Jump to content
Planeta.Ge

ნეოკონსერვატორული საგარეო პოლიტიკა


Recommended Posts

ნეოკონსერვატორული საგარეო პოლიტიკა

გიორგი ცხადაია,

 

არაპრაგმატულ, „იდეალებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა", პატარა და სუსტი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოსთვის დიდი საფრთხის შემცველია.

 

საქართველოს ხელისუფლების შიდა პოლიტიკური იდეოლოგიის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი საგარეო პოლიტიკურმა კონცეფციამ, რომელსაც აქ „ნეოკონსერვატიზმად" მოვიხსენიებთ. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ტერმინს არ ვიყენებთ საგარეო პოლიტიკური მოძღვრების ზუსტად იმ მოდელის დახასიათებისთვის, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა ირვინგ კრისტოლსმა ჩამოაყალიბა. ბუშის საგარეო პოლიტიკის ადვოკატები, როგორც წესი, აპროტესტებენ ხოლმე საკუთარი თავის ამ ტერმინით დახასიათებას, რადგან თვლიან, რომ ზოგიერთ საკითხში მათი შეხედულებები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ადამიანების შეხედულებებისგან, რომლებსაც ისინი ნამდვილ ნეოკონსერვატორებად თვლიან. იმისათვის, რომ ტერმინმა დაბნეულობა არ გამოიწვიოს, თავიდანვე განვმარტავ, თუ ვის ვგულისხმობ „ნეოკონსერვატორებში", შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას მოცემულ ჩარჩოში განვიხილავ.

 

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, რომლებმაც მთელი ამერიკის შეერთებული შტატები შეძრა, ამერიკულ საზოგადოებაში გაიზარდა მხარდაჭერა ისეთი საგარეო პოლიტიკური კონცეფციის მიმართ, რომელიც კონცენტრირებული იქნებოდა ტერორისტების და ამერიკის მტრების დასჯაზე. სწორედ ასეთი აღმოჩნდა პრეზიდენტ ბუშის და რესპუბლიკური პარტიის მაშინდელი პლატფორმა, რომელმაც გლობალურ ტერორიზმს ომი გამოუცხადა და მსოფლიოს სამი ავტორიტარული ქვეყანა ამერიკის წინააღმდეგ „ბოროტების ღერძის" წარმოქმნაში დაადანაშაულა. ეს ქვეყნები - ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ერაყი, ბუშის წარმოდგენით, ეხმარებოდნენ ტერორისტებს მთელ მსოფლიოში და ეძებდნენ გზებს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად. თუმცა, ერაყის დაპყრობის შემდეგ დამტკიცდა, რომ სადამ ჰუსეინს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონდა და არც მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა. მიუხედავად ამისა, ამერიკის მოსახლეობის ნაწილი ამ მარტივი კონცეფციის ერთგული დარჩა, ვიდრე არ გამოაშკარავდა ის პრობლემები, რომლებიც ამერიკის ჯარს ერაყსა და ავღანეთში შეექმნა; ასევე, გართულდა ურთიერთობა ირანთან, რუსეთთან, ევროპასა და ჩინეთთანაც. შედეგად, ამერიკაში ბევრი დაფიქრდა მსგავსი რიგიდული კონცეფციით გამოწვეულ პრობლემებზე და არჩევნებზე მხარდაჭერა მისგან სრულიად განსხვავებულ, ბარაკ ობამას პროგრამას გამოუცხადეს. მიუხედავად ამისა, ბუშის დოქტრინა, რომელიც გულისხმობდა პრეემფციული ომის წარმოებას მტერი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამერიკული სამხედრო ძალით უნილატერალურ მოქმედებას დემოკრატიის გასავრცელებლად, დღემდე რჩება მსოფლიოში ბევრი საგარეო პოლიტიკური დოქტრინის თავისთავად ნაგულისხმევ ელემენტად. ამერიკის მეგობარ ქვეყნებში, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინასა და საქართველოში, ჩამოყალიბდა წარმოდგენა ამერიკული სამხედრო ჰეგემონობის დაუსრულებელ შესაძლებლობებსა და დემოკრატიული იდეალებისთვის სამხედრო გზით ბრძოლის აუცილებლობაზე.

 

ნეოკონსერვატიზმის ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები, იმის გარდა, რომ იზიარებენ ბუშის დოქტრინის ძირითად დებულებებს, თვლიან, რომ საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს დემოკრატიულმა ჰეგემონმა, ანუ აშშ-მ, არ უნდა მიიღოს მხედველობაში ის გეოპოლიტიკური სიძნელეები, რომელიც მას მიზნის მიღწევის გზაზე ხვდება და საკუთარი თავი მსოფლიოს სახელმწიფოების ისეთ გლობალურ მორალურ მსაჯულად უნდა გამოაცხადოს, როგორადაც მაგალითად რომელიმე სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები აცხადებენ ამ ქვეყნის ტერიტორიის საზღვრებში. მსგავსმა ნაივურმა წარმოდგენამ, თუ გავითვალისწინებთ ამერიკის უზარმაზარ სამხედრო პოტენციალს, შესაძლოა, ამერიკის მეგობარი ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში გააჩინა ერთგანზომილებიანი, „კეთილი და ბოროტი" ტიპის, მოუქნელი საგარეო კონცეფციების წარმოქმნის წინაპირობა. „კეთილი და ბოროტი" ტიპის რიტორიკა თავად ამერიკის პრეზიდენტისგან მოდიოდა: ის ამბობდა, რომ ახლო აღმოსავლეთში (ინგლისურად, "შუა აღმოსავლეთში", Middle East) კონფლიქტების მოსაგვარებლად ტერორისტების განადგურება და დემოკრატიის გავრცელებაა საჭირო. ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევისთვის კი ყოველგვარი საშუალება გამართლებული იქნებოდა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაღვევაც კი.

 

საქართველოში ბუშის პოლიტიკა მმართველმა წრეებმა მომგებიან გამოწვევად აღიქვეს და „ვარდების რევოლუციის" შემდეგ დემოკრატიის გავრცელების საქმეში საქართველოს მთავრობა აშშ-ს უმცროსი პარტნიორი გახდა. რუსეთის „ცივი ომის" პერიოდიდან შემორჩენილი „ბოროტების იმპერიის" იმიჯი ნეოკონსერვატორებისთვის კიდევ ერთ ფუნქციურ ელემენტად იქცა მსოფლიოს ახალი ამერიკული წესრიგის დოქტრინის შესავსებად. პრეზიდენტ ბუშისთვის რუსეთის ბუნებრივი რესურსები ამ ქვეყანაზე მორალური წნეხის შემცირებისთვის ერთგვარ მიზეზად რჩებოდა. წამყვან პოლიტიკურ წრეებში მალე უფრო რადიკალური შეხედულებებიც გაჩნდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ მაკეინმა ნეოკონსერვატორიზმის იდეალურ მოდელთან მიახლოებული პოზიცია დაიკავა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებასაც კი გულისხმობდა. სწორედ მაკეინი გამოვიდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით აგვისტოს ომის დროს და, გავლენიანი დასავლური გამოცემების ცნობით, სწორედ ის ელაპარაკა პრეზიდენტ სააკაშვილს აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

 

საქართველოს ხელისუფლებაში ბუშის მეორე ვადის დაწყებისთანავე აგრესიული საგარეო პოლიტიკის კურსი აიღეს. განუწყვეტლივ ისმოდა სამხედრო შეიარაღების გაძლიერებისა და სამხედრო მორალის ამაღლების მოწოდებები ახლად დაფუძნებულ თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „საქართველოზე". სამხედრო მილიტარისტული პროპაგანდა განსაკუთრებით გაძლიერდა კოდორის ხეობის დაკავების შემდგომ. 2008 წლის იანვრიდან კი საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა თემურ იაკობაშვილი, რომელიც იქამდე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი იყო. იაკობაშვილი, ისევე როგორც „თავისუფლების ინსტიტუტის" გამგეობის თავმდჯდომარე, ლევან რამიშვილი იდეოლოგიურად ბუშის დოქტრინის მხარდამჭერები არიან. რთულია ვისაუბროთ ხელისუფლებაზე რამიშვილის პოლიტიკურ გავლენებზე, მაგრამ იაკობაშვილი მინისტრად დანიშვნის შემდგომ ნეოკონსერვატორული საგარეო პოლიტიკური კონცეფციის ერთ-ერთ ორგანულ რგოლად იქცა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ წრეებში ამის შემდგომ ნეოკონსერვატორული იდეოლოგიური განწყობები, როგორც არასდროს, ისე გაძლიერდა. იქამდე კი, 2005 წელს საქართველოს ხელისუფლება აღებული კურსის სისწორეში თავად პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლამ დაარწმუნა. ყველა პირობა უწყობდა ხელს იმას, რომ საქართველოს მაღალი პოლიტიკური წრეები დარწმუნებულიყვნენ ორ რამეში: პირველი, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს, როგორც „დემოკრატიის შუქურის" მიმართ, ურყევი იქნებოდა, და მეორე, რომ კონფლიქტის უნილატერალური მოგვარება რჩებოდა ერთადერთ სწორ გზად მოცემულ საერთაშორისო ვითარებაში.

 

არჩევნებში მაკეინის დამარცხების და აგვისტოს ომში საქართველოს მიერ განცდილი მარცხის მიუხედავად, პრეზიდენტი სააკაშვილი ჯიუტად განაგრძობდა ამერიკელი „ნეოკონების" (იგივე „ნეოკონსერვატორები") მხარდაჭერის მოპოვებას. მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 11 აპრილის ჟურნალ „ნიუსვიქთან" ინტერვიუში განაცხადა: „მე ვესაუბრე მას (პრეზიდენტ ბარაკ ობამას-გ.ც.). პრობლემა ჩვენში არ არის - პრობლემა მათ საშინაო პოლიტიკაშია. ჩვენ გავხდით ინტეგრირებული ამერიკის საშინაო პოლიტიკაში. ძალაუფლების ცვლილებების პერიოდში ამერიკაში იყო გარკვეული ტიპის ვაკუუმი ჩვენთან დაკავშირებით. არავინ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილება მიეღო საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა, საფრანგეთის ჩათვლით, ელოდებოდა ობამას მითითებებს. მე ვაღმერთებ ამერიკულ იდეალებს. ჩემი იდეალი იყო ამერიკა ბუშის ეპოქაში, როდესაც იდეები პრაგმატულ პოლიტიკაზე მაღლა იდგა. ახლა სხვა დრო დადგა, როდესაც პრაგმატული პოლიტიკა ცვლის იდეებს. ამან, შესაძლოა, ის ამერიკა გააფუჭოს, რომელსაც მე ვიცნობდი".

 

ინტერვიუდან ჩანს, რომ თავად სააკაშვილის საგარეო პოლიტიკური კონცეფცია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ნეოკონსერვატორულ იდეალებთან, რომლებიც ფაქტობრივად ამერიკის სამხედრო ძალის პრიმატსა და „დემოკრატიის გავრცელების" ბუნდოვან მისიას მოიცავს. შედეგად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონცეფცია სწორედ დემოკრატიის გავრცელებისა და "ბოროტების იმპერიასთან" ბრძოლის ლოზუნგებით ჩამოყალიბდა. „იდეალებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა", პატარა სახელმწიფოსთვის და მთლიანი რეგიონისთვის, ბუნებრივია, რომ დიდი საფრთხის შემცველია. არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნის, ამერიკის პოლიტიკაც, ობამას არჩევასთან ერთად, უფრო პრაგმატული და რეალობის მეტ-ნაკლებად ადეკვატური გახდა.

არაპრაგმატულმა საგარეო პოლიტიკურმა იდეებმა და აბსტრაქტულმა მიზნებმა არაერთხელ აჩვენა, რომ შესაძლოა, ამან მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ, ამერიკაში პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ხშირად - "ლიბერალურს", ხისტსა და რიგიდულს კი „ნეოკონსერვატორულს" უწოდებენ ხოლმე. საგარეო პოლიტიკაში ლიბერალიზმის ნაკლებობა ხშირად საშინაო პოლიტიკაში გაძლიერებულ ავტორიტარიზმშიც გამოიხატება. მაგალითად, ბუშის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს მოჰყვა ამერიკაში ე.წ. „პატრიოტთა აქტის" მიღება, რომელმაც ზოგიერთი ფუნდამენტური სამოქალაქო თავისუფლება შეზღუდა. დემოკრატიის ნაკლები ტრადიციის მქონე პატარა საქართველოში კი გაუთვალისწინებელ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს შეიძლება გაცილებით უფრო დრამატული შედეგები მოჰყვეს საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის.

http://liberali.ge/node/1163

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ამას რა წაიკითხავს, ხო კაი წავიკითხავ:

 

დემოკრატიის ნაკლები ტრადიციის მქონე პატარა საქართველოში კი გაუთვალისწინებელ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს შეიძლება გაცილებით უფრო დრამატული შედეგები მოჰყვეს საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის.

მტავარი ალბათ ეს არის, მაგრამ ამერიკა აღმოაჩინა ვითომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

გიორგი ნამდვილად საინტერესო პიროვნებად ყალიბდება. ერთი პერიოდი ქონდა თავისებური ბავშვური აგრესია,მაგრამ აშკარად გაიზარდა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ გულწრფელ სიმპათიას ამ იუზერის მიმართ.

გიორგი ანუ მოდუსი ანუ კრიტიკოსი ანუ ყოფილი მარად ოდიოზური. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...