planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი „პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად იგი შს მინისტრის ინტერვიუსაც შეეხო: „კარგად ვიცნობ ინტერვიუს ავტორს, გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტ ოლგა ოლიონოვას. იგი, 2003 წლიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად ჩამოდის საქართველოში. ოლიონოვა ინტერვიუს დამახინჯებას კატეგორიულად უარყოფს. მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ინტერვიუსთან დაკავშირებით საქართველოში დიდი სკანდალია აგორებული და შს სამინისტრო ინტერვიუს დამახინჯებული სახით გამოქვეყნებაზე საუბრობს. მან მითხრა, რომ არსებობს მერაბიშვილის საუბრის ჩანაწერი და საჭიროების შემთხვევაში ის მას გამოაქვეყნებს. ამასთან, გაირკვა, რომ ეს არ არის ახალი ინტერვიუ. ის მარტის დასაწყისში ჩაიწერა და ერთი ნაწილი „კომერსანტში“ უფრო ადრე დაიბეჭდა“. „მერაბიშვილის ინტერვიუში ყველა აბზაცი საფრთხის შემცველი და სამარცხვინოა. კერძოდ, შს მინისტრის განცხადებები უკრაინასთან, ევროპასთან, ეკლესიასთან მიმართებაში და ხელისუფლების 64%-იან რეიტინგზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს რიცხვი საიდან მოიტანა, საინტერესოა?! არც ერთ კვლევას მსგავსი შედეგი არ უჩვენებია. შესაბამისად, მერაბიშვილმა გაგვაფრთხილა, რომ 64%-ს დაიწერს. ვანო მერაბიშვილს ყოველთვის ჰქონდა ერთი დიდი კომპლექსი, ის სიტყვას სიტყვას ვერ აბამდა, ამიტომაც ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. ახლა ეს კომპლექსი მოიშორა და მეორე - უარესი უკიდურესობა - დაემართა. მას მიაჩნია, რომ იმდენად მაგარია, ყველაფრის თქმა და გაკეთება შეუძლია. სხვათაშორის, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის გმირსაც ასე დაემართა... ვანო მერაბიშვილი ქართული პოლიტიკის ჯაყოა". ნოღაიდელი, „ხელების დამტვრევა“ და „ყირგიზული სცენარი“ „ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ფასი ორი შაურია და ის ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება ზურაბ ნოღაიდელს მაინცდამაინც არ ერჩის. პირიქით, ის დაინტერესებულია მთავარ კონკურენტად სუსტი ნოღაიდელის წარმოჩენით და მთელი ოპოზიციის „ნოღაიდელიზაციით“, მაგრამ მთელი ოპოზიციური სპექტრის დისკრიმინაცია არ გამოუვიდა. რაც შეეხება ნოღაიდელის მუქარებს „ხელების დამტვრევისა“ და „ყირგიზული სცენარის“ შესახებ, ეს უკვე კარიკატურულ ხასიათს იძენს. დღეში 7-ჯერ ერთიდაიგივე ტექსტით საუბარი მიუღებელია. ნოღაიდელის მუქარებს რომ ვუსმენ, ის კადრები მახსენდება, პრეზიდენტმა მისი თანდასწრებით საბაჟო სამსახურის უფროსი რომ მოხსნა, რომელიც ახლა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერია და ამას პროტესტის გარეშე შეხვდნენ. მაშინ არცერთ მათგანს არ ეტყობოდა, რომ მსგავსი მუქარების განმახორციელებლები იყვნენ, მაგრამ შეიძლება, ბოლო დროს „გაიზარდნენ“. „საქართველოში ყირგიზული რევოლუციის ანალოგი სავარაუდოდ, ვერ განხორციელდება“. ალასანია, ამომრჩეველთა აქტიურობა და ხელის შეშლა „ალიანსის ლიდერ ირაკლი ალასანიას ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და სხვა პოლიტიკური ძალების არჩევანია ან მისი გამარჯვების თანამონაწილეები გახდნენ, ან ალასანიას რამდენიმე პროცენტი წაართვან“. „რაც მეტი პოლიტიკური პარტია მიიყვანს არჩევნებზე საკუთარ მხარდამჭერებს, სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსი მეტი იქნება, ვინაიდან მაღალი აქტივობა ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ პარტიების ელექტორატი, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ. ცხადია, ლეიბორისტების ან „ეროვნული ფორუმის“ კეთილი სიტყვა ალასანიაზე დამოუკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დიდია მისი გამარჯვების შანსები, რადგან ყველას მოუნდება გამარჯვების თანამონაწილე გახდეს“. „სასურველი იქნებოდა, ოპოზიციის კანდიდატებს ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. თუ აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ყველაზე ძლიერ კანდიდატს გამარჯვებისთვის 1-2 პროცენტი დააკლდა, მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდებიან ის კანდიდატები, ვინც მას ეს პროცენტები წაართვა. ცხადია, დამნაშავე იქნება ის, ვინც ყველაზე ბოლო რიგში აღმოჩნდება ამ საარჩევნო მარათონში. ხალხი დაინახავს, რომ მას არანაირი შანსი და ფუნქცია არ ჰქონდა გარდა ძლიერი კანდიდატისთვის ხმების წართმევისა. ასეთ ძალებს შესაძლოა, პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა მოუწიოს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ზოგიერთმა კანდიდატმა არჩევნებამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ვფიქრობ, მაისის შუა რიცხვებამდე ბევრი რამ გამოჩნდება“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts