planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 არტურ დუტკიევიჩი პოლონეთში პოპულარული ჯაზ-პიანისტია. საბჭოთა საქართველოს ის 1987 წელს პოლონელი მუსიკოსების კვარტეტთან ერთად ეწვია. ამჯერად თბილისში პოლონეთის საელჩოსა და სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ერთობლივად ორგანიზებული კონცერტის გასამართად ჩამოვიდა. საფორტეპიანო პროგრამა სახელწოდებით ’’ჯაზური მაზურკები” თბილისში დაგეგმილი იმ მუსიკალური ციკლის ნაწილია, რომელიც ფრედერიკ შოპენის დაბადების 200 წლისთავს ეძღვნება. 2010 წელი მსოფლიოს მასშტაბით შოპენის წლად არის გამოცხადებული. პოლონეთის საელჩო საქართველოში ამ მოვლენას უკვე მეორედ ეხმაურება. წელს შოპენის კლასიკური ნაწარმოებები პოლონელმა პიანისტებმა ალექსეი პეტროვმა და ბორის ბერეზოვსკიმ შეასრულეს. ლეხ კონჩაკი, პოლონეთის ელჩის მოადგილე კულტურისა და განვითარების მხარდაჭერის საკითხებში, ამბობს, რომ საელჩოს საქართველოში შოპენის იმ ნაწარმოებების პოპულარიზაცია უნდა, რომლებიც აქ ნაკლებად სრულდება. კონჩაკი ასევე ცდილობს პოლონელი მუსიკოსის შემოქმედება ქართულ პუბლიკას განსხვავებული რაკურსებით დაანახოს: ”გვინდა, მსმენელებს შოპენის შემოქმედების ახალი ინტერპრეტაციები შევთავაზოთ. ეს არის ჯაზი, რომელიც ინსპირაციას შოპენის შემოქმედებიდან იღებს და ხალხური მუსიკა, რომელიც თავად შოპენისთვის წარმოადგენდა ინსპირაციას”. ამ მიზნით თბილისში მალე პოლონურ მაზურკებს შეასრულებენ. მაზურკების თემა ჟღერდა არტურ დუტკიევიჩის გუშინდელ კონცერტზეც. ხალხურ რითმზე შექმნილი მაზურკების ნაწილი თავად დუტკიევიჩს ეკუთვნის. შოპენთან მას იმპროვიზაციის სიყვარულიც აკავშირებს, რაც ზოგადად ჯაზისთვის არის დამახასიათებელი. არტურ დუდკიევიჩი ბევრი ჯაზ-კონკურსის ლაურეატია. იგი არის 1989 წლის თეოლონიუს მონკის პრესტიჟული კონკურსის ფინალისტი. თბილისში მან 6 ნაწარმოები შეასრულა. ბოლო ორი ნაწარმოები რელიგიური თემატიკის პოლონური სიმღერების ინტერპრეტაცია იყო (”ღმერთი არის ჩემი მწყემსი” და ”ვიტალა-ვიტალა”). დუდკევიჩის შემდეგ, სექტემბრის შუა რიცხვებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთად პოლონეთის საელჩო პიანისტების რიგით მეორე ქართული კონკურსის მოწყობას გეგმავს. ახალგაზრდა კონკურსანტებს შორის შერჩეული გამარჯვებულები ვარშავაში, ფრედერიკ შოპენის საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. ლეხ კონჩაკი თბილისელ მუსიკის მოყვარულებს სიურპრიზსაც ჰპირდება და ამბობს, რომ დეკემბერში საქართველოში ცნობილი ქართველი პიანისტის მიერ კონცერტი გაიმართება. კონჩაკი პიანისტის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი პუბლიკა პოლონეთის საელჩოს ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts