Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო მორჩილებას და გამოღვიძებას შორის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nzz.gif

 

მარკუს აკერეტი

 

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა წაგებული ომისთვის ახალ სტრატეგიას ეძებს – ოპოზიციას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია

 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ფაქტობრივი დაკარგვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნაგირზე მყარად ზის. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს მთავრობა იგებს, რადგან ოპოზიცია უფრო დამაჯერებელი კონცეფციის დეფიციტს განიცდის.

 

საქართველოს დედაქალაქ თბილისში გზებზე არსებული  ხვრელები რამდენიმე კვირაში ასფალტის საფარით იფარება. მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს ახალი მაგისტრალი სოლიტერივით კვეთს ქალაქის საცხოვრებელ კორპუსებს და მწვანე საფარს. მან ქალაქის ცენტრში საცობები უნდა განტვირთოს, თუმცა ბევრ ადამიანს ეჭვი ეპარება, რომ ასეთ მოკლე დროში აგებული კონსტრუქცია პრაქტიკაში გაამართლებს. თუმცა პოლიტიკოსების ყველაზე ხილული სიამაყე მშვიდობის ხიდია. ბრჭყვიალა ლურჯი შეფერილობის ფუტურისტული ნაგებობა, გრეხილი მინის სახურავით, რომელიც ძველი ქალაქის განახლებულ მხარეს მდინარის მარცხენა, უფრო ჩამორჩენილ ნაწილთან აკავშირებს და არქიტექტურული თვალსაზრისით ქალაქის ლანდშაფტს მთლიანად ეწინააღმდეგება. გზავნილი მკაფიოა: საქართველო, ყველა მარცხის მიუხედავად, მთელი ძალით ცოცხლობს.                       

 

დემოკრატიის ტესტი

 

თბილისის სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტას და კეთილმოწყობას სწორედ ახლა, უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი გააჩნია. მაისის ბოლოს საქართველოში მუნიციპალური არჩევნებია, რომლის დროსაც ამომრჩევლები პირველად აირჩევენ მერს პირდაპირი წესით. ეს ოპოზიციისადმი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დათმობაა. მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მოქმედი მერი გიგი უგულავაა, რომელსაც საგზაო პროექტებით მოქალაქეებისთვის იმის ჩვენება სურს, თუ როგორ ეფექტურად წყვეტს ის ქალაქის პრობლემებს. 36 წლის უგულავა ამბიციურია. ზოგიერთები მასში სააკაშვილის შესაძლო მემკვიდრეს ხედავენ, რომელიც თავის მხრივ ასევე სულ უფრო მეტად ხედავს მასში სერიოზულ კონკურენტს.

 

მსგავსი განცდა აქვს მერის პოსტისთვის მებრძოლ ოპოზიციურ კანდიდატს და წარსულში პრეზიდენტის დიდი ხნის მოკავშირეს ირაკლი ალასანიას. ალასანია, რომელიც  საქართველოს ნიუ–ორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წარმოადგენდა მანამდე, ვიდრე ის მთავრობის მოწინააღმდეგეთა ბანაკს შეუერთებოდა და საკუთარ პარტიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს“ დააფუძნებდა, ბევრი სასოწარკვეთილი ქართველის იმედად იქცა. 36 წლის ალასანია დახვეწილი დიპლომატიურობით გამოირჩევა. ამერიკული ინგლისურით ის ოთხი ოპოზიციური პარტიის კოალიციის „ალიანსი საქართველოსთვის“ ფერად  გეგმებზე საუბრობს.      

 

ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. ეს საუკეთესო საშუალებაა მოქალაქებს ემსახურო. მას სურს ჯანდაცვის ხარჯების შემცირება, წარმოების განვითარება დაბალპროცენტიანი კრედიტების საშუალებით, და ამომრჩევლებისადმი ანგარიშვალდებულების გაზრდა. თუმცა ბევრი რამ გაურკვევლად და დიდწილად პოპულისტურად ჟღერს. ოპოზიციამ ვერ შეძლო ერთიან კანდიდატზე შეთანხმება, შესაბამისად მთავრობის მოწინააღმდეგეთა ხმები რამდენიმე კანდიდატზე გადანაწილდება.

 

მართალია ალასანია გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა მან იცის, რომ უგულავა უპირატესობით სარგებლობს. ის პირდაპირ აცხადებს, რომ „საქართველო პოლიციური სახელმწიფოა“. ამიტომ არჩევნების წინ ჩატარებული კვლევების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. დამოუკიდბელი დამკვირვებლებიც ადასტურებენ იმას, რომ სააკაშვილის ოპონენტების მხარდაჭერა კომფორტული არ არის. მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც ბედავს საჯაროდ იმის თქმას, რომ ოპოზიციის მომხრეა; ალასანია ამბობს, რომ მათ საგადასახადო პოლიციის მხრიდან ზეწოლა ემუქრებათ. თბილისში ერთ–ერთი სკოლის სასადილოს გახსნისას სააკაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მსგავსი პროექტები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ხელისუფლების ყველა დონეზე ერთი პოლიტიკური ძალა იქნება – არაორაზროვანი რეკომენდაცია არჩევანისთვის.          

 

მთავრობის წარმომადგენლები გავლენის მოხდენის მცდელობებსა და პრობლემების არსებობას არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე და საქართველოს ყოფილი ელჩი ბერლინში ლევან დუჩიძე, ამომრჩეველთა სიების რეფორმაზე მიუთითებს. ის ვინც დღეს გაყალბებაზე საუბრობს, მხოლოდ ნიჰილიზმს თესავს და არჩევნების ჩაშლა სურს, მიაჩნია 32 წლის დუჩიძეს, რომელიც გერმანულად შესანიშნავად საუბრობს.            

 

სააკაშვილი პოზიციებს ინარჩუნებს

 

იმ ადამიანებშიც კი, ვინც მთავრობით უკმაყოფილოა, უგულავას მიმართ ერთგვარი ლოიალური განწყობა აქვთ. თუმცა მათ იმ პროექტებზეც ეცინებათ, რომლებმაც ნახევარი თბილისი სამშენებლო მოედნად გადააქცია. და მაინც, უგულავა გამოცდილია და იცის ქალაქი როგორ უნდა მართოს. პოლიტოლოგს და იმავდროულად ოპოზიცური რესპუბლიკური პარტიის აქტიურ წევრ პაატა ზაქარეიშვილს ეს არ უკვირს. ქართველები დიდწილად კონსერვატიულები არიან და არჩევანს ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებენ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მათ გამოსავალი აღარ რჩებათ.  ცხოვრების პირობების გაუარესების შიში უფრო ძლიერია, ვიდრე სიახლეზე წასვლის სურვილი. გარდა ამისა, ოპოზიცია არაფერს რადიკალურად განსხვავებულს მათ არ სთავაზობს. როდესაც საუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზეა, ისინი აკრიტიკებენ არა ომს, არამედ იმას, თუ როგორ წარმოებდა ეს ომი.

 

ზაქარეიშვილის ანალიზი – იმ კითხვაზე პასუხის ნაწილია, თუ რატომ არ უნდა ინერვიულოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საკუთარ ძალაუფლებაზე. სააკაშვილის პოლიტიკური სიცოცხლე თითქოს ბეწვზე ეკიდა: ბოლოს და ბოლოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქვეყანაში ინტეგრაციის ნაცვლად, მან ეს რეგიონები ცუდად მართულ ომში ძალიან დიდი ხნით  (და შესაძლოა სამუდამოდაც) დაკარგა. თავდაპირველად რუსული არმიის საფრთხის პირისპირ, ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ სოლიდარული აღმოჩნდა, თუმცა ერთიანი ფრონტი მალე დაიშალა და უკმაყოფილებამ პიკს ერთი წლის წინ მიაღწია, როდესაც მთავრობის მოწინააღმდეგეებმა თბილისის ცენტრი კვირეების განმავლობაში გადაკეტეს. იმ დროს, ხელისუფლების შეცვლის განწყობამ დიდხანს ვერ გაძლო. ოპოზიციაში იმედგაცრუებამ იმატა, როდესაც დემონსტრანტების რიცხვი მტკიცედ განწყობილ აქტივისტთა ჯგუფამდე შემცირდა.

 

ის, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა მაშინ მოსახლეობის მობილიზება ვერ შეძლეს, ასევე არასწორი წარმოდგენის შედეგი იყო, ფიქრობს პოლიტოლოგი ჰანს გუტბროდი, კავკასიის რესურსების ცენტრის (თბილისი) რეგიონალური დირექტორი და საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე დიდი ხნის დამკვირვებელი. სააკაშვილის მიმართ არსებული საყოველთაო უკმაყოფილების გამო ოპოზიცია მისი დამხობის ან იძულებით ვადამდელი არჩევნების მიაღწევაზე მუშაობდა, თუმცა მან ფაქტიურად არ გაითვალისწინა ის, რომ ხელისუფლების ნებისმიერი გზით შეცვლისთვის მხოლოდ უმცირესობა იყო მზად. ზომიერი ოპოზიციონერები ამაზე უარს დღესაც აცხადებენ.  

 

პოლიტილოგ და პოლიტიკოს ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა ისწავლოს, რომ თავისი ხმა 5 წლით გაიღო და მოთმინება გამოიმუშაოს, ოპოზიცია კი ახლა უკვე 2013 წლის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. სააკაშვილმა ერთი წლის წინ მისი მოწინააღმდეგეები სიცარიელეში გაუშვა. გუტბროდს მიაჩნია, რომ მთავრობამ, რომელიც რეგულარულად არასწორ ნაბიჯებს დგამდა, საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. შესაძლოა არასტაბილურ, მაგრამ მშვიდ სიტუაციაშიც მას სწრაფად შეეძლო წონასწორობის დაკარგვა. ის, რომ დინამიკის დემონსტრირებისთვის ისინი ზედმეტად სწრაფად მოქმედებდნენ, ამას მხოლოდ გუტბროდი არ ფიქრობს. არ არსებობდა მკაფიო სტრატეგია არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში. 

 

მოსკოვში მსვლელობები

 

სააკაშვილმა რეფორმატორის შარავანდი დაკარგა. იმან, რომ  აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ის შეერთებულ შტატებში კვირეების განმავლობაში დარჩა ისე, რომ იქ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს არ შეხვედრია და შემდეგ კოსტა–რიკას პრეზიდენტის ინაუგურაციასაც კი დაესწრო, საქართველოში ქილიკი და ბრაზი გამოიწვია. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ სააკაშვილი რუსულ მოდელს მისდევს და 2013 წელს  პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლებს. საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს აძლიერებს, ბევრს უბრალო დამთხვევად არ მიაჩნია. მაგრამ იმის გამო, რომ რეალური ალტერნატივა დღეს არ არსებობს, მოსახლეობაში უიმედობამ დაისადგურა. იმავდროულად არსებობს პლატფორმებზე დისკუსიის მოთხოვნილება, რასაც ჰენრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის თბილისის ოფისი რეგულარულად წარმატებით მართავს. უმუშევრობა – ძალიან აქტუალური თემაა. თუკი საქართველომ ის თანხა, რომელიც ომის შემდეგ, ევროპისა და ამერიკისგან მიიღო, გახარჯა, ეს გარკვეული შეშფოთების საფუძველს ქმნის. სოციალური დაძაბულობის ზრდა მოსალოდნელია, რაც პოლიტიკურ უკმაყოფილებას ახალ სახეს მისცემს.    

 

მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის საკითხი პრაგმატულად მიაჩნია – ის კრემლს არ ენდობა, თუმცა თვლის, რომ მოსკოვთან ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელია და სავაჭრო კავშირების აღდგენას, საზღვრის  გადალახვის შესაძლებლობით დასაქმებას და კეთილდღეობას იმედოვნებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად მოგზაურობენ მოსკოვში და რუსეთის ხელმძღვანელებს ხვდებიან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. სააკაშვილის დიდი ხნის თანამებრძოლს და პარლამენტის ყოფილ სპიკერს ნინო ბურჯანაძეს და ზურაბ ნოღაიდელს, ერთ დროს სააკაშვილის მთავრობის ხელმძღვანელს, მოსახლეობისგან უმნიშვნელო  მხარდაჭერა აქვთ. მათი მოტივაციები, სპეკულაციის თემაა.

 

ზაქარეიშვილი ასეთ ქმედებებს თავხედურს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლებელს უწოდებს: მათ იმედი ჰქონდათ, რომ მოსახლეობის განწყობა შეიცვალა. თუმცა პოლიტოლოგს ეჭვი ეპარება, რომ ეს ადმიანები საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. რუსეთი საქართველოში დემოკრატიას არ მოიტანს. არადა სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოა ერთადერთი გზა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელახლა დაბრუნებისთვის. ზაქარეიშვილს, რომელიც კონფლიქტური რეგიონების ერთ–ერთი საუკეთესო სპეციალისტია, იმედოვნებს, რომ დემოკრატიას მიზიდულობის ეფექტი აქვს და რომ ფორმალურად დამოუკიდებელ რეგიონებში რუსეთზე დამოკიდებულების გამო იმედგაცრუება დაისადგურებს.  

 

ტერიტორიებზე უარი გამორციხულია

 

რუსეთთან ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და საქართველო შორსაა იმისგან შეეგუოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას. მთავრობის პოლიტიკა მათი დაბრუნებისკენაა მიმართული და ხშირად მისი დისკურსი ომის შემდგომი გერმანიის ან კვიპროსისას ჰგავს. შესაბამისად, ამიტომაა ასეთი პრინციპული საკითხი ის, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ევროპული ქვეყნები არ აღიარებენ.

 

იმავდროულად ის, რომ გაერთიანების გზა გრძელია და ძალა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, როგორც ჩანს მთავრობამ გააცნობიერა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ახალ სტრატეგიაში, რომელიც მან ზამთარში წარადგინა, გათვლა „რბილ ძალაზე“ კეთდება, გვიხსნის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე და რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. საუბარია ორმაგ ინტეგრაციაზე: ქვეყნის მხრიდან და მოსახლეობის ჯგუფებს შორის. ადამიანები ამ სტრატეგიის ცენტრში არიან. გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტები უნდა გააქტიურდეს. პირდაპირი მოლაპარაკებები რეგიონის ხელმძღვანელებთან, მეორეხარისხოვანია. 

 

პაატა ზაქარეიშვილი დოკუმენტის არა „სოციალურ“, მაგრამ  პოლიტიკურ ნაწილს აკრიტიკებს, რომელიც არ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორს, როგორიც ადგილობრივი ხელისუფლება და თავად რეგიონებში არსებული ნებაა. ბევრი რამ დაგვიანებულია. მსგავსი წინადადებით ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გამოვედით, ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია, რომელიც მაშინ აფხაზეთის მთავრობასთან შუამავალი გახლდათ. თუმცა, მანამდე, ვიდრე რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან უშუალოდ არ საუბრობენ, არაფერი შეიცვლება. ამ მხრივ იაკობაშვილის პოზიცია მკაფიოა: სიტუაცია შეიცვლება, თუკი რუსეთი შეიცვლება; საქართველოს სურს მასთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. თუმცა იზოლაციასაც და რუსეთისგან მტრის ხატის კულტვაციასაც თავის ფასი აქვს. საეჭვოა, რომ მოსახლეობის ხანგრძლივი დროით დაინტერსება, მხოლოდ თბილისის კეთილმოწყობით იყოს შესაძლებელი.     

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...