planetanews Posted May 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/times2.gif ბარნი ტომპსონი ქალაქ გორის (სტალინის დაბადების ადგილი) ჩრდილოეთით, მტვრიანი გზის ბოლოს განთავსებული ქვიშის ტომრები და საქართველოს დროშა სამხრეთ ოსეთთან საზღვარს აღნიშნავს. 100 მეტრში მოქუფრული ცის ფონზე კიდევ ერთი, რუსული დროშა ფრიალებს. უზარმაზარი, ფორმაში გამოწყობილი მილიციელის თქმით, მხარეები ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან, მაგრამ წელიწადზე მეტია, რაც აღარავინ ისვრის. მიუხედავად ამისა, მის ზურგს უკან მთებში 4 000–ზე მეტი ჯარისკაცი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის 1 000 მესაზღვრეა დგას, ტანკებით, ჯავშანმანქანებითა და ვერტმფრენებით. დასავლეთით აფხაზეთში კიდევ ერთი, დაახლოებით მსგავსი რაოდენობის დაჯგუფებაა. დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ის გადარჩენისთვის დაუნდობელ და სასტიკ მტერს ებრძვის. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვით (ეს უკანასკნელი ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე, მაგრამ კატასტროფული ომის შედეგად დაკარგა) საქართველოს, ტერიტორიის 20% აღარ ეკუთვნის. კრემლი ამ რეგიონებს „ავტონომიურ რესპუბლიკებს“ უწოდებს, ქართველი პოლიტიკოსები კი უპირატესობას ანიჭებენ ტერმინს „ოკუპირებული ტერიტორიები“. „თუკი ქართულ მიწაზე სხვა ქვეყნის არმია დგას, რა შეიძლება ამას უწოდო თუ არა ოკუპაცია?“, – კითხულობს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ომების შემდეგ საქართველოს 22 000 დევნილისთვის თავშესაფრის ძიება მოუწია. ზოგიერთები ახლა პატარა სახლებში ცხოვრობენ, რომელთა გრძელი რიგი თბილისი–გორის გზის გასწვრივაა გაშენებული. რა თქმა უნდა, ეს კარვებს ჯობია, მაგრამ ვერანაირად ვერ შეედრება იმ სახლებს, საიდანაც ისინი გამოყარეს. „რუსეთისთვის, საქართველო დაუმთავრებელი საქმეა“, – განუცხადა The Times–ს საქართველოს დაზვერვის მაღალჩინოსანმა. აფხაზეთსა და სამხრეთში სამხედრო ყოფნის გარდა, მან ახსენა „ძალიან აქტიური სადაზვერვო საქმიანობა“, ინვესტორების დაშინება, პრორუსული პოლიტიკოსების მხარდაჭერა და კიბერთავდასხმების მუდმივი საფრთხე. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს, ჰაკერებმა რამდენიმე დღით საქართველოს საბანკო სისტემის პარალიზება შეძლეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლმა შეიძლება ეთნიკურ დაპირისპირებათა პროვოცირება მოახდინოს, შექმნას სამხრეთ ოსეთის ტიპის ახალი კონფლიქტები. საქართველოში ბევრი სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფი, მათ შორის რუსებიც ცხოვრობენ. „ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით“, – მიაჩნია დაზვერვის წარმომადგენელს. სწორედ ამიტომ მიისწრაფვის საქართველო ნატოში. მთავრობა დასავლეთის დახმარებით მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ახდენს და ალიანსის ჯარის დასახმარებლად ავღანეთში 900 სამხედროს აგზავნის. თბილისში სამთავრობო დაწესებულებებზე დემონსტრაციულად არამხოლოდ ქართული, არამედ ევროკავშირის დროშებიც ფრიალებს, რაც ამ კლუბში გაწევრიანებაზე ქვეყნის ურყევი გადაწყვეტილების შესახებ მიუთითებს. თუმცა საქართველოს მოთმინება მართებს. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს ქვეყნები ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში რუსეთთან კონფლიქტს გარისკავენ. ბევრ პოლიტიკოსს ობამას ადმინისტრაციის მცდელობებიც აშფოთებს მოსკოვთან ურთიერთობებში „ხელი დააჭიროს გადატვირთვის ღილაკს“. „აშშ–ს რუსეთთან ურთიერთქმედების პოლიტიკა აქვს, რომლის საწინააღმდეგოც ჩვენ არაფერი გვაქვს, თუკი ის პოზიტიურ გარდაქმნებს მოასწავებს“, – ამტკიცებს ქალბატონი ტყეშელაშვილი. თუმცა, მთავრობას რუსეთის პროტესტის მიუხედავად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველო ნატოში შეიყვანოს. „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს რუსეთი დღემდე „ახლო საზღვარგარეთს“ უწოდებს, გულისხმობს რა, რომ წარსულში ისინი მის ნაწილს წარმოადგენდნენ და მომავალშიც ასე იქნება, – ამბობს პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე. „ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხზე ვითანამშრომლოთ, მაგრამ გაგვაჩნია წითელი ხაზები: ჩვენ და არა კრემლი წყვეტს ვინ იქნება ჩვენი პრეზიდენტი, და ჩვენ და არა კრემლი წყვეტს შევალთ თუ არა ნატოში“. ამ ეტაპზე კი მთავრობას მიაჩნია, რომ ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საუკეთესო საშუალება – დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარებაა. პოლიტიკოსები სიამაყით მიუთითებენ ქვეყნის მოდერნიზაციისა და კორუფციის აღმოფხვრის საქმეში მიღწეულ წარმატებებზე, რომლებიც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შდეგად ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილის წყალობით მოხდა. უცხოელი ექსპერტები მათ არ ეთანხმებიან. Transparency International–ის ყოველწლიურ ინდექსში 179 ქვეყნიდან საქართველოს 67–ე ადგილი უკავია, იმავდროულად, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მას გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქვეყნისთვის დღემდე დიდ პრობლემად რჩება უმუშევრობა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ის 15 %–ს შეადგენს, თუმცა რეალურად ეს ციფრი, როგორც ჩანს უფრო მაღალია, ხოლო საგარეო ინვესტიციების დონე ძველებურად დაბალი. როგორც არ უნდა აკრიტიკებდნენ სააკაშვილს ძალაუფლების სიყვარულის, თავშეუკავებლობისა და მეგობრებისა და მოკავშირეების მიმართ ფავორიტიზმისთვის, რუსეთთან მისი პოზიციის გამო არავინ დაობს. „რაც უფრო მეტად უთმობ რუსეთს, მით მეტი უნდა“, – განუცხადა პრეზიდენტმა ამ კვირაში ჟურნალისტებს. „ერთი მაგალითი მაინც მიჩვენეთ იმის, რომ რუსეთთან მორჩილებას ვინმესთვის სარგებელი მოეტანა“. „თუკი ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის იდეაზე უარს ვიტყვით, როგორც სახელმწიფო ძალიან დავზარალდებით“, – ამბობს ბატონი ბაქრაძე, „ჩვენ (ამ კვირაში) საავიაციო მიმოსვლა აღვადგინეთ, ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერი შეიცვლება, თუკი რუსეთი საქართველოს ნორმალურ მეზობლად აღქმას არ დაიწყებს“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts