Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

- როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე

(ძველი ნაღველი გშთენია...)

დაბნელდა ირგვლივ მზის სხივი

მხოლოდ ბორბალოს ჰფენია...

- რა მიშავს? - თვალი მარიდე

დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი..

ჩანს, არ ყოველი წაშლილა,

არც არაგვს მიაქვს ყოველი!

 

 

 

 

ანა კალანდაძე

 

ისე მომენატრე,

ისე გაგიჟებით,

რომ გულს დაემართა ვნების არითმია.

შენგან ნაფერები,

წვანან კლავიშები,

ჟღერენ შავ-თეთრ ფერში,

რიტმებს განიცდიან.

 

და ეს ნაბიჯებიც,

ჩუმი გარინდებით,

ჩვენ შორის სიშორის ტოლი მანძილია.

ვცვდებით,

არ ვიცვლებით,

როგორც ქარიშხლები,

ქვიშის

საათებიც თავქვე გაგვირბიან.

 

ისე მომენატრე,

ისე გაგიჟებით,

სულში უფერული წვიმის აპრილია.

ისევ დამეფანტნენ,

ვეღარ გავიხსენე

წლები,

უშენობით რაც კი გამივლია.

 

ისე მომენატრე,

ისე გაგიჟებით,

ახლა მარტოობა უფრო ადვილია

 

 

 

 

თეა თაბაგარი

 

დამტოვე ამ უცხო, ბოდვიან ქალაქში,

შენზე მოჯაჭვული გრძნობების ხუნდებით

და ბევრჯერ გარეცხილ ფერად ნაჭერივით,

ვგრძნობ, რომ ვიცრიცები, საოცრად ვხუნდები...

 

სიშორე... პანელზე გამოსულ ქალივით

გულში ჩაგიხუტებს, ნაბიჯებს აგირევს...

მე ისევ შორსა ვარ... დამშრალი ტუჩებით

თუ არ დამეწაფე, ჩემს თავს სხვა დაგილევს.

 

ზეცას შეაწმინდა უცნობმა მხატვარმა

ვარდისფერ გუაშში დასვრილი თითები,

ჩემი მარტოობის გრძელ წინადადებას

როგორც ლოგიკური წერტილი, სჭირდები...

 

 

 

 

ნეკერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნუშის ხეებო, როგორ ვიფიქრე,

როგორ დავწამე აპრილს ღალატი,

ასე მეგონა, რომ შეიფიფქეთ

და ისევ თოვლით გაჭაღარავდით...

 

 

 

არჩილ სულაკაური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...შენ უკვე წევხარ ან ახლა წვები,

სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი,

მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა,

რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი

 

კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე

შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე,

და დაეჭვებულ მიჯნურის მსგსვსად

ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს...

 

 

 

ოთარ ჭილაძე

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლომდე წაიკითხეთ,არ ინანებთ ნამდვილად

 

 

"2000 წლის მარტია. რიკოთზე ვმუშაობთ. მე და გელა ვთხრით, სპირო და იანისი მუფტას აწყობენ, ლუკასი თავის ჭკვიან აპარატს ამზადებს.

იქვე, როგორც წესი, რამდენიმე ცნობისმოყვარე დგას და ჩვენს საქმიანობას დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს: ეს ფერადი კაბელი, უცნაური აპარატები და სამუშაო იარაღები, მანქანა-ლაბორატორია, უცხოელები...

ბერძნებს ძალიან აღიზიანებთ ეს ცნობისმოყვარეები, რომლებიც უამრავ შეკითხვას სვამენ და, შეკითხვებს ვინღა ჩივის, ხშირად მოხმარებასაც ცდილობენ. ლუკასი სულ ბუზღუნებს და მეუბნება – უთხარი წავიდნენ აქედანო. როგორი სათქმელია?

მოკლედ, ვმუშაობთ. იქვე დგას ერთი ასაკოვანი, დაბალი და ძალიან გამხდარი კაცი. არც შეკითხვებით გვაწუხებს და არც მოხმარებას ცდილობს, მხოლოდ დგას და შემოგვყურებს.

ჩვენს საქმეში იყო ერთი ასეთი ნიუანსი. ვიდრე კაბელებს მუფტაში მოვათავსებდით, მის ბოლოებს იზოლაციისათვის პლასტმასის გოფრირებულ შლანგებში ვუყრიდით. ეს შლანგები ყოველთვის იმაზე გრძელი იყო, ვიდრე გვჭირდებოდა. მორჩენილ ნაწილებს ვჭრიდით და იქვე ვტოვებდით ხოლმე.

ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, გაბედა იმ კაცმა, მე და გელას მოგვიახლოვდა და ძალიან მორიდებულად გვითხრა: ეს შლანგები თუ არ გჭირდებათო... რომ წავიღოო... ისე მორცხვად და ხმადაბლა ლაპარაკობდა, რამდენჯერმე ჩავეკითხეთ და ძლივს გავიგეთ – რას გვთხოვდა.

გელამ ქართლულად მიახალა: რა ჯანდაბად გინდა ეგ შლანგები, ღვინო მაინც არ გაქვსო.

ამის თქმა იყო და მორიდებული გლეხი ცოტათი გამოცოცხლდა, უფრო სწორად, გამომხნევდა: ღვინის მეტი რა მაქვსო.

გელამ – ვიცი, ვიცი, რა ძმარიც გექნებაო.

გლეხმა – რო მოგიტანო და დაგალევინოო?

გელამ – მოიტანე მერე... რისი მომტანი ხარო.

ლუკასმა ჯერ მე მკითხა – რაზე ლაპარაკობენო, შემდეგ კი გელას ისე გადახედა, რომ ის მაშინვე მიხვდა – საუბარი უნდა შეეწყვიტა და მუშაობა გაეგრძელებინა.

ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ გაუჩინარდა გლეხი. მხოლოდ მოგვიანებით მოვკარი თვალი – გორაზე ამავალ ბილიკს სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა, ხელში კოხტად გადახვეული წითელი შლანგები ეჭირა. ეს ბილიკი, ალბათ, იმ სოფლისკენ მიდიოდა, მთაზე რომ მოჩანდა.

იმ ადგილას კიდევ კარგახანს ვიმუშავეთ, სულ მცირე საათნახევარი მაინც. შემდეგ მუფტა დავმარხეთ და ავიბარგეთ. სამუშაო იარაღები მანქანაში ჩავალაგეთ. მანქანა ფორდის ტიპის მიკროავტობუსი იყო, ლაბორატორიად გადაკეთებული. მე, ჩვეულებისამებრ, უკანა სავარძელზე მოვკალათდი და გზას მივაჩერდი.

დავიძარით. და უეცრად ვხედავ: გორაზე ამავალ ბილიკს ის გლეხი თითქმის სირბილით მოუყვება, ცალ ხელში კალათა უჭირავს და მეორეში გაურკვეველი ფორმის რაღაც, ლოგიკურად – ღვინის ჭურჭელი. დაინახა, რომ ჩვენი მანქანა დაიძრა და ფეხს აუჩქარა.

მაშინვე გავძახე ლუკასს, გააჩერე მეთქი. იმანაც გააჩერა, რა ხდებაო? ის კაცი მოდის მეთქი. ვინ კაციო? აი, ის კაცი- მეთქი, და გლეხისაკენ თითი გავიშვირე. ლუკასი ერთხანს გაკვირვებული ღიმილით უყურებდა ჩია მამაკაცს, თითქმის თავისხელა კალათა რომ ეჭირა ხელში და მისი ასაკისთვის შეუფერებელი სიმკვირცხლით ჩამორბოდა ტრასისკენ.

უკვე წამოდგომას და გარეთ გადასვლას ვაპირებდი, როცა ლუკასმა მანქანა ისევ დაქოქა და დაიძრა. რას აკეთებ, დაიცადე-მეთქი, გავძახე. იმან კი – ვიცი თქვენი ამბავიო, დაიწყებთ სმას და ნახევარ დღეს დაგვაკარგვინებთო. შეკამათებას ვაპირებდი, მაგრამ, რატომღაც, აღარაფერი მითქვამს, ისევ უკან მივბრუნდი და გლეხს მივაჩერდი.

მან დაინახა, რომ გაჩერებული მანქანა ისევ დაიძრა და ჯერ ფეხს უფრო აუჩქარა, შემდეგ გაჩერდა, შემდეგ ისევ გამოიქცასავით და ისევ გაჩერდა.

სანამ მოსახვევში შევიდოდით, ვხედავდი, როგორ იდგა უძრავად და პატარავდებოდა. შემდეგ გაქრა.

საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი მკერდში. არც ცრემლი წამომსვლია, არც ნიკაპი მიკანკალებდა, მაგრამ ვტიროდი, რაღაცნაირად შიგნით ვტიროდი. ხომ ხდება ზოგჯერ, თითქოს შენ კი არა, არამედ შენში ტირისო რაღაც.

იმ წუთში არ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მიირბინა გლეხმა თავის ღარიბულ სახლში, როგორ დააცხობინა ცოლს რაღაც, მჭადები ან ხაჭაპურები, ალბათ, მეზობლისგან ნასესხები ფქვილით. როგორი ფაციფუცით ასხამდა ღვინოს, ყველაზე კარგ ღვინოს, ისეთს, მის კუთხეში “ნატურს” რომ ეძახიან და მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვის რომ იმეტებენ. როგორ ებუზღუნებოდა ცოლს, ჩქარა ქენიო, კარგები გააკეთეო, საზღვარგარეთელები არიანო და ასე შემდეგ. როგორ ჩქარობდა, რომ მოესწრო. ვინ იცის, იქნებ ერთი ვარიკაც კი გაიმეტა.

მაშინ ამეებზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ ჩემთვის, ჩუმად, უსიტყვოდ ვიბოღმებოდი და ვბრაზდებოდი; სხვათაშორის, ლუკასზე არა.

ლუკასი არ იყო ცუდი კაცი, პირიქით, იშვიათად შეხვდები ეგეთ შეგნებულ და სასიამოვნო ადამიანს. უბრალოდ, სხვანაირი იყო. უფრო სწორად, ჩვენ ვიყავით სხვანაირები. ის გლეხი იყო სხვანაირი, თორემ ლუკასი, მეტი რომ არ იქნება, ისეთი ჩვეულებრივი იყო. და თავისებურად სწორადაც მოიქცა. ჩემთვის რომ დაეჯერებინა, მართლაც, ნახევარ დღეს მაინც დავაკარგვინებდით.

 

მას მერე თითქმის ხუთი წელი გავიდა, მე კი დღემდე მახსენდება ის გლეხი – ბილიკზე გაქვავებული, სასმელ-საჭმელით ხელდამშვენებული, გაწბილებული.

მესმის, არანაირი ტრაგედია არ მომხდარა. არ დარჩებოდა ის ღვინო დაულეველი, ის საჭმელიც შეიჭმებოდა, კალათაში რომ ელაგა. ალბათ, უკეთესები შეჭამდნენ, ვიდრე მე და გელა ვიყავით, ან ვიდრე ლუკასი, სპირო და იანისი იყვნენ. დალევდნენ, მოილხენდნენ, ღვინოს და საჭმელს სხვებიც შემოამატებდნენ და გაებმებოდა დაუგეგმავი ლხინი. ალბათ, შიგადაშიგ გულიანადაც შემოგვაგინებდნენ.

ეს ყველაფერი მესმის. უბრალოდ, ვერაფრით ვიშორებ აზრს, რომ ის გლეხი – იმ დღეს, იმ წუთში – ძალიან ჰგავდა საქართველოს, არა დღევანდელს, არა გუშინდელს, საერთოდ _ საქართველოს, უცხოსთვის ყველაფრის გამმეტებელს, გამოდევნებულსა და გაწბილებულს."

 

ზვიად რატიანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცუდი სიზმარი იხილა წუხელ და

შეწუხდა, წამხდარი წამოდგა,

სახლიდან გავიდა და არვის უმხელდა

რას სწუხდა, ისეთი რა მოხდა?

 

გაიარა მინდორი ჭრელი და ლივლივა,

მერე გაუსწორა მზეს თვალი

და წაიჩურჩულა, მადლობა გვირილავ

ვუყვარვარ, ღმერთმანი ვუყვარვარ

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვიშის საათი

 

ვახუშტი

 

მიახლოვდება სამოცდაათი

და, სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ ვბერდები.

როგორც უბრალო ქვიშის საათი _

ზემოთ ვიცლები, ქვემოთ ვბევრდები.

 

ფიქრს მოსწყინდება რიალ-რიალი,

სულს გაეყრება ცოდვილი ხორცი.

დავრჩები ზემოთ სიცარიელე,

ხოლო ქვემოთ კი - პატარა ბორცვი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლახან მივხვდი :ჩემნი ცხოვრება

შეცდომაა მხოლოდ-

ამბოხებულის და დაღდასმულის

ლიცემერის-ბოლოს და ბოლოს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რევაზ ინანიშვილი

 

ფშაველები

 

ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, – მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, – მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობს ჩემში და მინდა კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე.

ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, – სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭუკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, – ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანი დაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი. მგონია, მალე მივხვდი. – აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, – მოვუქციე ვითომდა ფშავურად, გადავხტი, ტომარას ბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე. ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, – არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, – რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავ ცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით, ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, – დადგით ძირს, დიდი მადლობაო, – მაგრამ ვიგრძენი ტომარის იქ დატოვება არ ჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა, – წავიღოთ-მეთქი, – წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა, მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არ გამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც. ქალმა კიდევ უფრო ლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა:

- მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან!

მე მთვრალივით ვიყავი, – პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი – ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, – მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისი თოფი, – თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, – და ამ სიტყვებმა, ამ – „ძმისავ!“ – ხომ მუხლები მომოკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი, დაბლიდან ვუყურებდი და ასე, დაბლიდან ვუთხარი ღიმილიანმა, ალერსიანმა, სევდიანმა:

 

ქმარი სადა გყავს, ბეჩავი,

მარტოს რად გიშვებს შარასა.

 

ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა:

 

ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა.

არავინ მაიპარავსა.

 

მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი:

 

რათ გინდა ეგეთი კაცი,

მე გამამყევი ხარასა.

 

ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება:

 

შენ უთხარ აეგ სათქმელი,

ჩემს არ იჯერებს არასა.

 

მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმა თავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, – უკვე ურძნობლად ვიყავი მთვრალი, – მაგრამ აღარ დამცალდა. მოვიდა ის „ჭინჭარში დარჩენილი“, – წვერგაუპარსავ ჩამოგაზულ ყბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უაარესად „ბოლომოღებული“, ცხენზე ძლივს შეკავებული.

ცხენიდან არ ჩამოსულა, – ამომაწოდეთო! – თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე, ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, – ერთიღა გამომიღიმა და, – ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას.

დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

... ხანჯლისპირივით ბასრი ჩრდილები

აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს,

როგორც მთვრალები ან დაჭრილები.

და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს

და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს,

ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს,

როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.

მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენ

და სიჩქარეში სხვები დალოცეს

და როგორც თეთრი მთვარის ნაფოტი,

მე შენი სული მედო თაროზე, -

როგორც ყველაზე ძლიერი ხატი,

ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი,

და მე შემეძლო მეხილა ცხადად,

რაც იგულისხმა ბუნებამ შენში...

 

 

 

 

 

ოთარ ჭილაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღესაც გათოვდა და

თბილისი თეთრად შეიმოსა,

ეს თოვლი კი არა

თეთრი იებია არხოტის.

ჯერ მე დაგინახე,

პირველმა ეს მე დაგინახე,

შორი ბავშვობიდან

მწამდი, მიყვარდი და მახსოვდი...

შენკენ მოვდიოდი,

მთა-მთა ტკივილებით ავსილი.

ტირილი რას ჰქვია,

უფლის ძეს შენს ნახვას არც ვთხოვდი...

ძნელად შეგეჩვიე,

მაისშიც გათოვდი ასკილით,

ძნელად შეგეუღლე,

შენამდე ჯერ ლექსზე გავთხოვდი..

არაგვის წყალნასვამ ლექსებს

შენ ატლასით მიმოსავ,

უღელი დროდადრო

კერის პირს საბელად არ მყოფნის,

ბედნიერ იანვარს

შორიდან სისხამზე მილოცავ,

შენით თოვს ფიფქები

ქათქათა იებად არხოტის...

 

 

 

 

სანათა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალს მუდამ რაღაც მიყვება მზითვად,

პირველი კოცნის მხურვალე ალი,

ვნებით ნათქვამი პირველი სიტყვა....

ქალის გაგება ძნელია, ძნელი,

რაღაცას მალავს ყოველთვის ქალი,

გაუშტერდება ხანდახან მზერა,

და წარსულისკენ გაურბის თვალი...

ქალს მუდამ რაღაც მოყვება მზითვად,

ქალი ყოველთვის რაღაცას მალავს,

ან წიგნში ჩამჭკნარ ყვავილებს მინდვრის,

ან გაყვითლებულ , გაცრეცილ ბარათს...

ქალი ყოველთვის რაღაცას მალავს,

და დარდში გადის ჟამი ზოზინით...

თვითონაც უცხო და შორი მარად,

იდუმალების ბინდით მოსილი...

 

 

ვახტანგ ხარჩილავა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილხენდე ლამაზ შავთვალასთან ხალვათად მჯდარი,

წუთისოფელი ზღაპარია და ნიავ-ქარი.

 

რაც უნდა მოხდეს, მას ყოველთვის შეხვდი ხალისით,

რაც უკვე მოხდა, დაივიწყე, უქციე მხარი.

 

მე და ის - ამბრის სურნელებით დალალაშლილი,

მე და ის - სახით მთვარისა და ფერიის დარი.

 

ბედნიერია, ვინც ირგო და უხვად გასცა,

უბედურაი, ვინც სიამეს მიუხშო კარი.

 

ვაგლახ, ქარი და ღრუბელია წუთისოფელი,

მოიტა ღვინო და დავლიოთ, რაც არი, არი!

 

რუდაქი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალბატონ ნონო დარბაისელის ძალიან საინტერესო, ლამაზი და თბილი მინიატურა

 

 

ჩემი ''ნათლობა''

 

საქართველოში კაფიის დიდი ლომი პაპა ლექსო ჭინჭარაულია,იგივე ლეკოთ წიქა.

პატარა ლომი - ტრისტან მახაურია,მე - იმის გაწვრთნილი კატა.

/არ გეგონოთ, საბასეული ლომ-კატის როლები ავურიე,ჩვენს შემთხვევაში ,მართლა, პირიქით იყო/.

კურსელები ვიყავით და რაც ძალი და ღონე გვქონდა ,ლექციებზე ვკაფიობდით.მერე ფშავში, თავის სოფელ გომეწარშიც დაგვპატიჟა მეგობრები და კაფიობაში საზაფხულო პრაქტიკა იქ გავიარე.

ჩამოვედი და ცოტა ხანში ლექსოს რძალიც გავხდი.

პირველი შეგონება,რაც ჩემი დედამთილისგან - ''ნინო დედასგან'' მივიღე, ასეთი იყო:''საცა შეხვალ,იქაური ქუდი დაიხურეო''.

ხევსურულ ქუდზე კი სულ ჯვარედინად იყო ამოქარგული მკაცრი წესები: ქალმა თავისი ქმრის სახელი ხალხში არ უნდა ახსენოს ,''შენა !'' უნდა დაუძახოს,მამამთილს არ დაელაპარაკოს,იმის სკამზე არამც და არამც,არ დაჯდეს,ხალხში მოცინარი პირი არ უნდა გამოაჩინოს,''სირცხვილ ას!.''..მოკლედ,მთელი ძველი კოდექსი,რომელსაც თავად სიკვდილამდე განუხრელად იცავდა.

აუღებელი სუფრა გვედგა.ვახუშტის თამადობით, მიხა ჭინჭარაულისა და ნანული აზიკურის ფანდურზე ნამღერით,ლელა თათარაიძის გარმონით...

ხინკალი ბარაქიანია. თუ არაყიც არ გაკლია,სამი კილო ხორცით მთელ ფშავ-ხევსურეთს,თუშეთიანად დააპურებ.ზედაც თუ ხევსურულ ერბოში ჩაჟიპჟიპებულ კეცეულებსა და მხლოვნებს აშველებ ხო, ''ნიადე'',მთელ ქვეყანას გააძღობ...

დიასახლისი ,ჰა-და ჰა,როცა სადღეგრძელებლად დაუძახებენ ან ხინკალი აქვს შესატანი,მაშინ გამოჩნდება სტუმრებთან.სუფრაზე დაჯდომა ხო -'' წეს არ ასა'', სირცხვილია!

ჰოდა,ვხინკლაობთ და მე,როგორც ახალი პატარძალი,ვახვევ და ვახვევ წვრილ-წვრილნაოჭა ხინკლებს,რომ მულებს ტოლი არ დავუდო, თან დროდადრო ჩუმად ''საქუჩებელს'' გადავკრავთ./ჟიპიტაურს ან არაყს ასე ეძახიან ხევსურთ ქალები/.

''ამაჰყრიან''თუ არა , ხინკლებს, დიდი ,ქაფქაფა ბლუდა სირბილით მიმაქვს ჯერ თამადისკენ...

- ო-პა-პა-პა ,რა ხინკალია,წიქავ,რა ხინკალი !- იძახიან სტუმრები.

პაპა ლექსო ღიმილით,ვითომ ურწმუნოდ იქნევს თავს ,ჩემკენ ანიშნებს :

- ეე-ჰ,რაღა ხინკალი,შიგ ყველა ხელს ურევს!

- რა დრო დაგიდგათ ხევსურებს!

ხინკალში ყველა ხელს ურევს... - ვაგებებ დაუფიქრებლად.

-მოდი აქა!- მეძახის მოხარხარე ძია ვახუშტი და შუბლზე მკოცნის.- - ჰა, წიქავ, როგორი მოკაფიავე გამოგადგა კახის ქალი!

/ხევსურები ყველა არახევსურს ''კახს'' ეძახიან/.

მე სახეზე ცეცხლი მიკიდია. გამოვდივარ და ხინკალიც კი აღარ შემაქვს სტუმრებთან.ხუმრობა საქმე ხომ არ არის.ნათლობა კი მივიღე.მაგრამ თბილისის ''ხრუშოვკაში'' დაბუდებული შატილის წესი დავარღვიე,საჯაროდ მამამთილს არათუ ხმა გავეცი,ლექსობაც გავუბედე!

სადაც მიველ,იქაური ქუდის დახურვა კი ვცადე,მაგრამ ეტყობა,ამ კახელ თავზე თავიდანვე მომიჭირა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველი გამოცდილებით

 

მერამდენედ გავხდით უკვე

მსგავსი კადრის მნახველი?! -

სკამებისთვის ბრძოლას, ახლა,

ჰქვია "ხალხის სახელით"!

 

ხან ბრბო ვართ და ხანაც ბრძენი,

თან გული გვაქვს ზვიადი...

თოფის სროლით და ყიჟინით

გადავაგდეთ ზვიადი.

 

მერე ჩამოდგა სიბნელე,

მზეს არ ვუწევდით ფარდებს,

ედვარდს თოფი არ დასჭირდა,

გადავაყოლეთ ვარდებს.

 

გახარებულებს გამოგვრჩა

გამოცდილება ძველი:

სამი ლიდერი იყო და

ვარჩიეთ სამში გრძელი.

 

ჟამი დაგვიდგა სწრაფი და

უნდა აგვეწყო ფეხი.

ვინც ვერ ივარგა სირბილში,

იმას დაეცა მეხი.

 

მიჰყიდ-მოჰყიდეს რაც იყო

გაჩენილებმა ჩარჩად,

ახლა დაწყნარდნენ, - აქ უკვე

აღარაფერი დარჩა.

 

ახლა სხვა მოდის მშიერი,

უკვე ჯგუფია დიდი

და რთული ხდება გარჩევა

ერთგულისა და ფლიდის.

 

ნეტავ ამჯერად ვის ვარჩევთ?

მარტივ კითხვას ვსვამ ერთობ:

რით გამოვიცნოთ? გვიშველე

და დაგვანახე ღმერთო!

 

ელ-კა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეკვიზიტი

 

პატარა პროვინციულ ქალაქში დავიბადე. ბებიაჩემმა ჭიპლარი გადამიჭრა და თავის კოლეგას ხალათის ჯიბეში ჩაუდო–ექიმი გამოვაო. ალბათ სწორედ ამ მისტიური \"სიბრძნის\" წყალობით ავცდი ჩემს ძირითად მოწოდებას–მწერლობას, ან იქნებ სულაც მსახიობობას.

მშობლები თბილისში ცხოვრობდნენ. მე კი ,აკაკი წერეთელივით, იქვე მიმაბარეს ბებიას და მამიდას.

მამიდა... პროვინციული თეატრის მსახიობი. ლამაზი, მაღალი, მწვანეთვალება. სტუდენტობისას ტუბერკულოზი გადაიტანა. სადედამთილომ \"ჭლექიან არტისტს\" ოჯახში არ შემოვუშვებო და დარჩა მამიდა, ერთადერთი სიყვარულით იმედგაცრუებულ შინაბერად, პატარა ქალაქის სარკოფაგში.

თეატრი კი დიდებული ჰქონდათ. მახსოვს ფოიე, მარმარილოს თაღებით, მოზაიკის იატაკით. დარბაზი, ხავერდგადაკრული სავარძლებით. სცენის სიცივე და კულისების ლაბირინთები ახლაც ბავშვობას მახსენებს. ხშირად სპექტაკლებისთვის რეკვიზიტები სახლიდან მიგვქონდა. შილერის \"ყაჩაღები\" ჩვენი კათხებიდან სვამდნენ ლუდს. მეფე ლირს, ბებიაჩემის ხალებიანი \"შუბა\" ჰქონდა წამოსხმული. ფაშისტი გენერალი კი სულაც ჩემი ავტომატიდან ისროდა.

პირველი როლი ხუთი თვის ასაკში მომცეს. უფრო სწორად, ცოცხალ რეკვიზიტად გამომიყენეს. მე, სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ მამიდა ამბობდა–ზუსტად საჭირო დროს, ისე ბუნებრივად იტირე, აპლოდისმენტები დაიმსახურეო. სამახსოვრო სურათიც გადაგვიღეს სპექტაკლის შემდეგ, მე და მამიდა–\"მადონა ლიტას\" პოზაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. აირია და გადაირია ქვეყანა. დაინგრა ჩემი პატარა ქალაქიც. აღარავის ეთეატრებოდა.

მამიდა დიდხანს ჯიუტად ცდილობდა არ დაეჯერებინა, რომ მათი სპექტაკლები მშიერ და გაყინულ პუბლიკას აღარ სჭირდებოდა. ერთ დღესაც ლოგინში ჩაწვა და სამყაროს გაებუტა.

თბილისში ჩამოვიყვანე. ფსიქიატრებმა: დეპრესიაო... აუტიზმიო... მაშინ არ ვიცოდი, რომ \"პროვინციულმა ამბებმა\" გული გაუყინა, სმენა დაუხშო, დაამუნჯა ჩემი ამაყი, ნატიფი \"აქტრისა\".

ერთ დილით ადგა, მაკიაჟი გაიკეთა, თვალებისფერი ხავერდის კაბა გადაიცვა და თავის უკანასკნელ სპექტაკლში თვითმკვლელის როლი გაითამაშა. გამოუვიდა! ოღონდ ეგ იყო, მაყურებლებს დააგვიანდათ...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი წლის წინ, ჩავედი ჩემი ბავშვობის ქალაქში. თეატრის შენობა აღდგენილი დამხვდა. ფოიეში კი, დასის ისტორიის ფოტოსტენდზე, მამიდაჩემი გაღიმებული დასცქეროდა მკლავზე ჩაძინებულ ცოცხალ რეკვიზიტს.

 

რენუარი

 

კარგი მინიატურაა, მომეწონა

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურმე სიყვარულს უდიდესი ძალა ჰქონია,

ორმხრივ გრძნობას კი ბედი უნდა გამიგონია.

ეჰ... სიყვარულში მე იღბალი სულ არ მქონია,

ამითვალწუნა მე ამ გრძნობამ ასე მგონია.

 

როდესაც გიყვარს მაშინ გული მხიარულია,

მასაც უყვარხარ? შენს ცხოვრებას აზრი უჩდება.

ჩემს შემთხვევაში კი ცალმხრივი სიყვარულია,

გული მტკივა და ვერას ვშველი არ მიყუჩდება..

 

ბოროტი თვალით შემომცქერის ბედი წყეული,

დავიარები მარტოდმარტო ქვეყნად ეული.

რაღად ვიყვარებ?! ამის ახსნა ალბათ რთულია,

როცა ვიცი რომ ჩემი გრძნობა განწირულია...

 

მაგრამ გამთელოს მე განგებამ თუნდაც ათასჯერ,

ათასმეერთჯერ წამოვდგები შევერკინები.

უსიყვარულოდ, ეს ცხოვრება ნაცრისფერია,

არაფერს რომ ფლობ, დასაკარგიც არაფერია...

*************************************************

გათხოვდი,

ბოლოს ყველა თხოვდებით,

თითქმის ყველანი ხდებით დედები,

თქვენი სიმართლით, თქვენი ცოდვებით

მოძებნით, ვინმეს მიეკედლებით.

 

მაინც რად გვწყდება გული, რით არი?

თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს,

თითქო გვაკლდება ერთი სიზმარიც,

ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია.

 

შორით მომწონდი, მხვდებოდი წუთით,

დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა,

არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი,

არც ვიცი, გული რატომ მეტკინა.

************************************************

 

წლებმა საათივით ჩაიარა ,

ეშმა სათივით მდევდა,

დრომ რა უცაბედად გაიარა,

გრძნობის ყველა წამმა დედა...

 

რამდენ ნაცრემლარად ჩამეკიდა,

გულში კლდედ ქცეული სევდა-

-მთელი დღეები და ღამეები....

მუდამ მეყვარები დედა...

 

შენთან მოვედი და შემიფარე

აღარ დაგშორდები მეტად,

ოქრო მუჭა-მუჭად დავარიგე,

შენთვის აღარ დამრჩა დედა..

 

ყველა მეგობარი დამეფანტა,

ქარიც აღარ ჩადგა ბედად,

სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე,

ვიღას მივაკითხო დედა ..

 

კვიცი, ვინც კი დედას წინ გაუხტა

იქცა ფრთამოტეხილ გედად,

სრულყოფილება რომ არ არსებობდა

რატომ არ მითხარი დედა...

....

 

ფიქრთა ღრუბელია მარტოობა,

ფიქრმა დამიბნელა მზე და..

 

რატომ არ მასწავლე სიძულვილი..

მღუპავს სიყვარული დედა....

....

 

 

 

************************************************************

ჩემი სიყვარული ამაყია,

იგი მოწყალებას არ გთხოვს,

შენი მოგონება ჰყოფნის,

შენი თვალის სხივი ათბობს.

 

ჩემი სიყვარული ამაყია!

მას ვერ დააჩოქებს დარდი,

ქვეყნად არაფერი აბადია,

ქვეყნად ფეხშიშველი დადის.

 

ჩემი სიყვარული ამაყია!

იგი მართალია ცამდის,

ქარმა გამოსტაცა,დაუფერფლა

შენი ნაჩუქარი ვარდი.

 

ჩემი სიყვარული ამაყია!

თავს არ მოგაბეზრებს გწამდეს!

ბევრი უხეშობა გაპატია,

კიდევ გაპატიებს რამდენს!

 

ამ ჩემს სიყვარულზე გადიარა

დაცინვამ წუთისოფლის,

მაინც ჩემი გრძნობა ამაყია!

მხოლოდ მოლოდინი ყოფნის!

***************************

 

მიყურებ დაღლილი თვალებით ... და მკითხავ, ოდესმე თუ ვინმე მიყვარდა.

არ მიყვარს ეს კითხვა.... ო როგორ არ მიყვარს.... ისე კი ... ძალიან ძალიან მიყვარდა.

 

ავტორი არ ვიცი

 

 

 

 

 

 

სამყარო შექმნა.ვერ მოისვენა,

მერე შექმნა ადამიანი

და,საერთოდ,დაკარგა მოსვენება.

 

ვაჟა ხორნაული

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...