Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

[ვოლფგანგ გიუნტერ ლერჰი; Franffurten Allgemeine]

კავკასია ხარისხში აყვანილი ბალკანეთია – სწორედ ასე განსაზღვრავენ პოლიტიკურად ფეთქებადსაშიშ სიტუაციას, რომელიც რუსეთის სამხრეთით მდებარე, ამ „ასობით ხალხებისა და ენების მთიანი რეგიონიდან“ მოდის. ამის შესახებ კიდევ ერთხელ გაგვახსენა ახლახანს მოსკოვში მომხდარმა არაადამიანურმა ტერაქტებმა. ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მათი შემსრულებლები კავკასიიდან არიან, საფუძველს მოკლებული არ არის.

 

რუსეთი ამ რეგიონში ისტორიული მემკვიდრეობის შედეგებს იმკის, რომლის ფესვებიც მე-18 საუკუნის დასასრულშია (შესაძლოა უფრო ღრმადაც) და მე-19 საუკუნის შუახანებამდე გრძელდება. იმ დროს, ექსპანსიონისტური ტალღა, რომელიც მეფე ივანეს დროს მე-16 საუკუნეში ყაზანის და ასტრახანის დაპყრობით დაიწყო, გაგრძელდა მე-18 საუკუნის დასაწყისში მეფე პეტრეს დროს და იმავე საუკუნის ბოლომდე ეკატერინეს მეფობის პერიოდში, როდესაც ყირიმის თათრები დაამარცხეს, (1783 წელი) კავკასიურ დაბრკოლებას შეხვდა.

 

აქ სანკტ-პეტერბურგი თურქ–ოსმალებს და სპარსელებს შეერკინა, რომლებიც ამ რეგიონს დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ, თუმცა მათ რუსულ ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლეს. 1801 წელს რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ქრისტიანული საქართველო, თუმცა ჩრდილო-კავკასიელ მუსულმანურ ხალხებში ჩრდილოეთიდან მომავალი იმპერიალისტური გეგმებისადმი წინააღმდეგობა გაჩნდა.

 

ჩეჩნური ჯიჰადი მე-18 საუკუნეში დაიწყო

კავკასიელების ბრძოლა ჩეჩნეთში რუსული ბატონობის წინააღმდეგ, თანამედროვე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში (იჩქერია), შეიხ მანსურის დროს უკვე მე-18 საუკუნის 90-იან წლებში დაიბადა. შეიხი მიურიდების დერვიშული ორდენის სულისჩამდგმელი იყო, რომელიც ჯიჰადის (ოკუპანტების წინააღმდეგ „საღვთო ომი“-ს) აკვანი ხდებოდა. მალე შეიხ მანსური კავკასიელებისთვის ლეგენდა გახდა, ის „მძინარე შეიხ მანსურად“ გარდაიქმნა, რომელიც თითქოს არ მომკვდარა. ის იმ ფიგურად იქცა, რომელიც გერმანიაში კიფჰოიზერის მთიანი რეგიონის ლეგენდარულ სახეებს მოგაგონებთ და მისი სახელი მითებში ცოცხლობდა.

 

ახალი საუკუნის პირველ ათწლეულში რუსებმა სამხედრო ზეწოლა გააძლიერეს. მიურიდების ორდენის მეორე შეიხის კაზი-მულას დროს მუსულმანების წინააღმდეგობა კავკასიაში უფრო ორგანიზებული გახდა, თუმცა ბრძოლამ უკიდურეს დაძაბულობას ოცდაათწლიან შუალედში 1829-1859 წლებში მიაღწია, როდესაც ცარისტული არმია, სხვადასხვა მეთაურების ხელმძღვანელობით აჯანყებულთა წინამძღოლს ავარიელ შამილს ებრძოდა.

 

ის კაზი-მულას მემკვიდრე გახდა და როგორც იმამი კავკასიელების რელიგიური და სამხედრო ლიდერი იყო. შამილი დღესაც ძალიან პოპულარულია და არა მხოლოდ ჩეჩნებს და დაღესტნელებს შორის, მისი დიდება მთელ კავკასიაზე ვრცელდება და მას დღემდე პატივს მიაგებენ ქრისტიანულ საქართველოშიც. შამილის მებრძოლები (მათ შორის ყველაზე ცნობილს ჰაჯი-მურატს ლევ ტოლსტოიმ მისი ერთ-ერთი საუკეთსო ნაწარმოები მიუძღვნა) მხოლოდ რუს ჯარისკაცებს ესხმოდნენ თავს.

 

კავკასიის კონფლიქტი – რუსული ლიტერატურის ნაწილი

სამოქალაქო პირებს, როგორც წესი ინდობდნენ. მის არმიაში შედიოდნენ აღმოსავლეთ და ჩდილოეთ-კავკასიის თითქმის ყველა მუსულმანური ერის წარმომადგენლები. შამილი არამხოლოდ ჯიჰადს ხელმძღვანელობდა, არამედ სურდა საკუთარი მმართველობა მთლიანად რელიგიური კანონის (შარიათის კანონი) ფარგლებში მოექცია.

 

ისეთმა რუსმა მწერლებმა, როგორებიც არიან ტოლსტოი, მიხეილ ლერმონტოვი, ალექსანდრე პუშკინი და ალექსანდრე გრიბოედოვი ეს ყველაფერი პირადად გამოსცადეს. ისინი იქ ოფიცრების ან დიპლომატების რანგში მსახურობდნენ, ან უბრალოდ იმისთვის მოგზაურობდნენ, რომ აქტუალური მოვლენები აღეწერათ. ისინი აქ მიღებულ შთაბეჭდილებებს საკუთარ რომანებში, მოთხრობებსა და პოემებში იყენებდნენ.

 

კავკასია და მისი ლიტერატურული იერსახე დიდებული რუსული ლიტერატურის ნაწილი გახდა, განსაკუთრებით მისი რომანტიკული პერიოდის. ველური მთიანი რეგიონი, დასახლებული თითქმის უცნობი, დიდწილად მუსულმანური აღმსარებლობის ხალხებით, პოეტებისა და მკითხველებისთვის რომანტიზმის სტიმულირების კარგ საშუალებას წარმოადგენდა.

 

თუმცა, სინამდვილე რომანტიკული სულაც არ გახლდათ. შეტაკებები სულ უფრო სასტიკ ხასიათს იძენდა და რუსებმა რეგიონის დაპყრობა საკუთარი სისხლის ფასად გადაიხადეს. მეფეს შამილის უმცროსი შვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. ბოლოს მძევლების აყვანა კავკასიელებმაც დაიწყეს. საკუთარი მებრძოლების უზარმაზარი სიმამაცისა და მრისხანების მიუხედავად, 1859 წელს შამილი იძულებული გახდა ბრძოლაზე საბოლოოდ უარი ეთქვა.

 

სტალინი: „გაყავი და იბატონე“

თუმცა, რუსები მაინც რაინდულად მოიქცნენ – შამილი და მისი ოჯახი კალუგაში დაასახლეს, სადაც ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მისი არსებობის პირობები აბსოლუტურად ასატანი იყო. ამის შემდეგ კავკასიის სრული რუსიფიკაცია გაჩაღდა. მოხუცებულობაში შამილმა რუსეთის დატოვების უფლება მიიღო, თუმცა 1871 წელს ის ავარიის წმინდა ისლამურ ქალაქებთან ახლოს გარდაიცვალა.

 

რუსული ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა ჩრდილოეთ-კავკასიის რეგიონიც, სადაც ცხოვრობდნენ ჩერქეზები, აფხაზები, ყაბარდოელები, ბალყარელები და სხვა ხალხები, თუმცა წინააღმდეგობა კავკასიის ზოგიერთ ადგილას საბჭოთა პერიოდამდეც გაგრძელდა. სტალინმა კავკასიასა და ამიერკავკასიაში ახალი პოლიტიკური საზღვრები დააწესა. პრინციპმა „გაყავი და იბატონე“ საბჭოთა დროშიც გაამართლა.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, ბევრი კავკასიელი, მათ შორის ჩეჩნები და ინგუშები, ასევე თურქი-მესხები და ყირიმის თათრები ძველებურად იტანჯებოდნენ, რადგან სტალინმა ისინი „გერმანელებთან თანამშრომლობაში“ დაადანაშაულა და მათი დიდი ნაწილი გადაასახლა, პირველ რიგში ყაზახეთში. მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს მოხდა მათი რეაბილიტაცია და მათ სამშობლოში დაბრუნება შესძლეს.

 

რუსული და საბჭოთა მმართველობა რეგიონის მოდერნიზებას უწყობდა ხელს, თუმცა უხოური ბატონობა უცხოურ ბატონობად რჩებოდა. ორი საუკუნის განმავლობაში მტრობა ღვივდებოდა. ნაციონალური მისწრაფებები ითრგუნებოდა, რელიგიური თავისუფლება იკრძალებოდა.

 

ჩეჩნეთი – მაგალითი სხვა მუსულმანური რეგიონებისთვის

დღევანდელი რუსეთი დიდწილად იმ კოლოსალური კოლონიალური ტერიტორიული მასივის მემკვიდრედ რჩება, რომელსაც ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იპყრობდა ან იერთებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამმა ამიერკავკასიურმა რესპუბლიკამ სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. შუა აზიაში ამას ხუთმა მუსულმანურმა რესპუბლიკამ (თურქმენეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა) მიაღწია.

 

1994 წელს პირველი ჩეჩნური ომი გაჩაღდა. მოსკოვში, ამ მრავალნაციონალური სახელმწიფოს დედაქალაქში იმის ეშინიათ, რომ მათ მაგალითს სხვა მუსულმანური რეგიონებიც მიბაძავენ. განსაკუთრებული შიში იმას უკავშირდება, რომ კავკასიის ხალხებმა, პირველ რიგში კი ჩეჩნებმა, ტერორისტული მეთოდებით რომლებიც სეპარატისტული მიზნების რეალიზაციისკენაა მიმართული, შეიძლება წარმატებას მიაღწიონ. მუსულმანები ასევე ცხოვრობენ ვოლგისპირეთის რეგიონსა და ციმბირს შორის.

 

მედვედევს და პუტინს რთული, ორსაუკუნოვანი მემკვიდრეობა ერგოთ.

foreignpress.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხარისხში აყვანილი ბალკანეთი, მეოთხედი აპენინები და ერთი სუფრის კოვზი ანდები...

 

 

 

ჰო, ჰიმალაი გემოვნებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტერორიზმი ბრძოლა არაა.

რასაც რუსები ჩადიან კავკასიაში კნორინგ-ლაზარევ-ალექსანდრედან დაწყებული ის ტერორიზმი მარტო არაა, არამედ ველურობა და ბარბაროსობაა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფეთქებები მოსკოვში, დაღესტანში. რუსეთის სადამსჯელო ნაწილების სპეცოპერაციები ჩრდილო კავკასიაში, ემარატის ლიდერების, საიდ ბურიატსკის და ანზორ ასტემიროვის ლიკვიდაცია. რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, როგორი განვითარება შეიძლება მიიღოს მოვლენებმა?

 

ჩემი აზრით არსებული დესტაბილიზაცია არაფერ სასიკეთოს არ უქადის არც ჩრდილო კავკასიის ხალხებს, არც რუსეთს და არც საქართველოს. მგონი დროა ყველა მხარემ თქვას სტოპ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი იმუშავებს, როგორც ნამდვილ დამპყრობელს შეეფერება: დაუმორჩილებელი ერების სრულ განადგურებამდე.

 

იმის იმედი, რომ რუსეთი დათმობს ჩრდილო კავკასიას, ნორმალურ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, რუსეთს ასეთ შემთხვევაში კიდევ ბევრი რამის დათმობა მოუწევს, რაც მისი, დედამიწის გეოგრაფიული რუკიდან დღევანდელი სახით გაქრობას გამოიწვევს. რუსეთისათვის ბევრად უფრო ადვილი იქნება გაანადგუროს დაუმორჩილებელი ერები ვიდრე ასეთი რამ დაუშვას.

 

საქართველოსთვის ასეთი სცენარი ძალიან ცუდია, რადგან ამ შემთხვევაში ჩრდილო კავკასიის დამორჩილების შემდეგ აუცილებლად დადგება მისი ჯერი. თუ რუსეთმა თავისი მიზნები განახორციელა ჩრდ. კავკასიაში, ის აუცილებლად მოინდომებს მთელი სამხრეთ კავკასიის დამორჩილებას. მან შეიძლება სომხეთს და აზერბაიჯანს შეუნარჩუნოს შეზღუდული სუვერენიტეტი, მსოფლიოს სომხური ლობის და პანთურქული ფაქტორების გამო, მაგრამ ის საქართველოს სახელმწიფოებრიობას აუცილებლად გააუქმებს და რამოდენიმე ნაწილად დაშლის ("Робких грузинов" они боятся не будуть).

 

ევროპა და ამერიკა საქართველოსთვის ომს არ დაიწყებენ, არც ამის იმედი ჰქონდეს ვისმეს.

 

თქვენ როგორ ფიქრობთ?

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...