lasha_alo Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2010/5/misho-copy-2.jpgუცნაური ქვეყანაა დღევანდელი საქართველო. დღევანდელს შეგნებულად ვამბობ, რადგან წარსულში ხმალი და გუთანი გვეჭირა ხელში და ის მაინც არ გვეშლებოდა, რომ ჩვენი საომარი ჩვენ უნდა გვეომა და სარჩოც ჩვენი შრომით მოგვეპოვებინა. დღეს ვიღაც გადმოგვიგდებს დახმარებას და დედაქალაქში ქუჩებს ვუხსნით; ვიღაც ერთხელ "შეშფოთდება" და საქართველოს ეროვნული გმირის და წმინდა გიორგის ორდენებით ვაჯილდოებთ(?!); ზოგს ფიანდაზად ვეგებით, ზოგსაც ხელის ბიჭად ვუდგებით... ამ ქვეყნის მატიანის გადაშლა არავის უნდა, თორემ იქ ვერსად ამოიკითხავთ, რომ ოდესმე(!) ვინმეს ჩვენი გულისთვის თავი გადაედოს. ყველას ეს პატარა საქართველო მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდება. ჩვენ კი ვცხოვრობთ მითებით და ლეგენდებით და ღრუბლებში დავნარნარებთ - ამას ვიზამ, იმას ვიზამ, აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამო... ძირეულზე, იმ პრიორიტეტებზე ფიქრიც კი არავის უნდა ხელისუფლებაში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართველი კაცისთვის. აგერ ახლა - სვანეთში სათხილამურო ტრასები უნდა ავაშენოთ და კოშკებზე საბაგიროები გავჭიმოთო(?!). ჰოდა, ასე სრიალ-სრიალით ჩავქანდებით კიდეც უფსკრულში(!). არა, თან იმასაც რომ გვეუბნებიან: - ეს უცხოელ მომხმარებელზეა გათვლილი და ქართველების დიდი უმრავლესობა ამ სიამოვნებას ვერ შესწვდებაო(?!)... სწორედ მაგ ჭკუაზე არიან სვანები და დანარჩენი ქართველობა, ფარეშებად დაუდგნენ გადამთიელებს და დარჩენილი ცხოვრება "პოდნოსებით" და ოფიციანტების უნიფორმაში გამოწყობილებმა ირბინონ(?!). იქ - სათხილამურო ტრასა, აქ - საციგურაო მოედნები, სასტუმროები, ბუნგალოები, ღამის კლუბები... ბათუმი პარიზი გახდება, ფოთი - ბოდრუმი, მცხეთა - ლას-ვეგასი, მესტია - კალგარი და გურჯაანი კიდევ მონტე-კარლო... კომფორტი და კარგი ცხოვრება ვინ მამაძაღლს არ უხარია, მაგრამ მამაცხონებულებო, ამოდენა რამერუმეების ასაშენებელი ფული თუ გაქვთ, რაც მართლა სჭირდება ამ ქვეყანას, იმაში ჩადეთ და მოახმარეთ, რაღა! რამდენი ხანია გავიძახით, კატასტროფულად მძიმე დღეშია ჩვენი დემოგრაფია და გამოიფხიკეთ ყურები, ვილევით და ვჩანაგდებით ქართველები, საამისოდ გაიმეტეთ ფული და გულიო, მაგრამ ჩვენი უწმინდესი პატრიარქის გარდა ვინმემ იზრუნა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? გადახვეწილ-გადაკარგული რომ არის ნახევარი საქართველო ლუკმა-პურის სამათხოვროდ, მათზე ვინმეს ეტკინა გული? გლეხი რომ სულს ღაფავს და მიწათმოქმედების ქვეყანაში მიწისკენ გახედვაც კი აღარავის უნდა, ამაზე ფიქრობს ვინმე? ამდენი დაუქორწინებელი და გასათხოვარი ქართველი რომ დადის, როგორ გგონიათ, მათ სატკივარს სათხილამურო ტრასები უშველის? უსახსრობისა და გაჭირვების გამო ოჯახები ვერ შეუქმნიათ და ვერ მრავლდებიან, ერი ბერდება, სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს და ამ შავ დღეში ჩავარდნილ ხალხს სცხელა ახლა უშბის კალთებზე სასრიალოდ?ისე ხომ აკლდა და აკლია ამ გატანჯულ ქვეყანას ქართული სიკეთით გადამთიელთა დაკმაყოფილება და ახლა სრული "ბედნიერებისთვის" ციგურებზე და თხილამურებზე შედგომაღა დაგვრჩა ყველას?.. არა, იმის თქმაც რომ არ გვავიწყდება - ყველაზე მაგარი კურორტები გვექნებაო, მსოფლიოში მათ ანალოგს ვერ იპოვითო... ერთი ეს ჩვენი აეროპორტია "ყველაზე მაგარი", ნიავის წამოქროლებაზე რომ სახურავში "უქრის" და ეს გრანდიოზული პროექტებიც ასეთივე "ბრწყინვალებით" თუ გავაკეთეთ, დავეწევით და გავუსწრებთ მსოფლიოს, აბა, რას ვიზამთ(!).. უცნაური ქვეყანაა საქართველო-მეთქი, ვახსენე წერილის დასაწყისში. მგონი, უცნაურზე მეტიცაა. აბა, სხვა რომელ ქვეყანაში გინახავთ და გაგიგიათ, რომ განათლების მინისტრი სასწავლებლად იგზავნებოდეს, გუბერნატორი "ოდნოკლასნიკებში" გაცნობილი "ნაშების" "ასარჩევად" და დამკვირვებლად დადიოდეს, პოლიციელი ქუჩაში პრემიერ-მინისტრის მოადგილეებს აჭიტლაყებდეს, საქმეგამოლეული ხელისუფლების წევრი შოუებსა და სერიალებში არტისტობდეს, დეპუტატი კი მარტოოდენ პულტის მიჭერისაგან დაკოჟრილ თითებში ოთხნიშნა ჰონორარს "იპაჭკავდეს"(?!). ამის შემდეგ გჯერათ, რომ დემოგრაფიისა და სოფლის მეურნეობის პრობლემებს (და კიდევ არაერთ საქვეყნო საჭირისუფლო საქმეს) გაჭიტლაყებული მოხელეები გადაგვიწყვეტენ?.. P.S. "დამპალო რობერტა" ხომ გახსოვთ ქართულ ფილმში "ბანდიტი აგურის ქარხნიდან"? სწორედ ის, მართლა მაგარი ნაცემი და ნაჭიტლაყარი, იხტიბარს რომ არ იტეხდა და მღეროდა, - "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო". იმდენი ჭკუა მაინც გვეყოს, ეს გაუთავებელი ბაქიბუქი მოვიშალოთ, მიწაზე დავეშვათ და მართლა სადაც სტკივა ჩვენს სამშობლოს, იქ ვუწამლოთ, თორემ ჩვენი უტვინობით მარტო ცემას ვიღა ჩივის, ყველა ისევე აგვიგდებს მასხრად, როგორც ზემოთ ნახსენებ ფილმში თქვა მოსამართლე ბეჟანამ "დამპალო რობერტაზე": "ღირსი იქნებოდა, ხო იცით თქვენა!.."ზვიად სეხნიაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.