Jump to content
Planeta.Ge

სოზარ სუბარი - “ნოღაიდელის პოლიტიკა არ არის პრორუსული. ეს რუსული პოლიტიკაა”


Recommended Posts

"ყველა მინუს ერთი" - პოლიტიკური გაერთიანების ასეთ ფორმულას სთავაზობენ ოპოზიციას "ალიანსი საქართველოსთვის" წევრები - "ახალი მემარჯვენეები" და რესპუბლიკელები.

 

ის ერთი, ვისთან ერთადაც ვერ წავლენ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე ალიანსის წევრი პარტიები, ზურაბ ნოღაიდელი და მისი პოლიტიკური პარტიაა. თუმცა თვითონ ალასანიას გუნდი ყველა ოპოზიციურ ძალასთან აპირებს მოლაპარაკების გამართვას. ვესაუბრებით ერთ-ერთ ლიდერს პოლიტიკური გაერთიანებისა "ალიანსი საქართველოსთვის", რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს.

 

- ბატონო ლევან, "ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აუცილებელია ოპოზიცია თბილისის მერის ერთიან კანდიდატზე შეთანხმდეს, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, ალასანიამ ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა...

- ეს საიდან მოიტანეს? ამის თაობაზე არაფერი ვიცი. ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ გაერთიანებას, ოღონდ, გააჩნია, ვისთან და რისთვის. პუტინთან და ზატულინთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, არც იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვინც კრემლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

 

- თქვენც არაერთხელ გითქვამთ, რომ აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, მაშ, რატომ არის ასეთი მიუღებელი ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკა?

- დიახ, მოლაპარაკებების გამართვა აუცილებელია, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და არა ოპოზიციამ, რომელსაც რეალურად არაფრის გადაწყვეტა შეუძლია. რომ მოუწერა გრიზლოვმა ნოღაიდელს ხელშეკრულებაზე ხელი, ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ნოღაიდელი საქართველოში, არის კი თუნდაც მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსი?! რომ არა რუსეთის მხარდაჭერა, საერთოდ ვის გაახსენდებოდა დღეს ნოღაიდელი?! ეს არის პოლიტიკური ნული, რომელიც ჯერ შევარდნაძის მინისტრი იყო, მერე სააკაშვილის, მან ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის ეკონომიკის დასაქცევად.

 

ბოლო ხანს, თუ გსმენიათ, ნოღაიდელს ეხსენებინოს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია? არ ახსენებს, რადგან როგორც ჩანს, რუსეთს ოკუპანტად არ მიიჩნევს. რუსებთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან იწყებს, რაც დაუშვებელია, ეს ნიშნავს, რომ ნოღაიდელი აღიარებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევას. საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა თავისი საგარეო კურსი, როდესაც ნატოს დაუჭირა მხარი, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო და, სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება მოსახლეობის დაახლოებით 20%, რომელსაც პრორუსული განწყობა აქვს. მაგრამ საქართველო რუსეთისკენ აღარ შეტრიალდება, თუმცა სწორედ ამ 20%-ზე ნადირობს ნოღაიდელი.

 

სხვათა შორის, ამ მიმართულებით სცადა პოზიციების მოსინჯვა გიგი უგულავამაც, როდესაც "ნიუსვიკთან" განაცხადა - საქართველომ შეიძლება თავის საგარეო კურსს გადახედოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფასადო. მაგრამ თუ მოგისმენიათ სადმე, რომ რუსეთის ხელისუფლების დაბალრანგიანი მოხელე მაინც ამბობდეს, უარს ვიტყვით თქვენი ტერიტორიების აღიარებაზე, თუ ნატოში არ შეხვალთო... ერთი რამ ვიცი ზუსტად, თუ აქ დასავლეთის ინტერესები დაითრგუნება, საქართველოს შეექმნება არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, არამედ იმის შენარჩუნების საფრთხეც, რასაც ვაკონტროლებთ. რუსეთთან თამაში სახიფათოა, მით უფრო, ისეთი კაცისგან, რომელსაც საქართველოში არა აქვს დასაყრდენი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. აშკარაა, ვინც ნოღაიდელთან მიდის, საეჭვო გზას ადგება...

 

- ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი საარჩევნო კამპანია აქვს გაშლილი, ბევრი მიიჩნევს, რომ ამ კამპანიით უგულავა უფრო პრეზიდენტობისთვის ემზადება, ვიდრე მერობისთვის...

- ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს და ამზადებს სააკაშვილის შემცვლელს. ხელისუფლებაში არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ მიშა კი არის მაგარი, მაგრამ რამე რომ მოუვიდეს, ჩვენც არ უნდა დავიღუპოთო. მახსოვს, ერთხელ გია ბარამიძემ თქვა, ჩვენ სამოცდაათი წლით ვართ ხელისუფლებაში მოსულიო... თუ ასე განაგრძეს და ყველა ხელისუფლებას მოერგნენ ბარამიძე და მისნაირები, მთელი სიცოცხლე იქნებიან ხელისუფლებაში. რაც დღეს ხდება, წარმოაჩენს, რომ სააკაშვილის პოზიციები მაინცდამაინც მყარი არ უნდა იყოს.

 

სააკაშვილი ისეთი გიჟი არ არის, რომ არ ფიქრობდეს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ როგორ შეინარჩუნოს ნაშოვნი ქონება და იგრიალოს კვლავაც ზევით-ქვევით. სააკაშვილს ბუნებრივია, მილოშევიჩის ბედის გაზიარება არ სურს, ამიტომაც "აბლატავებს" უგულავას ასე. შინაგანად კი ამის აღიარება უჭირს, ამიტომაც ამ ფართომასშტაბიან კამპანიაში თვითონაც წამოყოფს ხოლმე თავს. არადა, ხომ ფაქტია, სააკაშვილს მესამედ გაპრეზიდენტების შანსი არა აქვს!

 

- თუმცა "იმედზე" რამდენჯერმე მომზადდა სიუჟეტი, სადაც ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავდნენ...

- კანონი და კონსტიტუცია არ არის აგებული იმაზე, რას ფიქრობს გიორგი არველაძე, ეს ქართული პოლიტიკური აზროვნების "გიგანტი"... არასერიოზულია ეს განცხადებები. ხომ თქვა, მენეჯერი ვარო, ჰოდა, დაეტიოს თავის ტყავში. სააკაშვილი მესამედ ნამდვილად ვერ გახდება პრეზიდენტი, საქართველოც ვერ იქცევა ისეთ ქვეყნად, სადაც მემკვიდრეობით გადადის ხელისუფლება. ფაქტია, რომ სააკაშვილის სათადარიგო "ბორბალს" ამზადებენ, უგულავას სახით, რომელსაც ზაფხულში უსრულდება 35 წელი და მისი საპრეზიდენტო ამბიციაც უფრო რეალური გახდება. მაგრამ უცებ ქალი რომ შეუყვარდეს და სადმე გაგვექცეს, რა გვეშველება? ერთხელ ხომ შეუყვარდა, გამორიცხულია კიდევ შეუყვარდეს? არა, ამ ხელისუფლებას ვახო კომახიძის მრავალცოლიანობა რომ გაუკვირდა, ეს არის საოცარი.

 

სამარცხვინოა ის, რასაც ამ ქვეყანაში "რეალ TV"-ის ხელით აკეთებს ხელისუფლება. გურამ დონაძეს იმიტომ გაუკვირდა, ალბათ, კომახიძის მრავალი ცოლი, რომ თვითონ არ ჰყოლია არც ერთი და არც უნდა, ქალები არ აინტერესებს. საკითხავია, მრავალცოლიანი კომახიძე ჯობს, თუ უცოლო დონაძე?! ამ ქვეყანაში ხომ ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის... დონაძე გარეწარია, რომელიც ავადაა, ავადაა ის ხალხი, ვინც ამ ტელევიზიაში მუშაობს და ისიც, ვინც უყურებს მათ გადაცემებს და მოსწონს. ამბობენ, ეს ტელევიზია სააკაშვილს მოსწონსო, ესეც თვალნათლად წარმოაჩენს, რომ პრეზიდენტი ავადაა.

 

- ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ქვეყანას აღარ მართავს და რომ ის გარემოცვის მძევალია...

- ქვეყანას რომ არ მართავს სააკაშვილი, ამაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ არც სხვა მართავს ვინმე. რა ეტყობა ამ ქვეყანას მართვის? ქვეყანაში მოსახლეობის 80% უმუშევარია, ხოლო იმათგან, ვინც მუშაობს, დაახლოებით ამდენივე პროცენტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. მე გეტყვით, რაც იმართება ამ ქვეყანაში კარგად: ეს არის ღარიბი ქვეყანა, რომლის პირველ პირსაც არ გაუცდენია არც ერთი მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიების გახსნა. რატომ დადის ამდენს ან ვისი ხარჯებით? რატომ არ დადიან ოლიმპიადებზე გერმანიის კანცლერი ან ისრაელის პრემიერი? საქმე ისაა, რომ იქ ხელისუფლება კონტროლის ქვეშაა, ამიტომაც ვერ "იგულავებენ" ასე, მათ საზოგადოება ყველა კაპიკს უთვლის.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ ჩასულა ვანკუვერში, გეოგრაფია ვინც იცის, ეცოდინება, რომ კანადა იქვეა ამერიკასთან... მაშ, რა უნდოდა იქ საქართველოს პრეზიდენტს, საერთოდ რა აკავშირებს სპორტთან? ჩვენი რაგბის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთხელ უკვე იყო და კიდევ აქვს გასვლის შანსი, მითხარით, რა გაუკეთა მიშამ რაგბისტებს, სტადიონი არ მისცა საქართველოში! იცით, რატომ? რაგბისტები არ გამოდიან და არ ყვირიან - მიშა მაგარია! რა ესაქმება ნიკა რურუას სპორტთან?! გავიგეთ, რომ კულტურასთან დაახლოებული პირია, ხელოვნების ნიმუშებს იტაცებდა "მხედრიონში" ყოფნისას... და თქვენ მეუბნებით, რომ ეს ხალხი მართავს ქვეყანას?! სააკაშვილმა რა გააკეთა ბოლოს ამ ქვეყანაში? შოკოლადის ქარხანა გახსნა... ყველაფერს პიარისთვის იყენებს, ოლიმპიადაზე ბავშვი დაგვეღუპა და ცდილობს, ამაზეც პიარი ააგოს. გულისამრევია, ხალხო, სააკაშვილი და ის ხალხიც, ვისაც ის მოსწონს.

 

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს თვითიზოლაციის საფრთხე ხომ არ ემუქრება?

- არა, თვითიზოლაციას სჭირდება რესურსი, საქართველოს კი ასეთი რესურსი არა აქვს. ძალიან ვართ დამოკიდებული დასავლეთზე. არა მხოლოდ ნავთობსადენისა და საგზაო დერეფნის გამო, ბოლოს და ბოლოს, ამერიკული ფინანსური დახმარებით გვიდგას სული, ჩვენი ეკონომიკა შავ დღეშია, საზღვრები რომ ჩავკეტოთ, ერთ კვირაში ქვეყანა დაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე გვიმტკიცებენ, თითქოს ავშენდით და ჩვენი სოფლის მეურნეობა აყვავების გზაზეა. მე საქართველოში კმაყოფილი ოჯახი არ მინახავს, წარმოგიდგენიათ, გივი თარგამაძის ოჯახიც კი წუწუნებს. ისე, რატომ იქნება კმაყოფილი, უკრაინაში "გაკრიჭეს", იომა თავისი ქონებისთვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა... გივის ბიზნესს დიდი პრობლემები შეექმნა უკრაინაში.

 

ზუსტად ვიცი, რომ გივი თარგამაძეს კიევის ცენტრში, კრეშჩატიკზე ჰქონდა მაღაზიები. გამაგებინოს ვინმემ, რატომ უნდა ჰქონოდა ჩვენს დეპუტატს ბიზნესი უკრაინაში?! კაცს, რომელიც ერთ დროს სულ ფულს სესხულობდა და დაბრუნება მაინცდამაინც დიდად არ უყვარდა, ჩემი ასი დოლარი დღესაც მართებს.

 

 

 

”ყველა სიახლე” 20-02-2010

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...