planetanews Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/09/zaman.jpg საბინა ფრეიზერი როდესაც სამშაბათს რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი სტამბულში ჩავა, ის თავის თურქ კოლეგასთან რეჯეპ ერდოღანთან და პრეზიდენტ აბდულა გიულისთან ერთად საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს, როგორც აზიაში ნდობისა და ურთიერთქმედების შესახებ კონფერენციის (CICA) ფარგლებში, ასევე ორმხრივ მოლაპარაკებებზეც. თუმცა ისეთი საკითხი, როგორიცაა გადაუჭრელი კონფლიქტები საქართველოში ან უფრო ზუსტად, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – საეჭვოა დღის წესრიგში იდგეს. ეს არამხოლოდ სამწუხარო, არამედ უცნაურიცაა. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – თურქეთის საზღვრიდან 150 კილომეტრში – რუსეთმა 8 000–დან 10 000–მდე ჯარისკაცი განათავსა. ამ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია უდაოდ მნიშვნელოვანია რუსეთის და თურქეთის არეალში ნდობის განმტკიცების, თანამშრომლობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მას შემდეგ, მათი დამოკიდებულება მოსკოვზე მუდმივად იზრდება. მთელი მსოფლიო, ოთხი ქვეყნის გამოკლებით, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილებად მიიჩნევს. თუმცა პრაქტიკაში ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის კონტაქტი ფაქტობრივად არ არსებობს – მათ უკვე აღარ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება და ვაჭრობა, ხოლო 2008 წელს დევნილებად ქცეულ ეთნიკურ ქართველებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ აქვთ. რუსეთმა ასევე შეწყვიტა ყველა ოფიციალური სამთავრობო კონტაქტი საქართველოსთან. სამხრეთ ოსეთში მთავრობის ნახევარზე მეტს და ბიუჯეტის 99%–ს რუსეთი აკომპლექტებს, ის ასევე 4 000 ჯარისკაცის და 800 მესაზღვრის საშუალებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 2008 წლის ომმა რეგიონს მძიმე ფიზიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და პოლიტიკური დარტყმა მიაყენა. მისი მუდმივი მოსახლეობა 1990–იანი წლების დასაწყისიდან განუხრელად მცირდებოდა და ახლა საეჭვოა 30 000 ადამიანს აჭარბებდეს. რუსეთის მიერ გაღებულმა 840 მილიონმა დოლარმა (28 000 დოლარი კაცზე) კორუფიის გამო ადგილზე სიტუაცია დიდად ვერ გააუმჯობესა. რადგან სავაჭრო გზები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს დანარჩენ საქართელოსთან აკავშირებს ჩაკეტილია, ოსური ეკონომიკა რუსეთის სამხედრო და სამშენებლო პერსონალისთვის ფაქტობრივად სერვისის მიმწოდებლად იქცა. დღეს სამხრეთ ოსეთს ცოტა რამ თუ განასხვავებს რუსეთის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებისგან. აღიარებისა და დახმარების სანაცვლოდ რუსეთმა აფხაზეთსიგან უძვირფასესი სტრატეგიული აქტივები მიიღო. მან 465 მილიონი დოლარი ჩადო სამხედრო ბაზების, მათ შორის გუდაუთის ბაზის (სამხრეთ კავკასიაში უმსხვილესი სამხედრო აეროდრომი) მოდერნიზაციასა და მშენებლობაზე. რუსეთმა აფხაზეთი 15 წლის თავზე აღიარა მას შემდეგ, რაც თბილისმა ტერიტორიაზე კონტროლი ფაქტობრივად დაკარგა, ხოლო იქ მცხოვრები 210 000 ეთნიკური ქართველი ძალით გამოყარეს. ამ წლებში ანკლავმა, 200 000 მოსახლით, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, კანონების და ეკონომიკის შექმნა დაიწყო. დღეს, დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ბევრი აფხაზი უკმაყოფილოა ჩრდილოეთ მეზობელზე მზარდი დამოკიდებულების გამო და მათი პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ ზედმეტად მოქცევის ეშინიათ. თუმცა, ამის მიუხედავად ისინი მოსკოვს ძველებურად საკუთარი უსაფრთხოების ძირითად გარანტად აღიქვამენ. ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს, რომელიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საქართველოსგან მიჯნავს, 200 უიარაღო ევროპელი დამკვირვებელია, რომლებიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენენ. რუსეთი მათ ამ ტერიტორიებზე არ უშვებს. 2009 წელს რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს და ეუთოს მანდატების გაგრძელებას საქართველოში, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ვრცელდებოდა. მოსკოვი არ აპირებს ასევე 2008 წლის აგვისტო–სექტემბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების პირობების შესრულებას, რომლის თანახმადაც მან საკუთარი სამხედრო კონტიგენტის მოცულობა ომამდელ რიცხოვნებამდე უნდა შეამციროს, გაიყვანოს ჯარები იმ რაიონებიდან სადაც ისინი არ მდგარან და საერთაშორისო დამკვირვებლები და ჰუმანიტარული დახმარება ტერიტორიებზე უნდა დაუშვას. ეს დამატებით აძლიერებს არასტაბილურობას რეგიონში. რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ბუფერულ სამხედრო ზონებად გადაქცევას გეგმავს, რომლებიც საქართველოს და ნატოს შემდგომი გაფართოვების წინააღმდეგაა მიმართული. იმის გათვალისწინებით, რომ ნატო აღარ ესაზღვრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) ყოფილი თურქეთ–საბჭოთა საზღვრის მიხედვით, სამხედრო კონტიგენტების გაზრდამ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე უარმა სტრატეგიული აზრი დაკარგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის და რუსეთის ლიდერები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ახლა ყველაზე დროულია მიმდინარე მილიტარიზაციის, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების, ასევე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხების დაყენება. რუსეთი და თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. 2004–2009 წლებში ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა გაორმაგდა, რუსეთი როგორც სავაჭრო პარტნიორი მეორე ქვეყანაა თურქეთისთვის და მხოლოდ გერმანიაა, რომელიც თურქულ კურორტებზე მეტ ტურისტს აგზავნის. სტაბილურობა და მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის, მით უფრო, რომ ორივეს მასთან მტკიცე ისტორიული კავშირები აქვთ. ჯერჯერობით ვერც აშშ–მ და ვერც ევროკავშირმა ვერ შეძლეს პრემიერ–მინისტრ პუტინის დათანხმება ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულებაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში დაშვებაზე. თუკი თურქეთს მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში საკუთარ თავზე რეგიონალური ლიდერის როლის აღება და იმავდროულად ამ საქმეში რეალური შედეგების მიღწევა სურს, ამ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე მან საქართველოს სახიფათო კონფლიქტს, რომელიც დღემდე მიჯნავს მას რუსეთისგან (ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად) იგნორირება არ უნდა გაუკეთოს. საბინა ფრეიზერი – კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ევროპული პროგრამის დირექტორი ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts