planetanews Posted April 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2010 http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8sbWvkU5UI/AAAAAAAADkY/iPPtd_X1V10/s200/1271430302_zu.jpgწუხელ, გვიან ღამით, ზუგდიდში კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია გაძარცვეს. დამნაშავეებმა ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის მოპარვაც სცადეს, თუმცა მართლმადიდებლური სიწმინდე, სავარაუდოდ, სიმძიმის გამო ტაძრის ეზოში მიატოვეს. მატერიალური ზარალი, რომელიც ამ ძარცვის შედეგად მიადგა ეკლესიას, უკვე დათვლილია და იგი 2500 ლარს აღწევს. წაღებულია მომცრო ხატები, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული საეკლესიო ატრიბუტიკა, უძველესი სახარება, ჯვრები, სანაწილეები და სასულიერო პირთა შესამოსელი. მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო ზუგდიდის რაიონულმა პოლიციამ. მიმდინარეობს მოკვლევა. როგორც სამართალდამცავებისგან შევიტყვეთ, ძარცვაში ეჭვმიტანილები არიან ზუგდიდის რაიონში მცხოვრები ბოშები.აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ზუგდიდ–ცაიშის ეპარქიაში ეკლესიების ძარცვა გახშირდა; ერთი წლის წინ გაიძარცვა ჭითაწყარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რამდენიმე თვის წინ გაურკვეველი პირები ზუგდიდის ღვთისმსობლის ხატის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ და შესაწირთა ყუთები გაიტაცეს, 3 კვირის წინ ქურდების სამიზნე სოფელ საჯვაროს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია გახდა. ჩამოთვლილ შემთხვევათაგან გახსნილი არცერთია და, შესაბამისად, დამნაშავეებიც არ არიან გამოვლენილი. ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია. რომელსაც სამეგრელოში სიყვარულით „მანცხვარკარიშს“ ეძახიან, ჩვენი ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდაც არის ქცეული. ისტორიულ ქრონიკებში ტაძარი პირველად XIV საუკუნეში იხსენიება, თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესიას X საუკუნის ძეგლად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესობა მაინც პირველ მოსაზრებას ემხრობა. ისტორიამ არ შემოგვინახა ტაძრის აღმშენებლის სახელი.ტაძრის თავდაპირველი ძველი არქიტექტურული იერსახე იყო სიმეტრიული ჯვარ-გუმბათოვანი ბაზილიკა, იმდენად მცირე, რომ სავარაუდოა, სპეციალურად ბერებისთვის ყოფილიყო აგებული. 1874 წელს რუსეთის ეგზარხოსობისას ჩაუტარდა ტაძარს რესტავრაცია: მიუშენეს ორი – მარჯვენა და მარცხენა ნაწილი, სამრეკლო და სტოა. ტაძრის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის განახლებას – კვირაცხოვლობას.ძარცვა შოკისმომგვრელი განსაკუთრებით იმიტომ იყო ტაძრის მრევლისთვის, რომ კვირაცხოვლობის დღესასწაული ზუგდიდში, სწორედ, ამ ტაძარში, რამდენიმე დღის წინ იზეიმეს. მორწმუნეები დანაშაულის გამოძიებას და ნაძარცვის უკან დაბრუნებას მოითხოვენ.ლიკა შმათავა, მრევლის წევრი: „ეს არის ძალიან დიდი მკრეხელობა. მოკვდავი ადამიანი ხშირად ცდება, მაგრამ ეს შეცდომა არის საშინელი. მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არც კი უნდა გაიფიქროს ამგვარი დანაშაულის ჩადენა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს გააკეთა ისეთმა პიროვნებამ, ვისაც რწმენა დაკარგული აქვს. დღევანდელი რეალობისთვის ამგვარ ფაქტს სხვა შეფასება არ მიესადაგება, გარდა არაადამიანობისა. იმედია, გამოძიება სწორ გზაზე დგას და ეკლესიას დაუბრუნდება ძვირფასი ნივთები.“გვესაუბრება კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ჯგუშია:„ადრე იყო გარკვეული ჯგუფი, რომელიც ხშირად ძარცვავდა ტაძრებს. ამ ბოლო დროს ისევ გააქტიურდნენ. მორწმუნე ადამიანი ამის გამკეთებელი არ არის, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა.– მამა გიორგი, ამბობენ, რომ დანაშაული ბოშების ჩადენილია, რას იტყვით?– ძნელია, მტკიცებულების გარეშე ვინმეს დააბრალო.– ბოლო პერიოდში ჩვენს ეპარქიაში ეკლესიების ძარცვის შემთხვევები მომრავლდა. როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს ყველაფერი?– არ შეიძლება ამ ყველაფრის საღვთისმეტყველო შეფასება. ეს არის ქურდობა და მეტი არაფერი.– ალბათ, ზარალი დიდია...– არ ვიცით. ძნელი სათქმელია. ის ყველაფერი, რაც ქურდებმა წაიღეს, ეკლესიაში წლების განმავლობაში გროვდებოდა. სერიოზულადაა დაზიანებული ხატი „მსწრაფლშემსმენელი“, რომელიც დამნაშავეებმა გაძარცვეს. სიწმინდეს ლითონის ძვირფასი ნაკეთობები ჩამოხსნეს.2005 წლის 12 მაისს საბერძნეთიდან, ათონის წმიდა მთიდან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ ასლი ჩამობრძანდა. აღნიშნული ხატის დედანი დოქიარის მონასტერშია დასვენებული, იგი, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიწერა. XVII საუკუნეში დოქიარის მონასტერში ასეთი სასწაული მოხდა: მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი ანთებული კვარით ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე ამ ხატს, რის გამოც იგი იჭვარტლებოდა. ერთხელაც ტრაპეზარს ხმა მოესმა, რომელიც აფრთხილებდა, არ ჩაედინა ამგვარი დაუდევრობა, მაგრამ ბერმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან ეგონა, მონასტრის ერთ-ერთი ძმა აფრთხილებდა. ტრაპეზარი ხატისადმი დაუდევარ მოპყრობას განაგრძობდა, ამიტომ ღვთისგან სასჯელი მიიღო: თვალისჩინი დაკარგა. ამ სასწაულის შემდეგ ბერი უდიდეს სინანულში ჩავარდა და მხურვალე ლოცვით სთხოვდა უფალს პატიებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას, მართლაც, თვალი აუხილა. დედა ღვთისმშობელმა ბერს ასევე აუწყა, რომ ამიერიდან ეს ხატი „მსწრაფლშემსმენელად“ იწოდება, ვინაიდან იგი მსწრაფლ შეისმენს მონანული მორწმუნის ვედრებას და აღუსრულებს მას ღვთისთვის სათნო თხოვნას. სწორედ ამ „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის ასლი შეიქმნა ათონზე, რომელიც თბილისში ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) და ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ჩამოაბრძანეს. აეროპორტში ხატს დახვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ „მსწრაფლშემსმენელის“ ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი სამღვდელოებასთან ერთად უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ გადაიხადა. პარაკლისს დაესწრნენ საქართველოს მაშინდელი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და პარლამენტარები.სიწმინდე ზუგდიდში დაახლოებით ორი კვირის წინ ჩამოაბრძანეს და ის ქალაქში კიდევ 1 კვირის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო...[წყარო: "ახალი7დღე". ილია ჩაჩიბაია, ზუგდიდი]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts