Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ეუთო და ევროსაბჭო ხმების დათვლის პროცესს ნეგატიურად აფასებს


Recommended Posts

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ხმების დათვლის პროცესს ნეგატიურად აფასებს, თუმცა სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, 30 მაისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, საქართველოს მიერ ეუთოსა და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ, აშკარა პროგრესი აღინიშნა.

 

წინასწარი დასკვნები ეუთოს და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიამ 31 მაისს გამოაქვეყნა. ანგარიშის ყველაზე კრიტიკული ნაწილი, რომელიც არჩევნების დღეს ეხება, ხმის დათვლის პროცესია.

 

”საშუალოდ, ხუთიდან ერთ შემთხვევაში ხმების დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც ცუდი, ან ძალიან ცუდი, მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომები და გამორჩენებია დაფიქსირებული ხმების დათვლის ერთ მეოთხედზე მეტ შემთხვევაში” - ნათქვამია ანგარიშში.

 

საშუალოდ, ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები ოქმების შევსების დროს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ითხოვს.

 

იმ 43 საოლქო საარჩევნო კომისიიდან, რომელთა მუშაობასაც აკვირდებოდნენ არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ხუთში წარმოებული ხმების შეჯამების პროცესი ნეგატიურად შეფასდა. პრობლემები განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მოწოდებული ხმების დათვლის შედეგების ოქმებთან დაკავშირებით იქნა დაფიქსირებული. დამკვირვებლებს ზოგჯერ ხელს უშლიდნენ დაკვირვებაში, ხოლო საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი დამკვირვებელი გამოიხმეს უბნიდან, მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო.

 

ეუთოს და ევროსაბჭოს წინასწარი დასკვნის თანახმად, საზოგადოებრივი ნდობის დაბალი ხარისხი მაინც შენარჩუნდა ხელისუფლების და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

 

არჩევნების ადმინისტრირების თვალსაზრისით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნა რეგიონებში, განსაკუთრებით კახეთში, სამცხე–ჯავახეთსა და შიდა ქართლში დაფიქსირებულ „სისტემურ უწესრიგობებზე მიუთითებს.“

 

ასევე, წინასწარი დასკვნის თანახმად, ადგილი ჰქონდა არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოს და გაყალბების იზოლირებულ შემთხვევებს.

 

ეუთოს აზრით, ცვლილებების მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში ხარვეზი მაინც რჩება, მათ შორის, ხმის მიცემასა და არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვები და საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმის თანასწორობას არ უზრუნველყოფს.

 

დასკვნის მიხედვით, ის დებულებები, რომლებიც გარკვეული საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში შეუზღუდავი მონაწილეობის და ასევე საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა, არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის.

 

საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების 96%-ში წარმოებული ხმის მიცემის პროცესი პოზიტიურად შეფასდა.

 

თუმცა საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მონაცემებით, რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა დაძაბულობას და პროცედურულ დარღვევებს, ზოგიერთი მათგანი სერიოზული ხასიათის მქონე დარღვევა იყო, მათ შორის, 13 შემთხვევაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას.

 

საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მონაცემებით, შედარებით ნაკლები იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები ვერ პოულობდნენ საკუთარ მონაცემებს ამომრჩეველთა სიებში.

 

დასკვნის მიხედვით, ამომრჩევლებს საკმარისი ინფორმაცია და დრო ჰქონდათ სიებში საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად.

 

დასკვნა ასევე გამოყოფს იმ ფაქტს, რომ წელს, პირველად, არჩევნებში კომისიების მდივნები ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო კომისიის წევრების მიერ იყვნენ არჩეული.

 

ანგარიშის თანახმად, კანდიდატების სიმრავლის და მრავალფეროვნების შედეგად, ამომრჩევლებს რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცათ, თუმცა კონკურენტების რაოდენობა ზოგიერთ ერთმანდატიან ოლქში შეზღუდული იყო, ხოლო მაჟორიტარი კანდიდატების 4.5%-მა რეგისტრაციის შემდგომ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

 

რაც შეეხება მედია საშუალებებს, დასკვნა ამბობს, რომ მედია საშუალებები დაყოფილია პოლიტიკური ხაზით და ბევრი მათგანი საკუთარი მფლობელის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, “მედია მფლობელობის გამჭვირვალობის საკითხი გაუმჯობესებას საჭიროებს.“

 

დასკვნა ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბების გამოშვებებში მაყურებელს, ანუ ამომრჩეველს „დაბალანსებულ სურათს აწვდიდა, “ თუმცა, სხვა სატელევიზიო არხები, რომელთაც მისია აკვირდებიდა, არ იყო დაბალანსებული.

 

წინასწარ ანგარიშში საუბარია გენდერულ და ეთნიკურ ბალანსზეც საარჩევნო სიებში.

 

კანდიდატებსა და ცესკოს წევრებს შორის ქალების წილი მცირე იყო, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეებზე ქალები საკმაო რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი- ნათქვამია დასკვნაში.

 

”ბევრმა პარტიამ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში კანდიდატებად ამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები წამოაყენა; ამისგან განსხვავებით, ამ რაიონების საოლქო საარჩევნო კომისიებში უმცირესობები მცირედ იყვნენ წარმოდგენილი. სხვადასხვა საარჩევნო მასალა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ხელმისაწვდომი იყო”.

 

ზოგადად კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს დადებითად, როგორც ეუთოს და ევროპის საბჭოს მიერ დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილი ვალდებულებების და სტანდარტების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესრულების თვალსაზრისით.

 

წინასწარი დასკვნა ასევე მოიცავს საარჩევნო გარემოს შეფასებას.

 

იხილეთ სრულად დოკუმენტი.

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...