planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg 30 მაისს ქართველები მთელ ქვეყანაში ახალი მუნიციპალური საკრებულოებისა და თბილისის მერის ასარჩევად წავლენ. 2008 წლის ორი წარსული არჩევნების ფონზე (საპრეზიდენტო – იანვარში და საპარლამენტო – მაისში), რომლებიც ბევრი ოპოზიციური პარტიის განცხადებით გაყალბებული იყო, მთავარ საკითხად განიხილება არა იმდენად პოლიტიკა და არა ის თუ ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, არამედ პროცედურა: ხომ არ გამოიყენებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მის ხელთ არსებულ მთელ ადმინისტრაციულ რესურსს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუ დაუშვებს მართლაც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას? 2008 წლის არჩევნების შუქზე, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა, სააკაშვილმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა იყოს ”სამაგალითო”, უნდა ჩაიაროს ”მშვიდად” და ”ორგანიზებულად”. საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნების დადებით შეფასებას და ამიტომ ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტს (ODIHR ) აქ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა მოსთხოვა. როგორც წესი, ODIHR არ მეთვალყურეობს მუნიციპალურ არჩევნებს. სულ ბოლოს მან ეს 2007 წელს მოლდავეთში და 2008 წელს ბოსნიაში გააკეთა, მაგრამ საქართველოს არჩევნებს ის ისე განიხილავს, როგორც ეროვნულს და აქ 200-მდე დამკვირვებელს გააგზავნის. როგორც ”კავკას-პრესი” 24 მაისს იტყობინებოდა, სულ 38-მდე ქართული არასამთავრობო და 26-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს. საერთაშორისო კონტინგენტის შემადგენლობაში შედიან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ მთავრობათა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ჯგუფები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ დამკვირვებელთა ამდენად დიდი კონტიგენტი შესძლებს პროცედურული დარღვევების თავიდან აცილებას არჩევნების დღეს და იმასაც, თუ რამდენად მწვავე იქნება ასეთ დარღვევათა კრიტიკა. გოგი თოფაძემ, თბილისის მერობის 9 კანდიდატიდან ერთ-ერთმა 4 მაისს ევროპის საბჭოს დამკვირვებლებს განუცხადა, რომ ”არჩევნები წლიდან წლამდე ყალბდება. ევროპელი დამკვირვებლები ჩამოდიან და ერთსა და იმავეს ამბობენ: არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, თუმცა უმნიშვნელო დარღვევებით”. თოფაძე ამბობს, რომ თუ ასეთი შეფასებები კვლავაც იქნება, აჯობებს უცხოელი დამკვირვებლები სულაც აღარ ჩამოვიდნენ – იტყობინება ”კავკას-პრესი”. სულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 36 პოლიტიკურმა პარტიამ შეიტანა განცხადება, აქედან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 დაარეგისტრირა, ორმა პარტიამ მონაწილეობაზე უარი სთქვა. 14 დარჩენილი პარტიიდან 10 სამ ბლოკშია გაერთიანებული. თბილისის საკრებულოში მანდატების მოსაპოვებლად (პროპორციული სისტემით) 14 პარტიამ და ბლოკმა წარადგინა თავის კანდიდატების სია. თბილისის მერობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული, მათ შორის: მოქმედი მერი გიგი უგულავა; საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში ირაკლი ალასანია, რომელიც ახლა ოპოზიციურ ბლოკს ”ალიანსი საქართველოსთვის” უდგას სათავეში; ზვიად ძიძიგური – ოპოზიციური ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი; ლუდის მაგნატი და ყოფილი პარლამენტარი გოგი თოფაძე, რომელიც პარტიას ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ხელმძღვანელობს. ”ლეიბორისტულმა პარტიამ” და პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ („დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“) უარი სთქვეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ბურჯანაძე და ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სხვა ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. შალვა ნათელაშვილის თქმით, ამ არჩევნებით ხელისუფლებას კოლექტიური ტყავის გადარჩენა აქვს განზრახული. თბილისის სომხურმა მოსახლეობამ, რომელიც 86 000 კაცს ითვლის, აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ არც სააკაშვილის და არც ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის საკრებულოს პრეტენდენტთა სიებში სომეხი კანდიდატები არ შეიყვანეს. პირველი საჯარო შეფასება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ 7 მაისს გაკეთდა. მასში ნათქვამი იყო, რომ მიუხედავად საარჩევნო კოდექსში შეტანილი უამრავი შესწორებისა (სულ ბოლო 2009 წლის დეკემბერში განხორციელდა), ძალაში დარჩა პირობა, რომლის თანახმადაც ”ოფიციალურ პირებს შეუძლიათ შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში და საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსები. ეს გარემოება არ უზრუნველყოფს თანაბარ სათამაშო პირობებს ყველა მონაწილისთვის”. იმისთვის რომ თუ ვერ აღკვეთენ, მინიმუმამდე მაინც დაიყვანონ მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ ამ რესურსების გამოყენება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით შეადგინეს მემორანდუმი, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეს რესურსები. 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც თავისი კანდიდატი წარადგინა მუნიციპალურ არჩევნებზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მემორანდუმს 8 მაისს მოაწერა ხელი. მემორანდუმზე ხელი არ მოუწერიათ პარტიას ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და „ალიანსს საქართველოსთვის“. მემორანდუმის შესრულებას ინტერფრაქციული საპარლამენტო ჯგუფი აკვირდება და მისმა ხელმძღვანელმა 19 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილი აქვს იშვიათ და იზოლირებულ დარღვევებს. შემთხვევები, რომელიც მან მაგალითად მოიყვანა ძირითადად ეხებოდა მმართველი პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს – ისინი სოციალური დახმარების გაუქმებით ემუქრებოდნენ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობდნენ მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერაზე. მაგრამ ოპოზიციური ეროვნული საბჭოს განცხადებები იმის ვარაუდს აჩენს, რომ არსებობს მათი კანდიდატების დაშინების ტიპიური ფაქტები – ათეულზე მეტმა დატოვა საარჩევნო კამპანია და მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა დაასახელა. ეს მოხდა ყვარელის, თიანეთის, ლენტეხის, საგარეჯოსა და ახალქალაქის რაიონებში – 5 და 10 მაისსიტყობინებოდა ”კავკას-პრესი”. ეროვნულ საბჭოში გაერთიენებულები არიან ”კონსერვატიული”, ”ხალხის პარტიები” და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტია ”სამართლიანი საქართველოსთვის“. ნოღაიდელი და ”კონსერვატორთა პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი საშინლად დაგმო მედიამ მოსკოვში რუსეთის ლიდერებთან იმ შეხვედრების გამო, რომელთა მიზანი ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ჩაცხრობა იყო. პარტიამ „ალიანსი საქართველოსთვის“ ასევე გააკეთა განცხადებები ზეწოლაზე. დასავლეთ საქართველოს ქალაქ ზუგდიდის ჯგუფის ლიდერმა ”რადიო თავისუფლების” ქართულ სამსახურს 11 მაისს განუცხადა, რომ ზეწოლა კანდიდატებზე აპრილში დაიწყო და თანდათან გაძლიერდა. მალხაზ ხუციშვილმა, რომელიც სიღნაღში ალიანსის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ”კავკას-პრესს” 12 მაისს განუცხადა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიზნესმენებს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ფული (10 000 ლარი) გამოსძალა. ევროპის კავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, პიტერ სემნებიმ civil.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამჯერად ყურადღება უფრო პროცედურას ეთმობა ვიდრე პოლიტიკას. სემნებიმ განაცხადა, რომ თუ 30 მაისის არჩევნები „კარგად“ ჩატარდება, ნაჩვენები იქნება პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის წინსვლა და ეს საქართველოსთვის ერთი რამის მომასწავებელი იქნება – საქართველომ „შესძლო მანამდე შექმნილი რთული გარემოებების გადალახვა“ და „პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით სტაბილური ინსტიტუციური სისტემისკენ მიემართება“. ამავე დროს სემნებიმ აღიარა, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ დასაწყისი უფრო ფართო პროცესისა, რომელიც ახალი კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მიღებას მოიცავს. ახსენა რა ის ხშირი ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2004 წლიდან ხორციელდება, სემნებიმ იმედი გამოსთქვა, რომ ახალი კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი „რაღაც პერიოდის განმავლობაში უცვლელი დარჩება და არ იქნება გამოყენებული ყოველდღიური პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts