Jump to content
Planeta.Ge

კულტურის სამინისტროს მისაღების ინტერიერის მოსაწყობად 4 ტილო წაიღეს


Recommended Posts

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, ნიკა რურუამ, ”კულტურის სამინისტროს მისაღების ინტერიერის მოსაწყობად”, 4 ტილო წაიღო – ელენე ახვლედიანის “სიღნაღის გზა”, გიორგი (ხიტა) ქუთათელაძის “ნატურმორტი”, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის “აბსტრაქცია” და ედმონდ კალანდაძის “ძველი ბაზილიკა”. პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია ეროვნულ მუზეუმში ოფიციალურად დაადასტურეს და განმარტეს, რომ სამინისტროს ეს ექსპონატები კანონის სრული დაცვით, დროებით სარგებლობაში გადაეცა “იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამა თუ იმ მხატვრის პოპულარიზაცია“. კანონის დაცვაში იგულისხმება მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება N376, ექსპონატთა დროებით სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ.

 

პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული და დადასტურებული ინფორმაციით, ბოლო 25 წლის მანძილზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა “ინტერიერის მოსაწყობად“ მუზეუმიდან ექსპონატები სულ სამჯერ გაიტანეს. პირველად ეს საბჭოთა კავშირის დროს, ე.წ. პერესტროიკის წლებში მოხდა – კომუნისტურ მინისტრთა საბჭოში, ხელოვნების მუზეუმიდან გიგო გაბაშვილის “ალავერდობა” წაიღეს, რომელიც უკან დღემდე არ დაბრუნებულა და ამისთვის არც პასუხი უგია ვინმეს. სხვათა შორის, მაშინდელი ხელისუფლების წევრებიც ირწმუნებოდნენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ; მათაც იცოდნენ ბრძანების გამოცემა, ისე, როგორც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კომუნისტური მინისტრთა საბჭოს მაშინდელ ბრძანებას, საბოლოოდ გიგო გაბაშვილის ტილო ემსხვერპლა.

 

მუზეუმიდან ექსპონატის გატანის მეორე შემთხვევა გასული წლის გაზაფხულზე მოხდა – მიხეილ სააკაშვილმა “ინტერიერის მოსაწყობად“ წაიღო ფიროსმანის “წმინდა გიორგობის დღესასწაული ბოლნისში“ და ამ ფაქტის მასმედიით გახმაურების შემდეგ, რასაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა, უკან მალევე, “დათქმულ ვადაზე“ ადრე დააბრუნა. საქართველოს ეროვნული მუზუემის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე, პრესა.გე–სთან ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილს ფიროსმანის ტილო კანონის სრული დაცვით გაატანეს, მაგრამ როგორც მუზუემის იურისტთან საუბრისას დავაზუსტეთ, მაშინ, როცა სააკაშვილმა ფიროსმანი წაიღო, ეროვნული მუზეუმის დირექტორის N376 ბრძანებაც კი არ არსებობდა, რომელიც არეგულირებს ექსპონატების დროებით სარგებლობაში გადაცემის წესს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს ფიროსმანი კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე გაატანეს (გაზეთი “რეზონანსი“, 2009 წლის 1 აპრილი – “ფიროსმანის ნახატი პრეზიდენტის რეზიდენციიდან ეროვნულ მუზეუმს დაუბრუნდა“).

 

მუზეუმიდან ექსპონატების გატანასთან დაკავშირებით პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა ეროვნული მუზუემის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს; ტელეფონით ვესაუბრეთ: ეროვნული მუზეუმის კოლექციების აღრიცხვა–დაცვისა და მართვის მიმართულების უფროსს ალისა დათუნაშვილს; ეროვნული მუზეუმის იურისტს, მაია მგელაძეს; “პერესტროიკის“ წლებში, ხელოვნების მუზეუმის მთავარ მცველს, გურამ ჟღენტს; ჰამლეტ ჭიპაშვილს, რომელიც “პერესტროიკის“ დროს იყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველი, ხოლო გამსახურდიას პერიოდში – უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი; გამსახურდიასდროინდელ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, თენგიზ სიგუას და ასოციაცია ”კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარეს ზაქარია ქუცნაშვილს.

 

გიგო გაბაშვილის “ალავერდობით” მოწყობილი კომუნისტური ინტერიერი

ხელოვნების მუზეუმის იმჟამინდელ მთავარ მცველს, გურამ ჟღენტს, გაბაშვილის “ალავერდობის” მუზეუმიდან გატანის ზუსტი თარიღი არ ახსოვს; ამბობს, რომ ეს შაბათ დღეს მოხდა, მაშინ, როცა მუზეუმი დაკეტილი იყო:

 

“სადღაც 80–იანი წლების შუა პერიოდი იყო, წელი ზუსტად არ მახსოვს. როდესაც მუზეუმში მივედი, ინფორმაცია დამხვდა, რომ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის თხოვნით, მაშინდელ დირექტორს შაბათ დღეს ფონდები გაუღია და ეს ნამუშევარი გაუტანებია. საკმაოდ დიდი მოცულობის “ალავერდობა“, კარგი ფერწერა, ძალიან კარგი გაბაშვილი იყო. აყალ–მაყალი ავტეხე. მითხრეს აქტი შეადგინეო და არ შევადგინე. საბჭოთა კავშირის დროს, მუზეუმებზე საერთო კანონი ვრცელდებოდა, რომლის მიხედვით, მუზეუმიდან ექსპონატების გატანა ცალსახად აკრძალული იყო.

 

გარკვეული პერიოდის შემდეგ მინისტრთა საბჭოში ავედი და ვნახე სად იყო ის ნამუშევარი – მისაღებთან, ე.წ. თეთრ დარბაზში, მხოლოდ ეს ნამუშევარი იყო კედელზე, საკმაოდ კომფორტულად. იქაურმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ “ალავერდობა“ მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თხოვნით წაიღეს მუზეუმიდან. ამ ნამუშევარზე ინფორმაცია სულ გვქონდა – მუზეუმის თანამშრომლები პერიოდულად მივდიოით და ვამოწმებდით. გიგო გაბაშვილის “ალავერდობა“ 1991–1992 წლებში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებამდე იმ შენობაში ეკიდა. მთავრობის სასახლის, ანუ ამჟამინდელი პარლამენტის შენობის დაწვის შემდეგ არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, არ ვიცი რა მოუვიდა “ალავერდობას“.

 

მაშინ, როცა “ალავერდობა“ კომუნისტურ მინისტრთა საბჭოში გადაიტანეს, ჰამლეტ ჭიპაშვილი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველი გახლდათ. ამბობს რომ გიგო გაბაშვილის “ალავერდობის“ შესახებ სმენია, მაგრამ არ იცის რა ბედი ეწია:

 

“უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შენობის იმ მხარეს იყო განთავსებული, სადაც დღეს პარლამენტის დარბაზია. შენობის მეორე ნაწილში მინისტრთა საბჭო იყო; უკანა ნაწილში – სხვადასხვა სამინისტროები და უწყებები. 1990 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც სისტემა შეიცვალა და ხელისუფლების სათავეში ზვიად გამსახურდია მოვიდა, დაისვა საკითხი, რომ ეს შენობა მთლიანად დაეკავებინა უზენაეს საბჭოს. 1991 წლის იანვრიდან, ამ შენობიდან მინისტრთა საბჭოს, სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყებების გაყვანის მიზნით, სერიოზული მუშაობა დაიწყო. ამ დროისთვის მე საქმეთა მმართველი აღარ ვიყავი – ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში, უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი გახლდით, საკმაოდ დიდი ფუნქციებით. ჩემთვის მოცემული ერთ–ერთი სერიოზული დავალება იყო ის, რომ მე მომეხდინა გაყვანა–გამოყვანის ორგანიზება, რაც დასრულდა კიდეც იმით, რომ ვიდრე თბილისის ომი დაიწყებოდა, მინისტრთა საბჭო და სამინისტროები შენობიდან უკვე გაყვანილი იყო.

 

1991 წლის გაზაფხულზე, მაშინ, როცა ჩვენ ამ შენობის მთლიანი ოკუპაცია (ახლა ეს ტერმინი მოდაშია) მოვახდინეთ, ანუ როდესაც მინისტრთა საბჭო გადავიყვანეთ ცეკა–ს ყოფილ შენობაში, სადაც დღეს სახელმწიფო კანცელარიაა, იქ არაფერი ყოფილა, ცარიელი ოთახები დაგვხვდა. ავეჯის და ნივთების გადატანაში მაშინდელი სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ამხელა შენობიდან ნივთების და ავეჯის ორგანიზებულად გადატანა სულ სხვა შენობაში ადვილი საქმე არ იყო. იქაურობა რომ ცარიელ–ტარიელი დაგხვდა, ეს ერთის მხრივ კარგი გახლდათ, რადგან ამან სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალება მოგვცა“.

 

მაშინ, როცა მინისტრთა საბჭო, იგივე მინისტრთა კაბინეტი ერთი შენობიდან მეორეში გადავიდა, პრემიერ–მინისტრი თენგიზ სიგუა იყო. გიგო გაბაშვილის “ალავერდობის“ შესახებ იგი ამბობს:

 

„მე ეს ნამუშევარი დამხვდა, ოღონდ შემდეგ სპეციალისტებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა მითხრეს, რომ “ეს რეპროდუქციაა, ორიგინალი საქართველოდან გატანილიაო.“ შემდეგ ეს ტილო თითქოს ხელოვნების ნიმუშების რომელიღაც საერთაშორისო აუქციონზე გამოჩნდა და აი, მაშინ დაიწყეს თავიდან ეს საუბრები და დავა იმაზე, აუქციონზე გატანილი იყო გაბაშვილის ორიგინალი, თუ ჩვენთან დაცული ნამუშევარი. ეს ამბავი მალევე მიჩუმათდა და საბოლოოდ რაზე შეთანხმდნენ, არ ვიცი“.

 

თენგიზ სიგუა ამბობს, რომ არ ახსოვს ცეკა–ს შენობაში გადასვლის დროს, ან მას შემდეგ გიგო გაბაშვილის “ალავერდობას“ რა ბედი ეწია – “ეგ არ მახსოვს და დღეს დაკარგულია გიგო გაბაშვილის ეს ტილო?“

 

ჩვენს კითხვაზე – დაბრუნდა მუზეუმში გიგო გაბაშვილის ალავერდობა? ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე სანამ პასუხს გაგვცემდა, ეს ინფორმაცია მობილური ტელეფონით გადაამოწმა და შემდეგ მოგვიგო: “სამწუხაროდ, “ალავერდობაზე“ ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. ის 20 წლის წინ გაქრა და იმედია ძალიან მალე გამოჩნდება“.

 

დავით ლორთქიფანიძე: “არ ვიცოდი ეს საკითხი თქვენთვის თუ ასეთი საინტერესო იყო“

ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განგვიმარტა, რომ ფიროსმანის “წმინდა გიორგობის დღესასწაული ბოლნისში“ მიხეილ სააკაშვილმა წაიღო კანონის ყველა პუნქტის დაცვით, დაწყებული მოთხოვნიდან, კომისიის დასკვნით დამთავრებული – “უბრალოდ, ამან საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია და ალბათ, ჩვენი, ანუ მუზეუმის მხრიდან საჭიროა საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებულობა“.

 

რაც შეეხება მუზეუმიდან კულტურის სამინისტროში წაღებულ ოთხ ნამუშევარს, ამაზე მუზეუმის გენერალურ დირექტორსა და პრესა.გე–ს შორის ასეთი საუბარი შედგა:

 

რა მიზნით წაიღო ნიკა რურუამ თანამედროვე ქართველი მხატვრების 4 ტილო?

დავით ლორთქიფანიძე: კულტურის სამინისტროს თავისი საექსპოზიციო სივრცე აქვს და ეს ნამუშევრები ყველა წესის დაცვით, დროებით გადაეცათ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამა თუ იმ მხატვრის პოპულარიზაცია.

 

როგორ უნდა მოხდეს კულტურის სამინისტროში მხატვრის პოპულარიზაცია?

– ეს ხომ არ არის ის ნამუშევრები, რომელიც გვაქვს ერთი და უნიკალური?!

 

ელენე ახვლედიანის “სიღნაღის გზა“ მეორეც არის?

– არ ვიცი. მე არ ვიცოდი ეს საკითხი თქვენთვის თუ ასეთი საინტერესო იყო. ნამუშევრების გატანა მოხდა კანონის სრული დაცვით, იმ უწყებაში, რომელშიც შედის ეროვნული მუზეუმი. კულტურის სამინისტროს აქვს საექსპოზიციო დარბაზი, აქვს საკონცერტო დარბაზი და თუ ნამუშევრები იქ იქნება წარმოდგენილი, ამაში დასაძრახს რას ხედავთ?!

 

პრესა.გე–მ როცა კანონის შესაბამისი პუნქტების, ან რაიმე დოკუმენტის დასახელება სთხოვა მუზეუმის გენერალურ დირექტორს, ამაზე მოგვიგო, რომ მუზეუმიდან თავად დაგვიკავშირდებოდნენ და ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას მოგვცემდნენ. ასეც მოხდა – ეროვნული მუზეუმის კოლექციების აღრიცხვა–დაცვისა და მართვის მიმართულების უფროსმა, ალისა დათუნაშვილმა დაგვირეკა, გარკვეული ინფორმაცია მოგვცა და დეტალების დასაზუსტებლად, მუზეუმის იურისტთან, მაია მგელაძესთან ტელეფონის საშუალებით დაგვაკავშირა.

 

როგორც მუზუემის ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა გვითხრეს, ელენე ახვლედიანის “სიღნაღის გზა“, გიორგი (ხიტა) ქუთათელაძის “ნატურმორტი“, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის “აბსტრაქცია“ და ედმონდ კალანდაძის “ძველი ბაზილიკა“ მუზეუმიდან 2010 წლის 8 აპრილს, 6–თვიანი ვადით წაიღეს, “კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მისაღების ინტერიერის მოსაწყობად“. კულტურის სამინისტროსგან მუზეუმში მისულ მიმართვას ხელს აწერს მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე.

 

რაც შეეხება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მოხდა ნამუშევრების მუზეუმიდან გატანა, ეს არის ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მიერ, 2009 წლის 31 დეკემბერს ხელმოწერილი N376 ბრძანება – “ექსპონატთა დროებით სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ“. ეს ბრძანება თავის მხრივ ეყრდნობა შიდა სამუზეუმო ინსტრუქციას, რომლის ავტორმა, ეროვნული მუზეუმის იურისტმა, მაია მგელაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ინსტრუქციის შემქნისას იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობით და “საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული ინსტრუქციით – ეს არის სამუზეუმო ფასეულობათა აღირცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქცია“.

 

მაია მგელაძის თქმით, ვინაიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ექვემდებარება კულტურის სამინისტროს, მუზეუმიდან ექსპონატების გატანა რურუას სამინისტროს “შერბილებული წესით“ შეუძლია.

 

ჩვენს მიერ მომზადებული მასალა გავაცანით ასოციაცია ”კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარეს, ზაქარია ქუცნაშვილს და ამ მასალაში გაკეთებული კომენტარების საფუძველზე ვთხოვეთ განემარტა ეროვნული მუზეუმიდან ექსპონატების გატანა რამდენად კანონიერად მოხდა.

 

ქუცნაშვილის განმარტებით, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე–2-ე მუხლის თანახმად: დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და პირიქით. ამავე კანონის მე–8-ე მუხლის დანაწესით, მხოლოდ, საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს: ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით, ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული.

 

ზაქარია ქუცნაშვილი: ”საქართველოს კონსტიტუციის 34–ე მუხლის მე–2-ე პუნქტით კი კულტურულ მემკვიდრებას, სახელმწიფო, კანონით უნდა იცავდეს. ეს ეგი ქვეყნის ძირითადი კანონიდან გამომდინარე, რომელიმე ჩვეულებრივი კანონი უნდა ანიჭებდეს მუზეუმს უფლებას ნახატების (სამუზეუმო ექსპონატების) გათხოვებაზე, ანუ სარგებლობის უფლებით გადაცემაზე და არა მუზეუმის დირექტორის ბრძანება (თუნდაც ის ნორმატიული კანონქვემდაბარე აქტის სახით იყოს გამოცემული. ვნახოთ რას მიიჩნევს ”კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი კულტურული მემკვიდრეობად, ”მუზეუმების შესახებ“ კანონი მუზეუმების უფლებად; რას ამბობს ისეთ უფლებაზე, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სარგებლობაში გადაცემა. ”კულტურული მემკვიდრეობიოს შესახებ“ კანონის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობა არის მატერიალური, ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი, მათ შორის, ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ხელოვნების, უძრავი ან მოძრავი ობიექტი...

 

„მუზეუმების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის თანახმად კი მუზეუმით სარგებლობა ყველას უფლებაა და მუზეუმის ექსპოზიცია მოსახერხებელ საათებში ღია უნდა იყოს, ყველა კატეგორიის დამთვალიერებლისთვის. დაიშვება საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი ნივთის საზღვარგარეთ გატანა და საქართველოში შემოტანა, ოღონდ მხოლოდ საქართველოს კანონის ”კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” მოთხოვნების დაცვით, ხოლო მათი გასხვისება კანონის 26–ე მუხლით პირდაპირ აკრძალულია.

 

როგორც ამ შემთხვევაში ჩანს, იმის გამო რომ არცერთი მოქმედი კანონი სარგებლობის უფლებით სამუზეუმო ექსპონატების გადაცემას სამთავრობო, თუ კერძო დაწესებულებებისთვის არ ითვალისწინებს, უნდა ვივარაუდოთ რომ გამოცემული აქვთ კანონშეუსაბამო აქტი, მუზეუმის დებულების (წესდების) სახით, რაზე დაყრდნობითაც ცდილობენ ექსპონატების სარგებლობაში გადაცემა სამართლებრივად ”შეფუთონ“. ”მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16-ე მუხლში მართლაც არის მე–3-ე პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ ”მუზეუმის საცავებში (დეპოზიტარიუმებში) დაცული სამუზეუმო ექსპონატებით სარგებლობის წესი განუისაზღვრება მუზეუმის დებულებით (წესდებით).

 

კანონმდებელმა აქ იგულისხმა და დაუშვა სარგებლობის შიდა წესი, რაც აუცილებელია არსებობდეს ისეთი აუცილებელი მოქმედებების შესრულებისთვის, როგორიცაა: ექსპონატების საცავიდან დარბაზში გადაადგილება და პირიქით, ექსპონატის აღრიცხვა და სარესტავრაციოდ დაშვება და ა.შ. კანონმდებელს არ უგულისხმია და არ დაუშვია მუზეუმის დებულებით (წესდებით) დაცული სამუზეუმო ექსპონატების სარგებლობის უფლებით, გამოსაფენად თუ დასათვალიერებლად სამთავრობო თუ კერძო დაწესებულებებისათვის გადაცემა. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი კოლექცია განუყოფელია. მაშინ აზრი აღარ ექნებოდა მუზეუმების არსებობას და იმ ლოგიკით, რომ სახელმწიფო საზოგადოებას სჭირდება და დაცვის მქონე სამთავრობო დაწესებულებები კიდევ დიდხანს იარსებებს, დავარიგოთ ექსონატები ჟანრისა და თემატიკის მიხედვით და გავაუქმოთ მუზეუმები. მაგრამ მაშინ როგორ იქნება დაცული კანონის პრინციპი, რომ მუზეუმით სარგებლობა ყველას უფლებაა და მუზეუმის ექსპოზიცია, მოსახერხებელ საათებში, ღია უნდა იყოს ყველა კატეგორიის დამთვალიერებლისთვის. მინისტრის მისაღები ყოველ დღე იქნება დასათვალიერებლად მისული მოქალაქეებისათვის ღია?”

 

P.S. თუ მედიასაშუალებები, განსაკუთრებით ტელევიზიები და დამოუკიდებელი სტუდიები მუზეუმიდან 8 აპრილს გატანილი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების ირგვლივ მასალას, ან სიუჟეტს მოამზადებენ, ვთხოვთ მიუთითონ ინფორმაციის წყარო – ინტერნეტგამოცემა პრესა.გე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მუზეუმი იმისთვისაა რომ ჯერ ერთი კარგად შეინახოს, და მეორე, ხალხს დოსტუპი ქონდეს...სამინისტროში ექნებათ?>
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მუზეუმი იმისთვისაა რომ ჯერ ერთი კარგად შეინახოს, და მეორე, ხალხს დოსტუპი ქონდეს...სამინისტროში ექნებათ?>

კი, ბოლშევიკების დროს სამინისტროები მუდამ ღიაა ხალხისათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მუზეუმის ექსპონატებით თუ არ გაიწყვეს ინტერიერები, ისე ვერ გადარჩებიან?

 

აი არ მესმის ეს მიდგომა რა!

და საერთოს რა უნდა მუზეუმის ექსპონატს "მინისტრის მისაღებში", ბაუამისი სულ ამ ექსპონატების ცქერით მიკვდა?

 

newstudio

მუზეუმი იმისთვისაა რომ ჯერ ერთი კარგად შეინახოს, და მეორე, ხალხს დოსტუპი ქონდეს...სამინისტროში ექნებათ?>

რომც ჰქონდეთ, რა უფლებით მიაქ ვინმეს თავის "მისაღებში" ან "კაბინეტში" ის რაც ეკუთვნის სახელმწიფოს ანუ ერს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის სათაური ოდნავ დარედაქტირდა :ihihi:

რატომ? და მე არ უნდა მკითხოთ სანამ დაარედაქტირებ? გასაგებია რომ თავისუფალი ფორუმია, მაგრამ ეს ჭადრაკი რა არ გიყვართ?

Edited by proletari
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის სათაური ოდნავ დარედაქტირდა :ihihi:

თემის სათაური სერიოზულად დარედაქტირდა :(

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

პრეტენზიებისთვის არსებობს შესაბამისი განყოფილება. შეგიძლია იქ დაპოსტო შენი პრეტენზია.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასოციაციებით ჯაბა იოსელიანი გამახსენდა:ხელოვნების მოყვარული კაცი იყო, ანტიკვარული ნივთები ძალიან უყვარდა და ამიტომ მოინდომა ერმიტაჟის გაქურდვაო.

 

ეტყობა, "მხედრიონშიც" თავისნაირი ხელოვნებისმოყვარულები ყავდა :givi:

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კულტურის სამინისტროს მისაღების ინტერიერის მოსაწყობად 4 ტილო წაიღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან

გაუჭირდებოდათ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი მაგათი პოპულარიზაცია ამ მხატვრებს არ ჭირდებათ, ამ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში.

თუ მაინდამაინც პოპულარიზაციაზე ფიქრობენ, ახალგაზრდა მხატვრების ნახატები ჩამოიკიდონ,

ბოლო ბოლო ნიკა რურუამ მამამისის ნახატები დაიკიდოს, თუ ასე უნდა მორთოს კულტურის სამინისტრო.

 

პ.ს. ერმიტაჟიდან ნახატები როცა დააბრუნეს, ესესერის დაშლის მერე, რომელიც გამოტანილი იყო ევროპის მუზეუმებიდან მეორე სამამულო ომის დროს, შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა რომ ნახატების უმრავლესობა იყო ასლები, ორიგინალები კომუნისტებს შავ ბაზარზე გაუყიდიათ. :givi:

რა გარანტია გვაქვს რომ ამ ნახატებსაც არ მოტეხავენ? და მუზეუმში ასლებს დააბრუნებენ.

ნახატები უნდა დავაბრუნებინოთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

არ მეგონა თუკი ბოლშევიკების მიერ ხელოვნების სიყვარული, შსს-ში ამდენ ვნებათაღელვას გამოიწვევდა

გამოიწვევდა , აბა არ გამოიწვევდა?

შუშის კედლები აყვთ და ლურსმნებს ვერ აჭედებენ, თორემ მერე გენახა ვანიჩკას კედლების მორთვები :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

 

გამოიწვევდა , აბა არ გამოიწვევდა?

შუშის კედლები აყვთ და ლურსმნებს ვერ აჭედებენ, თორემ მერე გენახა ვანიჩკას კედლების მორთვები :mad:

მართალი ხარ ეგ დამავიწყდა. ესეიგი მაზოლზე დავაჭირე შემტხვევით ფეხი, და იმიტომაც დააკორექტირეს ჯერ თემის სათაური და მერე დაახლოებით 12 ჯერ წაშალეს ჩემი კომენტარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

მე-20 ჯერ გავიმეროებ!!! ეს პრეტენზი არ არის, ეს ფაქტის კონსტატაციაა!!

მე არ ვაპირებ შენთან ამ თემაში პოლემიკას იმასთან დაკავშირებით რა არის ფაქტი და რა არ არის. შენ არ ეთანხმები მოდერატორის გადაწყვეტილებას, შესაბამისად ეს განიხილება პრეტენზიად. პრეტენზიებისთვის კი არსებობს განყოფილება. კეთილი ინებე და იქ დაპოსტე. ეს სიტყვიერი გაფრთხილებაა. განმეორების შემთხვევაში დაივორნები, შემდეგ კი პოსტვა შეგეზღუდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლია იყო ბერტრანდ რასსელი :) :) :) :D :D :haha:

 

შეშინებულსი სმაილიკი ვერ ვნახე, მაგრამ ძალიან მაკანკალებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...