Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

ფანტაზიორი

 

როცა დიდი წარმოსახვის პატრონი ხარ,

როცა ყველა როლი შენია დრამაში,

სწორედ ამიტომ არ მგონია,

რეალში შეგეძლოს თამაში...

როცა გიმუშავებს კარგად ფანტაზია,

როცა მოგონილ კაცს არა ჰყავს ბადალი,

მოდი, დაგიდებ ერთ "მაზიანს",

ყოფაში ვერა ხარ მაგარი...

****

 

 

გურული შინაბერა (ციკლიდან -

 

როის მიხვალ ბახმაროს,

რა ქალი ხარ, ვახ, მარო!

შე ფაქიზად სახმარო,

რავა, არ გყავს კაცი?

ნუ იკითხავ ნამეტანს,

ხელი მთხოვა ცამეტმა,

ჭკუამ გადამამეტა

და მარტო დავრჩი აწი...

 

 

"გულდარდიანი ქვრივი"

 

ეჰ, რა გაუძლებს ამდენ ცრემლს,

ამდენ დარდსა და ნაღველს.

ვინ რას გაიგებს ახლა მე

ერთი კაცი რომ მყავდეს.

ქუჩაში ხომ არ გავაგდებ

ღამით შემოსულ სტუმარს.

სახლი კაცია ჩემი-თქო,

მეზობელს ვეტყვი უმალ.

თვალს ცრემლით ვითხრი იმიტომ,

რომ მიგაბარე საფლავს,

შენ რომ გიყვარდა სპირიდონ

იმ საქმეს ვშობი ახლა...

******

 

მოდილიანი

 

პარიზის ქუჩები

შენსავით ურჩები

ჯერ ქუდს არ გიხდიან,

შენც ფეხზე გკიდია

და ბედს ეურჩები,

ბონჟურ, მოდილიან!

თოვს სევდა დილიდან,

იღბალი გახსენებს,

რომ უნდა გახელდე.

შენ სისხლში ახველებ

ფერების სისრულეს,

შენ სხვა გზა ისურვე...

ბრავო, მოდილიან!

უკვე ქედს გიხრიან

შეშლილნი მონმარტრის.

სავსე ხარ ცით სულაც

და ყველა იმ სურათს

რომელსაც დახატავ,

მტვერს დრო არ მოაყრის.

ბედ-იღბლის დილიჟანსს

გზადაგზა ეწევი

და თვალში ბეწვივით

გიზის ხელმოცარვა,

ფუნჯი შენს ცოლს ქარგავს

და ჟანა ტილოზე

წუხს უბედობაზე,

შენზე, უტრილოზე.

ბონჟურ, მოდილიან!

ღამეა დილიდან

და ნუ გაიიკვირვებ,

დაიჭერ წამს როცა!

სურს,რომ დაგიმსგავსოს,

შენი შურს პიკასოს,

მას შენი სახელი

სიკვდილთან წამოსცდა...

შენ სხვა ბედს ელტვოდი

და სანამ ეტყოდი

პარიზის ხალხმრავალ

კაფეს და დარბაზებს,

სულ ბოლო ნაფაზმა

გიცვალა ანფასი...

და მხოლოდ მას შემდეგ

ათასჯერ დაფასდა

გრძელი კისრები და

უძირო თვალები.

სხვა ამბებს ყვებიან

დღეს შენი ფუნჯები

თრიაქით, ქალით და

ბოჰემით მთვრალები.

განცდებით უძღები,

რა ტკივილს უძლებდი

მერეც და მანამდეც,

იცოდა, იცოდა, იცოდა

ჟანამ ეს...

ჟამიდან ჟამამდე

გაღებულ ფანჯარას

ბოლომდე არ სჯერა

დაღი მონპარნასის -

სიმწრის ტუჩნაჭდევი

ვიწრო ქვაფენილზე,

ძირს დანარცხებული

ოცნება ჟანასი...

პ.ს.

მონპარნას ცხრამეტით

დასრულდა ფრაგმენტი.

შენი ტილოები

დღეს ფასს ვერ ითვლიან.

დრო ხურავს ჟალუზებს,

ჟამი წუხს ჟანაზე,

შენ ისევ ფლანგავ მზეს,

ბრავო, მოდილიან!...

****

ტერორიზმის ეტიმოლოგია

 

ქაბულის ცაზე დანაჩეხი მოჩანს ხედები,

მზე შუბისტარზე შურისგების გამო ააცვეს.

ნაჰაშიშარზე შარუშიში მოჯაჰედები

ომს დარაჯობენ მშვიდობისგან უკვე გაძარცულს.

შურისძიებამ გაუტენა გული შარიათს,

ჭროღა თვალები მოეწკურა ბებერ ეფენდის.

გადაერიათ იარაღი კაცებს შარიანს,

სისხლის ყივილით,სისხლის ტბებით, სისხლთან შეხებით.

ქვიშის საათი უნდო წუთებს ცრის ჩამომარცვლით,

უდაბნოს თავზე მოახვიეს მიზნად მირაჟი.

ქაბულის ზეცას ინისფერი ჩადრი მოაცვეს

და აზიური მაჯისცემა დგება ყირაზე...

ომს დარაჯობენ შარუშიში მოჯაჰედები,

ცა ისევე სდუმს, როგორც ადრე, ანდა არასდროს.

მოდის მშვიდობა იდაყვამდე მოჭრილ ხელებით

და ომის ღმერთებს უკანასკნელ ტყვიას სთავაზობს...

 

 

თანანა

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ლიფტის მინიმა

 

 

 

 

 

მეორე.

მესამე.

მეოთხე.

ინთება ტაბლოზე სართული.

მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს,

ყველაფერს ვართულებ!

ახლაც მეეჭვება: შინა ხარ?

ან იქნებ, აღარც კი მიმელი...

აჰ, სხვა დროს,

აჰ, სხვა დროს, ძვირფასო!

....................

მესამე.

მეორე.

პირველი.

 

რენუარი

 

 

 

 

 

 

 

მისამართი: საქართველო, თბილისი....

წლოვანება: არც ჰქონიათ პატარებს

არც ასაკი, არც ბავშვობა! ვინ იცის

ბედი ვის, სად და რა გზებით ატარებს?!

 

ფეხშიშველა მიტანტალებს ქუჩაში,

ხელით არა, მზერით სითბოს იპარავს.

მონაგროვებ ხურდას მალავს მუჭებში,

დახეული კაბით მუხლებს იფარავს.

 

შიში არ აქვს მანქანების ნაკადის,

შუა გზაზე თავს ფულისთვის იმეტებს.

ზამთარ-ზაფხულ ეღრიჭება გამვლელებს,

იქნებ ვინმემ ხურდა გამოიმეტოს!

 

- ძია, ძია, ათი თეთრი არა გაქვს?

დაიკო მყავს პატარა და მშიერი...

- დეიდებო, ბიძიებო, მიშველეთ, -

გვეხვეწება გამოხედვით ცბიერით.

 

- ძია, ძია, ათი თეთრი გექნება...

დამეხმარე, ღმერთი ბევრჯერ დაგლოცავს!

....

თუ ფულს მისცემ, - ჩუმად გეტყვის მადლობას,

თუ არა და, შეგიკურთხებს სალოცავს!

 

..................

მისამართი? - საქართველო... თბილისი!

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინიმა

 

 

დღის ბოლოს შევხვდით.

და დრო,

ხურდაში მორჩენილი, ერთმანეთისთვის–

მხოლოდ ნაყინზე გვეყო...

 

 

რენუარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხარი და ლომი

 

 

ერთხელ როდესაც მეგობრობას აუბა მხარი

ლომს რესტორანში საქეიფოდ შემოყვა ხარი

და ჯანმრთელობა რადგან ჰქონდათ

ორივეს რკინის

გათენებამდე აღარ მორჩნენ დალევას ღვინის

აღარ უჩანდა მათ უაზრო ღრიანცელს ზღვარი

მაგრამ უეცრად ტელეფონის გაისმა ზარი

და ხმის კანკალით ფერწასული

სუფრასთან მჯდომი

ახლავე მოვალ ჩურჩულებდა ყურმილში ლომი

უბრალოდ რაღაც საქმე მქონდა ამიტომ შევრჩი

თქვა ეს და თვალი ხარს ჩაუკრა რომ

ეჯდა გვერდში

ვინ არის ასე რომ გაშინებს გაოცდა ხარი

როდესაც ლომში ამოიცნო უეცრად ცხვარი

ლომმა თქვა უნდა მაპატიო ჩემია ცოლი

დღეს ჩვენ ოჯახში მას ეკუთვნის

მთავარი როლი

ხარს გაუკვირდა ცოლს რად აძლევ

უფლებებს ამდენს

მე მაგალითად ჩემი ცოლი სულ კუდში დამდევს

ლომს გაეცინა ცოლს ძნელია მოუგო ომი

შენი ცოლი ხომ ძროხაა და ჩემი კი ლომი

 

 

კოტე ყუბანეიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ბეცის მონოლოგი - /იმედი ჯახუა/

 

 

დაეჭვების პოემა

 

 

უცნაურად ვწერ ლექსებს -

ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ...

და ჩემსავე ცრემლებზე

დავალ ცოცხალ ქანდაკად…

 

წმინდა საკურთხეველზე

გული მიმაქვს ზვარაკად

და ვით ერთმა მელექსემ

ერთხელ მოგვიარაკა,

 

- მეც იმ წამალს დავეძებ,

თუა სადმე სამთელი…

თორემ ლამის გავექცე

გულს -

უგულოდ გათელილს!..

 

ყველა წყალი ისე დის,

ანუ - მიედინება…

ჟამიც ისევ ისეთი,

ვით უფალმა ინება…

 

ყველაფერი ისედაც

იყო წვა და წვალება…

ყველაფერი ისე დგას -

კაცს რომ დაგენანება…

 

უცნაური რამე მჭირს:

- ბეცი ვხედავ ცაში ბეწვს!...

რისი ბეწვი,

რა ბეწვი?!.

- ეკითხება რაში ბეცს?!.

 

მაგრამ ის რომ ბეწვია -

ჩემს მტერს:

- ქვა და დირეა!..

ჩვენს ტყე-ველს რომ ეწვია,

სულ სხვა მონადირეა!..

 

გაჩეხილი მუხნარი…

მოწამლული მდინარე…

ქვაბი - მოთუხთუხარი

საყდრის კარის წინარე…

 

შველი - ყელდაღადრული…

ჯიხვი - მკერდგაფატრული…

მწუხარება - საყდრული…

გალეშილი პატრული…

 

ჩათვლემილი მეტყევე…

ყარაული - ხისთოფა…

მარად თანამედროვე

სენი - სატანისტობა…

 

სული - ეჭვით დახრული…

გული - სიმწრის ჭურჭელი…

სამართალი - მარხული,

დღემდის უსმელ-უჭმელი…

 

ლაფდასხმული კაცობა,

ვით უმამლო საქათმე…

ზოგჯერ ისე დამცოფავს

ეჭვი - ლამის გავქვავდე!..

 

ნეტამც, მართლა ბეცი და

ვიყო ყრუც და უჩინოც!..

ვიფიქრე და …

- შემცივდა…

- ვის სად გინდა უჩივლო?!.

 

ამღვრეული დავდივარ -

რის ჩანგი და ფანდური!..

ჩემივ მწირი ლანდი ვარ,

ნიღბით - დარდიმანდულით…

 

კივილს ყალბი ნაღარის,

ყურისწამღებს, უფალო,

ისევ შენი მაღალი

რწმენა უნდა ვუფარო!..

 

თორემ, ლამის ჩამქოლოს

უგულობის ქვაღორღმა…

- სანამ უნდა ვაგორო

გულზე ესე ხღვა ბოღმა?!.

 

ვამბობ არა წუწუნით,

რომ არ ჰყოფნით სიცილად…

- მძულს ლექსი გაქუცული!..

- მძაგს ლექსი - კუდქიცინა!..

 

მძაგს ლექსი - ჩათაფლული,

ფერუმარულმოყრილი,

ლიქნის ლაფში ჩაფლული,

ლაზღანდარა, ორპირი!..

 

მძულს ლექსი - ტვინნაჭ####ტი -

უსისხლო, უგონორო,

სიყალბე - მონაწრეტი

ოდენ საჰონორაროდ…

 

როს სულს ღაფავს იმედი,

როს ხრწნა - ერის სულს უტევს…

როს გარშემო - მილეთის

უცხოთესლი ფუთფუთებს…

 

როცა ჩვენს მწირ ყანებზეც

მობალახობს კალია…

როცა ნასახლარებზე

ეშმას ჩლიქის კვალია…

 

როცა ჩვენს ტყე-წყალ-ჭალებს

ხიზნის ბუში იჩემებს…

უჯიშოთა ჭაჭანი

ძარღვში სისხლს რომ მიჩერებს…

 

ხროვა შინაგამცემთა,

ახვართა და უძღებთა,

როცა მტერს - ბილწს და ცვედანს

კუდუსუნქვეშ უძვრება…

 

როცა ნიჭი ღალატის

ფასობს ვერცხლის ჩხრიალად…

როცა ცრუ-შემპარავთა

ჯოგი გვიძოვს იალაღს…

 

როცა თვალი მუშტრული

ჩვენს ნაზვრევსაც გარს უვლის,

შენ რას მღერი ჟღურტულით

ტყემლის ტოტზე გასული?!.

 

ნუთუ მხოლოდღა მე მჭირს

სენი -

რომ ვჭვრეტ ცაში ბეწვს?!.

იქნებ სულ სხვა რამე ჭირს

და არ შემდის თავში ბეცს?!.

 

იქნებ მართლა ბეწვია,

მე რომ ვამბობ - დირეა?!.

იქნებ - ტყეს რომ ეწვია,

არც სხვა მონადირეა?!.

 

იქნებ მკრეხელობაა,

რომ სჭვრეტს ბეცი ცაში ბეწვს?!.

იქნებ მხოლოდ ბოდვაა

და ვიქმ ცოდვას საშინელს?!.

 

ღმერთმაც ქნას და ვცდებოდე -

ბოდვა დაშთეს ბოდვადვე!..

ცუდუბრალოდ ვცდებოდე!..

ცუდუბრალოდ მოვთქვამდე!..

 

მაგრამ როცა გუმანი

მაინც მისას ჩამძახის

და შიშიც იდუმალი

გულს კვლავ იკლებს ცახცახით,

 

მაშინ რა დამაწყნარებს,

რა სიკვდილი, რა ჭირი?!.

ვყვედრი გგულებს დამცხრალებს…

ვგმობ სიფრთხილეს საჭურისს…

 

…ყველაფერი ისედაც

იყო წვა და წვალება…

ყველაფერი ისე დგას,

კაცს რომ დაგენანება…

 

მეც კვლავ ისე ვწერ ლექსებს

ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ

და საკუთარ ცრემლებზე

დავალ ცოცხალ ქანდაკად…

 

1987.01. 09

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ამბავი

 

 

გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე

ამბავი მოხდა უმაგალითო :

ქალი მისულა უყელსაბამო,

უბრილიანტო, უმარგალიტო,

 

უმანქანო და უმდიდრულქურქო,

უსაყურო და უსამაჯურო,

უქმრო, უშვილო და უღიმილო,

უჯამაგირო, უსამსახურო. . .

 

მისულა ქალი მაღალ დარბაზში

და არხეინი შეძრულა ხალხი :

ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში

კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.

 

მერე ისეთი რამე მომხდარა,

კინაღამ ყველა გადარეულა :

ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია

და ცრემლი კაცად გადაქცეულა.

 

ქალს დაუწყია ცრემლკაცთან ცეკვა

და კაცის მკერდზე დაუდევს თავი. . .

ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი

და კაცსაც სცმია სამოსი შავი.

 

გაშეშებული მდგარა სუყველა. . .

გაშტერებოდა სუყველას თვალი,

ლამაზი იყო სანახაობა :

როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი.

 

ისე ლამაზი, ისე ლამაზი. . .

წამოუვიდა ყველას ცრემლები. . .

გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა

აყვავებული თეთრად ტყემლები. . .

 

და ყვავილების იმ თეთრ ღრუბელში

ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი. . .

ძირს დარჩა უცებ დაბრძენებული

უწინ ცრემლების არმცოდნე ხალხი. . .

 

 

 

 

 

გურამ პეტრიაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა

თქვენი ქალაქის ქუჩებში,

თქვენი სკოლების დერეფნებში,

უნივერსიტეტების აუდიტორიებში,

კორპუსების სადარბაზოებში,

საზოგადოებრივ ტუალეტებში,

დასასვენებელ პარკებში,

გასართობ ღამის კლუბებში,

მიწისქვეშა გადასასვლელებში,

მოვლენ

ყელში ჰალსტუხწაჭერილი ინტელიგენტები,

სახეზე მაკიაჟწათხაპნილი მორალისტები,

ღონემიხდილი, ყოყლოჩინა დიდაქტიკოსები,

სანდომიანი გარეგნობის მქონე დემაგოგები,

შავი გაგების მქონე წვერებიანი მესიები,

პედანტურად გამოწყობილი სახელმწიფო მოხელეები

და გეტყვიან

“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”

“არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”

“ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”

“დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!”

“არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია”

“თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”

თქვენ უპასუხეთ:

ყალბია თქვენი გამოხედვა!

ყალბია თქვენი საუბრის მანერა და ბიოველი!

ყალბია ყოველგვარი საურთიერთო გზების ძიება!

ყალბია თქვენი წარმოდგენა სამყაროზე!

ყალბია თქვენი განათლება და ცხოვრებისეული კრედო!

ყალბია ფემინისტი შოთა რუსთაველი!

ყალბია შესანიშნავი მხედველობის მქონე ჰომეროსი!

ყალბია უილიამ შექსპირი

და ყოფნა – არყოფნის სიღრმისეული კვლევა!

ყალბია დანტე ალიგიერი

და არ არსებობს არანაირი შვიდი ფენა ჯოჯოხეთის!

ყალბია ფრიდრიხ შილერი!

ყალბია გოეთე და რა თქმა უნდა

ყალბია ფაუსტის გარიგება მეფისტოფელთან!

ყალბია შარლ ბოდლერი

და ბოროტების ყვავილებიც მასთან ერთად!

ყალბები არიან არტურ რემბო და ლოტრეამონი!

ყალბია მთელი სიმბოლიზმი, კლასიციზმი და მისთანები!

ყალბია სამშობლოზე შეყვარებული ქართული რომანტიზმი!

ყალბია ტატო და მისი ფიქრები მტკვრის პირას!

ყალბია ეპოლეტებიანი გრიგოლ ორბელიანი!

თქვენი ცხოვრებისეული რაციონი შეადგინეთ როგორც გსურთ

და რა თქმა უნდა არ დაუჯეროთ დავით გურამიშვილს,

რომელიც ასევე ყალბია!

ყალბია თერგდალეულთა მთელი “ფრაქცია”!

ყალბია სულიკოს ძიებაში საქართველოს შეტენვის ყველა მცდელობა!

ყალბია ჰუგო ბალი და გაჯჯი ბერრი ბიმბა!

ყალბია ტრისტან ცარა, თავის ხის სათამაშო ცხენებთან ერთად!

ყალბია სიმონ ჩიქოვანი!

და იღღღღღღღღღღღღრიალეთ, რომ

ყალბია ღალა(კქ)ტიონ ტაბიძე, რომელიც ეტრფის

“ნგრევას, ო ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას”!

ყალბია ცისფერი ყანწის უსასრულო კულტი!

ყალბები არიან საზოგადოებრივი პოზების ვირტუოზები:

ტერენტი გრანელი და პაოლო იაშვილი!

ყალბია უოლტ უიტმენი

და მთელი ამერიკული პოეზია დასაბამიდან!

ყალბია ჯეფრი ჰილი და აკადემიური ლექსი!

ყალბია პოეტურად ანგაჟირებული მასა,

არაამქვეყნიური გამოხედვებითა და არაორდინალური ქცევებით!

 

ყალბია ბრძენი,

ბრმა სიტყვების ოსტატი

მაცუი ბაშო

 

ყალბია პაბლო ნერუდა და გარსია ლორკა!

და რა თქმა უნდა კიდევ უფრო ყალბია რაინერ მარია რილკე!

ყალბია ამბოხებული და ვითომ თავისუფალი,

ამ დროს კი კომპლექსებისგან დაღრეჯილი ბიტ თაობა!

ყალბები არიან ალენ გინსბერგი და მისი საყვარელი პიტერ ორლოვსკი!

ყალბია ჯეკ კერუაკი!

ყალბია სილვია პლათი და მასთან ერთად მთელი ე.წ. “ქალური პოეზია”!

ყალბია ბარიკადებთან წამოჭიმული მაიაკოვსკი!

ყალბია აისიდორაზე ჩაციკლული სერგეი ესენინი

და მთელი რუსული პოეზია პუშკინიდან ვერბიცკამდე და ა.შ.

ყალბები არიან კომუნისტურ ეპოქაზე მორგებული

მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე

და ყალბია “უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი”,

ყალბები არიან ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი,

თუმცა ეს უკანასკნელი ყალბზე მეტია.

ყალბია მთელი ავანგარდი და პოსტმოდერნი!

ყალბია დუგლას ჰებლერი და კონცეპტუალისტთა მთელი არმია!

ყალბია ყველა, ვისი სახელის გაგონებაც

თქვენში იწვევს ამაღლებას, ან სასოწარკვეთას!

და ყველა დანარჩენი, ვინც არ ითქვა, ვინც გამომრჩა,

ან გამოვტოვე,

ყალბია!

ყალბია თქვენი კითხვის სტილი, ორიგინალურობა,

და ყველა სიტყვა, რაც კი აქამდე ამოიკითხეთ

“აი ია”-დან დაწყებული

და ამ დამპალი მანიფესტით დამთავრებული,

ყალბია!

ყალბია!

ყალბია!!!

 

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა

თქვენი ქალაქის ქუჩებში,

თქვენი სკოლების დერეფნებში,

უნივერსიტეტების აუდიტორიებში,

კორპუსების სადარბაზოებში,

საზოგადოებრივ ტუალეტებში,

დასასვენებელ პარკებში,

გასართობ ღამის კლუბებში,

მიწისქვეშა გადასასვლელებში,

მოვლენ

ყელში ჰალსტუხწაჭერილი ინტელიგენტები,

სახეზე მაკიაჟწათხაპნილი მორალისტები,

ღონემიხდილი, ყოყლოჩინა დიდაქტიკოსები,

სანდომიანი გარეგნობის მქონე დემაგოგები,

შავი გაგების მქონე წვერებიანი მესიები,

პედანტურად გამოწყობილი სახელმწიფო მოხელეები

და გეტყვიან

“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”

“არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”

“ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”

“დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!”

“არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია”

“თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”

თქვენ უპასუხეთ:

ყალბია თქვენი გამოხედვა!

ყალბია თქვენი საუბრის მანერა და ბიოველი!

ყალბია ყოველგვარი საურთიერთო გზების ძიება!

ყალბია თქვენი წარმოდგენა სამყაროზე!

ყალბია თქვენი განათლება და ცხოვრებისეული კრედო!

ყალბია ფემინისტი შოთა რუსთაველი!

ყალბია შესანიშნავი მხედველობის მქონე ჰომეროსი!

ყალბია უილიამ შექსპირი

და ყოფნა – არყოფნის სიღრმისეული კვლევა!

ყალბია დანტე ალიგიერი

და არ არსებობს არანაირი შვიდი ფენა ჯოჯოხეთის!

ყალბია ფრიდრიხ შილერი!

ყალბია გოეთე და რა თქმა უნდა

ყალბია ფაუსტის გარიგება მეფისტოფელთან!

ყალბია შარლ ბოდლერი

და ბოროტების ყვავილებიც მასთან ერთად!

ყალბები არიან არტურ რემბო და ლოტრეამონი!

ყალბია მთელი სიმბოლიზმი, კლასიციზმი და მისთანები!

ყალბია სამშობლოზე შეყვარებული ქართული რომანტიზმი!

ყალბია ტატო და მისი ფიქრები მტკვრის პირას!

ყალბია ეპოლეტებიანი გრიგოლ ორბელიანი!

თქვენი ცხოვრებისეული რაციონი შეადგინეთ როგორც გსურთ

და რა თქმა უნდა არ დაუჯეროთ დავით გურამიშვილს,

რომელიც ასევე ყალბია!

ყალბია თერგდალეულთა მთელი “ფრაქცია”!

ყალბია სულიკოს ძიებაში საქართველოს შეტენვის ყველა მცდელობა!

ყალბია ჰუგო ბალი და გაჯჯი ბერრი ბიმბა!

ყალბია ტრისტან ცარა, თავის ხის სათამაშო ცხენებთან ერთად!

ყალბია სიმონ ჩიქოვანი!

და იღღღღღღღღღღღღრიალეთ, რომ

ყალბია ღალა(კქ)ტიონ ტაბიძე, რომელიც ეტრფის

“ნგრევას, ო ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას”!

ყალბია ცისფერი ყანწის უსასრულო კულტი!

ყალბები არიან საზოგადოებრივი პოზების ვირტუოზები:

ტერენტი გრანელი და პაოლო იაშვილი!

ყალბია უოლტ უიტმენი

და მთელი ამერიკული პოეზია დასაბამიდან!

ყალბია ჯეფრი ჰილი და აკადემიური ლექსი!

ყალბია პოეტურად ანგაჟირებული მასა,

არაამქვეყნიური გამოხედვებითა და არაორდინალური ქცევებით!

 

ყალბია ბრძენი,

ბრმა სიტყვების ოსტატი

მაცუი ბაშო

 

ყალბია პაბლო ნერუდა და გარსია ლორკა!

და რა თქმა უნდა კიდევ უფრო ყალბია რაინერ მარია რილკე!

ყალბია ამბოხებული და ვითომ თავისუფალი,

ამ დროს კი კომპლექსებისგან დაღრეჯილი ბიტ თაობა!

ყალბები არიან ალენ გინსბერგი და მისი საყვარელი პიტერ ორლოვსკი!

ყალბია ჯეკ კერუაკი!

ყალბია სილვია პლათი და მასთან ერთად მთელი ე.წ. “ქალური პოეზია”!

ყალბია ბარიკადებთან წამოჭიმული მაიაკოვსკი!

ყალბია აისიდორაზე ჩაციკლული სერგეი ესენინი

და მთელი რუსული პოეზია პუშკინიდან ვერბიცკამდე და ა.შ.

ყალბები არიან კომუნისტურ ეპოქაზე მორგებული

მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე

და ყალბია “უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი”,

ყალბები არიან ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი,

თუმცა ეს უკანასკნელი ყალბზე მეტია.

ყალბია მთელი ავანგარდი და პოსტმოდერნი!

ყალბია დუგლას ჰებლერი და კონცეპტუალისტთა მთელი არმია!

ყალბია ყველა, ვისი სახელის გაგონებაც

თქვენში იწვევს ამაღლებას, ან სასოწარკვეთას!

და ყველა დანარჩენი, ვინც არ ითქვა, ვინც გამომრჩა,

ან გამოვტოვე,

ყალბია!

ყალბია თქვენი კითხვის სტილი, ორიგინალურობა,

და ყველა სიტყვა, რაც კი აქამდე ამოიკითხეთ

“აი ია”-დან დაწყებული

და ამ დამპალი მანიფესტით დამთავრებული,

ყალბია!

ყალბია!

ყალბია!!!

 

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნინო გუგეშაშვილი

 

 

 

 

ძილისპირულის ბოლო ვაგონი

 

 

 

...და მოვა მერე ახალი ხელმწიფე, გაატარებს ძირეულ რეფორმებს, დაიწყება ახალი ცხოვრება, გაიხარებს ხალხი, ყველაფერი შეიცვლება:

ჩასხდებიან სტრუქტურებში ისევ ის ლაქიები, უნიჭოები და ბლაგვტვინიანი უიუმორო კარიერისტები. ჩასხდებიან რადიო–ტელევიზიებში ისევ ის მრავალჯერ გამოცდილი და ყოველთვის გაყიდული ჟურნალისტები.

ჩასხდებიან ელიტარულ კაფეებში და ფეშენ საღამოებში ისევ ის ელიტარული ქაჯები.

ჩასხდებიან ქვეყნის, ქალაქის, სოფლის, უბნის, კორპუსის, სამეგობროს სათავეებში დიდ–პატარა მეფუკები და მეგობარი მეგობართან აზრის გამოთქმისგან უკვე თავს შეიკავებს, იმიტომ, რომ ერთი ისევ მეგობარია, მაგრამ მეორე თან მეგობარია, თან მეფუკა, რამეთუ უფრო მოზრდილ მეფუკას კლასელია, ან იცნობს (ან ეცნობა :)) ) საიდანღაც.

ჩასხდებიან პარლამენტში ისევ ის სწრაფი რეაგირების ქრონიკული დეპუტატები, ლუწ–კენტობაზე გაითვლიან და კენტები ოპოზიციაში, ხოლო პოზიციაში ლუწები + მაჟორიტარები. :)))

ჩასხდებიან სხვადასხვა ზომის და ფერის ჟიური–ებში ისევ ერთიდაიგივე ქრონიკული მეჟიურენი და ერთი თვალის ჩაკვრით, ან სულაც ჩაუკვრელად გადაგვიწყვეტენ სრულიად გადაუწყვეტ თავსატეხებს და სულსატეხებს :)

ჩასხდებიან მორალის ბუჩქებში რომის პაპზე დიდი კათოლიკენი, რათა თვალი ფხიზლად ეჭიროთ თავისუფლებზე და კომპეტენტურებზე.

ჩასხდებიან ვითომდა ანდერგრაუნდში ისევ ვითომდა ანდერგრაუნდერები და გინებით და ფურთხებით, ჯიბეში ჰალსტუხებით, დაელოდებიან, როდის მოვა სადმე სამინისტროში მათი კლასელი, რათა იხუვლონ და ნომენკლატურულ მუშაკებად შეცვივდნენ კაბინეტებში.

ჩასხდებიან დიდ–პატარა ხელმწიფუკების დიდ–პატარა ნავებში მარადიული გამხალტურებელი ვითომდა მენიჩბეები, რათა ადგილზე აბრუალონ ნავები, ამღვრიონ მორევი და მითვლემილ, ან მოსულელო, ან იმ დროისთვის უკვე ბრძოლისუნარდაღლილ ხელმწიფეს წინსვლის შთამაგონებელი მანტრები უკითხონ :))

ვერ ჩავსხდებით ვერანაირ ფორმატში ისევ მე, :))) ჯგუფი "ზე", ბორის გუგეშაშვილი, კიდევ ისინი, ვისაც არ ვიცნობ, ამიტომაც არ ვიცნობ (მსურველებისთვის ადგილი ბევრია. ეს ერთადერთი ინსტიტუტია, სადაც ვაკანსია ბევრად მეტია განაცხადზე და შესვლა უფასოა).

ვიცხოვრებთ ასე ტკბილად, ბედნიერად, დიიიდხანს, უღრმეს მოხუცებულობამდე... :))

ჭირი იქა, ლხინი აქა,

არა, ასე არა!

ჭირი არსად, ლხინი ყველგან,

ფქვილიც ყველგან, ქატო ბევრგან,

ქათმის ჭირი იქა–აქა,

იქ ბუმბული – აქ მუთაქა,

ძილმა თავში წაგვითაქა,

ამტანებო, ადვილებო, ძნელებო,

მამაცებო, მხდლებო, ცრუპენტელებო,

მოვლილო და ნაჯაფარო ხელებო,

თვალში სხივო, სხივში ცისარტყელებო,

დაგვარწიეთ ჰამაკებო, ბგერებო,

ძილი ნების, ჩემო ცუგრუმელებო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გურამ ოდიშარიას სადღერგძელო, ოდა , გნებავთ, ჰიმნი, რაც გინდა ის დაარქვით

 

ქალებს გაუმარჯოს! ყველა ქალს! შავთვალება, მწვანეთვალება ,ცისფერთვალება, თაფლისთვალება, ლურჯთვალება ქალებს! ქერათმიან, შავთმიან, ალისფერთმიან ქალებს გაუმარჯოს!

 

თონესავით მხურვალე ქალებს, აგვისტოს ზღვასავით მომთენთავებს, აპრილის ნიავივით გრილ ქალებს, თოვლივით, ვერცხლივით ცივ ქალებს გაუმარჯოს! ყველას!

 

ზაფხულისა და ზამთრის ქალებს! დღისა და ღამის ქალებს, დილის ქალებს! ქალებს-მდინარეებს! ქალებს-მწერვალებს! ქალებს-ოკეანეებს! ქალებს-ქარებს! გაუმარჯოს!

 

ქალებს-ფრთებს გაუმარჯოს!

ქალებს-პირამიდებს!

ქალებს-აისბერგებს!

 

იმ ქალებს, რომლებიც ვნებით დამუხტული ძუძუებით უსმენენ სამყაროს და ჯადოსნური თვალებითაც უსმენენ და ბაგეებითაც!

იმათ სინათლეს გაუმარჯოს!

 

რომლებსაც სულ სადღაც მიეჩქარებათ და თითქოს გვღალატობენ და ერთლდროულად თითქოს ერთგულები არიან და ჩვენ ვუყვარვართ!

 

იმ ქალებს, რომელთა ალერსი და ღიმილი მიმოხვრა მილიარდი წლისაა უკვე და რომელთა სადღერგძელოს მეფეებიც მათივე ქოშით მათსავე წინაშე

დაჩოქილები სვავდნენ!

 

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვერასდროს ვეღარ შევხვდებით და მაინც გვიყვარს და იმ ქალებს გაუმარჯოს , რომლებსაც ვხედავთ ყოველდღე და მაინც გვიყვარს! და გვიყვარდა და გვეყვარება!

 

ფიძიამის ქალებს, საჰარის ქალებს, განგის ქალებს, სტეპების ქალებს, ოკეანეებისა და ზღვების ქალებს, პრერიების ქალებს, კონტინენტების ქალებს და რა თქმა უნდა, ქართველ ქალებს!

 

მათ ტაჯმაჰალებს გაუმარჯოს! მათ მელოდიებს! მათ ფერებს-მათ მწვანეს, მათ წითელს, მათ ყვითელს, მათ თეთრ, მათ შავს გაუმარჯოს!

 

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც პოეტები ჰყავთ და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც არა ჰყავთ პოეტები, არც ჰყავდათ და არც ეყოლებათ!

 

მათ სანაპიროებს, მათ ქუჩებს, მათ ოთახებს, მათ ტელეფონებს, მათ აბაზანებს, მათ მისამართებს, მათ საწოლებს, გაუმარჯოს!...მათ სუნამოებს, მათ სუნთქვას, სურნელს!...

 

მათ ასწლეულებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ და მათ ასწლეულებს, რომლებშიც კვლავ დაიბადებიან!

 

იმ ქალებს გაუმარჯოს, სიყვარულში რომელთაც გაუმართლათ და იმ ქალებს, რომელთაც არ გაუმართლათ!

მათ სიზმრებს გაუმარჯოს!

 

მათ სხეულებს, მათ კაბებს, მათ კოსმეტიკა და მაკიაჟს გაუმარჯოს! მათ თეძოებს, ფეხებს, ყელს, ტუჩებს, მკერდს, მათ სიცოცხლეს, მათ აზღუდებს, მათ კვნესას...

 

რომ კვდები და კვდები და კვდები მათში და მაინც ცოცხალი ხარ და თავდები და თავდები და თავდები მათში და მაინც იწყები...

 

რომ კვდები და თავდები და რომ ცოცხლდები და იწყები და და თავდები, კვდები, ცოცხლდები...:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

"მოულოდნელად ჩემს მხარს ჩინოვნიკური ხელი შეეხო და უცნობმა ხმამ მითხრა: "გამომყევით!” მხარზე ჩაჭიდებული ხელი ჩემს მობრუნებას შეეცადა. მე ხელი ადგილიდან გაუნძრევლად მოვიშორე და მშვიდად ვუთხარი:

"თქვენ რა, გაგიჟდით?!”

"ამხანაგო”, მომმართა ამ ჯერ კიდევ უჩინარმა კაცმა, "გაფრთხილებთ!“

"მომისმინეთ, ბატონო” შევესიტყვე მე.

"აქ ბატონები არ არსებობენ”, დაიყვირა გაცხარებით. "ჩვენ ყველა ამხანაგები ვართ!”

ის გვერდით დამიდგა, ალმაცერად შემომხედა და მე იძულებული გავხდი ჩემი ბედნიერი მზერა სივრციდან მომეწყვიტა და მისი საქმიანი თვალებისათვის მიმეპყრო: იგი იმ ზაქს წააგავდა, ათწლეულები მხოლოდ თავისი მოვალეობების შესრულებით რომ საზრდოობს.

"რის საფუძველზე...”, წამოვიწყე შეკითხვის დასმა.

"მიზეზი საკმარისია”, თქვა მან, "თქვენი ნაღვლიანი სახე.”

 

"და მაინც რის გამო?“ კიდევ ერთხელ დავსვი შეკითხვა.

"არსებობს კანონი, რომელიც გავალდებულებთ, რომ იყოთ ბედნიერი.”

 

 

ჰაინრიხ ბიოლი- "ჩემი ნაღვლიანი სახე"

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

კარგად უნდა ახსოვდეს

სქელშუბლას და ჭკუათხელს

ჯერ თავს იფხანს ქართველი,

მერე ენას, მერე ხელს...

 

 

კობა ჭუმბურიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ერთხელ ტიბეტელ ბერს მგზავრობის დროს შემოაღამდა. მან დაინახა ერთი ქოხი. მივიდა და დააკაკუნა. გამოიხედა ქალმა. ბერმა მას ერთი ღამის გათენების უფლება სთხოვა. ქალმა უთხრა, რომ თუ სამი დავალებიდან ერთ–ერთს შეასრულებდა, ღამეს გაათენებინებდა. ეს სამი დავალება იყო – ბერს ან თხა უნდა დაეკლა, ან ღვინო უნდა დაელია ან ამ ქალთან უნდა დაწოლილიყო. ბერმა ქალთან დაწოლაზე და თხის დაკვლაზე ცხადია უარი განაცხადა, ამიტომ, მან ღვინო დალია. ღვინის დალევის შემდეგ ბერმა თხაც დაკლა და ქალთანაც დაწვა! :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

რეალობა

 

 

სიძულვილმა სათნოება წალეკა,

მართალს შერცხვა აღიაროს სიმართლე.

მლიქვნელობა კი ტყუილით გამეფდა

მოგვაშუქა ფარისევლის სინათლე.

ხელს არ ვუშლით, მლიქვნელობით მოგვხიბლა

თითქოს ჩვენი დამცირებაც ვუმადლოთ…

ის სიმართლის ნაპერწკალიც მოგვიკლა ,

ჩვენ ტყუილით ტყუილს ვნიღბავთ უფალო

დავივიწყეთ ყველა, შენი სიტყვებიც,

ვისაც ახსოვს, ისიც განზრახ ივიწყებს.

ბოროტების შავ ბუნაგად ვიქეცით,

სატირალზე შემზარავად ვიცინეთ,

არც სინანულს აღარ ვაძლევთ გასაქანს

სხვ მშივრენში ჩვენი მუცლით ვამაყობთ,

სიცრუეში ვეძებთ ისევ სამალავს

სიცრუეში, სიმართლისგან სადღაც შორს….

თუ აქედან ხსნის გზას ხედავ უფალო

გთხოვ დაიხსნა კიდევ ერთხელ შვილები,

კიდევ ერთხელ იმათ მაინც უშველო,

ვისაც შერჩა დღემდე შენი იმედი.

 

სტოპა ჩილინგარაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:

სულზე ბორკილად მადევს ასაკი

და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,

თუ გნებავს – შენი გზის ავაზაკი.

მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,

ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი…

და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა

და არა ერთი იმათთაგანი.

ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,

თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.

რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,

რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.

და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,

შემთხვევის მონა და ბედის ურჩი,

წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა,

ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.

მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი,

ხუნდად დამადეს სულზე ასაკი…

და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი

და მაინც – შენი გზის ავაზაკი.

 

ოთარ ჭილაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...