planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 ”წმიდა სინოდმა მადლიერებით აღნიშნა, რომ, მართალია, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ძირითადი ტერიტორიები და შენობა-ნაგებობები ეკლესიას დაუკანონდა და ახალი ობიექტებიც გადაეცა, მაგრამ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, განსაკუთრებით, ეპარქიებთან მიმართებაში. წმიდა სინოდმა დაადგინა: ეპარქიებში შეიქმნას კომისიები, რათა დაჩქარდეს საპატრიარქოში სათანადო მასალების დროულად წარმოდგენა და ეკლესიისთვის სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროცესის გაგრძელება”. სინოდის კრების ოქმი, 27 ივნისი, 2008წ. მეც იმათი მოდგმიდანა ვარ, ვისაც მთავარ ქონებად ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრი გაუხდია, ამიტომაც თეთრს შავად ვერ ხედავს და მცირედ წარმატებასაც კი ამ პოლიტიკურად მდუღარე ქვეყნისას შეხარის და ამ წარმატებათა არქიტექტორებს, ანუ დღევანდელ ხელისუფლებას შესაბამის პატივს მიაგებს, როგორც რიგითი მოქალაქე და გულშემატკივარი ამ ქვეყნისა... მაგრამ... მაგრამ არსებობს ერთი ,მაგრამ’. ძალიან ხომ არ გაუტკბა ამ ხელისუფლებას წმინდა ოფიციოზთან თამაში? ხომ არ აპირებს ეს ხელისუფლება ყველაფერი ეკლესიას გადასცეს? დაბოლოს, ბარემ სრული ძალაუფლებაც და იქნებ გაუაზრებელი ლოიალობის წყალობით, მართლმადიდებლურ ირანში ამოგვაყოფინოს თავი? ვიცი, რომ სტანდარტულ ქართველს მართლმადიდებლობა ინცესტივით ტაბუდადებული აქვს სადღაც ღიპის შუაში და ვაი მას, ვინც ამ შინაგან რელიგიურ ინსტიქტს შეეხება. რელიგია ჩვენთან ხომ მართლაც ინსტიქტია და მეტი არაფერი. რამდენი მიწა ეყოფა საპატრიარქოს, რამდენი გადაეცა და რამდენი უნდა გადაეცეს, უცნობია, საგანგებოდ დამალული ინფორმაციაა. დავსვათ კითხვა ამგვარად, რამდენი მიწა და ქონება უნდა საპატრიარქოს? რა უნდა საბოლოოდ ამ ორგანიზაციას ქონებრივი თვალსაზრისით? ჩვენი დაკვირვებით, მას ყველაფერი უნდა. აი ციტატა, რომელიც ამაში დაგარწმუნებთ: ”საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებას წარმოადგენს სასოფლო და არასასოფლო მიწები, ტყეები, ტბები, მდინარეები, მინერალური რესურსები” . მთელი მიწა-წყალი. რაღა დარჩა, მთები და მყინვარები? წარმოიდგენთ, მდინარე არაგვი და შესაბამისად მთელი არაგვის ხეობა საპატრიარქოს რომ გადაეცეს? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს წარმოდგენებს, ეს იყო კონკორდატის პროექტი(იხ. მუხლი 29,5. ჟურნ. ’ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება’, 2001, გვ. 18). ბუნების საკითხი ამით ამოიწურა. დარჩა კულტურა (კულტურაა ყველაფერი, რაც ბუნება არაა). აქ უამრავი ჩამონათვალია, თვით ჯვარ-ხატებით დაწყებული(ანუ მთის საკულტო, წარმართული თუ პაგანიზირებული სამყარო), დამთავრებული კერძო მფლობელობაში მყოფი ხელნაწერებით. სწორედაც რომ კერძო. ყურმა არ მოგატყუათ. მართალია, ეს პროექტი შერბილდა, მაგრამ პრაქტიკულად ხორციელდება ის, რაც ეკლესიას თავიდანვე სურდა და არა ის, რაც ხელმოწერილ კონკორდატშია. ამ მუხლებს რომ ჩაიკითხავთ, კარგა ხანი დაგჭირდებათ, რომ მოიფიქროთ, რაღა უნდა დარჩეს სახელმწიფოს? არაფერიც, გარდა დედ-მამის ნაწილისა... იქნებ ჩვენ არ გვყოფნის კომპეტენცია ან აკვიატებული გვაქვს ანტიეკლესიურობა? მოვუსმინოთ ქ-ნ შუქია აფრიდონიძეს: ”ვიღაცას (ვის?) თავში მოუვიდა სახელმწიფოს სრული გაძარცვის იდეა”(იხ. დასახ. ჟურნალი, გვ.52). დავუშვათ, რომ ვცდებით ან ვაზვიადებთ სხვებთან ერთად, მაშინ უნდა ჩანდეს პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა ეკლესიის მხრიდანაც და აი, რა ჩანს: ”ვალდებულებებს კისრულობს მხოლოდ სახელმწიფო. ეკლესიას თითქმის არავითარი ვალდებულება არ ეკისრება”(იხ. იმავე ჟურნალში, ალექსანდრე თვარაძე, გვ.39). არა, ნამდვილად ვცდები, ეკლესიამ, რომელმაც ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა, განა შეიძლება ერი გაძარცვოს? ან სად წაიღებს იმ ქონებას? ფულად აქცევს და ერთმორწმუნე რუსეთს გადააბარებს? მაშ, რას ნიშნავს ილიას წმინდანად შერაცხვა? გახსოვთ, ალბათ, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ილიაზე გადაცემებით რომ დაიხუნძლა ტელევიზია. მაშინ ერთმა პატრიოტმა ჟურნალისტმა, - მგონი თამაზ ტყემალაძე ერქვა, - თქვა, რომ ილია – ესაა საქართველოო. ილიას გაწმინდანება ნიშნავდა ეკლესიის მიერ ილიას, ანუ საქართველოს უზურპაციას.- ”ილია ჩვეეენიიია!”... სიმბოლურ გაძარცვას ერისას გეგმაზომიერად მიჰყვება მატერიალურიც და უფრო ხშირად გაისმის იმპერატიული ტონი საპატრიარქოს მხრიდან, აბა, დაყაჭეთ, დაყაჭეთ, თუკი რისიმე მოცემა შეიძლება, მოგვეცითო... ასე ხორციელდება საქართველოს ფაქტიური გასხვისება. გასხვისებას შემთხვევით არ ვამბობ, საქართველო რომ საკუთარ ქვეყნად წარმოედგინოს სმე -ს, მაშინ ხომ არც არაფერს მოითხოვდა საკუთარივე ქონებიდან? თუ მთელი საქართველო ეკლესიის მრევლია, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშ, რატომღა აძრობენ ქვეყანას ტყავს, ერთი ჯიბიდან მეორეში ქონების გადატანა ხომ უაზრობაა? ასე და ამგვარად... საით მივდივართ? ”საკონსტუტიციო შეთანხმების პროექტი საქართველოს ფუნდამენტალისტურ ქვეყნად გადაქცევის კონცეფციაა”(იხ. იმავე გვერდზე, ალექსანდრე თვარაძე). ალბათ, ქონების, ანუ მთელი საქართველოს გადაცემა რომ მორჩება, ძალაუფლებასაც გადააბარებენ და ამით დაამთავრებს მოღვაწეობას საქართველოში საერო ხელისუფლება. - ეს ჩემი არჩეული ხელისუფლება. ნუთუ მხოლოდ ტაძარია ქრისტიანობა? კრწანისის შემოგარენში ერთდროულად 12 მონასტერი შენდება, მაშინ, როდესაც ერთი მართლმადიდებლური კატეხიზმოც კი არაა გამოცემული და მრევლმა წესიერად არც იცის, ქრისტიანია თუ მხოლოდ მართლმადიდებელი? ეკუმენური დიალოგი და დემოკრატია ერესი ჰგონიათ, ხოლო ექსტრემიზმი და აგრესია - ქრისტიანობის გამოვლინება. გასაკეთებელი კი კვლავაც ბევრია, უფრო სწორად, გადასაცემი.- შეხედეთ ლაქას დედამიწის ზურგზე, - ვინ იცის, ვის გაეჩხირება ყელში ეს მიწის ნაგლეჯი? სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts