Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მასწავლებელი ეთიკის კოდექსის მიხედვით


Recommended Posts

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია ძალაში შევა, სკოლის პედაგოგს არ ექნება უფლება, მისივე მოსწავლე კერძოდ მოამზადოს, მიიღოს საჩუქარი , თავს მოახვიოს მოსაწავლეს საკუთარი შეხედულებები, მოიხმაროს ალკოჰოლი ან სიგარეტი სკოლის ტერიტორიაზე.

 

მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვები დღემდე მიმდინარეობს. თუ როდის შემუშავდება კოდექსის საბოლოო ვერსია, ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა ეთიკის კოდექსზე მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო.

 

ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსიაში განსაზღვრულია მასწავლებლების და დამრიგებლების მოვალეობანი.

 

მაგალითად, სკოლის თანამშრომელთა მოვალეობებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების,

 

სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულების მიხედვით დისკრიმინაციის

 

დაუშვებლობა; დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოება; მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის სასჯელის გამოყენების შემთხვევაში დისციპლინური კომიტეტისთვის შეტყობინება.

 

დამრიგებლის მოვალეობებში, სასწავლო ინვენტარის მოვლა–შენახვასთან ერთად, შედის მშობლებთან კონტაქტი, მათი მხრიდან დროული გაფრთხილება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის თაობაზე, მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სხვ.

 

მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტში აღნიშნულია ის გარემოებები, რომლებიც პედაგოგს დისციპლინურ გადაცდომად ჩაეთვლება.

 

დისციპლინურ გადაცდომაში სკოლის მასწავლებელს ეთვლება გაკვეთილის გაცდენა, დაგვიანება, მოსწავლის სიტყვიერ–ფიზიკური შეურაცხყოფა, მასზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, საკუთარი მოსწავლის კერძოდ მომზადება, მოსწავლეებთან სექსუალური და ბიზნეს ურთიერთობების ქონა, სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, არამეცნიერული შეხედულებების ან თეორიების, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის სწავლება, საჩუქრის მიღება, სკოლისთვის შეუსაბამო ჩაცმულობა და სხვ.

 

დარღვევების შემთხვევაში, ეთიკის კოდექსი მასწავლებლების გაფრთხილებას, შენიშვნას, საყვედურს, სასტიკ საყვედურს და დათხოვნას ითვალისწინებს.

 

სკოლის თანამშრომელთა დისციპლინურ დარღვევებს განიხილავს და აღრიცხავს დისციპლინური კომიტეტი.

 

ანი ასათიანი, 26 წლის გრაფიკული დიზაინის მასწავლებელი ფიქრობს, რომ ეთიკის კოდექსის არსებობა საჭიროა.“თუნდაც იმიტომ, რომ დაფიქსირდეს, თუ როგორ არ შეიძლება ბავშვებზე დემაგოგია და საკუთარი აზრის თავს მოხვევა.“

 

მისთვის ცოტა გაუგებარია, რას ნიშნავს სკოლისთვის შესაბამისი ჩაცმულობა, თუმცა ამბობს, რომ სკოლის პედაგოგს გამომწვევად არ უნდა ეცვას.

 

„თუკი ბავშვი ნახატს მაჩუქებს, ძალიან გამიხარდება და დიდი სიამოვნებით მივიღებ“,–ამბობს ასათიანი. მისი თქმით, მოსწავლის მშობლისგან მას საჩუქარი არასოდეს მიუღია.

 

„ადამიანისთვის ძალიან ბუნებრივი მომენტია, როდესაც საჩუქარს გჩუქნიან, რაღაცნაირად, შინაგანად ვალდებული ხდები მის წინაშე, ამიტომ ვთვლი,რომ საჭიროა ეთიკის კოდექსში იმის აღნიშვნა, რომ საჩუქრის მიღება არ შეიძლება.“

 

78 წლის რუსული ენის და ლიტერატურის პედაგოგი ცისანა კიკნაძე ფიქრობს, რომ უხერხულია, მასწავლებელმა მისივე მოსწავლე მოამზადოს.

