planetanews Posted June 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/faster_times.jpg ლინკოლნ მიტჩელი კვირის ადგილობრივი არჩევნები საქართველოში შედეგებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებების მხრივ პროგნოზირებადი იყო. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ (გნმ) საქართველოს ყველა ადგილობრივ საკრებულოში სერიოზული გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიგი უგულავამ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მარჯვედ დაამარცხა ირაკლი ალასანია, ოპოზიციის მთავარი კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე. იმავდროულად კი ეუთოსა და ODIHR-ის საარჩევნო ანგარიშში ნათქვამია: ”30 მაისის მუნიციპალურ არჩევნებში აღინიშნა აშკარა პროგრესი ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით. თუმცა დარჩა მნიშნელოვანი ხარვეზები, მათ შორის: სამართლებრივი ჩარჩოს და მისი შესრულების დეფიციტი, არათანაბარი საარჩევნო გარემო და საარჩევნო დღეს გაყალბების ცალკეული შემთხვევები”. ამ არჩევნებმა ბოლო თვეებში მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო და დასავლეთში ბევრისთვის ის საქართველოს დემოკრატიის უახლეს ტესტად განიხილებოდა. მაგრამ არჩევნებზე ფოკუსმა ყურადღების მიღმა დატოვა საქართველოში მიმდინარე სხვა პოლიტიკური პროცესები, არადა მათ შესაძლოა უფრო გრძელვადიანი გავლენა იქონიონ, ვიდრე არჩევნების შედეგებმა, რადგან მათ ისეთ კლიმატში ჩაიარეს, სადაც მედიის პლურალიზმის არარსებობა და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების თავისუფალი გამოყენება ხელს უშლის ჭეშმარიტად დემოკრატიული პრაქტიკის განხორცილებას. ამ ბოლო დროს საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და მთავრობის ინიციატივები ირანთან მიმართებაში, ალბათ უფრო დიდ როლს ითამაშებენ საქართველოსა და ქართული დემოკრატიის მომავლისათვის, ვიდრე ქვეყნის ყველა ქალაქის საკრებულოებისა და თბილისის მერის არჩევა. შემოთავაზებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ, რომელიც დისკუსიების საფუძველს შეადგენს, 2013 წლიდან საქართველოში დღეს არსებული ძლიერი საპრეზიდენტო სისტემა საპარლამენტო სისტემით უნდა შეცვალოს. ერთი შეხედვით, ეს გონივრულია, რადგან ბოლო რამდენიმე წელია სწორედ პრეზიდენტის ოფისის მიერ ძალაუფლების გადამეტებული კონცენტრაცია გახდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი. მაგრამ შემოთავაზებული რეფორმა შესაძლოა ნაკლებად ეხებოდეს საქართველოს მთავრობის სტრუქტურას და უფრო იმას ისახავს მიზნად, რომ 2013 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს კონსტიტუციით ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლა აეკრძალება, მისი ხელისუფლებაში დატოვების გზები მოიძიოს. არავინ იცის, შეეცდება თუ არა სააკაშვილი 2013 წელს ახალი კონსტიტუციური სისტემის პირობებში პრემიერ-მინისტრად გახდომას, მაგრამ ეს პროექტი მსგავს შესაძლებლობას ძალაში ტოვებს. ის, რომ საქართველო იკვლევს საპარალმენტო სისტემაზე გადასვლის საშუალებებს, რათა შედეგად სააკაშვილმა 2013 წლის შემდეგაც განაგრძოს ქვეყნის ხელმძღვანელობა, ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილა. მაგრამ ბოლო დროს ირანისა და საქართველოს ურთიერთობათა განმტკიცება ძალიან გასაოცარი იყო, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ სააკაშვილის იმ უწყვეტ ძალისხმევათა ფონზე, რომლის მიზანი დასავლეთთან და უპირველეს ყოვლისა აშშ-სთან მაქსიმალური დაახლოებაა. ორმა ქვეყანამ ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაზე, მაღალი რანგის დიპლომატიურ ვიზიტებზე და სხვა ორმხრივ კავშირებზე იმსჯელა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი მნიშვნელოვანი რეგიონალური სახელმწიფოა, აშშ-ს მტრული დამოკიდებულება ირანის რეჟიმისადმი საიდუმლო არ არის. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებს საქართველო, ქვეყანა, რომელიც ბოლო თვეებში აშშ-ს მხარდაჭერის ხარისხთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამს, ირანთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებით აშშ-სთან ურთიერთობათა გამოსწორებას. საქართველოს ახალი კონსტიტუციური მოწყობა და მისი ბოლოდროინდელი ინტერაქცია ირანთან შეიძლებოდა საქართველოს მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი გამხდარიყო, მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა იმის განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ზუსტად. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისიც, რომ საქართველო საპარლამენტო სისტემაზე გადავიდეს, მაგრამ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იყოს და ისიც შესაძლებელია, რომ საქართველო-ირანის ურთიერთობები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო არ განმტკიცდება. მაგრამ ბოლო ორი თვის მანძილზე განვითარებული მოვლენები იმის ვარაუდს აჩენს, რომ ეს თავისთავად ცხადი ვერ იქნება. ამიტომ სხვა თუ არაფერი, განხილულ უნდა იქნას ასეთი შესაძლებლობაც - 2013 წლიდან საქართველო იმის ნაცვლად, რომ დასავლური სტილის დემოკრატიისკენ წავიდეს, კონსტიტუციური პიროტექნიკის გამოყენებით კიდევ უფრო განამტკიცებს თავის ხისტ რეჟიმს. თუ ასე მოხდა, მაშინ სხვა ხისტ რეჟიმთან, ისეთთან, როგორიცაა ირანი, ახლო ურთიეთობების შენება მოულოდნელი აღარ იქნება. ამ კონტექსტში, იმ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობა, რომელშიც, როგორც საქართველოს ყველა ექსპერტი ელოდა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ დომინირება განაგძო და რომლის მეშვეობითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის არსებულ ნაცრისფერ ზონაში რჩება, გადაჭარბებულ შეფასებას არ საჭიროებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts