერთად სტუმრობა, სადაც მათ იმას აჩვენებს, თუ რამდენად დიდი ინვესტიციები ჩადო მისმა მთავრობამ ყოფილ სეპარატისტულ პროვინციაში. დანაშაულის მაჩვენებელმა იკლო. ეკა ზღულაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ტრაბახობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მძიმე დანაშაულმა 30%-ით იკლო. მთავრობის პოლიტიკისადმი საზოგადოების მხარდაჭერა მაღალია. როგორც ეს 1990-იან წლებში ნიუ-იორკში რუდი ჯულიანიმ დაადასტურა, როდესაც ხალხი თავს დაცულად გრძნობს ბიზნესი და სამოქალაქო ცხოვრება ყვავის. „ამ რეფორმების გარეშე“ – ამბობს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ბარამიძე – „სხვა არაფრის განხორციელება არ მოხერხდებოდა“. ელექტროფიკაცია უმაღლესი პრიორიტეტია. სააკაშვილამდე ელექტრომომარაგება იშვიათი იყო, ქართველების უმეტესობა, რომლებსაც შეეძლოთ სინათლე აენთოთ, გადასახადს არ იხდიდნენ. მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურებში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან, ექსპორტიორ ქვეყნად იქცა. ის ახლა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აღმოსავლეთ-ევროპის ბევრი ქვეყანა, რომლებიც კრემლის მიერ კონტროლირებადი ”გაზპრომის” ენერგომომარაგებაზე არიან დამოკიდებულები. ამ მიმართულებით მაინც ქართველებს შეუძლიათ რუსეთზე არ სწუხდნენ. რეფორმების მეორე წყება ფისკალურ რეფორმას ეხება. ქართველებმა ესტონეთის მაგალითი შეისწავლეს. იქ პრემიერ-მინისტრმა მარტ ლაარმა პოსტ-საბჭოთა გარემოში სხვადასხვა სახის მდგრადი საბაზრო ცვლილება განახორციელა. სააკაშვილის მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია ჩაატარა. მან დააწესა დაბალი გადასახადები, რადგან სხვა შემთხვევაში ის არალეგალურ ეკონომიკაში წავიდოდა, ასე კი მთავრობამ შემოსავალი მიიღო. (საქართველოს დღგ-ც აქვს). საქართველომ სამომხმარებლო სააგენტოები გააუქმა, ვალდებულებები და გადასახადები შეამცირა რათა ვაჭრობა წაეხალისებინა. საქართველო დღეს მსოფლიო ბანკის რეიტინგში მე-11 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ბიზნესის კეთება იოლია. სულ ახლახანს გამოითქვა დიდი ინიციატივა – ეკონომიკური თავისუფლებების კანონის შესახებ. თუ ეს კანონი გავა, მაშინ თითოეული გადასახადის გაზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარება გახდება საჭირო და საქართველოს დავალიანება მშპ-სთან მიმართებაში 60%-ით განისაზღვრება. უხსენეთ ეს რეფორმები ამერიკელ ლიბერტარიანელებს და მათ პირზე ნერწყვი მოადგებათ. და ბოლოს განათლების შესახებ. სააკაშვილმა მემკვიდრეობით მიიღო საჯარო სკოლების სისტემა, რომელიც ისევე იყო კომპრომეტირებული, როგორც სხვა ბიუროკრატიული სისტემები. ნომენკლატურის წევრები თავის კავშირებსა და ქრთამს იმისთვის იყენებდნენ, რომ საქართველოს 200 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში მოხვედრა უზრუნველეყოთ. ეს სასწავლებლები ძნელად იმსახურებდნენ „უნივერსიტეტის“ დასახელებას. მათ ცოტა სტუდენტი ჰყავდათ და კიდევ უფრო ნაკლები მოთხოვნები. 2004 წელს განათლების რეფორმამ განამტკიცა მისაღები გამოცდები. რეფორმამ კოლეჯებს მკაცრი სტანდარტები დაუწესა, მათი შესრულების გარეშე ისინი სტუდენტებს ვეღარ მიიღებდნენ. უნივერსიტეტების რაოდენობა შემცირდა, რასაც ბევრი ისეთი აღშფოთებული პროფესორისა და ადმინისტრატორის გაჩენა მოჰყვა, რომლებიც სამუშაოს ეძებდნენ, მაგრამ მთავრობამ კიდევ ერთი უმართავი საჯარო აპარატი თავის კონტროლს დაუქვემდებარა. ერთმა ქართველმა სიამაყით მითხრა - სისტემა იმდენად მერიტოკრატიულია, რომ განათლების სისტემის მაღალჩინოსნის შვილს უნივერსიტეტში მიღებაზე უარი ეთქვა, რადგან მისაღები გამოცდები ვერ ჩააბარა. ეს შევარდნაძის დროს არ მოხდებოდა. მიუხედავად მიღწევებისა, ქართველები კიდევ უფრო დიდი გამოწვევების პირისპირ დგანან. ქვეყნის შიგნით ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. მთავრობის ძალისხმევით დახურულმა სახელმწიფო ბიზნესმა გაზარდა უმუშევრობა. „ჩვენ უნდა აღმოგვეფხვრა არაეფექტურობა“ – ამბობს მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი. ნორმალურ ვითარებაში ეკონომიკურ ზრდას და პირდაპირ საგარეო ინვესტიციებს ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეექმნა და ძველები ახლით შეეცვალა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომმა, რომელსაც ერთი თვის შემდეგ გლობალური ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, საქართველოს ეკონომიკა გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობა 16%-ს აღწევს, მაგრამ რეალური მაჩვენებელი, ალბათ ბევრად მაღალია. რუსეთს სოხუმი და ცხინვალი ოკუპირებული აქვს, ამიტომ უცხოურ კომპანიებს დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოში ინვესტირება უსაფრთხოდ მიიჩნიონ. დემოკრატიზაციის ფრონტზეც ბევრია გასაკეთებელი. მუნიციპალური არჩევნები დიდი ნაბიჯი იყო, მაგრამ რეალური გამოცდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და 2013 წელს სააკაშვილის თანამდებობაზე შემცვლელის არჩევნები გახდება. მოცემულ ვითარებაში, ”ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიცია სასტიკი და დახლეჩილია. სულ ამას წინათ, პოლიტიკურ სცენას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც შეემატა, ”კონსერვატიულ-საზოგადოებრივი მოძრაობა”, რომელსაც პრო-რუსული კავშირები აქვს. ეს მარგინალური ჯგუფია და მას მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციის არსებობა საქართველოში, როგოც საქართველოს ასევე დასავლეთის ინტერესებშია და მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდური პრესა ოპოზიციურია და მთავრობამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე C-SPAN-ის მსგავსი არხი შეიქმნა, მედიის თავისუფლების ხელშესაწყობად უფრო მეტია გასაკეთებელი. ამ საკითხთანაა დაკავშირებული ტელეკომპანია „იმედი“. 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების მსვლელობისას, მას შემდეგ, რაც არხის მფლობელმა განაცხადა, რომ ის სააკაშვილის დამხობას ცდილობს, ხელისუფლებამ „იმედი“ ხელში ჩაიგდო. არხის დღევანდელი მფლობელი სადაოა, მაგრამ მარტის მოვლენების შემდეგ ტელეკომპანია, მისი მთავრობასთან კავშირების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რადგან ეთერში გადასცა ორსონ უელსის ტიპის გადაცემა (სამყაროთა ომი), სადაც გათამაშებული იყო რუსეთის ახალი ინტერვენცია საქართველოში. (გადაცემა თბილისის ქუჩებში დაწყებული პანიკის მიზეზი გახდა). ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ ნდობის აღდგენისთვის ყველაზე კარგი „იმედის“ ყოფილი მფლობელისთვის მისი დაბრუნება იქნებოდა. სააკაშვილი წმინდანი არ არის. ის იმპულსური, გამბედავი და აგრესიულია. ის ხანდახან ზღვარსაც გადადის. მან ცუდად გაართვა თავი 2007 წლის საპროტესტო გამოსვლებს. მისი გარემოცვის წევრებს უცნაური ჩვევა აქვთ და ოპოზიციაში გადადიან. მან შეცდომები დაუშვა რუსეთთან ომამდე და ომის მიმდინარეობისას. ის ძალიან დაუმეგობრდა ირანს. მისი მთავრობისთვის მართვა ახალი რამაა, ხოლო ოპოზიციისთვის, ოპოზიციაში ყოფნა. მსოფლიოს ამ კუთხეში მთავრობის მიერ საკუთარი ძალების ზედმეტად შეფასება ძალიან ნაცნობი მოვლენაა, მაგრამ ის რომ მისი ქვეყანა ახლა უკეთესია, ვიდრე ექვსი წლის წინ, ეჭვს არ იწვევს. საკონსტიტუციო რეფორმის პროექტით პრემიერ-მინისტრ პრეზიდენტის ხარჯზე უფრო მეტი ძალაუფლება მიეცემა. თუ სააკაშვილი ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს, ისევე როგორც საპრეზიდენტო ვადის საზღვრებს (დღეს მოქმედი კონსტიტუციით, აღმასრულებელი ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში, მაგრამ შესვენების შემდეგ, კვლავ შეუძლია თანამდებობაზე დაბრუნება), ის დაადასტურებს, თავისი როგორც დემოკრატის ნდობას. მთავარი საფრთხე ისევ ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან მოდის. მეფის რუსეთი აქ 1801 წელს შემოიჭრა, ხოლო საბჭოელები 120 წლის შემდეგ. დღეს ვლადიმერი პუტინი „ახლო საზღვარგარეთზე“ თავის ძალაუფლებას იჩემებს. კრიტიკოსებს მოსწონთ სააკაშვილის გადაქცევა რუსეთის აგრესიის განტევების ვაცად, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული განტოლების ცვლადი მონაცემია, მუდმივი მხოლოდ თავის მეზობლებზე რუსეთის ძალადობრივი დომინირებაა. საქართველო ერთი ციდა ქვეყანაა. მთელი ქვეყანა სამხრეთ-კაროლინაში დაეტეოდა. ის მუდმივადა საფრთხის ქვეშაა. „რუსეთს გამანადგურებელი საჰაერო ძალები აქვს“ – ამბობს წყარო თავდაცვის სამინისტროდან. საქართველო მარტო არაა, ”ვარდების რევოლუცია” უკრაინის, ლიბანის და ყირგიზეთის რევოლუციებს შორის ბოლო დემოკრატიული რევოლუციაა, რომელიც უნდა გადარჩეს. რუსეთი მის გათელვასაც ისურვებდა. 2008 წლის ომმა ცხადყო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტები რეალურად რუსეთისა და საქართველოს კონფლიქტი იყო და არა სამოქალაქო ომის შემდეგ დარჩენილი შიდა კონფლიქტები. 2008 წლის თებერვალში დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებამ პუტინს დარტყმა მიაყენა. ის საფრთხეს გრძნობდა, რადგან ვარშავის პაქტის ქვეყნები და საბჭოთა რესპუბლიკები დასავლეთისკენ წავიდნენ. იმისთვის რომ თავისი ძალა ეჩვენებინა, მან დასავლური რიტორიკა სათავისოდ შემოაბრუნა. ამისი შესაძლებლობა 2008 წლის აპრილის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ გამოჩნდა. მოკავშირეებმა მაშინ საქართველოს და უკრაინას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარი უთხრეს, თუმცა ისიც განაცხადეს რომ ერთ დღეს ორივე ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდებოდა. პუტინს შანსი გამოუჩნდა. მას შეეძლო რეგიონზე თავიდან განეცხადებინა ძალაუფლება, დაემხო სააკაშვილი და არ ეშფოთა დასავლეთის ინტერვენციის გამო. მოკავშირეები კოსოვოში გენოციდის აღსაკვეთად შევიდნენ, პუტინი აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში იმავე რიტორიკის გამოყენებით შეიჭრა. მოკავშირეებმა ყოფილ სერბულ პროვინციაში ახალი ქვეყანა დააარსეს და პუტინმაც დაიწყო კანონიერი საფუძვლის შენება, რათა ქართული პროვინციებიდან ახალი სახელმწიფოები შეექმნა. მაგრამ ომის დაწყების შემდეგ პუტინმა თავისი სტრატეგიული გეგმები ვერ განახორციელა. მისმა ინტერვენციამ პოლონეთი, უკრაინა და ბალსტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს გარშემო გააერთიანა. სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩა. აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი შეიძლება რუსეთის ფედერაციის წევრები გახდნენ, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები ისინი მხოლოდ ნიკარაგუამ, ნაურუმ, ვენესუელამ, მოლდავეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ და დნესტრისპირეთმა აღიარა. მაგრამ პუტინისთვის ყველაფერი ცუდად არ წარმართულა. აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი სტრატეგიულად ფასეულები არიან – აფხაზეთი შავი ზღვის პორტის, ხოლო სამხრეთ-ოსეთი მისი მდებარეობის გამო (აქედან საქართველოს ორად გახლეჩაა შესაძლებელი). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ინტერვენციამ დასავლეთის სისუსტე დაადასტურა. რუსეთს თავისი ქმედებების გამო პასუხი არ უგია. დასავლეთში ზოგიერთმა ისიც კი სთქვა, რომ დამნაშავე საქართველოა და ომმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსები დააზარალა და არა იმიტომ, რომ ქართველებს ეს აღარ სურთ, არამედ იმიტომ რომ დასავლეთს ეშინია იმ კოლექტიური პასუხისმგებლობის, რომელიც შეიძლება ასეთ გაწევრიანებას მოჰყვეს. როდესაც პუტინი დღეს საზღვარს მიღმა იხედება, ის ხედავს ამერიკულ ადმინისტრაციას, რომელიც ისეა შეპყრობილი ირანთან დაკავშირებით რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებით, რომ პოლონეთთან და ჩეხეთის რესპუბლიკასთან სარაკეტო ფარის შეთანხმების უგულვებელყოფა სურს, ვერ ამჩნევს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და იგნორირებას უკეთებს იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში უკრაინის ფინლანდიზაციას. პუტინი ხედავს ამერიკელ პრეზიდენტს, რომელსაც მუსულმანურ სამყაროსთან და დიდ სახელმწიფოებთან რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების ფანტასტიკური გამოსწორება უფრო სურს, ვიდრე ალყაშემორტყმული პატარა დემოკრატიების, საქართველოს, ისრაელის და ჰონდურასის მხარდაჭერა. პუტინი ხედავს ამერიკელებს, რომლებიც დაფიქსირებულები არიან „ბირთვული ნულის“ მიღწევაში მაშინ, როდესაც ირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიიჩქარის და ჩრდილო-კორეის ბირთვული საფრთხე ხელუხლებელია. ტრადიციული სტრატეგიული მიზნები, ისეთები როგორიცაა ალიანსის სტრუქტურის განმტკიცება და ახალი ქვეყნების შემოყვანა ლიბერალური დემოკრატიის გავლენის სფეროში, უკუგდებულია. „ჩვენ ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ორი წელი დავკარგეთ, მაგრამ ახლა ფეხზე ვდგებით“ – ამბობს ბარამიძე, ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მინისტრი. საქართველოში ვიზიტი იმას მაფიქრებინებს, რომ ის მართალია. განა სასიამოვნო არ იქნებოდა, რომ ვინმეს დასავლეთის ფრთაზე ეს მართლაც შეემჩნია? ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts