Jump to content
Planeta.Ge

საქართველო - "დემოკრატიის უნივერსიტეტი" კავკასიაში?


Recommended Posts

ვალერი ძუცევი,

 

მოდერნიზებული, დემოკრატიული პროექტის შეთავაზებით საქართველოს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს რუსულ იმპერიულ პოლიტიკას კავკასიაში.

 

ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი

როდესაც სიტყვა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ჩამოვარდება, პირველ რიგში იგულისხმება შეურიგებელი ანტაგონისტები, ბრძოლა საერთაშორისო თუ შიდა საზოგადოებრივი აზრისთვის.

 

მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, კავკასიაში, შესაძლოა, გაჩნდეს პოზიტიური კონკურენცია რუსულ იმპერიულ პოლიტიკასა და ქართულ ანუ ქართულ-დასავლურ რეგიონულ დემოკრატიულ პროექტს შორის.

 

კავკასიაში რუსეთი რომ იმპერიულ პროექტს ახორციელებს, ამის დასტურად 2008 წლის მოვლენები გამოდგება: აგვისტოს ომი, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და, რაც მთავარია, მოსკოვსა და ამ ორ ტერიტორიას შორის ვასალური კავშირი.

 

ბოლო დროს გაჩნდა იმის ნიშნები, რომ საკუთარი ალტერნატიული პროექტით რეგიონში შესვლას საქართველოც აპირებს. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ადასტურებს ისიც, რომ იანვრიდან მაუწყებლობას დაიწყებს ახალი ქართული რუსულენოვანი ტელეარხი, რომელიც თანამგზავრის მეშვეობით მთელ კავკასიას დაფარავს. განვითარებად ქვეყნებში, სადაც მედია ჯერჯერობით მომგებიან ბიზნესად ვერ იქცა, ტელევიზიებს ტყუილად არავინ ქმნის. გავიხსენოთ იგივე ქართული პროექტი - ტელეკომპანია "ალანია", რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები ჰქონდა. ახალი ტელევიზიის გახსნის სურვილი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მზარდი ინტერესი აქვს კავკასიის რეგიონის, მათ შორის, მისი ჩრდილოეთ ნაწილის მიმართ.

 

რუსეთის იმპერიული ინტეგრაციული პროექტი, პირველ რიგში, გულისხმობს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში სამხედრო ძალისთვის არაპროპორციულად დიდი მნიშვნელობის მინიჭებას, მცირე პარტნიორებთან ურთიერთობაში მკაცრ დიქტატსა და მათგან უსიტყვო მორჩილებას. ასევე, ურთიერთობათა მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ვერტიკალის აგებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო პარტნიორებთანაც. დამოკიდებული ტერიტორიების თვითმყოფად, წარმატებულ განვითარებას ეს პროექტი არ ითვალისწინებს.

 

ინტეგრაციის ქართულ ვარიანტში, რომელსაც თბილისი აგვისტოს ომამდე გვთავაზობდა, რუსულთან ბევრი მსგავსების მოძებნა შეიძლებოდა.

 

ცხადია, კავკასიის იმპერიული მოწყობის რუსული გეგმა გაცილებით ფართომასშტაბიანი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების პროექტი სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამორჩილებასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში ორი იმპერიული გეგმა ერთმანეთს შეეჯახა და თბილისის გეგმამ მოსალოდნელი მარცხი იწვნია.

 

დღეს საქართველოს, განვითარების ალტერნატიული მოდელის შეთავაზების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩა.

 

კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება უნიკალურია თავისი ჩიხურობითა და ამავდროულად პოლიტიკური პლურალიზმით. რუსეთი ორი ასწლეულის მანძილზე ასე თუ ისე სრულად აკონტროლებდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას. ხოლო უკანასკნელ წლებში რეგიონში გაჩნდა ერთადერთი ქვეყანა - საქართველო, რომელმაც რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვა რუსეთისგან. ის გახდა ტერიტორია, რომელზეც რუსეთს უპრეცედენტოდ მწირი გავლენა აქვს, განსაკუთრებით კი - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წართმევის შემდეგ.

 

კავკასიის ისტორიაში მანამდეც ყოფილა პერიოდები, როცა რეგიონის ნაწილი ან მთლიანად რეგიონი ერთდროულად რამდენიმე იმპერიის გავლენის ქვეშ არსებობდა. თუმცა, აქამდე კავკასიაში არასოდეს შემოსულა მოთამაშე, როგორიცაა აშშ ან ევროკავშირი, რომლებიც თავიანთ კავკასიელ მოკავშირეებს არა მხოლოდ გაუგონარ საგარეო და შიდაპოლიტიკურ თავისუფლებას აძლევენ, არამედ მოითხოვენ და მოელიან კიდეც მათგან მათივე მოქალაქეების უფლებების გაზრდას.

 

მოვლენათა ამგვარ განვითარებას კავკასიაში დემოკრატიული და იმპერიული ინტეგრაციული პროექტების გარდაუვალი კონკურენცია უნდა მოჰყვეს. რატომ ინტეგრაციული? რადგან დღეს უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა, რომ მცირერიცხოვან კავკასიელ ხალხებს დამოუკიდებელი ეკონომიკური არსებობა არ შეუძლიათ და თვით მრავალრიცხოვანი კავკასიელი ხალხებიც ერთმნიშვნელოვნად მეტს მოიგებენ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით. გარდა ამისა, პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძნელად წარმოსადგენია კავკასიელი ერებისთვის მშვიდობიანი თანაარსებობა ამა თუ იმ ინტეგრაციული ინსტიტუტების გარეშე.

 

კავკასია, განსაკუთრებით კი მისი ჩრდილოეთი ნაწილი, სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან, მათ შორის - გარკვეულწილად რუსეთის ფედერაციისგანაც. ამდენად, სხვადასხვა ინტეგრაციული პროექტი კავკასიაში ბევრ სიახლეს მოიტანს.

 

კავკასია უმნიშვნელოდაა ჩართული შრომის განაწილების საერთაშორისო სისტემაში, ასევე ნაკლებად განვითარებულია რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციაც. ეს საკითხები დიდხანს ვერ დარჩება გადაუჭრელი. მოსკოვსაც კი, რომელიც შეგნებულად ცდილობს, იზოლაციაში ამყოფოს ჩრდილოეთი კავკასია, ამ მხრივ რაღაცის გაკეთება მოუწევს.

 

პერმანენტული არასტაბილურობა სამოქალაქო ომის ელემენტებით - ასე შეიძლება დავახასიათოთ სიტუაცია, რომელიც დღეს ჩრდილოეთ კავკასიაშია შექმნილი. ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პოლიტიკური თავისუფლება დაახლოებით იმ პერიოდს შეესაბამება, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ტოტალიტარიზმი ყვაოდა. თანაც ხელისუფლების მხრიდან გაუთვალისწინებელი ქმედებების ალბათობა მაშინდელზე გაცილებით მაღალია.

 

თუ საბჭოთა ეპოქაში დისიდენტების ბედს კანონი წყვეტდა - მათ ციხეებში სვამდნენ ან ქვეყნიდან ასახლებდნენ, დღევანდელ რუსეთში, კანონმდებლობის დონეზე განსხვავებული აზრის ქონა და პოლიტიკური პლურალიზმი დაშვებულია. თუმცა, ამავე დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში მოღვაწე ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებსა და არატრადიციული ისლამის მიმდევრებს უბრალოდ კლავენ. მკვლელობები რეგულარულია და მათ არავინ იძიებს.

 

ასეთ ვითარებაში, საქართველო რეალურად შეიძლება გახდეს რეგიონის დემოკრატიული ძალებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. ოღონდ იმ პირობით, თუ საქართველოს მთავრობა შეგნებულად და ღიად იტყვის უარს იმპერიულ პროექტზე და არჩევანს დემოკრატიული რეგიონული განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს. თანაც, არა მარტო დეკლარაციულად, არამედ მთელ რიგ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც გადადგამს.

 

პირველ რიგში, საქართველო თავად უნდა გახდეს უახლოესი მეზობლებისთვის პროგრესული განვითარების მისაბაძი მაგალითი.

 

პოტენციურ კონკურენტებს - რუსეთს და საქართველოს სრულიად განსხვავებული და ძალზე არათანაბარი საწყისი პირობები აქვთ. რუსული იმპერიული პროექტი კავკასიაში ასწლეულების მანძილზე დამკვიდრებული ცხოვრების წესია, სუზერენსა და ვასალებს შორის მკაფიოდ გაწერილი ქცევის ნორმებით.

 

რაც შეეხება წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და ღია სამოქალაქო საზოგადოების იდეებს, ეს ყველაფერი რეგიონის ელიტისთვისაც კი სრულიად უცხო ხილია.

 

მართალია, საქართველოსა და რუსეთის კონკურენციაზე საუბარი ვინმეს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, მათი ძალზე არათანაბარი რესურსების შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, თბილისს მაინც აქვს შანსი, გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს; კერძოდ, რუსეთს დღეს ჩრდილოეთ კავკასიის მოდერნიზაციის არავითარი პროექტი არ გააჩნია; საქართველოს კი აქვს ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ავად თუ კარგად ხორციელდება და შედეგებიც მოაქვს.

 

ცხადია, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოშიც ჯერ კიდევ ძალიან სუსტადაა განვითარებული, მაგრამ თუკი ის ამ მიმართულებით კავკასიელთა მხარდაჭერასა და სწავლებას ითავებდა, იქნებ თვითონაც უკეთ აეთვისებინა "დემოკრატიის გაკვეთილები".

 

საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც არ აკეთებს რუსეთი - მაგალითად, გახსნას თავისი საზღვრები რუსეთის მოქალაქეების უვიზო გადაადგილებისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის საინფორმაციო ნაკადის გაფართოებას, ჩრდილოეთ კავკასიაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რასაც მოსკოვი შეგნებულად თრგუნავს. საქართველოს მართლაც აქვს შანსი ალტერნატივა შესთავაზოს ჩრდილოეთ კავკასიას და რეგიონისთვის ერთგვარ "დემოკრატიის უნივერსიტეტად" იქცეს. ამ შანსის გამოყენება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

 

არავის აქვს იმის ილუზია, რომ ქართული პროექტი, რომელიც ჯერ არც კი დაწყებულა, ერთ ან ორ წელიწადში გაუგონარ შედეგებს მოიტანს. ცხადია, თუ ამ პროექტმა იმუშავა, იგი მხოლოდ გრძელვადიან შედეგებზე უნდა იყოს გათვლილი. არც იმის მოლოდინი აქვს ვინმეს, რომ ზემოთ აღწერილი კონკურენტული პროექტი მოსკოვს თვალში მოუვა. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდან თითოეული ხელისშემშლელი ნაბიჯი შეიძლება მისსავე საწინააღმდეგოდ გამოდგეს. რუსეთსა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს შორის ასეთი თუნდაც არათანაბარი კონკურენცია შეიძლება თანდათანობით კავკასიის დემოკრატიული ევოლუციის საფუძველი გახდეს. აშკარაა, რომ ასეთი ევოლუცია არა მარტო საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების გადაჭრას გააიოლებდა, არამედ - რეგიონის სხვა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასაც. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ ყველა მხარე დაინტერესებული უნდა იყოს კავკასიის რეგიონის არაძალადობრივი, მოდერნიზაციული ტრანსფორმაციით.

 

http://liberali.ge/node/1003

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...