lasha_alo Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვლება - ის უფრო თავშეკავებული და პრაგმატული გახდება. საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც საკუთარ თავზე გამოცდის უკრაინის ამ ნეორაციონალიზაციას.76ნოემბრის დასაწყისში უკრაინის წინასაარჩევნო კამპანია ძლიერ შეკვეცილია "კალიფორნიული გრიპის" გამო - რეგიონებში დაგეგმილი მიტინგები გადაიდო, დედაქალაქში აღარ ტარდება საპროგრამო ღონისძიებები. ამომრჩეველთათვის ამას აშკარად აქვს თავის პლუსები: ყველა საინფორმაციო საშუალება და კომენტატორი მეტ-ნაკლებად ობიექტურ საკითხზე მსჯელობს - როგორ დაამარცხონ ეპიდემია. არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში რიგით მეორე მსხვილი წინასაარჩევნო პიარ-სკანდალი გორდებოდა - "არტეკის" პედოფილების საქმე "ყირიმში ისლამურ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ საქმეს" უნდა შეეცვალა. შემოქმედებითად ძუნწმა და სიბინძურით სავსე საპრეზიდენტო კამპანიამ უკვე გამოავლინა თავისი მთავარი თვისება: ამ არჩევნებზე მხოლოდ შიდაპოლიტიკური თემებია აქტუალური. კანდიდატები ერთმანეთს არ აცლიან, ამომრჩეველს კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი სტრატეგია შესთავაზონ, ერთმანეთს პოპულიზმს უკრიტიკებენ, საკუთარ თავს კი ძლიერ ლიდერებად და ეფექტურ მენეჯერებად წარადგენენ. საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე პრეტენდენტთათვის 2009 წლის დასასრულს მხოლოდ ორი თემა არსებობს - რუსეთი და ევროკავშირი; თანაც კამპანიის ფავორიტები (იანუკოვიჩი - ტიმოშენკო - იაცენიუკი) ამომრჩეველს მეტ-ნაკლებად ერთგვაროვან ფორმულას სთავაზობენ, "ევროინტეგრაციის გაგრძელება და მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება". უკრაინის ნატო-ში შესვლის საკითხი კი სამომავლოდაა გადადებული - როგორც ალიანსის მოწინააღმდეგეების, ასევე - მისი მომხრეების მხრიდან. ვიქტორ იანუკოვიჩისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობაა. მას რუსეთის ხელისუფლების ტრადიციული და გაცხადებული მხარდაჭერა აქვს და ამას არათუ მალავს, არამედ ეამაყება კიდეც. თუმცა, ამავდროულად, პრო-რუსული ორიენტაციის ოპოზიციის ლიდერს არც ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო აქვს რამე. პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო კი ცნობილია გულთბილი დამოკიდებულებით ევროპის სახალხო პარტიისადმი, კერძოდ კი ფრანგი მემარჯვენეებისადმი. ტიმოშენკო ევროკავშირში მაღალ დონეზეა მიღებული. იულია ვლადიმიროვნას რიტორიკაში ტრადიციულად განსაკუთრებულადაა გამახვილებული ყურადღება ევროპული უსაფრთხოების სისტემაზე და არასოდეს არაფერია ნათქვამი ნატო-სთან დაკავშირებით. დეპუტატმა და პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა არსენ იაცენიუკმა, რომელიც წინასწარი გამოკითხვების შედეგებით იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა მესამე ადგილს მყარად ინარჩუნებს, ოქტომბერში გაახმოვანა აღმოსავლეთ ევროპის მოწყობის მისეული ხედვა. იაცენიუკს ნატო-ს საპირწონე ინტეგრაციული გაერთიანების პროექტი აქვს, რომლის მამოძრავებელი ძალა დიდი უკრაინა გახდება, დანარჩენი ქვეყნები კი თავადვე დაიწყებენ თხოვნას ამ გაერთიანებაში მოსახვედრად. ოღონდ, იაცენიუკს არ აქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე - მაინც რით უნდა მიიზიდოს მეზობლები მისმა "უკრაინამ, როგორც ავსტრო-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრემ". მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ერთადერთია, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ წელსვე მოხდეს გარღვევა საგარეო პოლიტიკაში. ასეთი გამარჯვება მას საკუთარი პოპულარობის რეიტინგის ამაღლებასა და ფავორიტების სამეულთან მიახლოებაში დაეხმარებოდა. თუკი იუშჩენკოს მმართველობის წლებში ურთიერთობათა მიზანმიმართულ "გაციებას" გავითვალისწინებთ, რუსეთის მიმართულებით ასეთი გარღვევის ახლა მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც პრეზიდენტმა პრიორიტეტად დასავლური მიმართულება აირჩია, და უკვე ზედიზედ რამდენჯერმე წინასწარ მოიწონა თავი უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმებით, რომელსაც, მისი თქმით, ხელი დეკემბერში მოეწერება. თუმცა, ოქტომბრის შუა რიცხვებში ევროკომისიის ხელმძღვანელთან ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრისას ვიქტორ იუშჩენკომ მისთვის არცთუ ოპტიმისტური რჩევა მოისმინა - კონკრეტული მიღწევებით დაკმაყოფილებულიყო და თავი შეეკავებინა "არარეალისტური ანონსებისგან". მას შემდეგ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება უახლოესი მომავლის გეგმის ნაწილი აღარაა. დღეს უკრაინის საგარეო პოლიტიკა მისი საშინაო პოლიტიკის მძევლად რჩება. ქვეყანაში საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების რამდენიმე ცენტრია: პრეზიდენტის - ეროვნული უშიშროების საბჭო და სამდივნო, ვიცე-პრემიერის ევროინტეგრაციის ბიურო და პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფი რელევანტური პროფილის სამინისტროები. პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთდაპირისპირების გამო, დიპლომატებს ძალიან შეზღუდული სივრცე რჩებათ მანევრირებისთვის: ტიმოშენკო არაერთხელ შეხვედრია უცხოელ კოლეგებს ისე, რომ საელჩოების წარმომადგენლები არ მიუწვევია, იუშჩენკო კი დიპლომატებისგან მოითხოვდა, სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში მთავრობის მეთაურის მავნებლური პოლიტიკის შესახებ განმარტებითი საუბრები ჩაეტარებინათ. ნათელია, რომ ვიდრე ქვეყანაში კონსოლიდირებული სახელმწიფოებრივი პოზიციები არ არსებობს, საგარეო პოლიტიკის ეფექტურად წარმართვა შეუძლებელია. "ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ, დღეს უკვე ევროკავშირთან ჩვენი წევრობის პერსპექტივას განვიხილავდით, 99%-ით დარწმუნებული ვარ", - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევროკავშირის დიპლომატთათვის მოლაპარაკებათა მკაცრი სტილით ცნობილი კონსტანტინ ელისეევი. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ უცნობია, უკრაინის საგარეო პოლიტიკის შემდგომი მიმართულება უკვე გამოკვეთილია. "პრეზიდენტობის კანდიდატი და პრეზიდენტი - ეს ორი სრულიად განსხვავებული რამაა. ერთია წინასაარჩევნო განცხადებები, მეორე კი პრეზიდენტის საქმიანობა. როგორიც უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ქვეყნის სტრატეგია უცვლელი დარჩება, - ამბობს კონსტანტინ ელისეევი, - ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, და რაც ძალიან მინდა - არის ტაქტიკა მიზნების მისაღწევად. ჩვენ ახალი ტაქტიკა გვჭირდება: პრაგმატული, რეალისტური და აბსოლუტურად კონკრეტული მოქმედებები. თუნდაც ეს იყოს პატარა ნაბიჯები, ოღონდ - სწორი მიმართულებით გადადგმული". ნათელია, რომ უახლოეს წლებში უკრაინული დიპლომატიის ამოცანა მოსკოვთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა იქნება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მოსახლეობის 51%-ს მიაჩნია. (შედარებისთვის, იმავე კითხვაზე ამერიკის შეერთებული შტატები გამოკითხულთა მხოლოდ 0,6%-მა დაასახელა). ასევე, გაგრძელდება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რაც პრიორიტეტად 27%-ზე მეტმა გამოკითხულმა ჩათვალა. უკრაინის რეგიონული პოლიტიკაც ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით განვითარდება და ეს მიდგომა პირველ რიგში შავიზღვისპირეთის რეგიონს შეეხება. უახლოეს ხანებში ძველი მეგობრებისთვის უკრაინასთან თანამშრომლობის ყველაზე ხელმისაწვდომი ფორმატი, სავარაუდოდ, "აღმოსავლური პარტნიორობის" პროგრამა გახდება. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობის ევროკავშირის ეს პროექტი, ჯერ ერთი, უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მიზანს ემსახურება, და მეორეც - "აღმოსავლურ პარტნიორობაში" ისეთი არაფერია, რაც რუსეთის ძირეულ ინტერესებს ეწინააღმდეგება - მაგალითად, ამ პარტნიორობით არ არის გათვალისწინებული ჩარევა უსაფრთხოების პოლიტიკაში ან სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობა. საგულისხმოა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო რბოლის ფავორიტთაგან არც ერთი საუბრობს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ. 29 ოქტომბერს კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში უკრაინის წამყვანი დიპლომატები და ექსპერტები მსჯელობდნენ, თუ რა ადგილს იკავებს უკრაინა ევროკავშირი-ნატო-რუსეთის ურთიერთობათა სამკუთხედში. ბევრი მონაწილის აზრით, აღმოსავლეთ ევროპაში ორი პოლუსის ჩამოყალიბების საშიშროება იზრდება. ხოლო ამ პოლუსების - ევროკავშირისა და რუსეთის - არსებობა რეგიონს "ნაცრისფერ ზონად" აქცევს, სადაც კონკურენციის წესები კიდევ დიდხანს არ დარეგულირდება. საერთაშორისო უსაფრთხოების ნაციონალური ინსტიტუტის ექსპერტის, ბორის პარახონსკის აზრით, შავიზღვისპირეთის რეგიონში, სადაც უკრაინა მდებარეობს, გავლენების ჭიდილში გამარჯვების მეტი შანსი რუსეთს აქვს: "ევროკავშირი, ევროსაბჭო და ეუთო ინტერესთა ბალანსით მოქმედებენ და ამიტომაც რეგიონში ეფექტურად ვერ მუშაობენ". ამავე ინსტიტუტის მეორე ექსპერტი, ოლეგ ბოდრუკი დასძენს: "ერთადერთი ბირთვული ძალა შავიზღვისპირა რეგიონში რუსეთია. თავის სამხედრო გავლენას ის სწორედ სევასტოპოლის ხარჯზე და უშუალოდ სევასტოპოლში გააძლიერებს". ასე რომ, უკრაინის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში ნაკლებად მოსალოდნელია, შაბათ-კვირაობით პრეზიდენტების თხილამურებით ერთად სრიალი გაგრძელდეს. თუმცა, ორივე ქვეყანას ეძლევა შანსი, ბოლომდე გამოიყენონ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები და რეგიონული პროექტების განხორციელებაში მეტი წვლილი შეიტანონ.http://liberali.ge/node/906უკრაინაში მნიშვნელოვანი ამბები ხდება, რომელიც ჩვენზე აისახება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.