planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/eurasia_review.gif დენის სამუტი კვირას, 30 მაისს ქართველი ხალხი კვლავ მივა საარჩევნო ურნებთან. ამჯერად ისინი არც პრეზიდენტს და არც პარლამენტის წევრებს არ აირჩევენ. 30 მაისს მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები ტარდება. მაგრამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამ არჩევნების შედეგები გამოვლენს ქართული დემოკრატიის სუსტ და ძლიერ მხარეებს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის დემოკრატიული მისწრაფებები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა. მაგრამ იმ დრომდეც, ვიდრე კენჭისყრა დაიწყება, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ სწორად კეთდება, თუმცა ბევრიც არასწორად. საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ ენერგიულია, ხანდახან ზედმეტად ენერგიულიც. ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ნაკლებობა არ არის და ნებისმიერს ვისაც საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა სურს, ამის გაკეთება დაუბრკოლებლად შეუძლია. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი გახლდათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან. და მიუხედავად იმისა, რომ ის იდეალურისგან ძალიან შორსაა, საკმაოდ ადეკვატურია, და შესაბამისი გამოყენების შემთხვევაში, ქართველ ხალხს კარგად მოემსახურება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე რეგიონალური და ადგილობრივი კომისიების ადმინისტრაციული პოტენციალი. პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერის თანამდებობა არჩევითი გახადა, ასევე ქების ღირსია. საქართველოში ასეთი რამ პირველად ხდება. ეს მნიშვნელოვანი პოსტი არჩევითობას იმსახურებს. საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს და დედაქალაქის არჩევნების შედეგები ნაციონალურ პოლიტიკას განსაზღვრავს. ადგილებზე საარჩევნო კამპანია დიდწილად მშვიდად მიმდინარეობს; ძირითადი ყურადღება ეკონომიკურ საკითხებს ეთმობა. ეს ქართული პოლიტიკური ცხოვრების მეტ სიმწიფეზე მიუთითებს. როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციასაც ხელი მიუწვდებათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; მაგრამ, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მართალია ბევრი რამ ქართულ დემოკრატიაში სრულყოფისგან შორსაა, ხოლო დიდწილად ამაში ბრალი ქვეყნის ხელძღვანელობას მიუძღვის, მაგრამ გარკვეულწილად ოპოზიციაც პასუხისმგებელია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სერიოზულ პრობლემად რჩება. 2003 წლის ნოემბერში, ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლამდე საქართველოში ბევრი პრობლემა არსებობდა. მაგრამ არსებობდა ასევე მიღწევებიც. საქართველო გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და საინტერესო თავისუფალი პრესით, რომელიც ყოველთვის მზად იყო მთავრობისთვის პასუხი მოეთხოვა. დღეს ასე აღარ არის. ქართული მედიის დიდ ნაწილს სახელმწიფო აკონტროლებს, ხოლო თავისუფალი მედიის დარჩენილი ნაწილი მუდმივად იდევნება. ბევრი ჟურნალისტი იმედგაცრუებული ან დაშინებულია. მართალია, პოლიტიკოსებს საკუთარი აზრის გამოთქმა ეთერში შეუძლიათ, მათ შორის სახელმწიფო არხებზეც, თუმცა გადაცემები ჩვეულებრივ ისე ეწყობა, რომ მათი შეხედულებები ნეიტრალიზებულია, რედაქტორები დაუფარავად ტენდენციურები არიან. თბილისის გარეთ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა. კვირას დაგეგმილ არჩევნებს ჩრდილს აყენებს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით თბილისის მერის და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების ნაწილში. პოლიტიკური პატრონაჟი – საქართველოსთვის უცხო მოვლენა არ არის, თუმცა ამ ქვეყანაში მისი მასშტაბები შემაშფოთებელია. ყველაზე დიდი კითხვები იმას უკავშირდება, თუ როგორ წარიმართება თავად ხმის მიცემის პროცესი. მთავრობა მონდომებით უსვამს ხაზს მის მისწრაფებას არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს. ადგილობრივი და საერთაშორისო მიმომხილველების დიდი რიცხვი კვირას იმას დააკვირდება, ეს ყველაფერი მართლაც ასეა თუ არა. თუმცა უკვე ცხადია, რომ ქართული არჩევნებისთვის ტრადიციული ერთი არსებითი პრობლემა არსად გამქრალა – ეს ამომრჩევლების არასწორი სიებია. დადასტურებით ცნობილია, მაგალითად, რომ ამ სიებში რატომღაც ჩნდება დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ადამიანთა სახელები, ხანდახან იმის შემდეგაც კი, როდესაც მათ წინა სიებიდან ამოშლიან. არჩევნების წინ, სიების გადახედვის გარკვეული მცდელობები არსებობდა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიებისთვის ამ მიზნით გარკვეული რესურსებიც კი გაიღო; მაგრამ საბოლოო ჯამში პრობლემა გადაუწყვეტელია. ეს დიდწილად ოპოზიციური პარტიების ბრალიცაა, რომლებსაც შეეძლოთ ეს ამოცანა საკუთარ თავზე აეღოთ და საკმაოდ სერიოზულად მიდგომოდნენ ამომრჩევლების სიების გადამოწმებას. რა სამართლიან არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი როდესაც ამომრჩეველთა სია ზუსტი არ არის, და ძირითადი პასუხისმგებლობა ამაზე არჩევნების ორგანიზატორებს ეკისრებათ. ოპოზიციას ბრალი იმაში მიუძღვის, რომ მან ვერ შეძლო ვერც საერთო სტრატეგიის და ვერც კანდიდატთა საერთო სიის შემუშავება. ზოგიერთმა პარტიამ არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ბოიკოტი არჩევნებზე არ მუშაობს. ოპოზიცურმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ ის ვალდებულება, რომ დემოკრატიული პროცესით მინიჭებული ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, თუნდაც ის უნაკლო არ იყოს. არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ვერ შეძლეს საკუთარი ძალების გაერთიანება. გათითოკაცებული ქართული ოპოზიცია კი ვერ შეძლებს ძველებურად შესანიშნავად ორგანიზებულ და სერიოზული რესურსების მქონე მმართველ პარტიასთან დაპირისპირებას. მუნიციპალური არჩევნების მიჯნაზე საქართველოში უკვე შეიძლება გარკვეული დადებითი და უარყოფითი დასკვნების გაკეთება. გაცილებით მკაფიო სურათი შეიქმნება კენჭისყრის დღეს, ასევე ხმების დათვლის პროცესში, რომელიც ყოველთვის პრობლემურია. ორშაბათს ქართველები იგივე პრეზიდენტის და პარლამენტის იგივე შემადგენლობის, თუმცა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიაზე ახალი წარმოდგენით გაიღვიძებენ. თუკი საქართველოს მთავრობა ამ ადგილობრივი არჩევნების სწორად ჩატარებასაც კი ვერ უზრუნველყოფას – საეჭვოა, რომ ის ოდესმე შეძლებს ქვეყნის მოსახლეობის საარჩევნო უფლების უზრუნველყოფას. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts