Gagi 67 Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 (edited) ერთმორწმუნეობის საბურველში ჩვენს ქვეყანაში ერთობ სავალალო ტრადიცია დამკვიდრდა: როგორც კი რაიმე სახით ქართული ეკლესიის და მისი მრევლის მართლმადიდებლობისადმი განსაკუთრებული ერთგულება ვლინდება, ამას აუცილებლად თან სდევს მავანი რესპექტაბელური მოღვაწეებისაგან რუსული ეკლესიისადმი დაქვემდებარებულობის და მიბაძვის ბრალდება. გასაკვირი როდია, რომ მსგავსი დამოკიდებულება გაცხოველდა რუსული პოლიტიკური და რელიგიური ექსპანსიის ჟამს და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას თან მოჰყვა რელიგიური თანამოაზრეობის საკითხის გადახედვის მცდელობა. მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება ჯერ კიდევ ჩანასახში გახლდათ, როდესაც ქართულ პრესაში, ტელევიზიაში თუ რიგ კულტურულ ღონისძიებებზე ინტელიგენციის ზემოხსენებულმა წარმომადგენლებმა ანათემა გამოუცხადეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მითითებებით მოქმედ რუსულ ეკლესიას და, სავსებით სამართლიანად დასდეს მას ბრალი რელიგიურსა და ნაციონალურ ექსპანსიონიზმში. მაგრამ შემდეგ ეს ეკლესია არაერთგზის დაადანაშაულეს ქართველ სასულიერო პირთა მიმართ ფარულ ზეგავლენაში – თითქოსდა ქართული ეკლესია სწორედ მას წაექეზებინოს ეკლესიების მსოფლიო ეკუმენისტური საბჭოდან გამოსასვლელად, ხოლო ამ დროს თვითონ წარმატებით განეგრძოს საქმიანობა მსოფლიოს ხალხთა დიდ ქრისტიანულ ფორუმში. ამ ბრალდებებს იმგვარი სახე ჰქონდა, რაც შეურაცხყოფდა ქართული ეკლესიის ღირსებას და მას წარმოაჩენდა არა საკუთარი ნებითა და რწმენით მოქმედ დიდ საკრებულოდ, არამედ ყოფილი სიუზერენის კონფესიური დიქტატის ბრმა მიმდევრად, რომელსაც ალალბედზე შეუგდია სულის ხსნისა და გადარჩენის საკითხი. ამჟამინდელი მოვლენები ძალიან ემსგავსებიან ეგრეთ წოდებული ქართული ინტელიგენციის მშფოთვარე რეაქციას ქართული ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგობრივ თავგამოდებაზე საუკუნის დასასრულს რომის პაპის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. იმხანად არაერთი საგაზეთო პუბლიკაცია მიეძღვნა ”რუსეთზე ორიენტირებული სამღვდელოების” მხილებას, რომელიც თურმე სწორედ ”უფროსი ერთმორწმუნე ძმის” დავალებით ეკიდებოდა უარყოფითად რომის პაპის ჩამოსვლას საქართველოში. დღეისათვის კი, როგორც საპატრიარქოს ირგვლივ დატრიალებული კოლიზიებიდან ირკვევა, კვლავაც დღის წესრიგში დგას იმ საკითხის გამოძიება: რომელი ეკლესია რომლის უკან დგას იერარქიულად და რომელი ბაძავს რომელს – ქართული რუსულს, თუ რუსული ქართულს. განმარტებისათვის შორიდან მოგვიწევს თხრობის დაწყება და აპელირება ანბანური ჭეშმარიტებებისაკენ: მას შემდეგ, რაც ქალკედონის საუკუნეში - მსოფლიოში ორთოდოქსული აღმსარებლობის საყოველთაო აღიარების და სოტეროლოგიური საკითხების დადგენისას, აგრეთვე ტრინიტარული და ქრისტოლოგიური დოგმების დამკვიდრების ჟამს – საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ გაარკვია თავისი სარწმუნოებრივი მრწამსი – არასოდეს გადაუხვევია უფლის ჭეშმარიტების გზიდან. მსოფლიოს მე-4 საეკლესიო კრებაზე ყოვლადქებული ეფემიას მიერ ქმნილი ქარიზმატული სასწაულის შემდგომ, კირიონ პირველის მართლმადიდებლური თავდადებისა და ცამეტი ასურელი მამის აღმსარებლობითი ღვაწლის მეოხებით ისეთ სარწმუნოებრივ სიმაღლეზე ავიდა საქართველო, რომ ქვეყანაში არღარა იზრახებოდა სარწმუნოებრივად, თვინიერ მართლმადიდებლობისა. აკი საკუთარი ეროვნული ღირსების სრული შეგნებით წერდა გიორგი მთაწმინდელი: ”რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არა სადა უარგვიყოფიეს და არცა ოდენ წვალებასა მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი”. დღევანდელ ვითარებასთან საანალოგიოდ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ ამხედრებდნენ ჩვენს ქვეყანას არაბები და ირან-ოსმალები ბიზანტიის წინააღმდეგ, ქართველებს არასოდეს სარწმუნოებრივი მრწამსი არ გაუიგივებიათ პოლიტიკასთან და თვით ბერძნებთან პოლიტიკური დაპირისპირების ჟამსაც ერთადერთ ჭეშმარიტ აღმსარებლობას – მართლმადიდებლობას, არასოდეს დაპირისპირებიან! ქართველებს იმდენად მტკიცედ ეპყრათ სარწმუნოება, რომ ამ თვალსაზრისით, თვით ბიზანტიელებისთვის იყვნენ სამაგალითონი და მისათითებელნი. ხატთმებრძოლობის დროს, როდესაც ამ ქვეყანაში ჩაისახა მსგავსი რამ მწვალებლური საცდური, გიორგი მცირის სიტყვებით თუ გადმოვცემთ: ”იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაი არა იპოებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას იკურთხა ეპისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სვინაქსარსა”. სწორედ ამ ხანებში გააცხადა უდიდესი სასწაული ათონის მთასთან ზღვით მიახლებულმა დედა ღვთისმშობლის ხატმა, შემდგომში ”ივერიისად” წოდებულმა, როდესაც ოდენ ქართველი ბერის ხელით ინება ნაპირზე გაბრძანება და შემდგომ ქართველთა სავანეში დამკვიდრება – შემწედ ივერთა და სრულიად მართლმადიდებელთა. ხატისაგან ივერთა მონასტრისადმი მიგებული ესოდენ დიდი პატივი და თანაგრძნობიერი ყურადღება, გარდა კეთილკრძალული ქართველი ბერების ღვაწლის დაფასებისა, უთუოდ, ღვთისმშობლისაგან, მის წილად რგებული სამწყსოს, საქართველოს მიმართ მადლიერების გამოხატულებაც იყო, რომელსაც ხატთმებრძოლობის საყოველთაო გავრცელების ჟამს ამ მწვალებლობის მწიკვლი არ შეხებია! ქართველები თანმიმდევრულად იცავდნენ მართლმადიდებლობის პრინციპებს მას შემდეგაც, რაც 1054 წელს ამ ღვთისგან დადგინებულ მოძღვრებას განუდგნენ კათოლიკენი. ისინი ერთპიროვნულად გაემიჯნენ ამ ახალ მწვალებლობას, რომელიც არღვევდა წმინდა წერილითა და მსოფლიო საეკლესიო კრებებით დადგენილ დოგმატებს და შემოჰქონდა მწვალებლური სწავლება სულიწმინდის გამომავლობისა და ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის, პაპის უცდომელობისა და უფლის მოადგილეობის, ინდულგენციების და განსაწმენდელისა და სხვათა შესახებ. ქართველები თანმიმდევრულად და მოურიდებლად ამხილებდნენ კათოლიკურ ერესს, რაც მიქაელ პალეოლოგოსის მმართველობის დროს მე-12 საუკუნეში საბედისწერო შედეგებით დასრულდა: ათონის მთაზე შესეულ ლათინ ურდოებს, რომლებმაც ივერონის მონასტრის მკვიდრთ კონფესიური თანაზიარობა შესთავაზეს, ქართველმა ბერებმა უშიშრად ახალმოძღვრების ანათემით უპასუხეს, რასაც ქართველი ბერების რბევა, ხოცვა და ტყვედ გაყიდვა მოჰყვა. ასევე მედგრად იცავდნენ სარწმუნოებრივ მრწამსს ქართველები 1438-39წწ. ფლორენციაში გამართულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, სადაც კათოლიკეებმა სცადეს უნიატური მორიგების გზით თავიანთ მწვალებლობაში ჩაეზიარებინათ მართლმადიდებლები. წმინდა მარკოზ ეფესელს, ვინც მარტოდმარტო აღუდგა წინ ამ უკეთურებას, გვერდით მხოლოდ საქართველოდან წარგზავნილი სამღვდელო იერარქი ედგა – იბერიის ავტოკეფალური ეკლესიის დესპანი, მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა უნიის სხდომა და ფეხით დაბრუნდა საქართველოში! ახლა კი, ვიდრე უფრო გვიანდელ საუკუნეებზე გადავიდოდეთ, ჯერ ზემოაღწერილ ხანაში მოვიძიოთ – ჩანს სადმე რუსული ეკლესიის კვალი? უფრო ადრეულ პერიოდზეც რომ არაფერი ვთქვათ (ანუ, იმ დროზე, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატმა კარლო ჩხეიძემ ჯერ კიდევ ასი წლის წინ განუმარტა ველიკოროსებს: «Когда ваши предки в лесу бродили, наши Евангелие переводили»), ხატთმებრძოლობის ჟამსაც კი, რუსები ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ, მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის განყოფისას მათში ახლად დანერგილი იყო სარწმუნოება (ნახევარ საუკუნეს ძლივს ითვლიდა) და მათ ავსა და კარგს არავინ ჰკითხავდა, ხოლო ფლორენციის უნიაზე მარკოზ ეფესელს რუს იერარქთაგან არათუ წამლად არავინ გამოჰქომაგებია, არამედ კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტმა ისიდორემ განაცხადა: ”სჯობს სულითა და გულით ლათინებს შევუერთდეთ, ვიდრე ხელცარიელნი დავბრუნდეთ უკან”. ხოლო, საცა სამართალია და გავლენაზეა ლაპარაკი, აქ არ იქნება არ გავიხსენოთ კირიონ მეორის, ქართველთა კათალიკოსის ფუნდამენტური გამოკვლევა: „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში”. ეს ნაშრომი ნებისმიერ საღი გონების მქონე პიროვნებას დაარწმუნებს, რომ არათუ ქართველები არიან რუსებზე ორიენტირებულნი, არამედ, პირიქით – რუსები ქართველებზე, რომელთაც სჭირდებოდათ ქრისტიანული კულტურის გათავისება დიდი ისტორიული წარსულის მქონე ერებისაგან და, ამავე დროს, მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა, ბერძნებისაგან სესხებას თავს არიდებდნენ და სწორედ ქართველებისაგან გადმოჰქონდათ არათუ მხოლოდ საეკლესიო შრომების თარგმანები, არამედ თვით თავიანთ საეკლესიო ქრონიკებსაც ”ქართლის ცხოვრების” თარგზე სჭრიდნენ! და, როცა გვიხდება მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქართველები მეოცე საუკუნის მიწურულს გაემიჯნენ მწვალებლურ ერთობას – ქართული ეკლესია ჯერ მსოფლიო ეკუმენისტური საბჭოდან გამოვიდა (1997 წლის 20 მაისს) და მერე 1998 წლის 8 ოქტომბერს მოახდინა ეკუმენიზმის ეგიდით დადებული შეთანხმებათა ანულირება – ვის უნდა მოუტრიალდეს ენა სათქმელად, რომ ეს ყველაფერი შესრულდა რუსების ზეგავლენითა და დიქტატით, ანუ იმ ქვეყნისა, ვისაც თავად არ განუხორციელებია მსგავსი აქტი?! და თუ არ განუხორციელებია, სადაური ლოგიკაა, მათ დავაბრალოთ წამქეზებლობა? თანაც რომელ ქვეყანას, რომელიც არც ქრისტიანობის გარიჟრაჟზე შესწრებია 7 საეკლესიო კრებაზე ერესებთან ბრძოლას, არც ხატთმებრძოლობას დაპირისპირებია, არც ლათინი ურდოების შემოსევა უგემნია – ერთხელ მოხვდა უნიატურ კრებაზე და იქაც მართლმადიდებლობას უღალატა – დღეს როგორღა უნდა მოვთხოვოთ ასეთ ქვეყანას ჭეშმარიტი აღმსარებლობის დაცვა, იმ ერსა და ხალხს, რომელსაც გასამტყუნებლად ისიც ეყოფა, რომ უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში გახვეულიყო იყო ათასგვარ ერესში – ”სტაროვერების”, ”დუხობორების”, ”მოლოკანების” და სხვა მსგავსთა, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის თავსატეხად. და, რაც მთავარია – ქართველები მარტო იმ მიზეზითაც ვერ დაჰყვებოდნენ ყოფილი სიუზერენის ნებას, რომ მათ არასოდეს დავიწყნიათ, თუ რომელმა ქვეყანამ აჰყარა მათ სამშობლოს დამოუკიდებელი ქვეყნის პატივი – წაართვა სამეფო ტახტი, გაუუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, კირით შეუთეთრა ეკლესიები და მართლმადიდებლურ იერარქიაში ჩაენაცვლა კანონიერ მეხუთე ადგილში!სეკულარიზებული რუსული ეკლესია მართლმადიდებლობისადმი ერთგულებას საკუთარი საწყაოთი აფასებდა. იგი იმპერიულ პოლიტიკურ ზრახვებს, საუკუნეების მანძილზე „მესამე რომის“ მესიანისტური იდეებით ნიღბავდა და დღეს უკვე შენიღბვაც არ სჭირდება – მისი ახალი იერარქი, ჯერ კიდევ მიტროპოლიტობის დროიდან, ძველი სამყაროს საზღვრებს არ სჯერდება და ახალში თესავს «РПЦ»-ს მარცვლებს – სამაგალითოდ, კუბაში აღმოაჩენს „კომუნისტი კასტროსაგან მსოფლიო მოვლენების ქრისტიანულ შეფასებას“, და ამერიკულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში მოკავშირეობისათვის საპასუხო თანადგომასაც ჰპოვებს; კარაკასში, „რელიგიურ ძიებებში“ მყოფ ჩავესს აპოვნინებს ჭეშმარიტ რწმენას, ვალმოხდილი ადამიანის ღირსებით დაუყვება ბოლივიისა და ეკვადორის გზებს და საბჭოური უშიშროების თანამშრომლის თავგამოდებით ნერგავს ტაძრებსა და სემინარიებს მთელს ლათინურ ამერიკაში. და შემდეგ, როდესაც ლათინური ამერიკის, ეროვნულობასთან და ისტორიულ წარსულთან მწყრალად მყოფი, ერები ხმას აძლევენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაშლის იდეას, რუსული ეკლესია განსმდგომი შუაკაცის პოზაში დგება და, კიდევაც მეტი – ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერის მცდელობით, ერთის მხრივ ქართულ ეკლესიას ეფიცება კონფესიურ ერთგულებას, მეორეს მხრივ – ოსურ თემს ამშვიდებს, დროებითი მიუმხრობლობისთვის, ხოლო სიმართლე მამლის კუდივით ჰყოფს თავს დიაკონ კურაევისა და მართლმადიდებელთა კავშირის თავმჯდომარის, ფროლოვის წამონაცდენთაგან: “საკმარისია განვაცხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა საქართველოს ეკლესიისგან, რომ ჩვენ ვკარგავთ ერთადერთ მოკავშირეს კონსტანტინოპოლთან უკრაინის თემაზე შესაძლო დიალოგში”. ღმერთმა ნუ ქნას, არ ცდებოდნენ რუსი იერარქები და, რაკი მართლმადიდებლურ სამყაროში ნდობა რა ხანია, დაკარგული აქვთ, მხოლოდ ქართულ ეკლესიაზეღა ამყარებდნენ იმედს, ამ უკანასკნელისაგან ოდინდელი „წიგნი ფიცისას“ ერთგულებითა თუ ინერციის კანონებით: პირველიერარქი, კაცი, ვისთვისაც ჰაიტის 2010 წლს მიწისძვრა ცოდვების მისაგებელია, ხოლო 1995 წლის ტაილანდის ცუნამი – სტიქიური უბედურება, რა სარჩულსაც გნებავთ, დაუდებს საქართველოსთან რუსეთის მომავალ ურთიერთობებს! ხოლო ეს მომავალი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას – „РПЦ“–ს გაცხადებული აქვს შორსგამიზნული ზრახვებით – ფილეტურ – კგბ–ური მართლმადიდებლობის გავრცელებით მსოფლიოში შექმნას სწორედ იმ სახის რუსული მსოფლიო თანამეგობრობა, რომელიც ახალმა პატრიარქმა დაისახა ბრიტანული „ერთა თანამეგობრობის“ ანალოგიით. რა როლი დაეკისრება საქართველოს ამ ახალ თანამეგობრობაში, ძნელი წარმოსადგენი არ არის; რუსული ეკლესიისათვის მთავარია, მოვლენები არ განვითარდეს მათთვის ყველაზე საზიანო ფორმით და უეცრად საქართველოს ეკლესიამ არ აღიმაღლოს ხმა ერთმორწმუნე ეკლესიის ქმედებათა სააშკარაოზე გამოტანით. ხოლო თუ ეს მღელვარე მოლოდინი უმტკივნეულოდ ჩაუვლით, მერე კი ნამდვილად აღარ იქნება გასაკვირი, რომ ქართული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითმყოფადობისა და ავტოკეფალური საეკლესიო სტატუსის მოწინააღმდეგე ყველა შინაურ და გარე მოწინააღმდეგეს მიეცეს საბაბი, ქართულ ეკლესიას შესწამოს რუსული ეკლესიისადმი ქედმოდრეკილი მორჩილება! საბა იბერი Edited March 31, 2010 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.