 

„ზოგიერთი მასწავლებელი ასე იქცევა, ზედმეტი შემოსავლისთვის, მაგრამ უხერხულია.“

 

ქალბატონი ცისანა, 56– წლიანი პედაგოგიური სტაჟით, ფიქრობს, რომ პოლიტიკის და რელიგიის ადგილი სკოლაში არ არის.

 

„გაკვეთილი პოლიტიზირებული არ უნდა იყოს, ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში, ასეა. რელიგიას რაც შეეხება, იგი მხოლოდ ისტორიულ ჭრილშია განხილული. მასწავლებელი უნდა იყოს თავშეკავებული და ზედმეტი არაფერი უნდა თქვას.“

 

ორივე მათგანი ეთიკის კოდექსის მიღებას ეთანხმება.

 

მასწავლებელთა თავისუფალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ამაშუკელი, რომელიც მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის განხილვაშია ჩართული, ამბობს, რომ კოდექსი საჭიროა, თუმცა აუცილებელია, რომ ზუსტად განისაზღვროს ყველა პუნქტი, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

 

ეთიკის კოდექსის მიხედვით, მასწავლებელი იღებს გაფრთხილებას, შენიშვნას, საყვედურს, მკაცრ საყვედურს, საბოლოოდ კი, კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, სკოლას ტოვებს.

 

სკოლის პედაგოგი, ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსიის მიხედვით, გაფრთხილებას მიიღებს, თუ იგი გაუფრთხილებლად ორზე მეტს დააგვიანებს ან გააცდენს გაკვეთილს, მოახდენს მოსწავლეზე ფსიქოლოგიურ ან ემოციურ ზეწოლას. უბიძგებს მას არაეთიკური ქცევისკენ, აქვეა აღნიშნული სკოლისთვის შეუსაბამო ჩაცმულობა.

 

ამაშუკელი ფიქრობს, რომ ერთმა დირექტორმა შესაძლოა გარკვეული სახის ჩაცმულობაზე თქვას, რომ მასწავლებლისთვის შეუსაბამოა, მაშინ, როცა სხვამ შეიძლება მოიწონოს.

 

„ამიტომ აუცილებელია, რომ ასეთი ტიპის ნორმები კოდექსში ზუსტად იყოს განსაზღვრული, რა არის მისაღები და რა არა, ინტერპრეტაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი.“

 

რაც შეეხება შენიშვნას, პედაგოგი შენიშვნას მიიღებს მშობლებთან ურთიერთობის არქონისთვის, მოსწავლისაგან ან მშობლისგან საჩუქრების ან ფულის აღებისათვის და სხვ.

 

სკოლის მასწავლებელი საყვედურს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს მოსწავლეს ან კოლეგას, ხუთზე მეტს დააგვიანებს და სხვ.

 

სასტიკ საყვედურში ითვლება სისტემატური დაგვიანება, გაკვეთილის ჩაშლა, ორი საყვედურის ან გაფრთხილების მიღება.

 

მასწავლებლის დათხოვნა სკოლის დირექტორს იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ პედაგოგი პედაგოგიური ეთიკის ნორმებს უხეშად დაარღვევს, მიაყენებს სკოლას მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, რომელიც მოსწავლის ან კოლეგის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. დათხოვნა ასევე შესაძლებელია სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ, ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რაც ადმინისტრაციულ სასჯელს იმსახურებს.

 

ეთიკის კოდექსის განხილვაში, დაახლოებით ათი დღის წინ, არასამათავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშვილი და ცენტრის თანამშრომლები.

 

დღეს კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით შექმნილმა საზოგადოებრივმა დარბაზმა სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი განიხილა.

 

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეთიკის კოდექსის სრულყოფამდე, შეხვედრები ისევ გაიმართება. შენიშვნები,რომლებიც ამ შეხვედრებისას იქნება გამოთქმული, შესაძლოა, კოდექსის საბოლოო ვარიანტზეც აისახოს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...