planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ბრაიან ვაითმორი საქართველოში გადამწყვეტი ადგილობრივი არჩევნები დასრულდა, რომელსაც რუსეთთან 2008 წლის კატასროფული ომის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის სიძლიერის პირველ გამოცდად განიხილავენ. ქართველები არჩევნებში იმისთვის მონაწილეობენ, რომ ოთხწლიანი ვადით 64 მუნიციპალური საბჭო აირჩიონ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა თბილისშია, სადაც მუნიციპალურ საბჭოსთან ერთად დედაქალაქის მერს პირდაპირი წესით პირველად ირჩევენ. დამკვირვებელთა თქმით, ეს არჩევნები დიდწილად განსაზღვრავს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკურ ლანდშაფტს და საპრეზიდენტო არჩევნებს 2013 წელს, როდესაც სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა იწურება. ორი „ეგზით პოლის“ მონაცემებით, უპირობოდ ლიდერობს თბილისის მოქმედი მერი, სააკაშვილის მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი და პრეზიდენტის ახლო მოკავშირე გიგი უგულავა. ერთი „ეგზით პოლის“ მიხედვით, რომელიც ტელეკომპანიებისთვის „რუსთავი 2“ და „იმედი“ Edison Research–მა ჩაატარა, უგულავას ხმების 61%, ალასანიამ კი მასზე ბევრად ნაკლები 17% მოიპოვა. მეორე გამოკითხვის თანამხად, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით GfK–მ ჩაატარა უგულავას აქვს 60%, ალასანიას – 18%. ფართოდ გავრცელებული აზრით, უგულავასაც და ალასანიაც საპრეზიდენტო ამბიციები აქვთ. საბოლოო შედეგები ადგილობრივი დროით შუაღამის შემდეგ გაირკვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ახლახანს ჩამოყალიბებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სპეციალური ჯგუფის წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, არჩევნების ეს რაუნდი დიდწილად კონცენტრირებული იყო ადგილობრივი მართველობის ყოველდღიურ პრობლემებზე და პოლიტიკური აგიტაციისგან უჩვეულოდ თავისუფალი გახლდათ. „მე ვიტყოდი, რომ ეს არჩევნები პირველია ჩემს მოკლე მეხსირებაში, როდესაც კრიტიკული მასა, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა (და არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ოპოზიციური პარტიებიც), კონკრეტულ საკითხებზე დაფუძნებულ კამპანიას აწარმოებდა“, – განუცხადა ბოკერიამ „რადიო თავისუფლებას“ არჩევნების წინა დღეს. „მანამდე ეს არ ყოფილა. ეს საქართველოს პოლიტიკური კულტურის ერთ–ერთი პრობლემა გახლდათ. ამიტომ, ვფიქრობ რომ, ეს ფაქტი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“. გაზრდილი აქტივობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ჯული გიორგაძემ განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესი „შეფერხებების გარეშე“ მიმდინარეობდა. არჩევნებზე აქტივობა შეიმჩნეოდა, გრძელი რიგებით, რომლებიც დღის პირველ ნახევარში საარჩევნო უბნებთან იქმნებოდა. ადგილობრივი დროით 5 საათისთვის, უბნების დახურვამდე სამი საათით ადრე, საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ აქტივობამ დაახლოებით 40%–ს მიაღწია, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ ქვეყანაში. ცხრა კანდიდატი იბრძვის თბილისის მერობისთვის, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტია ქვეყანაში, რადგან საქართველოს 4.5 მილიონიანი მოსახლეობიდან მოქალაქეების ერთი მესამედი დედაქალაქში ცხოვრობს. დილით არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულმა უგულავამ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარში არჩევნებს „ისტორიული უწოდა“ და ოპონენტები გააფთრებული მაგრამ „საქმიანი“ კამპანიისთვის შეაქო. „დარწმუნებული ვარ, რომ აქტივობა მაღალი იქნება, რადგან თბილისის მოქალაქეები პირველად ირჩევენ მერს პირდაპირი წესით“, – თქვა უგულავამ. „მე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა კანდიდატს, რადგან ეს მართლაც ძალიან საინტერესო კამპანია იყო. ყველა მათგანი შეეცადა ქალაქის გაუმჯობესების გზებზე საკუთარი ხედვის წარმოდგენას“. „იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება. ეს იქნება დემოკრატიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. ჩვენ დემოკრატია მეტი სტაბილურობისთვის გვჭირდება“. უგულავა, რომელსაც ანალიტიკოსები 2013 წლისთვის წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებენ, სააკაშვილისგან მასშტაბური მხარდაჭერით და დედაქალაქში სამშენებლო ბუმის და ქალაქის რეკონსტრუქციის პროექტების ტალღით სარგებლობს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს და პოლიტიკურად უსამართლოდ მიიჩნევს მისი როგორც მერის მხრიდან „ადმინისტრაციული რესურსების“ გამოყენებას. „მე ვირჩევ ცვლილებებს“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ახლად ჩამოყალიბებული ოპოზიციური კოალიციის „ალიანსი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეგზით პოლების“ ნდობა არ ღირს. „ეგზით პოლები“ რეალურ სურათს არ ქმნის. მხოლოდ რეალურად დათვლილი ხმები მოგვცემს რეალურ სურათს. შეფასებებს მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ“, – განაცხადა ალასანიამ. მან გაიღიმა და განაცხადა: „თავს შესანიშნავად ვგრძნობ“. „შესანიშნავი ამინდია და დარწმუნებული ვარ არჩევნები ნორმალურად ჩაივლის. მე ხმას ცვლილებას ვაძლევ“. მშვიდად მოსაუბრე ალასანია, რომელმაც დასავლეთის დედაქალაქებში აპლოდისმენტები დაიმსახურა თავშეკავებულობის დემონსტრირებისთვის რუსეთთან ომის დროს, გაეროში თანამდებობა 2008 წელს დატოვა სააკაშვილის პოლიტიკსადმი წინააღმდეგობის გამო. მას შემდეგ მან თავი დაიმკვიდრა, როგორც სააკაშვილის, ასევე საქართველოს ხმაურიანი და ხშირად გამაღიზიანებელი ოპოზიციის წამყვანმა ალტერნატივამ. როგორც მოსალოდნელია ის 2013 წელს პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს. არჩევნებამდე, საზოგადოებრივმა კვლევებმა თბილისში უგულავას, ქვეყნის მასშტაბით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მკაფიო უპირატესობა ცხადყო. არჩევნების წინ, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას, ალასანიამ არჩევნებს „საქართველოში დემოკრატიის ტესტი“ უწოდა. ალასანიას თქმით, მას არ აწუხებს საზოგადოებრივი კვლევების მონაცემები. და დასძინა, რომ არსებობს ძალიან ბევრი ამომრჩეველი, რომელიც საკუთარ არჩევანს არ ამხელს, კერძოდ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში და რომლებიც მას მისცემენ ხმას. „მე საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. (ამომრჩევლებთან) მთელი ამ თვენახევრის შეხვედრების დროს, მე ვგრძნობ, რომ ჩვენ დავამარცხეთ პესიმიზმი, რომელიც ამ არჩევნების წინ საზოგადოებაში არსებობდა“, – თქვა მან. „სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს დღეს, რომ მოვა და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში. სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები იმისთვის რომ დაიწყოს ცვლილებები ჯერ აქ, ადგილობრივ დონეზე და შემდეგ ცენტრალურ დონეზე“. „გზაზე დაბრუნება“ შუადღისას, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, სააკაშვილმა არჩევნებს „დამოუკიდებლობის შემდეგ საუკეთესო“ უწოდა და დარწმუნებით გამარჯვება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უწინასწარმეტყველა. „საქართველო ევროპულ გზას უბრუნდება. საქართველო ეკონომიკური განვითარების გზას უბრუნდება“, – განაცხადა მან. „ჩვენ ამ სფეროში ფაქტობრივად სასწაულებს მივაღწიეთ. სამყაროს ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს ყველაზე თავისუფალი საარჩევნო სისტემა და დემოკრატია და ჩვენ ძალიან ამაყები ვართ“. არჩევნებს ყურადღებით აკვირდებოდა ასობით უცხოელი დამკვირვებელი ევროკავშირიდან და არჩევნების მონიტორინგს ატარებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო). არჩევნების მედია ცენტრმა – სამი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციისგან („საერთაშორისო გამჭვირვალობა“, საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისთვის“) შემდგარმა მონიტორინგის ჯგუფმა, არჩევნებამდე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კენჭისყრის წინ ამომრჩევლების დაშინების თვალსაზირისით წინა არჩევნებთან შედარებით „ნაკლები დარღვევაა“. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება „საერთაშორისო საზოგადოებისგან პოზიტიური შეფასების მიღებისკენ“ მიისწრაფვოდა, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ამომრჩევლის და კანდიდატების დაშინების ფაქტები რეგიონებში უფრო ხშირი იყო, ვიდრე დედაქალაქში. თბილისში, ოპოზიციური კანდიდატები ჩიოდნენ, რომ არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი ზღვარი (მეორე ტურის თავიდან ასაცილებლად) ხელისუფლებამ მხოლოდ 30%–ით განსაზღვრა – ნაბიჯი, რომელიც მათი თქმით ცხადად მოქმედი მერისთვის სასარგებლო გახლდათ. მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქრისტიან–დემოკრატებმა“, თვითმქრქვია ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ხშირად მხარს მთავრობას უჭერს, 29 მაისს განაცხადა, რომ მათ საარჩევნო უბნებზე საკუთარი მხარდამჭერების მისაყვანად ავტობუსები დაიქირავეს. ანალოგიურ პრაქტიკას 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე მოჰყვა ბრალდებები ეგრედწოდებულ „კარუსელებთან“ დაკავშირებით, როდესაც ამომრჩევლები ერთი უბნიდან მეორეზე უბანზე გადაყავთ და ისინი რამდენიმე ბიულეტენს სხვადასხვა საარჩევნო უბანში აგდებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts