planetanews Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-6bfd4ZAII/AAAAAAAADp4/1SRSe5pDYc4/s200/holms.jpgიდუმალი კოსტა-რიკელი ლამაზმანების შესახებგამოგიტყდებით, კოსტა-რიკაში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ცნობაში პოლიტიკურ მხარეს არ დავუინტერესებივარ. სხვა რაიმემ დამაინტერესა – იდუმალმა კოსტა-რიკელმა ლამაზმანმა (იხ.ფოტო), რომლის ქორწილს, პარდონ – ინაუგურაციას, პატივი თვით შორეული საქართველოს პრეზიდენტმაც დასდო.მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ ამ ერთი შეხედვით ბანალური მოვლენის მიღმა რაღაც განსაკუთრებული, მისტიკურიც კი იყო საძიებელი. ქვემოთ ნახავთ რომ ინტუიციამ არ მიღალატა.აქამდე არ ვიცოდი რატომ, მაგრამ კოსტა-რიკელი ლამაზმანი ჩემში ბავშვობიდან რაღაც საიდუმლოებით მოცულს, საშიშს, ბოროტებასთან წილნაყარს, დემონურს უკავშირდებოდა. ხაზს ვუსვამ – რატომღაც სწორედ კოსტა-რიკელი და არა ვთქვათ ჰონდურასელი ან სალვადორელი ლამაზმანი.პრეზიდენტის ვიზიტმა თვალები ამიხილა და ჩემს ცნობიერებაში ამოატივტივა ის, თუ რატომ უკავშირდებოდა შემზარავ ბოროტმოქმედებას მაინცადამაინც კოსტარიკელი ქალბატონი. კითხვაზე პასუხისათვის მე–19 საუკუნის ბრიტანეთში გადავინაცვლოთ, სადაც იდუმალებით მოცულ ციხე-დარბაზში ოთხი ჯენტლმენი ვახშმობს და საუბრობს.ერთი მათგანი მამულის პატრონი სერ ჰენრი ბასკერვილია, მეორე – მისი მეგობარი დოქტორი მორტიმერი. ორ დანარჩენ სტუმარს წარდგენა არ სჭირდება. დიახ, ისინი არიან – სწორუპოვარი შერლოკ ჰოლმსი და მისი განუყრელი დოსტი და ჟამთაღმწერელი დოქტორი უოტსონი. სერ ჰენრის მეზობელი მისტერ სტეპლტონი გასაგები მიზეზების გამო ვახშამს არ ესწრება.დოქტორი უოტსონი ასე აღწერს ამ ღირშესანიშნავი ვახშმის დასასრულის პერიპეტიიებს: „მთელი დანარჩენი საღამო ჰოლმსმა მეტწილად მდუმარედ გაატარა, მაგრამ გარყვნილი ჰუგოს პორტრეტმა თითქოს მოაჯადოვა, და ვახშამზე სურათისათვის თითქმის თვალი არ მოუცილებია. მაგრამ ჰოლმსის აზრთა მსვლელობა ჩემთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ნათელი, როცა სერ ჰენრი დასაძინებლად წავიდა თავის ოთახში. ჰოლმსმა ღამის პატარა მაგიდიდან სანთელი აიღო, სანადიმო დარბაზისაკენ წამიძღვა და დროისაგან ჩაშავებულ პორტრეტთან მიმიყვანა.- ვერაფერს ამჩნევთ? დიდხანს შევცქეროდი ფართოფარფლებიან ქუდს, თეთრ ბაფთიან საყელოს და გრძელ კულულებს, რომლებიც სასტიკსა და ვიწრო სახეს თითქოს ჩარჩოდ შემოვლებოდნენ. ამ სახეს ვერავინ დასწამებდა ვერც ნაკვთების უხეშობას, ვერც გამომეტყველების სიმკაცრეს, მაგრამ მის მოკუმულ თხელ ბაგეში, ცივსა და შეუპოვარ მზერაში იყო რაღაც გულქვა, სასტიკი და ქედმაღლური...- არავის არ მოგაგონებთ?- სახის ქვედა ნაწილი სერ ჰენრის მიუგავს.- სრული ჭეშმრიტებაა. მაგრამ ცოტა მოიცადეთ!ჰოლმსი სკამზე შედგა, მარცხენა ხელში სანთელი ეჭირა, მარჯვენათი კი სურათს ქუდის ფარფლები და გრძელი კულულები დაუფარა.- ციურო ძალნო! - შევძახე გაოცებისაგან ჭკუადაკარგულმა.ტილოდან სტეპლტონის სახე შემომცქეროდა.- აჰა! ნახეთ? ჩემი თვალები ხომ მიჩვეულნი არიან თვით სახის გამოყოფას იმისგან, რაც გარშემო აკრავს. მზერით ნიღბის სიღრმეში ჩაწვდომა - მაძებრის მთავარი თვისებაა.- განაცვიფრებელია! თითქოს სტეპლტონის პორტრეტი იყოს!- დიხ, სულიერად და ფიზიკურად წარსულისაკენ დაბრუნების საგულისხმო ცდაა. თუ საგვარეულო პორტრეტების შესწავლას შევუდგებით, სულთა ჩასახლება-გადასახლებას ვიწამებთ. ისიც ბასკერვილია, ეს სავსებით აშკარაა.- და მემკვიდრეობისათვის იბრძვის.- უთუოდ.გასაღები მოძიებულია: შენიღბული კანონიერი მემკვიდრე ან ამგვარ მემკვიდრეობაზე სამართლებრივი პრეტენზიის მქონე პირი მემკვიდრეობისათვის იბრძვის. თანაც, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ხერხებით. მაგრამ რა მემკვიდრეობაზე ლაპარაკი ან რა შუაშია აქ ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტი კოსტა-რიკაში?შუაში კი არი თავშია, ბატონებო, თავში!საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი პრეზიდენტის სამეფო წარმოშობა (დადასტურებული თვით მის მიერ) და სულაც არ არის გასაკვირი რომ ჩვენს პრეზიდენტს სამეფო ტახტზე ასვლის პრეტენზია გასჩენოდა. მეტიც, როგორც ახლა ერთმა ცნობილმა ისტორიკოსმა მეცნიერულად დაასაბუთა სამეფო წარმოშობისაა ჩვენი შინაგან საქმეთ მინისტრიც (ჩემი უმეცარი ცოდნიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა, რომ ბატონ მინისტრს მეფობაზე მეტი უფლებაც კი ჰქონია ვიდრე ბატონ პრეზიდენტს).უბრალოდ, ჩვენთან არ არიან შერლოკ ჰოლმსები, რომლებიც ხელს ისე ააფარებენ ვთქვათ დავით კუროპალატის ან ბაგრატ მესამის გამოსახულებას, რომ განცვიფრებული მკითხველის მზერას ბატონი სააკაშვილი ან ბატონი მერაბიშვილი წარუდგება.იდუმალი კოსტა-რიკელი ლამაზმანი ანუ ვინ მოიგო „ბასკერვილების ძაღლი“?პორტრეტებზე ხელისამფარეველ პირთა არარსებობის გამო იძულებული ვარ შერლოკჰოლმსობა (ერთი სიტყვაა!) მე ვიკისრო და მკითხველს ავუხსნა პრეზიდენტის კოსტა-რიკაში ვიზიტის საიდუმლო მხარე.სადაც ხელისუფლება, მემკვიდრეობა და მკვლელობაა, იქ ცხადია, მშვენიერი სქესის წარმომადგენელიც უნდა ვეძიოთ. ჰოდა „ბასკერვილების ძაღლშიც“ ასეა. ეს ყველა განათლებული მკითხველისთვისაა ცნობილი. თუმცა, ახლა ჩვენ ყურადღებას ამ ნაწარმოების სხვა ასპექტზე გავამახვილებთ და ვიკითხავთ: ამ უკვდავ ქმნილებაში მოთხრობილი ამბიდან ვინ დარჩა მოგებული? მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება.მოიგო რაიმე შერლოკ ჰოლმსმა? რასაკვირველია – არა! პატიოსანი დეტექტივი საბოლოო ჯამში ყოველთვის წაგებული რჩება. ყოველ შემთხვევაში, მატერიალური თვალსაზრისით (ერთადერთი გამონაკლისია ალბათ „შემთხვევა ინტერნატში“). ასე რომ, აქ ყველაფერი ნათელია.მოიგო რამე დოქტორმა უოტსონმა? პასუხი აქაც ნათელია – ასეთი ჩერჩეტი ტიპი მოგებული ვერასოდეს დარჩება.მოიგო რამე დოქტორმა მორტიმერმა? პირიქით – წააგო. საზიზღარმა ბასკერვილების ძაღლმა საყვარელი სპანიელი შეუჭამა!მოიგო რაიმე სერ ჰენრი ბასკერვილმა? ასეთ მოგებას რა ვუთხრათ. ზოგი შეუმოწმებელი ცნობით პატივცემული ბარონეტი გადატანილი შიშის შემდეგ სიკვდილამდე პერიოდულად ისველებდა ხოლმე.მოიგო რამე სტეპლტონმა? არაფერი. მხოლოდ თავი წააგო.მოიგო რაიმე მისის ლაიონსმა? ვერაფერი. სხვა სიკეთესთან ერთად გაუთხოვარიც დარჩა.აბა, ვინ მოიგო „ბასკერვილების ძაღლში“ მოთხრობილ ისტორიაში? პასუხი ერთია – მისის სტეპლტონმა. მან, ჯერ ერთი, თავიდან მოიშორა მკვლელი და სადისტი ქმარი. ამის გარდა, არათუ მკვლელობის თანამონაწილეობისათვის სასჯელს გადაურჩა, უმანკო კრავადაც გამოვიდა. დაბოლოს, რაც მთავარია, მაღალი ალბათობით შეინარჩუნა შანსი დაქორწინებულიყო მდიდარ, სიმპათიურ და კეთილშობილ სერ ჰენრი ბასკერვილზე.და აქ ჩვენი ინტრიგა იხსნება. ვინ იყო მისის სტეპლტონი? სხვა არავინ, თუ არ კოსტარიკელი ლამაზმანი, სახელად ლაურა ჩინჩილა, ბოდიშით ბერილ გარსია (ისე კონან დოილი მას ზოგგან „ბერილად“ იხსენიებს ზოგან „ბერისად“ მაგრამ შევუნდოთ დიდ მწერალს ეს უნებლიე შეცდომა).იმას, რომ მისის სტეპლტონი კოსტა-რიკელი ლამაზმანია, შერლოკ ჰოლმსი უდავოდ ადასტურებს: „ახალმა ცნობებმა სავსებით დამარწმუნეს, რომ საგვარეულო პორტრეტი არ ტყუოდა და ეს კაცი ნამდვილად ბასკერვილების გვარიდან იყო. ის როჯერ ბასკერვილის შვილი აღმოჩნდა. სერ ჩარლზის უმცროსი ძმისა, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში გაქცევა მოუხდა. როჯერი იქ დაქორწინებულა და დარჩენია შვილი, რომელიც მამის გვარს ატარებდა. ეს გახლდათ თქვენთვის არცთუ უცნობი სტეპლტონი, რომელიც კოსტარიკელ მზეთუნახავზე დაქორწინებულა, შეურთავს ვინმე ბერის გარსია, გაუფლანგავს სახელმწიფო თანხები, გამოუცვლია გვარი და, ვანდელერად მონათლული, ინგლისში გამოქცეულა. აქ იორკშირის აღმოსავლეთ ნაწილში სკოლა გაუხსნია“.საინტერესოა, რომ აქ არა მხოლოდ კოსტა-რიკელ ლამაზმანებზეა საუბარი, არამედ ქართველთათვის ისეთ აქტუალურ საკითხზეც, როგორიცაა სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ხარჯებისვე გაფლანგვა. გაფლანგულ სახელმწიფო თანხებიც ალბათ ამ და სხვა ლამაზმანებსაც მოხმარდათ.სააკაშვილის კოსტა-რიკული ვიზიტი და გრაალის საიდუმლოასე რომ, წრე იკვრება. პრეზიდენტი ჩინჩილა სწორედ ბერილ გარსიას შთამომავალია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ინტერესების ძირითადი სფერო სწორედ პოლიცია და დამნაშავეობასთან ბრძოლა იყო.გთავაზობთ ახალ პოსტმოდერნულ ინტერპრეტაციას „ბასკერვილების ძაღლისა. ბასკერვილები სინამდვილეში ბაგრატიონების უმცროს შტოს წარმოადგენენ. შემთხვევეითი არ არის, რომ ორივე გვარი „ბა“-ზე იწყება.როგორც ივანე ჯავახიშვილმა აჩვენა ნაშრომში „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველ ბუნებასა და ნათესაობა“ თავსართი „ბა“ რაღაც ასაკობრივად უმცროსის აღმნიშვნელია. მაგალითად „ბა-ვშვი“, „ბა-რტყი“, „ბა-ტკანი“ (უკანასკნელს დიდი ივანე „ბა-თიკანს“ ვარიანტად მიიჩნევდა).გვარი ბასკერ-ვილში დასასრულ „ვილ“-ს არაფერი საერთო არა აქვს ინგლისულ ენასთან, არამედ წარმოადგენს ქართული „შვილი“-ს ანგლიზირებულ ვარიანტს. შესაბამისად, ცალსახად და ეჭვმიუტანლად შეიძლება ითქვას რომ „ბასკერვილი“ წმინდა ქართული გვარია და ნიშნავს „ბა“-ს ანუ უმცროსის შთამომავალს. მაგრამ რომელ უმცროსებზეა ლაპარაკი?რასაკვირველია ბაგრატიონების უმცროს შტოზე, რომელსაც ერთნაირად წარმოადგენენ როგორც პრეზიდენტი, ისე – შინაგან საქმეთა მინისტრი (ქართულ მედიასივრცეში უკვე გამოითქვა აზრი, რომ ბატონი მერაბიშვილი პარალელურად ფრანკი მეროვინგების დინასტიასაც უკავშირდება, რომელიც თავის დროზე ვერაგულად იქნა ხელისუფლებიდან ჩამოცილებულ კარლოს მარტელის, პიპინ მოკლეს და კარლოს დიდის მუხთალი მცდელობებით).ამ შემთხვევაში ნათელი ხდება, რატომ აცხადებს ხელისუფლება ბაგრატიონების ქორწინებას რუსულ პროექტად! პრეზიდენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, როგორც ბაგრატიონთა შთამომავლებს (შდრ. სტეპლტონის ბასკერვილობას) თავად აქვთ ტახტზე ასვლის პრეტენზია!პრეზიდენტი ჩინჩილა, რასაკვირველია, ბერილ გარსიას შთამომავალია. გარსიების გვარი ცხადია ქართული, სახელდობრ მეგრული წარმოშობისაა, რასაც სხვა რომ არაფერიმ მისი დასასრული ამტკიცებს (გარსია, თოდრია, მებონია და ა.შ). პრეზიდენტ ჩინჩილას გვარი გადაკეთებული აქვს. სანდო ცნობებით ჯერ კიდევ ბაბუამისი ჯინჯოლიას გვარს ატარებდა.მაგრამ, რას უკავშირდება მთელი ეს ინტრიგა? როგორც აღვნიშნეთ, პასუხი ერთია: ხელისუფლების იდუმალ წყაროს. ასეთი კი მხოლოდ გრაალი შეიძლება იყოს. დიახ, ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტი კოსტა-რიკაში გრაალის საძიებლადაა ჩასული, გრაალისა რომელიც ახლა ერთადერთი საშუალებაღაა სააკაშვილის ხელისუფლების შენარჩუნებისათვის. ჩვენ კი, უმეცართ, დაგვიჟინია, საქართველო რაღაც ახალ, ლათინურამერიკულ პოლიტიკას იწყებსო.P.S. თვით სახელი „კოსტა-რიკაც“, რაიც ესპანურად „მდიდარ ნაპირს“ ნიშნავს, გრაალს უნდა უკავშირდებდეს, ისაა ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც ღატაკ კოსტა-რიკაში მოიპოვება.მართლაც, ეს ქვეყანა იმდენად ღატაკია, რომ მისი მცხოვრებლები მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ქვეყნიერებაში ყველაზე ბედნიერ ადამიანებად მიიჩნევენ თავს. აუჰ, ერთი ასეთი გრაალი მოგცა ქართველობას! მაგრამ არაფერი - პრეზიდენტი ჩამოგვიტანს.P.P.S. ჩემს გამოკვლევაზე გამოხმაურებები შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ასათიანზე, წარწერით „პროფესორ კაციტაძეს. მოკითხვამდე“.P.P.P.S. გთხოვთ მეტისმეტადაც არ შემაწუხოთ, ვინაიდან დაკავებული ვარ ახალი სენსაციური ნაშრომით „პრეზიდენტ სააკაშვილის და მინისტრ მერაბიშვილის კოდირებული სახეები ვოლფგანგ ფონ ეშენბახის „პარციფალში“ და გრაალის ლეგენდის გენეზისის ზოგიერთი საკითხი“. ქართველ მკითხველს ვპირდები, რომ ეს გამოკვლება მალე იხილავს დღის სინათლეს.ახლა კი, სერიოზულად. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრინციპი - უმეცრება ძალაასაინტერესო რამაა პრეზიდენტის საიტი. განახლებით ყოველდღე ახლდება (ყოველ შემთხვევაში თავად საიტზე ასე გვამცნობენ), მაგრამ ყოველდღე საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ იმის გაგებას ახერხებ კაცი რას აკეთებდა პრეზიდენტი სამიოდე დღით ადრე.აი დღესაც, 12 მაისს განახლებულ პრეზიდენტის საიტზე უახლესი ინფორმაცია ასეთ ხასიათს ატარებს: „09 მაისი 2010/11:12 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოსტა-რიკაში, სან-ხოსეში კოსტა რიკის პრეზიდენტის ლაურა ჩინჩილა მირანდას ინაუგურაციას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტების გარდა, ვინც ინაუგურაციაზე იყო მიწვეული. საქართველოს პრეზიდენტი კოსტა რიკის ახალ პრეზიდენტთან, ჰონდურასისა და გვატემალას პრეზიდენტებთან და სხვა სახელმწიფო მეთაურებთან საქმიან ვახშამზე იყო მიწვეული. შეხვედრებისას პრეზიდენტებს შორის საუბარი ესპანურ ენაზე მიმდინარეობდა. გვატემალას პრეზიდენტი ახლახან იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც მას სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება სთხოვეს. ქართული დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკის რეგიონში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საელჩოები ბრაზილიასა და მექსიკაში გაიხსნება“.მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციაა, რომლიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ იციან სად არის და რით არის დაკავებული საქართველოს პრეზიდენტი. ამას გარდა, ირკვევა: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმდენად საარაკო უმეცრები მუშაობენ, რომ არ იციან რომელიმე სახელმწიფო განეკუთვნება სამხრეთ ამერიკას და რომელი - არა.ეს ნათლად ჩანს ფრაზიდან: მიხეილ სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტების გარდა, ვინც ინაუგურაციაზე იყო მიწვეული.შემდეგ, ამავე ცნობიდან ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან არ ყოფილა ერთადერთი არასამხრეთამერიკელი პირი რომელიც ჩინჩილას ინაუგურაციაზე იყო მიწვეული. ეს ნათლად ჩანს იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტს უსაუბრია ჰონდურასის და გვატემალის პრეზიდენტებთან. გარდა ამასა, ინაუგურაციას ესწრებოდა სალვადორის პრეზიდენტი.ბატონო და ქალბატონო, უმეცრებო სააკაშვილის ადმინისტრაციაში: ცხოვრებაში ერთხელ მაინც დახედეთ რუკას და ნახავთ რომ ჰონდურასი, გვატემალა და სალვადორი არ არიან სამხრეთამერიკული სახელმწიფოები. ისინი ცენტრალურამერიკული სახელმწიფოები არიან!ასევე, ცერემონიას ესწრებოდა მექსიკის პრეზოდენტი. მექსიკა კი, როგორც ნებისმიერმა მესამეკლასელმა უნდა იცოდეს ცენტრალურ ამერიკაშიც კი არ იმყოფება. ის ჩრდილო ამერიკის ნაწილია!იმის განცხადებით, თითქოს სააკაშვილის ერთადერთი არასამხრეთამერიკელი ლიდერი იყო ინაუგურაციზე სააკაშვილის ადმინისტრაციის ჭკუისკოლოფებს მათი ბელადის ვითომც მსოფლიო მნიშვნელობაზე უნდოდათ ხაზგასმა.სინამდვილეში, ხაზი საკუთარ საარაკო უწიგნურობას გაუსვეს. სხვათა შორის ყოველივე ეს არცთუ სასარგებლოდ მეტყველებს პრეზიდენტის ახლადდანიშნული პრესმდივნის პოფესიონალიზმზეც. ეს ისე, სხვათა შორის...[კახა კაციტაძე, presa.ge]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.