planetanews Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 პირველი ნაბიჯები, პირველი მატჩი 19-ე საუკუნის ბოლოს იტალიაში ფეხბურთმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მალე კლუბების დაარსება გამოიწვია: 1890 წელს “ტორინო” დაიბადა, შემდეგ “ჯენოა”- იმ წლების უძლიერესი კლუბი, ასევე ტურინში ბაზირებული “პრო ვერჩელი”, რომელიც გენუელებს ტოლს არ უდებდა. შემდეგ დაარსდნენ “ანდრეა დორია”, “უდინეზე”, “იუვენტუსი”, “ასკოლი”… 1899 წელს “მილანი” შეიქმნა, კლუბი, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სახელს იყოფს არგენტინის “ბოკა ხუნიორსთან” ერთად (ორივე მათგანმა ფიფა-ს მიერ აღიარებული 18 საერთაშორისო ტიტული მოიგო) სხვათა შორის, იმავე 1899 წელს დაარსდა “სამპიერდარენეზე”, გუნდი, რომელიც რამდენიმე წელიწადში “ანდრია დორიასთან” გაერთიანდა და და დღევანდელი სახელწოდება- “სამპდორია” მიიღო. “მილანი” კათოლიკური შობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე დაარსდა: 1899 წლის 16 დეკემბერს. ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ შემონახულა, თუმცა გაზეთ “გაზეტა დელო სპორტის” არქივმა შემოგვინახა ცნობა, სადაც მილანში საფეხბურთო კლუბის დაარსების სურვილია გამოთქმული. კლუბის დამაარსებლად სამი ადამიანი ითვლება: მილანში ბრიტანული სამკერვალო ფაბრიკის მუშა ჰერბერტ კილპინი, ასევე ბრიტანული ტურისტული სააგებტოს თანამშრომელი ელისონი და მეწაღე დევისი. გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ ამ სამეულის ინიციატივას მილანში მოღვაწე საქმოსნები ედვარდსი, ნათანი და ბარნეტი გამოეხმაურნენ. მათგან ერთ-ერთი, ალფრედ ორმონდ ედვარდსი კი 1900 წელს “მილანის” პრეზიდენტად აირჩიეს,რომელიც ამ თანამდებობაზე 1909 წლის ჩათვლით მოღვაწეობდა. “მილანის კრიკეტის და ფეხბურთის კლუბი” : 1900 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გუნდი სწორედ ამ სახელწოდებით დაარეგისტრირა და ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც დართო. კლუბის ხელმძღანელობამ თავიდანვე ფინანსურ მხარეზე გააკეთა აქცენტი: ედვარდსის ინიციატივით “მილანში” ვარჯიშის მსურველებს წლიური შესატანი - 20 ლირა უნდა გადაეხადათ. სტუდენტებისთვის ფასდაკლება მოქმედებდა - 12 ლირა. ისინი, რომლებიც გადასახადს არ იხდიდნენ, უმალ ტოვებდნენ გუნდს. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ისტორიაა შემონახული: 1909-1910 წლებში “მილანის” კაპიტანი გუიდო მოდა გახლდათ, რომელსაც შესატანის გადახდა დაავიწყდა, რის გამოც კლუბი დროებით დაატოვებინეს. “მილანმა” პირველივე შეხვედრებში იმ ფორმით იასპარეზა, დღეს მოსავს. მაისურის დიზაინი- შავ-წითელი ვერტიკალური ზოლები კლუბის ერთ-ერთმა დამმარსებელმა ჰერბერტ კილპინმა შეიმუშავა. იმ წლებში იტალიური კლუბები ფორმას ინგლისური გუნდებისგან სესხულობდნენ და “მილანმაც” “იუვენტუს” მიბაძა, რომელმაც პირველი ფორმა, ვარდისფერი, ინგლისის “ნოთს ქაუნთის” შავ-თეთრი მაისურით ჩაანაცვლა. კილპინის ინიციატივით, “მილანის” მაისური შავ-წითელი ვერტიკალური ზოლებით შეიღება, ტრუსების ფერად კი თეთრი დამტკიცდა. წლების მანძილზე დიზაინი იცვლენოდა: ზოლები წვრილდებოდა ან სქელდებოდა, ერთი პერიოდი ვერტიკალურის ნაცვლად, ჰორიზონტალურიც კი იყო, თუმცა ფერების შეცვლა აზრად არავის მოსვლია. “მილანის”პირველი ლოგოს შემუშავებაც კილპინის სახელთანაა დაკავშირებული: ბრიტანელის ინიციატივით, კლუბის ემბლემად ლომბარდიის მხარის გერბი, თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვარი შეირჩა, რომელიც დღევანდელ ვარიანტზეცაა დატანილი: ოვალში მარცხენა მხარე კლუბის მაისურის ფერებადაა შეღებილი, მარჯვნივ ლომბარდიის გერბია, ზემოთ “მილანის” აბრევიატურაა, ქვემოთ კი დაარსების წელი. აქვე ისიც დავძინოთ, რომ პირველი ოფიციალური სახელწოდება: “მილანის კრიკეტის და ფეხბურთის კლუბი” ჯერ “საფეხბურთო კლუბი მილანით”, მალე დღევანდელი სახელწოდებით “საფეხბურთო ასოციაცია მილანით” შეიცვალა.- კრიკეტი იტალიაში ეგრეც ვერ გახდა პოპულარული. 1900 წლის 11 მარტს მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე პოპულარულმა კლუბმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა “მედიოლანუმს” გაეჯიბრა და 3:0 მოუგო. “მილანის” ღირსებას იმ თამაშში ეს ფეხბურთელები იცავდნენ: ჰუდი, კინიაჯი, ტორეტა, ლეესი, კილპინი, ვალერიო, დუბინი, დევისი, ნევილი, ელისონი და ფორმენტი. თამაში ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში შედგა. დღეს იმ ადგილზე რკინიგზის სადგური მდებარეობს. 20-ე საუკუნის დასაწყისი: პირველი ტირულები. 1900 წლის 15 აპრილს “მილანმა” პირველად ითამაშა ქვეყნის ჩემპიონატში: “ტორინეზესთან” 0:3 დამარცხდა. იმ წლებში პირველობის ფორმატი მუდმივად იცვლებოდა: გამარჯვებული მომავალი წლისთვის ფინალში ადგილს ინაღდებდა, პრეზიდენტებს კი საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გაევლოთ. 1898, 1899 და 1900 წლებში იტალიის ჩემპიონი “ჯენოა 1893″ გახდა, გენუელთა სამწლიანი ჰეგემონია კი სწორედ “მილანმა” შეწყვიტა 1901 წელს. შავ-წითლებმა 14 აპრილს, მეოთხედ-ფინალში “მედიოლანუმს” 2:0 სძლიეს, 28 აპრილს ტურინში “იუვენტუსი” 3:2 დაამარცხეს, 5 მაისს, გენუაში კი სამი პირველობის მომგები “ჯენოა 1893″ 1:0 დასცეს. გენუაში მილანელებმა ამ შემადგენლობით იასპარეზეს: ჰუდი, სუტერი, გადა, ლეესი, კილპინი, ანჯელონი, რეკალჩატი, დევისი, ნეგრეტი, ელისონი, კოლომბო. 1902 წელს ფინალში პირდაპირ გასულმა “მილანმა” ტიტული დაკარგა: “ჯენოა 1893″-მა ლიგურიის და ლომბარდიის რეგიონების პირველობა მოიგო, ნახევარფინალში პიემონტის რეგიონის ჩემპიონ “ტორინეზეს” სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში 2:0 გაიმარჯვა. 1903 წელს “მილანმა” ერთბაშად სამი ტურნირი მოიგო: ალესანდრიის პირველობა, სან-მარკოს და კონვენგ ნოვარას თასები. 1906 და 1907 წლებში კიდე ორჯერ იმარჯვა იტალიის ჩემპიონატში. 1906 წელს “მილანმა” ჯერ ლომბარდიის მხარის პირველობა მოიგო- “მილანეზეს” 4:3 და 2:1 სძლია, ფინალურ ჯგუფში კი “იუვენტუსთან” ერთად იმარჯვა. ფინალში მილანელებმა ტურინელები ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხეს: 29 აპრილს “იუვენტუსმა” საშინაო მატჩის მოგება ვერ შეძლო- 0:0, 6 მაისს კი მილანში მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს. 1907 წლისთვის ჩემპიონატის ფორმატი უკვე შეცვლილი იყო და “მილანიც” ტიტულის დაცვას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუდგა: ლომბარდიის მხარის პირველობა კვლავ “მილანელეზესთან” ორი თამაშის მოგებით დაიწყო (საერთო ჯამში 6:1), ფინალურ ჯგუფში კი “ტორინოსთან” ორჯერ ითამაშა ფრედ, “ანდრეა ლორიას” კი შინ 5:0 სძლია, სტუმრად 2:0 და ყველაზე მეტი, 6 ქულა დააგროვა. ის ორივე ტიტული “მილანმა” პირველი ოფიციალური მწვრთნელის, დანიელე ანჯელონის ხელმძღვანელონით მოიგო. მისი წინამორბედი ჰერბერტ კილპინი მწვრთნელის თანამდებობას ფეხბურთელობას უთავსებდა. 1908 წელს “მილანი” ჩემპიონატიდან მოკვეთეს: იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კლუბებს უცხოელი მოთამაშეების განაცხადში შეყვანა აეკრძალათ, რის გამოც “მილანის” გარდა “ჯენოა” და “ტორინოც” მოიკვეთნენ. ეს აკრძალვა ერთი წელი გაგრძელდა, თუმცა შავ-წითლებზე მაინც მტკივნეულად აისახა: ლეგიონერებმა ჩხუბის შემდეგ “მილანი” დატოვეს და ახალი კლუბი, “ინტერნაციონალე” დაარსეს- 1908 წლის 9 მარტს დაარსებული გუნდის კაპიტნად ექს-მილანელი, შვეიცარიელი ერნსტ მანტკლი აირჩიეს. 1908 წლის 8 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ კაისოში, სადაც ქალაქის თასი გათამაშდა, პირველი მილანური დერბი შედგა. შავ-წითლებმა 2:1 სძლიეს შავ-ლურჯებს, 1909 წლის 10 იანვარს კი მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: ისევე, როგორც კოსმოში, ამჯერადაც “მილანმა” მოიგო - 3:2. 20-იანი წლები: სტადიონი. 1907 წელს მოგებული სკუდეტოს შემდეგ “მილანმა” ეგრეც ვერ შეძლო მწვერვალზე ასვლა: მიუხედავად იმისა, რომ შავ-წითელთა შორის არაერთი ჩინებული ფეხბურთელი თამაშობდა და არც ძლიერ ლეგიონერებს უჩიოდნენ, მაგრამ კლუბი პირველი ადგილის დაკავებას მაინც ვერ ახერხებდა. 1924-1926 წლებში “მილანს” ლეგენდარული ვიტორიო პოცო წვრთნიდა, ერთადერთი, რომელმაც ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა ვერც მან მოახერხა პირველობის მოგება. ჩემპიონის მომდევნო, რიგით მეოთხე ტიტული “მილანმა” მხოლოდ 1951 წელს მოიპოვა. ყველაზე კარგი, რაც მანამდე მოხდა, საკუთარი სტადიონის აგება იყო: 1926 წლიდან კლუბი “სან-სიროზე” თამაშობს, რომლის სახელიც მილანის ერთ-ერთი გარეუბნის სახელწოდებიდან მოდინარეობს. სარბიელის არქიტექტორი ულისე სტაჩინი, მთავარი ინჟინერი კი ალბერტო კუჯინი გახლდათ. ერთი რამ იმთავითვე ნათელი იყო: სტადიონი სუფთა საფეხბურთო უნდა ყოფილიყო, სწორედ ისეთი, როგორიც ინგლისური მოედნები. 1925 წლის 1 აგვისტოს მშენებლობა დაიწყო, ერთი წლის შემდეგ, 15 სექტემბერს კი სტადიონი უკვე მზად იყო. 1926 წლის 19 სექტემბერს “სან-სიროზე” პირველი მატჩი შედგა: “მილანმა” “ინტერს” უმასპინძლა. შავ-ლურჯებმა თანაქალაქელებს ზეიმი ჩაუშხამეს- 6:3 სძლიეს. 1934 წელს “სან-სირომ” მსოფლიო ჩემპიონატის შამ თამაშს უმასპინძლა, მათ შორის იტალია - ავსტრიის ნახევარფინალს. 1936 წელს მილანის მუნიციპალიტეტმა სტადიონი გამოისყიდა. კლუბის ხელმძღვანელებმა სარბიელის გასხვისება ფინანსების მოზიდვის გამო გადაწყვიტეს: “სან სიროს” რეკონსტრუქცია სურდათ. 1939 წლის 13 მაისს უკვე სახეცვლილი სარბიელის საზეიმო გახსნა შედგა: მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მომგებმა იტალიის ნაკრებმა ინგლისს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა. 1947 წელს “სან სიროზე” გადაბარგდა “ინტერიც”, მალე კი ქალაქის მერის ანტონიო გრეპის და იტალიის სპორტის მინისტრის გვიდო მაცალის ინიციატივით, სარბიელის მორიგი რეკონსტრუქცია დაიწყო. 1980 წლის 3 მარტს იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯუზეპე მეაცა გარდაიცვალა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები “ინტერსა” და “მილანში” გაატარა. “სან-სიროს” სწორედ მაშინ ეწოდა ამ ფეხბურთელის სახელი. 50-იანი წლები: გრე-ნო-ლის ეპოქა. (გრე- გუნარ გრენი; ნო- გურან ნორდალი; ლი- ნილს ლიდჰოლმი. 1940 წელს “მილანის” პრზიდენტად უმბერტო ტრაბატონი აირჩიეს. ის და მისი სიძე ანტონიო ბუსინი 1954წლამდე მონაცვლეობით ხელმძღვანელობდნენ კლუბს და სწორედ მათი მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით შეძლეს მილანელებმა ლიდერთა შორის დამკვიდრება. 40-იანი წლების მიწურულს წითელი მაისური ერთი წლის ინტერვალით მოირგეს ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა, შვედეთის ნაკრების ლიდერებმა გუნარ ნორდალმა, გუნარ გრენმა და ნილს ლიდჰოლმმა,(გრე-ნო-ლი) მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კი უნგრელმა ლაიოშ ჩეისლერმა დაიკავა, რომელმაც შვედეთში მოღვაწეობის 12 წლის მანძილზე პატარა “ნორჩეპინგი” ხუთჯერ აიყვანა საკლუბო ოლიმპზე. დიდებული შვედური სამეულის გრე-ნო-ლის წყალობით “მილანი” მალევე დამკვიდრდა ლიდერთა შორის: გუნარ გრენი და ნილს ლიდჰოლმი გამოკვეთილი ფორვარდის გუნარ ნორდალის უკან, თავდამსხმაში მოქმედებედნენ, ამ უკანასკნელს კი, რომელიც ცენტფორვარდი იყო, ათეულობით გოლი გაჰქონდა. 1949-1950 წლების სეზონში ”მილანი” მუდმივად კუდში მისდევდა ტურინის “იუვენტუსს”, 23-ე ტურში იტალიური ფეხბურთის ბებერი ქალბატონი 7:1 დაამარცხა, საერთო ჯამში პირველობის 38 მატჩში 118 გოლიც გაიტანა, მაგრამ მეორე ადგილს მაინც ვერ ასცდა. იმ სეზონში “მილანმა” და გუნარ ნორდალმა იტალიის ჩემპიონატის ორი რეკორდი დაამყარეს: კლუბმა სერია A-ში ყველაზე მეტი- 118 გოლი გაიტანა, შვედმა ფორვადმა კი 35 ბურთით გოლეადორის ტიტული არავის დაუთმო. 1950-1951 წლებში “მილანმა” ნანატრი გამარჯვება მოიპოვა- “ინტერს” 1 ქულით აჯობა. შავ-წითლებმა ამ სეზონშიც ასზე მეტი გოლი გაიტანეს- 107, გუნარ ნორდალმა კი 34 გოლით ზედიზედ მეორედ მოიგო ბომბარდირის ტიტული. 1951 წელს მილანელებმა პირველი დიდი საერთაშორისო ჯილდო მოიგეს- ლათინთა თასი. ჩეისლერის გუნდმა ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” 4:1 მოუგო, ფინალში კი, 24 ივნისს ფრანგული “ლილი” 5:0 გაანადგურა. 32-ე, 57-ე და 67-ე წუთრბზე ნორდალმა ჰეთ-რიკი შეასრულა, მე-40 და 70-ე წუთებზე კი ბურინიმ და ანოვაციამ კიდე ორი გოლი გაიტანეს. ფრანგების წინააღმდეგ “მილანმა” ამ შემადგენლობით ითამაშა: ბუფონი, სილვესტრი, ბონომი, ანოვაცი, ტონიომი, დე გრანდი, ბურინი, გრენი, ნორდალი, ლიდჰოლმი, ვიკარიტო. მომდევნო სეზონში შავ-წითლები “იუვენტუსის” და “ინტერის” ჩრდილში მოექცნენ, გუნდი დატოვა უნგრელმა მწვრთნელმა, კარიერა სხვაგან გააგრძელა გუნარ გრენმა. 1954 წელს მულტიმილიონერმა ანდრეა რიცოლიმ პრეზიდენტობის თანამდებობაზე უმბერტო ტრაბატონი შეცვალა. მეგობარ ლუიჯი კარაროსთან (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის და “მილანის” ექს-პრეზიდენტის ფრანკოკარაროს მამა) ერთად მან დიდი თანხა დააბანდა კლუბში და ძლიერი ფეხბურთელების გადაბირება დაიწყო: “მილანმა” “ტრიესტინადან ახალგაზრდა მცველი ჩეზარე მალდინი შეიძინა, “პენიაროლიდან”კი ურუგვაის ნაკრების ფორვარდი, მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი ხუან სკიაფინო. შრომა მალე დაფასდა: 1955, 1957 და 1959 წლებში კლუბმა იტალიის ჩემპიონატის მოიგო, 1956 წელს კი მეორედ აღმართა ლათინთა თასი- ნახევარფინალში ლისაბონის “ბენფიკას” 4:2 სძლია ფინალში კი ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხა (ბანიოლი, დალ მონტე, სკაიფინო.) 1958 წელს “მილანი” პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა იმ დროინდელი მსოფლიოს უძლიერესი კლუბის მადრიდის “რეალის” დამარცხება ვერ მოახერხა. იტალიელები ორჯერ იგებდნენ ფინალს: სკიაფუნომ 59-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 78-ე წუთზე კი გრილიომ ხელმეორედ დააწინაურა “მილანი”, თუმცა გამოცდილებამ თავისი გაიტანა ჯერ ექტორ რიალმა გაათანაბრა ანგარიში, დამატებით დროში, 107-ე წუთზე კი ფრანსისკო ხენტომ გამარჯვების გოლი გაიტანა. 60-70-იანი წლები: ნერეო როკო და თასები. 1961 წელს “მილანი” გამოცდილმა მწვრთნელმა ნერეო როკომ ჩაიბარა, რომლის განკარგულებაში შესანიშნავი ბრაზილიელი ფორვარდი ჟოზე ალტაფინი და აპენინური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ჯანი რივერა იყვნენ, ფეხბურთელი, რომელსაც მოგვიანებით იტალიური ფეხბურთის “ოქროს ბიჭი” უწოდეს. როკოს ხელმძღვანელობით “მილანმა” პირველივე სეზონში მოიგო სერია A. გასაოცარია შავ-წითლების გასაოცარი შედეგიანი თამაში: გუნდმა 83 გოლი გაიტანა, მეორე ადგილზე გასულმა “ინტერმა” კი მხოლოდ 59. 1962-1963 წლების სეზონში გუნდმა დიდი ხნის ოცნება აისრულა: “მილანმა ჩემპიონთა თასი აღმართა! გადამწყვეტ შეხვედრაში როკოს გუნდმა ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული ლისაბონის “ბენფიკა” დაამარცხა. საკონტინენტთაშორისო თასისთვის “მილანი” ბრაზილიის “სანტოსს” დაუპირისპირდა, რომელსაც იმ დროს პელეს გუნდი უფრო ეთქმოდა. 1963 წლის 16 ოქტომბერს იტალიელებმა ბრაზილიელებს შინ 4:2 სძლიეს. 14 ნოემბერს “სანტოსმა” რიო დე ჟანეიროში, 150 ათასი მაყურებლის თვალწინ ამავე ანგარიშით იმარჯვა, ხოლო მესამე და გადამწყვეტ მატჩში, კი 16 ნოემბერს “სანტოსმა” 1:0 მოიგო. ამ წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: ანდრეა რიცოლიმ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, თუმცა მანამდე საწვრთნელი შტაბის- “მილანელოს” მშენებლობა დაასრულა. ევროტრიუმფის შემდეგ ნერეო როკომ, რომელიც მილანელთა ინგლისელმა ლეგიონერმა კიმი გრივზმა ზედმეტად სერიოზულ ხარს შეადარა, კლუბი დატოვა, თუმცა რამდენიმე სეზონში კვლავ დაუბრუნდა გუნდს: ახალგაზრდა პრეზიდენტმა ფრანკო კარარომ (ახლო წარსულში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) მწვრთნელის დარწმუნება შეძლო და გუნდი ჩააბარა, ამავდროულად მისი ყველა მოთხოვნა შეასრულა: “მილანის” მაისური მოირგეს მეკარე ფაბიო კუდიჩინიმ, მცველმა სოლ მალატრაზიმ და შვედმა თავდამსხმელმა კურტ ჰამრინმა. გუნდს დაუბრუნდა პიერინო პრატიც, რომლის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენას სპეციალისტები სკეპტიკურად შეხვდნენ. 1967 წელს “მილანმა” ისტორიაში პირველად, იტალიის თასი მოიგო, 1968 წელს კი ჯერ სერია A, მცირე ხანში კი თასების მფლობელთა თასი, კლუბის ისტორიაში მეორე ევროთასი. 1969 წელს ნერეო როკოს გუნდმა ევროპას მეორედ გადმოხედა მწვერვალიდან: ჩემპიონთა თასის ფინალში იტალიელებმა ამსტერდამის “აიაქსი” 4:1 გაანადგურეს, კლუბი, სადაც იოჰან კრუიფის ვარსკვლავი იწყებდა ციალს. გადამწყვეტ შეხვედრაში პრატიმ ჰეტ-რიკი შეასრულა. იმავე წელს “მილანის” ფეხბურთელმა პირველად მოიგო “ოქროს ბურთი”- “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში იტალიის ნაკრების ლიდერმა, ევროპის 1968 წლის ჩემპიონმა ჯანი რივერამ სოლიდური უპირატესობით იმარჯვა. 1969 წელს კლუბმა კიდევ ერთი ჯილდოთი გაამდიდრა საკლუბო მუზეუმი: “მილანმა” პირველად აღმართა საკონტინენტთაშორისო თასი. ორმატჩიან დუელში იტალიელებმა არგენტინის “ესტუდაინტესს” 4:2 სძლიეს! 1972 და 1973 წლებში გუნდმა კვლავ იმარჯვა თასის გათამაშებაში, 1973 წელს მეორედ აღმართა თასების მფლობელთა თასი, 1974 წელს კი ამავე ტურნირის ფინალში მოეცარა ხელი და კრიზისიც დაიწყო, რომელიც თითქმის 15 წელი გაგრძელდა. 70-80-იანი წლები: სილვიო ბერლუსკონიმდე. 1971 წელს ფრანკო კარარომ “მილანის” პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და აწყობილი სისტემის რღვევაც აქედან დაიწყო, ნელ-ნელმა კი გუნდი კრიზისმა მოიცვა. 1986 წლამდე, ანუ სილვიო ბერლუსკონის მისვლამდე შავ-წითელთა პრეზიდენტის თანამდებობა 8 ადამიანს ეკავა, რომელთაგანც განსაკუთრებით სკანდალური და მოვლენებით დატვირთული გამოდგა ალბინო ბუტიკის მოღვაწეობის პერიოდი- 1972-1975 წლები. ხაზასასმელია, რომ ბუტიკის ყველაზე ცუდი ურთიერთობა ჯანი რივერასთან ჰქონდა, ფეხბურთელთან, რომელსაც გულშემატკივრებუ აღმერთებდნენ. ალბინო ბუტიკი ყველანაირი ხერხით ცდილობდა ვეტერანი მოთამაშის დამცირებას- შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებდა, ინტერვიუებში რივერას პრობლემების თავს უწოდებდა, თავად ჯანი კი, რომელსაც პრეზიდენტის მოყვანილი მწვრთნელები ხშირ შემთხვევაში არ ათამაშებდნენ უკან არ იხევდა. 1974 წელს, ბუტიკის ინიციატივით კლუბმა ტრანსფერზე დააყენა, თუმცა ვეტერანის გადაბირება არავინ ისურვა, “ტორინოს” პრეზიდენტმა კი , როცა მილანელთა წინადადება შეატყობინეს, განაცხადა: “თუ ანტიკვარიატით ვაჭრობას დავიწყებ, რივერას მხოლოდ მაშინ შევიძენ.” ნელ-ნელა პრეზიდენტსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ბოლოს კი საქმე სასამართლომდე მივიდა. ალბინო ბუტიკი დამარცხდა და თანამდებობა დატოვა, ჯანი რივერა ვიცე-პრეზიდენტი გახდა, თუმცა ამით კლუბის საქმე წინ არ წასულა. 1977 წელს “მილანმა” მეოთხედ მოიგო ქვეყნის თასი (ფინალში ინტერს სძლია), 1979 წელს კი კვლავ იმარჯვა სერია A-ში, თუმცა გულშემატკივრებს ეს არ აკმაყოფილებდათ- მათ ევროტრიუმფები სუედათ, ამისგან კი შავ-წითლები ძალიან შორს იდგნენ. ფეხბურთიდან წასულმა ჯანი რივერამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, მაგრამ ამით გუნდს ვერ უშველა: 1970-1980 წლების სეზონის დასაწყისში “მილანი” პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ჩემპიონთა თასის გათამაშებას (”პორტუსთან” ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა), სეზონის ბოლოს კი უარესი მოხდა- კლუბს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა დააბრალეს. 1980 წლის მატჩში იტალიელებმა რამდენი სამართალდამცავებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რომის “ლაციოს” ფეხბურთელების მოქრთამვაში ამხილეს. ცხადია სასამართლოს ვერც მოთამაშეები გადაურჩნენ, სეზონის უკანასკნელი ტურის შემდეგ კი პოლიციამ “ლაციოს”, “აველონის”, “ბოლონიას”, “იუვენტუსის”, “ნაპოლის” ჯენოას”, “პერუჯას” და “მილანის” ათეულობით ფეხბურთელი დააპატიმრა. მილანელთაგან სამართალდამცავების წინაშე წარდგნენ ვეტერანი მეკარე ენრიკო ალბერტოზი და 33 წლის მცველი ჯორჯო მორინი. მალე მათ თავდამსხმელი სტეფანო კიოდოც დაემატა, სულ ბოლოს კი კლუბის პრეზიდენტი კოლომბოც დააკავეს, რომელიც უამრავ გარიგებაში ამხილეს. საბოლოოდ, “მილანის” პრეზიდენტს თანამდებობის დატოვება მოუხდა- მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მესაჯა. ენრიკო ალბერტოზი 4 წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს, მორინი ერთი წლით, კიოდო კი ნახევარი წლით, მაგრამ ყველაზე ძალიან “მილანი” დაზარალდა- ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი გუნდი, რომელიც პირველი ჩემპიონატიდან უცვლელად ასპარეზობდა იტალიური საკლუბო ფეხბურთის ელიტაში, სერია B-ში მიაბრძანეს. კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს და ჯანი რივერამაც, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, თუმცა გუნდს მართავდა, აქცენტის ახალგაზრდებზე გაკეთება გადაწყვიტა: ფრანკო ბარეზიმ, მაურო ტასოტიმ და სხვა იმედის მომცემმა ფეხბურთელებმა და სხვა იმედის მომცემმა ფეხბურთელებმა სერია B მოიგეს და კვლავ დაბრუნდეს სერია A-ში, მაგრამ მხოლოდ ერთი სეზონით: “მილანმა” 16-გუნდიან ჩემპიონატში მე 14-ე ადგილი დაიკავა და კვლავ სერია B-ში დაქვეითდა. 1982-1983 წლების სეზონში შავ წითლებმა კიდევ ერთხელ მოიგეს სერია B და კვლავ აღზევდნენ, თუმცა ბედი მათ უმძიმეს გამოცდას უმზადებდა: 1985 წელს “მილანის” პრეზიდენტი ჯუზეპე ფარინა სამხრეთ ამერიკაში გაიქცა, იტალიელმა სამართალდამცავებმა კი დაადგინეს, რომ 1982 წლიდან გაქცევამდე, სანამ გუნდს მართავდა, კლუბის თანხების დიდ ნაწილს სხვადასხვა საეჭვო ფირმების საბანკო ანგარიშზე რიცხავდა. 1986 წლის 15 იანვარს “მილანის” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როსარიო ლო ვერდემ საგანგებო პრესკონფერიციაზე განაცხადა, რომ “მილანი” გაკოტრებულია და აქციონერთა საბჭო მზადაა გუნდის შეძენის მსურველთა ნებისმიერი წინადადება მოისმინოს. თებერვლის დასაწყისში “მილანის” შეძენის სურვილი გამოთქვა ბიზნესმენმა დინო არმანიმ, თუმცა მალე კლუბის მესვეურებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ 8 მილიარდი ლირის სანაცვლოდ აქციათა ძირითადი პაკეტი კომპანია “ფინინვესტს” გადაეცა. 1986 წლის 24 მარტს, მილანის თეატრ “მონცონიში” “მილანის” ახალი ხელმძღვანელობის ინაუგარაცია შედგა: გულშემატკივარმა კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი და ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი სწორედ მაშინ გაიცნეს. სილვიო ბერლუსკონის “მილანი”: შავ-წითლები რჩეულთა შორის. “ეს კლუბი ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ბედნიერი ვარ, რომ მის სათავეში ვდგავარ, თუმცა სასიხარულოდ საქმე ჯერ არ გვაქვს- დღეს ჩვენ საშუალო კლუბად ვითვლებით,მე კი მსურს მალე არა თუ იტალიაში, მსოფლიოშიც პირველები გავხდეთ”- “მილანის პრეზიდენტმა ეს სიტყვები პირველი პრეს-კონფერაციაზე განაცხადა. ის, რომ სილვიო ბერლუსკონის მართლა სურდა უმაღლესი საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობა, მალე საქმითაც გამოჩნდა: 1986 წლის ზაფხულში ბერგამოს “ატალანტადან” იმედისმომცემი რობერტო დონადონი შეიძინა, რდი “ფიორენტინადან” ჯოვანი გალი და დანიელე მასარო გადაიბირა, “ვერონადან” კი ფორვარდი გალდერიზი მიიწვია. დაიწყო თუ არა სეზონი “მილანის” შვედი მწვრთნელის ნილს ჰილდონის კლუბიდან გაშვებაზე ალაპარაკდნენ- პრეზიდენტს შედეგი არ აკმაყოფილებდა, თუმცა სკანდინავიელმა სეზონის ბოლომდე მაინც შეინარჩუნა თანამდებობა, ისიც იმიტომ, რომ კლუბმა უეფა-ს თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. 1987 წლის ზაფხულში ბერლუსკონიმ მთელი მსოფლიო გააოცა: ახალი ფეხბურთელების შესაძენად 40 მილიარდი ლირა, ანუ 21 მილიონი დოლარი დახარჯა: “პსვ ეინდჰოვენიდან” რუუდ გულიტი გადაიბირა, ამსტერდამის “აიაქსიდან” თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი და მცველი ფრანკ რაიკარდი, “რომადან” კარლო ანჩელოტი მიიწვია, “უდინეზედან” კოლომბო, “პარმადან” ბიანკი, ბორტოლაცი და მუსი, ასევე მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი, არგენტინელი კლაუდიო დანიელ ბორხი (უცხოელთა ლიმიტის გამო, “მილანმა” რაიკარდი და ბორხი ერთი სეზონით სხვა კლუბებს დაუთმო). რაც მთავარია, სრულიად ახალ “მილანს” მწვრთნელიც ახალი მოუძებნა: “პარმას” თავკაცი არიგო საკი, რომლის გუნდმა წინა სეზონში ორჯერ სძლია შავ-წითლებს სილვიო ბერლუსკონიმ იმ დროს ნაკლებად ცნობილ სპეციალისტს ნათლად დაუსახა მიზანიც: მაქსიმუმ ორ სეზონში “მილანი” იტალიის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო! პრეზიდენტი სოლიდურ პრემიებს დაპირდა გუნდს, თუმცა თანხას მწვრთნელები და ფეხბურთელები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სეზონის ბოლოს ბერლუსკონის ტიტულით გააახარებდნენ. არიგო საკიმ პრეზიდენტის გეგმები “გადაჭარბებით შეასრულა”: სადებიუტო, 1987-1988 წლების სეზონში “მილანმა” სერია A მე-11 მოიგო! ის პირველობა დიეგო მარადონას “ნაპოლის” და შავ-წითელთა დაპირისპირებად იქცა. პირველი წრე სამხრეთელებმა 3 ქულის უპირატესობით მოიგეს, თუმცა პირველ წრეში “მილანმა” “სან სიროზე” ლიდერი 4:1 გაანადგურა- ევროპის 1987 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა რუუდ გულიტმა ერთი გოლი გაიტანა, ერთხელ ძელი შეაზანზარა და ორი საგოლე პასი მიითვალა! გადამწყვეტი გამოდგა ამ გუნდების დაპირისპირება ნეაპოლში: “მილანმა” ზღაპრულად ითამაშა, რუუდ გულიტმა კიდევ ერთხელ იტვირთა ლიდერის როლი და იმ შეხვედრაში აშკარად დაჩრდილა ჩემპიონთა გენიოსი მარადონა- ვირდისმა ორი და ვან ბასტენმა ერთი გოლი გულიტის პასებით გაიტანეს. “მილანმა” 3:2 მოიგო, “ნაპოლის” გადაასწრო და საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა. 1988 წლის ზაფხულში “მილანმა” საკის დაჟინებული მოთხოვნით ესპანეთის სარაგოსაში განათხოვრებული ფრანკ რაიკარდი დაიბრუნა და შავ-წითელთა ლეგენდარული ჰოლანდიური ტრიოც-რაიკარდი-გულიტი-ვან ბასტენი- შეიკრა. საინტერესოა, რომ 1988 წლის შედეგით “ფრანს ფუტბოლის” რეფერენდუმში პირველი სამი ადგილი სწორედ “მილანის” ჰოლანდიელებმა დაიკავეს: ვან ბასტენს გულიტი და რაიკარდი ჩამორჩნენ. 1988-1989 წლების სეზონში არიგო საკიმ აქცენტი ჩემპიონთა თასზე გააკეთა და არც შემცდარა: “მილანმა” მესამედ მოიგო ევროპის ნომერ პირველი საკლუბო ჯილდო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა იტალიელთა ნახევარფინალური მატჩები მადრიდის “რეალთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” სამეფო კლუბმა ფრედ 1:1 ითამაშა, “სან-სიროზე” კი 0:5 განადგურდა! “მილანმა” პირველივე ტაიმში მოითავა საქმე: ანჩელოტიმ, რაიკარდმა და გულიტმა სამჯერ დალაშქრეს ესპანეთის ჩემპიონის კარი, შესვენების შემდეგ კი ვან ბასტენმა და დონადონიმ კიდევ ორი ბურთი გაიტანეს. ფინალში “მილანმა” ბუქარესტის “სტიაუა” გაანადგურა, ჩემპიონთა თასის 1986 წლის მფლობელი გუნდი- 4:0. რუუდ გულიტმა და მარკო ვან ბასტენმა ორ-ორი გოლი გაიტანეს! ჩემპიონთა თასს “მილანმა” შემოდგომით ევროპის სუპერ თასი დაამატა (ისტორიაში პირველად), დეკემბერში კი მეორედ მოიპოვა საკონტინენტაშორისო თასი!ტოკიოში მილანელებმა კოლუმბიის “ატლეტიკო ნაციონალი” 1:0 დაამარცხეს- გამარჯვების გოლი მეკარე რენე იგიტას ა;ბერიგო ევანიმ 119-ე წუთზე გაუტანა. 1990 წელს “მილანმა” სკუდეტო ბოლო ტურებში დაკარგა, თუმცა საკლუბო მუზეუმს კვალ შემატა სამი საერთაშორისო თასი- ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო. 1991 წელს, ჩემპიონთა თასის მეოთხედ ფინალში, მარსელის “ველოდრომზე”, “ოლიმპიკის” და “მილანის” საპასუხო მატჩის დროს სტადიონზე განათება ჩაქრა, იტალიელებმა კი, რომლებიც მატჩს აგებდნენ, შეხვედრის გაგრძელება იუარეს. უეფა-მ სილვიო ბერლუსკონის გუნდი ერთი წლით მოკვეთა ევროთასებიდან. ცვლილებები სწორედ მაშინ მოხდა: არიგო საკიმ ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის მიღმა დარჩენილი იტალიის ნაკრები ჩაიბარა, “მილანის” სათავეში კი ფაბიო კაპელო მივიდა, რომლის ხელში შავ-წითლები მსოფლიოს უძლიერეს კლუბთა შორის დამკვირდნენ, სამაგიეროდ უარი თქვეს ლაღ, შემტევ ფეხბურთზე და ამით არაერთი გულშემატკივარი დაკარგეს. 1991-1992 წლების სეზონში “მილანმა” “პერუჯას” რეკორდი გაიმეორა და იტალიის ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა, თუმცა რეკორდსმენისგან განსხვავებით, სკუდეტო მოიგო. 1992-1993 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული კვლავ შავ-წითლებს დარჩათ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფენომელარული შედეგით გავიდნენ. 10 მატჩიდან ყველა მოიგეს და რაც ყველაზე საინტერესოა, მხოლოდ 1 ბურთი გაუშვეს- ჯგუფურ ტურნირში “პსვ ეინდჰოვენის თავდამსხმელ რომარიოსგან. ფინალში “მილანი” მარსელი “ოლიმპიკთან” დამარცხდა, თუმცა მალე ფრანგული კლუბი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში ამხილეს და დასაჯეს. ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასებზე ფრანგების ნაცვლად “მილანმა” იასპარეზა, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა. ფრანგებთან წაგების შემდეგ “მილანში” ჰოლანდიური ტრიოს დროება დასრულდა: მარკო ვან ბასტენმა ვერაფრით მოირჩინა კოჭის ტრავმა, რუუდ გულიტი ფაბიო კაპელოს ეჩხუბა და გენუის “სამპდორიაში” გადაბარგდა, ფრანკ რაიკარდი კი “აიაქსს” დაუბრუნდა. 1994 წელს “მილანმა” ზედიზედ მესამედ მოიგო სერია A და კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დიდებულად ითამაშა და ბევრისთვის მოულოდნელად, იოჰან კრუიფის “ბარსელონა”, რომელსაც ჟურნალისტები “ოცნების გუნდსაც” უწოდებდნენ, ათენში, სპიროს ლუისის სახელობის სარბიელზე მიწასთან გაასწორა- 4:0 1995 წელს ფაბიო კაპელოს გუნდი, რომელიც წინა სეზონისგან განსხვავებით არადამჯერებლად თამაშობდა, ზედიზედ მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ისევე როგორც ორი წლის წინ , 0:1 დამარცხდა: ამსტერდამის “აიაქსმა” ჩინებულად ითამაშა და მატჩის მიწურულს საოცნებო გოლიც გაიტანა- პატრიკ კლიუვერტმა გამარჯვების გოლი ფრანკ რაიკარდის პასით შეაგდო. 1996 წელს “მილანი” კიდევ ერთხელ ხდება იტალიის ჩემპიონი, ამას კი რამდენიმეწლიანი ჩავარდნა მოჰყვა: შავ-წითლებმა პოზიციები დათმეს და ცხრილის ქვედა ნაწილში გადაინაცვლეს. 1997 და 1998 წლებში გუნდმა იმდენი “მოახერხა”, რომ ევროპის საკლუბო ტურნირების მიღმა დარჩა. 21-ე საუკუნე: ანჩელოტის “მილანი”. 1999 წელს “მილანმა” ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად მოახერხა იტალიის თასის მოგება- რომის “ლაციოს”, რომელიც მთელი სეზონი ლიდერობდა სერია A-ს, ბოლო ტურში აართვა ტიტული, თუმცა ეს გამარჯვება გამონათებას უფრო ჰგავდა, ვიდრე გამარჯვებათა ახალი სერიის დაწყებას. გუნდის მწვრთნელმა ალბერტო ძაკერონიმ მალევე დატოვა თანამდებობა, რამდენიმე სპეციალისტის გამოცდის შემდეგ კი “მილანის” ხელმძღვანელობამ კლუბი კარლო ანჩელოტის ჩააბარეს, ვინც ტურინის “იუვენტუსში” მოღვაწეობის ორი წლის მანძილზე კლუბი ორჯერ გაიყვანა მეორე ადგილზე. მას შემდეგ სილვიო ბერლუსკონი მუდმივად აკრიტიკებს მწვრთნელს და შედეგს უწუნებს: სხვა თუ არაფერი “კარლიტომ” ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2007 წელს კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც იმარჯვა. რა გამოარჩევს კარლო ანჩელოტის? ის ფრთილი მწვრთნელია, რომელიც შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთის ტრფიალია და თითოეული მატჩისთვის სპეციალურად ემზადება. ანჩელოტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია შემადგენლობის მუდმივი ცვლა: მისი “მილანის” ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა გარანტირებული ადგილი (პირლო, ზეედორფი, გატუზო, კაკა), სხვა პოზიციებზე კი ძალიან მძაფრი კონკურეცია იყო. ერთი რამის თქმა გადაჭრით შეიძლება: რომ არა სილვიო ბერლუსკონი, შესაძლოა “მილანს” იმ დიდი გუნდების ბედი გაეზიარებინა, რომელთაც უყურადღებობის გამო, კარგა ხანია ოცნებად ექცათ არათუ ევროპის, თავიანთი ქვეყნის ჩემპიონთა ლიდერთა შორის თამაში. ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: სილვიო ბერლუსკონის “მილანში” მისვლის შემდეგ, ანუ 1986 წლიდან შავ-წითლებმა იტალიაში, ევროპაში და მსოფლიოში არც მეტი არც ნაკლები 26 ტიტული მოიგო! წყარო: ამოწერილი მაქვს ჟურნალ “გრანდებიდან”. ამის ავტორია: ლაშა გოდუაძე. კლავიატურაზე ავკრიფე და აქ გამოვაქვეყნე მე: გელა ხუციძე(მ) პ.ს: ადმინს ვთხოვ რომ გარკვეული დროს მანძილზე ეს სტატია საიტის სათავეში იყოს, რათა ყველამ ნახოს და გაეცნოს ამ დიდებული კლუბის ისტორიას. acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts