Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

ლექსოგრაფია

ანუ

მოგოგნებები ლექსებზე

 

I

რა არის სიყვარული?

რა არის სიყვარული?-ეს კითხვა ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის, პასუხების ძებნისას კი თავგზამერევა. არ ვიცი რისი ბრალია,-სიყვარულის? მაგრამ მე ხომ მისი მნიშვნელობაც კი არ ვიცი, არც ის ვიცი რას უნდა ველოდე მისგან. ბევრჯერ წამიკითხავს თითქოს მისი განმარტება, მაგრამ რაც უფრო ბევრს ვკითხულობ და ვიგებ მის შესახებ, მით უფრო ამოუცნობი ხდება. პასუხს ვერავინ გასცემს შენს კითხვებზე, ის თავად უნდა იპოვო. მე არ ვცდილობ სიყვარულის განმარტებას, უბრალოდ მინდა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა. შეიძლება მეოცნებეც ვარ და რეალობა მეუცხოება, ამას არც ვუარყობ, მაგრამ, არამგონია ასე ღრმად შემეტოპოს. მე არც მწერალი ვარ და არც პოეტი. უბრალოდ ვწერ... შეიძლება იკითხოთ: ვის ეძღვნება ეს ყველაფერი? ვინ დაიპყრო შენი გული?-მაგრამ ისევ მარტო კითხვები, რომლებზე პასუხი თავადაც ვერ მიპოვნია. იქნებ, ესეც სიყვარულია? არ ვიცი და, თუ გავიგებ, კითხვებზეც გაგცემთ პასუხს. თუ სიყვარულია, მაშინ რა ან ვინ მიყვარს?! უეცარი თრთოლა სხეულში, აჩქარებული გულისცემა, ხელის გულებზე სისველე და თითქოს ენამაც დაკარგა მორჩილება. ეს არის ის სიმპტომები, რომელთაც ყველა აღიარებს, მაგრამ, თუ მიყვარს, რატომ ვერ ვპოულობ მას, ვისი დანახვისას, ხმის გაგონებისას ამ ყველაფერს განვიცდი? ვისაც ჩემ ლექსებს მივუძღვნი? პასუხს ჩემს მაგივრად კვლავ არავინ გასცემს. ბევრჯერ განვმარტოვებულვარ და საკუთარი თავის ამოცნობაც მიცდია, რატომ მემართება ასე. თუ არ გიყვარს ლექსს ვერ დაწერო გამიგონია, მაგრამ, თუ წერ და არ იცი რატომ, რა ან ვინ გიყვარს?!. კვლავ კითხვები მახრჩობს, პასუხი არ მაქვს.

იქნებ ეს ყველაფერი დროებითია. უბრალოდ, შემიყვარდა ჩემს ოცნებებში გამოგონილი... და დრო თავად განკურნავს,-შეიძლება. ერთხელ მახსოვს, აჩქარებული გულისცემა და ხელის გულებზე სისველე. ის ჩვეულებრივი გოგო იყო. მაშინ ვერ მივხვდი რა დამემართა. ყოველთვის ვმეგობრობდით, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა არ გვქონია. პირველად ლექსიც მაშინ დავწერე. ჯერ ერთი, შემდეგ მეორე. ღამე გამეღვიძა, ავდექი და ჩემი ფიქრები ლექსად ვაქციე.

ერთადერთი ხარ,

როგორც მზეა მაღლა ცის მეფე.

მშვენიერი ხარ,

როგორც ია დიდი მუხის ქვეშ.

შენ...ლამაზი ხარ

და სილამაზით დამათვრე ლამის.

მომხიბვლელი ხარ,

უმანკო გულით შემინდე მაინც.

ეს ყველაფერი წუთიერმა თბილმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. არ ვიცი ასე რატომ ჩავთვალე. მახსოვს, პატარა ფურცელი მომცა, ზედ გული ეხატა გარშემო არშიებით, შიგნით კი მისი და ჩემი სახელი ეწერა და მთხოვა რამე მიმიხატეო... თავიდან ვერ მივხვდი, მითუმეტეს, რომ ვერც წარმოვიდგენდი მისგან, მაგრამ ის იყო პირველი განცდა „სიყვარულის“ და დღემდე მახსოვს. სულ რამოდენიმე კვირა, შემდეგ ყველაფერმა გაიარა და ძველებურად გაგრძელდა.

არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ ვყვები. იქნებ, ისევ მინდა იგივე განვიცადო, ისევ მიყვარდეს. ტანჯვის გარეშე სიყვარული არ არსებობსო, ეს თუ სიმართლეა, მაშინ ვინ მიყვარს?! ან რატომ ვიტანჯები?! ვიცი დრო გავა და ყველაფერს თავად მივხვდები, თავის სახელს დავარქმევ, მაგრამ მანამდე კიდევ ერთი უსახელო გრძნობის შესახებ მინდა მოგითხროთ.

12 ოქტომბერი იყო, არაფერი განსაკუთრებული, გავიცანი გოგო, რომელთანაც მანამდეც მქონდა ურთიერთობა. სიტყვა „გავიცანი“ იმიტომ ვიხმარე, რომ სწორედ იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი. ის იშვიათად თუ ელაპარაკებოდა ვინმეს საკუთარი განცდების და ფიქრების შესახებ, მაგრამ ჩემთან, რატომღაც, თანდათან დაიწყო ამ ყველაფრის მოყოლა. თითქოს გავუგეთ, მაგრამ მე მისი ნაკლებად მესმოდა. მიყვებოდა, თუ, როგორ უჭირდა. ერთი სიტყვით, დეპრესიაში იყო უკვე ერთი წელი. მე კი ვცდილობდი გამეგო მისთვის და დამეწყნარებინა. ერთი თვის შემდეგ ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ამ საუბრებმა ყოველდღიური სახე მიიღო და სალაპარაკო თემათა სიაც გაიზარდა. დეტალურად მოყოლა არ ღირს, ალბათ უფრო მოსაწყენიც იქნება. მითუმეტეს, რომ ზოგი რამ მხოლოდ მას ან მე მეხება. გავიდა კიდევ რამოდენიმე კვირა. ვგრძნობდი რომ მასთან საუბარი მენატრებოდა და თანდათან დრო უფრო მალე გადიოდა, ვიდრე-ადრე. როცა არ ვლაპარაკობდით საათები, წუთები, წამები დაუსრულებლად მეჩვენებოდა. ორი თვის შემდეგ ის უჩემოდ ვერ ძლებდა, მე კი წუთი არ გავიდოდა მასზე რომ არ მეფიქრა. ბოლოს მისი სახელი ისე ამეკვიატა გონებაში, რომ ჩემგან დამოუკიდებლად იმეორებდა და იმეორებდა, ისევ და ისევ, გაუთავებლად. თავს ძალას ვატანდი, იქნებ შემეჩერებინა, მაგრამ უშედეგოდ. ერთმანეთს უფრო ხშირად ვხვდებოდით ფიქრებშიც და ცხოვრებაშიც. ზუსტად არ მახსოვს პირველი ლექსი როდის მივუძღვენი, დაახლოებით სამი თვის შემდეგ. მე ვკითხე ლექსი თუ მოუძღვნიათ შენთვის-მეთქი და ჩემი დაწერილი წავუკითხე:

შენზე ფიქრები ამედევნა

მშფოთვარე და უტყვ ლანდებად,

დღე დღეს აღარ გავს და ღამე-ღამეს.

თვალწინ მესახება მე შენი სახე,

ფეხებში მებლანდება და თავს არ მანებებს.

რისი თქმა უნდა ამ გულს, ან შენს ლანდებს?

მინდა ვიყვირო!

მინდა ვიტირო,

მაგრამ, არც ხმა და არც ცრემლი მე არ მანებებს.

გრძნობების მორევში შენს ხელებს ვეძებ,

მე ჩემს ქარბუქში შენს სახეს ვლანდავ,

მინდა ვიყვირო!

მაგრამ, წყეული ხმა სხეულს არ ტოვებს.

არ ვიცი რამდენად კარგად დავწერე ან წავუკითხე, მაგრამ მემგონი რომ მოეწონა. შემდეგ მოყვა მეორე, მესამე...

აი, ისევ, როგორც უწინ,

გული მეკითხება-ნუთუ გიყვარს?

არ ვიცი, არა...

უცხო ხმა კი ჩამჩურჩულებს-გიყვარს, გიყვარს.

ვის დავუჯერო, ვის მივენდო,

ვინ შეიფარებს ჩემს უცხო სხეულს?!

არ ვიცი, არა...

კითხვები მახრჩობს, პასუხი არ მაქვს,

ვიღაცის გულს კი სურს მიპასუხოს.

არ ვიცი, რა ვქნა...

არ მინდა ჩემს თავს დავაჯერო-ნუთუ მიყვარს?!

ჩუმათ კი ვიღაც ჩამჩურჩულებს-გიყვარს, გიყვარს.

ისევ სიყვარულის ძიებაში ვიყავი, ალბათ. მაგრამ-არა. ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა, წინასწარ არაფერი დამიგეგმავს არც მე და არც იმას. უბრალოდ, მოულოდნელად გრძნობებში ავიხლართეთ.

გრძნობებით დამთვრალს,

ფეხზე ადგომის სურვილი არ მაქვს,

მინდა მხოლოდ შენზე ვიფიქრო.

ნეტავი სად ხარ,

სიშორე უფრო მღლის და მფლანგავს,

მინდა შენი სახე ვიხილო...

არც იმას ესმოდა რა ხდებოდა და არც მე. ბევრსაც ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, მაგრამ ამოუცნობის შეცნობა ნაკლებად გამომდის... იყო კი ეს სიყვარული?..

ოთხი თვის შემდეგ ვუთხარი, რომ ჯობდა დაგვესრულებინა ეს ყველაფერი. არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი. არა იმიტომ, რომ რამის შემეშინდა, უბრალოდ, არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს გრძნობებში და არც ის ვიცოდი რა მჭირდა ან რა მემართებოდა. ამის გამო, მისთვის სიყვარულიც კი არ ამიხსნია, როგორც ეს ფილმებში ხდება ხოლმე. მიზეზს თავადაც ხვდებოდა, იმიტომ, რომ მასაც იგივე სჭირდა, იმავეს გრძნობდა და განიცდიდა. ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის ჩემზე ფიქრისას რამდენჯერ უტირია.

ყველაფრის შემდეგ კი უბრალო გატაცებად ჩავთვალე ეს ურთიერთობა და მეტ არაფრად, მაგრამ მოგატყუებთ, რომ გითხრათ ახლა აღარ ვფიქრობ მასზე-მეთქი.

დღე დღეს და საათი საათს,

უშენოდ, უდღეოდ არაფრის არ მწამს.

მითხარი სად ხარ?!.

უსახოდ, უგულოდ თავს აღარ ვგავარ,

ფიქრებს არ ვფლანგავ,

უშენოდ არ ვარ,

თვალი ტირის და იქნებ... არც ვარ.

უმზეოდ, უფეროდ ცხოვრებას ვძარცვავ,

ნეტავი სად ხარ,

ნეტავი სად ხარ,

ან იქნებ... არც ხარ?!.

გონებას ვღლი,

ფიქრებში ვცლი,

იმედი მიდის და მაინც აქ ვარ.

მინდა გადავრჩე,

უკვალოდ არ დავრჩე,

ცხოვრებავ სად ხარ?!.

ან იქნებ... არც ხარ?!.

დღეს ისევ გინატრე,

დღეს ისევ გიდარდე,

დღეს ისევ გისახე,

მაგრამ... არ ჩანხარ.

მინდა ვიცოდე,

მინდა გიცოდე,

მინდა ვფიცობდეთ,

მაგრამ... არ ჩანხარ.

იქნებ ვიცნობდეთ,

იქნებ ვფიქრობდეთ,

იქნებ გვინდოდეს,

მაგრამ... არ ჩანხარ.

ვიცი რომ გკარგავ...

ნეტავი სად ხარ,

ნეტავი სად ხარ,

ან იქნებ... არც ხარ?!.

ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, დაახლოებით, ერთი თვე ერთმანეთზე არაფერი ვიცოდით. ალბათ, მართალიცაა ეს ნათქვამი: „არავინ შეიძლება გახდეს ისე უცხო, როგორც ის ვინც უწინ გიყვარდა.“ ახლა თითქმის აღარ მაქვს მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ მინდა დავკარგო და ეს მასაც ვუთხარი. ერთმანეთის გვესმოდა, ასეთი მეგობარი კი ყოველთვის საჭიროა.

იყო კი ეს სიყვარული? არ ვიცი, არა... მაგრამ სიყვარულსაც აქვს თავისი საიდუმლოებები, რომელიც მას უფრო იდუმალსა და საინტერესოს ხდის. ერთგვარ ინტრიგას აღვიძებს ადამიანში და „ცხოვრებას“ აგრძნობინებს. „თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გყვარებია, ჩათვალე რომ არც გიცხოვრია.“

და მაინც, რა არის სიყვარული? ამ კითხვაზე პასუხის ძებნა კიდევ მრავალ საუკუნეს გაცვითავს. ის ერთგვარ მათემატიკურ ამოცანას ჰგავს, რომელსაც პასუხი არ აქვს... ყველა ადამიანს თავისი სიყვარული ყავს, ყველას თავისებურად უყვარს.

 

II

ბედისწერა თუ ბედის ირონია?

 

ბედისწერა თუ ბედის ირონია?.. ამას ცხოვრება თავად გამოარკვევს. დრო გადის, თავის დინებას მიყვება. სხვა გზა არ არის, ან უნდა დამორჩილდე და ბოლომდე ემონო, ან ჯერ ჩამორჩე, ფეხებში აებლანდო და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ, ჩაიკარგო მის წიაღში. მე ნაკლებად მჯერა ბედისწერის, მითუმეტეს როცა სიყვერულს ეხება საქმე. რამდენად მართალი ვარ ალბათ დრო აჩვენებს, მაგრამ უმჯობესი იქნება ვცდებოდე...

მას შემდეგ, რაც ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წყალს გავატანე, რამდენჯერმე ვცადე ახალი ურთიერთობის დაწყება, მაგრამ... ბედისწერა თუ ბედის ირონია?.. ეს კითხვაც თავისთავად გაჩნდა. ის შემთხვევით გავიცანი და, ერთი შეხედვით, ახალი ურთიერთობისთვის თითქოს მზად იყო, მაგრამ ისევ იგივე სახელი, რომლის დავიწყებასაც ასე ვცდილობდი. ალბათ უბრალო დამთხვევაა, ასეც ჩავთვალე და ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვი. მხიარული გოგო იყო, საუბარიც გამოგვდიოდა და დროსაც კარგად ვატარებდით, მაგრამ ეს სახელი... ყველაფერს აფუჭებდა. გონებაში ფიქრებს დალექვის საშუალებას არ აძლევდა. ყველაფრის დავიწყება არ გამომდიოდა და ეს ახალი ურთიერთობაც მისი მსხვერპლი გახდა. რატომ არ მანებებს თავს წარსული ფიქრები, ან ეს სახელი. ცხოვრება დამცინის თუ ბედისწერა. ხშირად ამბობენ: მას გვერდს ვერ აუვლი, რაც გიწერია ვერ გაექცევი, ადრე თუ გვიან ყველაფერს თავის ადგილს დაუბრუნებს. არ ვიცი უნდა მახარებდეს ეს ამბავი, თუ... მინდა კი ისევ ჩემთან იყოს? ისევ გვიხაროდეს ერთმანეთი ან უბრალოდ დავივიწყოთ რაც მოხდა, რაც არ გამოგვივიდა, რამაც არ გაამართლა და ცხოვრებაში გზაგასაყარამდე მიგვიყვანა, ერთად დავიწყოთ ახლის ძიება?..

მეორე მცდელობის შემდეგ კიდევ რამოდენიმე თვე გავიდა. თითქოს ცხოვრება თავის კალაპოტს დაუბრუნდა, დავიწყებას მიეცა მშფოთვარე ფიქრები და თან გაიყოლა თეთრი ღამეები. ლექსები? ისინი თაროს ამძიმებს, გონებაში მათი ადგილი დაილექა, ღელვა შეწყვიტა. თურმე, მართლა შესძლებია სიყვარულს ლექსების წერა. კარგია უწყინარი ცხოვრება. ზედმეტი ფიქრები არ გაგაწამებს, ცხოვრებას არ დაგიმძიმებს.

ისევ უბრალო საუბრები გოგოებთან და უბრალო იუმორი, მაგრამ ერთმა განსაკუთრებით მიიპყრო ყურადღება. კიდევ ახალი ურთიერთობა? რატომაც არა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ... ისევ ის სახელი. კიდევ ერთი დამთხვევა?!. რატომ არ მანებებს თავს! ბედისწერა თუ ბედის ირონია?.. კვლავ იგივე კითხვა ამეკვიატა და მოგონებებსაც ახალი სიცოცხლე შთაბერა.

ბედის ირონია თუ ბედისწერა?!.

მე ცხოვრებაში რატომ მეწერა.

ბედის არ მჯერა, ბედს არ ყავს წერა,

მე ჩემს ფიქრებში რა არ მეწერა.

შენში მერევა მე ყველა წერა,

ეს ცხოვრებაა თუ წამის წერა!

ყველგან შენ გხედავ, სახელს, ფერ-წერას,

ბედი დამცინის თუ ბედისწერა?!.

არ მომბეზრდება წერილის წერა,

ცხოვრება უკან მწარედ მერწევა,

ბედის არ მჯერა, არც-ბედში წერა,

შენზე ფიქრებში სად აღარ ვწევარ.

ვცდილობ გავექცე, მაგრამ მეწევა,

შენი სახელი და ბედისწერა.

მე შენში ვხედავ ჩემს ბედს თუ წერას

ფიქრები ფიქრში დაღლას ეწევა.

არ მინდა მღერა, არც-ბედის რწევა,

შენზე ფიქრების უსაზღვროდ წერა.

ეს ცხოვრებაა თუ ჩემი წერა,

არ მინდა, კმარა, შეწყვიტეთ რწევა.

ნუთუ ვერასდროს გავექცევი მას, ან რატომ ჩამრჩა ასე გონებაში. მე ისიც კი არ ვიცოდი მიყვარდა თუ არა. უფრო ჩაფიქრებული გავხდი, მისი სახელის გაგონებაზე უეცრად სევდა მიპყრობს და რამის ყოველდღიურ ცხოვრების წესად მექცეს. დამღლელია ეს ყველაფერი, სიმშვიდე მინდა, დასვენება ამ გაუთავებელი ფიქრებისგან. როდემდე უნდა გაგრძელდეს, რაც იყო იყო, ყველაფერი წარსულში დარჩა, მაგრამ ბედის ირონია თითქოს სადაც მივდივარ სულ უკან მომყვება, ფეხებში მებლანდება, სულში მიძვრება და დამცინის. დასცინის ჩემს წარსულს, აწმყოს და მომავალში ბეწვის ხიდს მიმზადებს რეალობასა და მეორე სამყაროს შორის.

ერთი წუთიც და გაქრა ცხოვრება,

აღარ იქნება შენი სონეტა…

 

 

ავტორი: გიორგი ბოგველი (ანუ მე)

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საყვედური სიყვარულს

 

მითხარი სად ხარ, შენ გელოდება მთელი სამყარო!

შენ კი არც ჩქარობ, არ გადარდებს სხვების ლოდინი,

არც ის გადარდებს თუ ვინმე გეტყვის: წყეულიმც იყავ!

თითქოს შექმები უსიყვარულოდ მარტომ სამყარო.

 

შენ არ გეკუთვნის ეს ცხოვრება და არც ეს ხალხი,

მათი ტანჯვა სამუდამოდ რომ განგიზრახავს.

მითხარი სად ხარ, უცოდველ ცრემლით უნდა დაგახრჩო!

არ მემეტება ეს უმანკო გულები ზრახვად.

 

ამბობ, შენს სახელს ყველა შეჰნატრის, ასე გგონია?!

მაგრამ ვეღარ გრძნობ სიამაყით თანდათან რომ კლავ.

სიყვარულია ყველაფერი, ირგვლივ და ყველგან,

უიმისოდ კი ცისარტყელაც შავ-თეთრად მოჩანს.

 

მაგრამ არასდროს არ მოდიხარ როცა გვჭირდები

და ეს ფერებიც უბრალო და გარეცხილია.

არავინ იცის სად ხარ, ვინ ხარ, რატომ არსებობ,

უსიყვარულოდ სიყვარულიც წარმავალია.

 

 

ავტორი: გიორგი ბოგველი (ანუ მე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხოვრება სიყვარულისთვის

 

როგორც ყოველთვის, დღესაც გათენდა, მაგრამ ჩემთვის ღამე არც ყოფილა. ეს არც პირველია და არც-უკანასკნელი. შევეჩვიე კიდეც ამ ახალ რეალობას. ისევ ავდექი და უკვე კარგად ნაცნობი ადგილისკენ გავუდექი გზას. იქ სადაც სიმშვიდეა და ფიქრებს არავინ მიფრთხობს, სადაც სუფთა ჰაერია, ხალხის გაუთავებელი ზიზღის, შურისა და ბოროტებისგან გაფილტრული. ნუთუ ასე ძნელია სიყვარული. ცხოვრება ხომ ისედაც ხანმოკლეა. უბრალოდ დრო არ უნდა გვრჩებოდეს სიძულვილისთვის, მაგრამ პირიქით ხდება...

ისევ ასე ჩაფიქრებული ვიჯექი და ფიქრებს ვესაუბრებოდი, როცა ჩემთვის კარგად ნაცნობმა ხემ კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება. განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ სუმთლად გამხმარიყო, გარშემო კი აყვავებული მიდამო ეკრა. ისიც ისეთივე მარტოსული იყო, როგორც მე?.. უსიყვარულო, ყველასგან მიტოვებული. არ მინდა მეც მას ვგავდე, მაგრამ რაც არ უნდა მწარე იყოს რეალობა ვერსად გაექცევი. შეიძლება კიდევაც ვგავარ მას, მაგრამ ეს მახარებს, რადგან არ გავხდი ზიზღისა და სიძულვილის თანამოზიარე, იმ ხალხის „მეგობარი“, რომელთაც შური და ბოროტება საკუთარი ცხოვრების მეგზურად გაუხდიათ. არ მინდა ასეთი სიცოცხლე. სიკვდილში ბევრად მეტი ნეტარებაა ვიდრე ამ ხალხის ამქვეყნიურ „სიტკბოში“. ამ ხესაც შემორჩენია სიყვარული და მისთვის საკუთარი თავი გაუწირია. ვუყურებდი მას და ჩემში თანაგრძნობას იწვევდა და არა-სიბრალულს. გარშემო აყვავებული მიდამო, ხეები, ყვავილები, მაგრამ მათ შორის ობლად და მარტოსულად დარჩენილი გამხმარი ხე. რამდენჯერაც არ უნდა ამოვიდე ამ ადგილას ჩემი ფიქრების, გრძნობებისა და განცდების დასაოკებლად, იმდენჯერ არ მაძლევს მოსვენებას ეს ხე. მერე რა რომ გახმა, ეს არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ მასში ყველას არ შეუძლია იმ სიყვარულის დანახვა, რითაც ცხოვრება გვასაჩუქრებს.

დღეს პირველად მივუახლოვდი მას, მინდოდა ახლოდან მენახა და შემთხვევით წარწერა ვიპოვე-ამოკვეთილ გულისფორმაში ინიციალები. კიდევ ერთი გამოვლინება სიყვარულის, მაგრამ... ნუთუ ეს გახდა მისი დაღუპვის მიზეზი?!. არა! ამას ვერ დავიჯერებ. როგორ შეიძლება სიყვარულმა დაღუპოს ვინმე ან რამე. მე ხშირად გამიგონია მასზე ათასნაირი მოსაზრება, მაგრამ მათ შორის არცერთი არ ყოფილა ასე სასტიკი. ცხოვრება რთულია, მითუმეტეს, როცა გარშემო ამდენი სიძულვილი, შური და ბოღმა ტრიალებს. მტვრის ბურუსივით ჰაერში იზილება და მხედველობას ახშობს. დაუნდობელია ეს სამყარო, მაგრამ, თუ ასეა, რისთვისღა არსებობს სიყვარული?.. ნუთუ იმიტომ, რომ უკეთ შევიგრძნოთ ტანჯვა? სიყვარული ტანჯვის გარეშე არ არსებობსო,-ეს თუ ასეა, არც ცხოვრება ყოფილა მხოლოდ ამქვეყნიური სატანჯველი. ეს ხეც ისევე შეყვარებულია, როგორც მასზე ამოკვეთილი ინიციალები. სიცოცხლე ბევრს უყვარს, მაგრამ თითქმის არავის შეუძლია მისი დათმობა სიყვარულისთვის, იმ გრძნობისთვის, რომელიც აზრს აძლევს თავად ცხოვრებას. ეს ხე კი... განა დანებდა,-არა. მან სიცოცხლის სიყვარულისთვის, იმ ინიციალებისთვის გასწირა თავი, რომლებმაც ახალი სიცოცხლე და ახალი სიყვარული უნდა წარმოშვას.

ხალხი კი ვერ ხვდება ამ ყველაფერს, მათი გულები სავსეა სიძულვილით, შურითა და ბოროტებით. მათ უბრალოდ დრო არ უნდა ჰქონდეთ ამ ყველაფრისთვის, უნდა უყვარდეთ და არა-სძულდეთ. ჩემამდე ბევრ ფიქრს ჩაუვლია ასეთ სინანულზე და კიდევ ბევრი ინატრებს ამას. ცხოვრება სიყვარულისთვისაა და არა ჩვენთვის, იმიტომ, რომ გვძულდეს ერთმანეთი. დღესაც ჩავუარე გვერდით ამ ხეს, დღესაც გააღვიძა ჩემში ფიქრები, მაგრამ სწორედ მან მიიპყრო ჩემი ყურადღება და არა მის გარშემო სილამაზემ. ეს ყველაფერი დროებითია, წარმავალი, ბევრისთვის შეუმჩნეველიც კი, მაგრამ ინიციალები-სიყვარულის ნიშანი, მისი შედეგი, სამუდამოდ დარჩება ამ ხესთან ერთად. უბრალო წარმოდგენაც კი საკმარისია, რომ სხეულში ჟრუანტელი გივლის, ფიქრები აქეთ-იქით აწყდება, თვალებში სამუდამო დაღად რჩება.

დღეს ამ ყველაფერს იმისთვის კი არ ვწერ, რომ ხალხში სიყვარულის სურვილი გავაღვიძო-არა, უბრალოდ მინდა დავაფიქრო ისინი, ვისაც სურვილი აქვს რომ იცხოვროს. იცხოვროს არა იმიტომ, რომ ეს მათი ხვედრია, არამედ იმისთვის რომ უყვარდეთ. უყვარდეთ ყველა და ყველაფერი და თავად ცხოვრება.

 

 

ავტორი: გიორგი ბოგველი (ანუ მე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიყვარული დაუსრულებელია

 

ისევ ავიღე ხელში კალამი

და ისევ მინდა შენზე დავწერო...

რატომ არის ყველაფერი კარგი მალე რომ მთავრდება. შეიძლება გააზრებაც კი ვერ მოასწრო ისე ჩაგივლის გვერდით და ზედაც არ შემოგხედავს, უბრალოდ, კიდევ ერთ ტკბილ მოგონებად გადაიქცევა, მაგრამ რა მისი ბრალია დრო ასე მალე რომ გადის როცა თავს კარგად გრძნობ, ცხოვრება გიხარია, როცა საყვარელი ადამიანი შენს გვერდითაა, თვალებში უყურებ და მასში უდიდეს სიყვარულს კითხულობ. შეუძლებელია მათი დავიწყება. სულ რომ კვდებოდე და შენს გვერდით არავინ იყოს, ეს თვალები მაინც გაგახსენდება და განუგეშებენ, ბრძოლის ჟინს გააღვიძებენ შენში და ასე უბრალოდ არ დანებდები. იბრძოლებ სანამ სული გიდგას სხეულში, რომ კიდევ ერთხელ ნახო, თუნდაც უკანასკნელად, მაგრამ მაინც ნახო ეს თვალები. ერთი ჩახედვაც კი საკმარისია მასში, რომ გრძნობებით დაგათრობს, მეტყველების უნარს წაგართმევს, იგრძნობ, როგორ გიფეთქავს გული, თითქოს, სადღაც ეჩქარება და თავქუდმოგლეჯილი გარბის, როგორ გიბუჟდება სხეული, გრძნობ სისხლი აღარ მოძრაობს მასში, მაგრამ მაინც გინდა დაუსრულებლად უყურო ამ თვალებს, სხეულს გიწვავს, აზროვნებას ახრჩობს ფიქრების მორევში და მაინც ჯიუტად უმზერ. ასე გგონია დროც კი გაჩერდა, რომ დაუსრულებელი იყოს ეს წამები, მაგრამ... რატომ არის ყველაფერი კარგი მალე რომ მთავრდება, ან შეიძლება ჩვენ გვეჩვენება ასე, რადგან დროის შეგრძნებას ვკარგავთ.

აქეთ რომ მოვდიოდი, ტყეში ერთ მიტოვებულ და წაქცეულ ხეზე შემთხვევით წარწერა ვიპოვე: „სიყვარული დაუსრულებელია“. მაშინვე ის გამახსენდა და ფიქრები ავამღვრიე. კიდევ ერთხელ თვალწინ დამიდგა მისი სახე, ღიმილი და, რა თქმა უნდა, მისი თვალები სიყვარულში რომ იძირებიან, მაგრამ... ცხოვრებაში მარტო კარგი არ ხდება და მეც ოცნებადღა დამრჩა მისი თვალები. ის ახლა ზეციდან მანუგეშებს, ჩემთვის ლოცულობს, რომ მე ვიყო კარგად. არ მინდა კარგად ყოფნა, რად მინდა ასეთი ცხოვრება, როცა ყოველწუთს სიკვდილი მენატრება და მასთან ერთად მისი თვალები, წუთისოფელი მხოლოდ ამქვეყნიური სატანჯველიღაა ჩემთვის და მეტი არაფერი. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც... მან მარტო დამტოვა ამქვეყნიური ტანჯვისთვის და მხოლოდ მონატრებაღა დამრჩა ჩემი გულის მესაიდუმლედ.

ვზივარ ჩემთვის მარტო ტბის პირას წაქცეულ ხეზე და ამ მონატრების წამებს ფურცელს ვუზიარებ. ხშირად შევცქერი ზეცას და მისი თვალების დანახვას ვცდილობ, მაგრამ თავადაც კარგად ვიცი, რომ ეს არ მოხდება. ჩემთვის გართული ვიყავი ფიქრებში, როცა ფეხზე პეპელა დამაჯდა. ეს არაა სასიყვარულო ნაწარმოები, რომანი, სადაც ასეთი მოვლენები ყოველდღიურობადაა ქცეული, უბრალოდ რეალობაა, ჩემი ფიქრების და დარდის შედეგი, მონატრების, რომელიც უკვე ერთი წელია ანადგურებს ჩემს სხეულს, მაგრამ პეპელა რა შუაშია ამ ყველაფერთან?.. ის ჯიუტად იჯდა ჩემს მუხლზე და თითქოს თვალებში მიყურებდა, მე თავი ვეღარ შევიკავე და თვალი ავატირე. დიახ, ცრემლი წამომივიდა და ზეცას შევხედე. მზე თითქმის გადასულიყო და ცა სიწითლით ნაომარ ველს დამსგავსებოდა. ღრუბლებში მისი სახის დანახვა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მე ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ თანაგრძნობა მჭირდება-არა, უბრალოდ, ვცდილობ გავთავისუფლდე ამ გაუთავებელი ფიქრებისგან და... მონატრებისგან. პეპელაც ისეთივე სინამდვილეა, როგორც-მისი სიყვარულით სავსე თვალები. ცოტახანი შევცქეროდით მე და პეპელა ერთმანეთს დაჟინებული მზერით, შემდეგ ჩემს წინ ტოტზე დაფრინდა და ბოლოს თავისი გზა განაგრძო. არ ვიცი რად ჩავთვალო ეს ფაქტი, არც ის მინდა რეალობის შეგრძნება დავკარგო და მის გამოცხადებას მივაწერო, მაგრამ სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში და მას შემდეგ, როცა მახსენდება, უნებურად თვალზე ცრემლი მადგება.

ისევ მენატრები, ისევ მედარდები,

ისევ მეფიქრები, ისევ მესახები,

ვიღაც არ მაძლევს ისევ მოსვენებას,

ვიღაც ჩემს სხეულს ტანჯვით ასამარებს.

 

 

ავტორი: გიორგი ბოგველი (ანუ მე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

შენ რომ ყვავილი

ყოფილიყავი.

შენ იქნებოდი

იასამანი,

და რომ ამინდი

ყოფილიყავი

შენ იქნებოდი,

თბილი, მზიანი,

თუ იქნებოდი

წელიწადის დრო..

გაზაფხული და,

თვე კი მაისის,

რომ ყოფილიყავ

ცეკვა მაშინ კი..

შენ იქნებოდი

ტანგო ფლოგერი..

პათოსით სავსე

და ცეცხლოვანი.

 

 

 

ნინი მესხიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვპოსტავ ვპოსტავ, მაგრამ ჩემი ####-ლექსების დაპოსტვასაც მიკრძალავთ, ტო?

 

ცენზურა :*

Edited by cryzn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

სად ვმთავრდები მე და სად იწყები შენ..

ეს შენი ხელებია თუ მე გეხვევი..

ეს ჩემი გულია თუ შენ ფეთქავ..

ეს მე მაქვს შენი სუნი თუ შენ ჩემი..

მე უფრო მეტკინა თუ შენ უფრო მიხვდი..

ეს ჩემი ჰაერია თუ შენ მსუნთქავ..

ეს ჩემი ტუჩებია თუ შენ მკოცნი –

სად ვმთავრდები მე და სად იწყება

შენი მზერა –რომელმაც იცის რა ფერი ვარ

და ღამ-ღამობით

ლაქებს აშორებს ჩემს დაღლილ სხეულს….

რომელმაც იცის რამდენი ვარ

და მაინც მყოფნის……………

რომ ახლომხედველს გამიმკვეთროს სილუეტები….

რომელმაც იცის რომ გავამხელ

და მაინც მხედავს

და შორიდანვე ამირეკლავს თავის წიაღში

 

და მე ვბრუნდები ყოველ ჯერზე

და ყოველ ჯერზე

ხელახლა ვრჩები –

 

ჩვენ რა ხანია გადავიხლართეთ

გადავიხლართეთ...

 

........................

მოდი, ეს ქალაქი

ჩვენი სიმეტრიის ღერძი იყოს...

რამდენ ნაბიჯსაც შენ გადადგამ,

მეც იმდენი ნაბიჯით

დაგშორდები...

მოხვალ და მოვალ...

წახვალ და წავალ...

გავიმეორებთ ჩვენ ერთმანეთს

იქით და აქეთ...

 

ღერძის გარშემო

ჩავჭიდოთ ხელი და…

ვიტრიალოთ,

ვიტრიალოთ,

ვიტრიალოთ...

ვიდრე დავიღლებით,

ვიდრე დავიცლებით,

ვიდრე დავეცემით

თავბრუდახვეულები _

ცა და მიწა ერთმანეთს

ადგილებს გაუცვლიან,

ვარსკვლავები ფეხქვეშ დაგვეგებიან...

 

წაიქცევი და წავიქცევი...

ადგები და ავდგები...

გაგიმეორებ

,თითქოს სარკეში იყურები

და შენს თავს ხედავ _

გამიღიმებ და გაგიღიმებ..

.წარბს შეკრავ და წარბს შევკრავ...

 

მოდი, ახლა,

ხელი ჩამჭიდე

და ვიტრიალოთ...

ვიტრიალოთ...

ვიტრიალოთ... :love:

 

............

საშიში თამაში

 

შენ წამართვი რწმენა

და მე გამოვიცნობ,

შენი ორი გამოწვდილი ხელიდან

რომელ მუჭში მოაქციე

ჩემი ბედნიერება...

 

მე წაგართმევ იმედს

და შენ გამოიცანი,

ჩემს რომელ ამოსუნთქვას

ამოვაყოლებ...

 

შენ წამართვი ცრემლები

და სანდო ადგილას

გადამიმალე...

 

მე წაგართმევ ტკივილებს

და არჩევანის გარეშე დაგტოვებ...

არ გეტყვი, გამოიცანი,

რომელ ხელში მაქვს...

 

შენ წამართვი თმის სარჭი

და გათენებამდე მახვეწნინე _

დამიბრუნე მეთქი...

 

მე წაგართმევ ყველაფერს,

რაც დაგრჩა და ფეხშიშველს

დაგტოვებ დედამიწაზე...

 

დაგხურავ ვარსკვლავებიან ცას

და გეტყვი:გამოიცანი,

ამდენ ვარსკვლავში

რომელია შენი ვარსკვლავი?

 

შენ წამართვი საკუთარი თავი

და, თუ გინდა,

ნუ დამიბრუნებ...

 

..........

 

მოდი და შენი თვალებით

გადამიღე სულის კარდიოგრამა...

და აჰა, შენ, ჩემი ანამნეზი:

ხანდახან ვგუბდები და ისე საშიში ვარ,

მეშინია, არ მივატოვო

კალაპოტი,

რომელსაც ჩემი სახელი და გვარი ჰქვია.

მოდი და...

ამ სულს რამე გაუგე _

მოუწესრიგე თანდაყოლილი არითმია,

გაუკვალე გზა,

თითქოს პირველი თოვლი მოვიდა და

ჯერ არავის გაუვლია...

და გამოუწერე სუფთა ჰაერი,

რომელიც არსად იშოვება...

 

გამომაღვიძე შენი სიზმრებიდან

და დამაბრუნე იქ,

სადაც არ მახსოვს,

რომ ოდესმე ვიყავი...

 

........

 

შენ შენ-ში შენ-სას ხედავ,

მე ჩემ-ში მიყვარს ჩემ-ი,

ის მას-ში ფიქრობს მის-ას,

ზღვას რკალად კვეთავს გემი.

 

ჩვენ ჩვენ-ით ვპოვებთ ჩვენ-სას,

თქვენ თქვენ-ში ჰპოვებთ მას,

ყველამ მივხედოთ ჩვენ-სას

და მშვიდად ვიგრძნობთ თავს.

Edited by Emily
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...
ტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -

როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

თვალებით თანხმობა, თვალებით უარი

და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,

შენგან ვისახსოვრე… და სადმე თუ არის,

მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -

როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

 

გიორგი საჯაია

 

ვახუშტი კოტეტიშვილი

 

მთაში პატარა სოფელო,

ციცქნა სახელით: ინო!

ქალაებ კარგებ დაგიდის:

მზია, განძა და ნინო.

 

გომურებში კი ნუ სჩქმალავ,

სუ ბან-ბან უნდა ჰფინო.

ერთხელ მეც დამაძლევინო

მაგათი ბაგის ღვინო,

მერე კი მოფშავლებული

ერთ-ერთთან დამაწვინო.

 

* * *

 

ერთ დროს მეც ვიყავ ჯეელი,

ქვეყნად არ მყავდა ბადალი,

გულის ფანცქალით მელოდა

ბევრი თვალშურთხა წაწალი.

 

იმათი ეშხით მთა-ბარში

არ მბეზრდებოდა წანწალი.

ეხლა კი ვის რად ვუნდივარ

ბეჩავ-ბებერი, საწყალი,

არც რამ შამამრჩა, დამხედეთ,

ფეხთ წინდები მცვავ ცალ-ცალი.

 

* * *

 

ამ წუთისოფლად ვფაფხურობთ,

როგორც ბორბალში ციყვები,

ან როგორც წყალში ნაფოტი,

დროის დინებას მივყვებით.

შხამა სოკოებს ვაწყდებით,

მაგრამ გვგონია ნიყვები,

ეს ან ქალების ბრალია,

ან კაცები ვართ ბრიყვები?!

 

* * *

 

თუ გიდგას ღვინო ხელადით,

განსაკუთრებით – -პინო,

გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი,

დუდუკით მოილხინო,

თუ აგიკრძალეს ქალები,

თუ აგიკრძალეს ღვინო,

რა ჭირად გინდა დუდუკი,

ან რა გაქვს საღიღინო?!

 

* * *

 

ლექსის საღერღელაშლილი

დავბზუი როგორც ფუტკარი,

დავაფრთხე ჩემიანები:

- გაიტრუნენით!– ვუთხარი.

მე კი ლექსშეკეთებული

ვღუოდი როგორც ბუხარი,

ლექსს ხომ ვერ იტყვი უგულოდ,

დაუმწვარ-დაუთუთქარი.

 

* * *

 

წუთისოფელმა გამხადა

შაირ-სიტყვათა მესტვირე,

ყოფა ვერავის ვუტირე,

ბევრს თვითონ ყოფად ვეტირე.

 

სამარის ქვაზე თარიღებს

ტირე რომ უზის, ეს ტირე

ჩვენი ცხოვრება ყოფილა,

ამას რომ მივხვდი, შევსტირე.

 

თურმე ვინა ვარ? – მარტოდენ

ამ მოკლე ტირეს მესტვირე.

 

* * *

 

ჩვენმა ახალმა ცხოვრებამ

წამება არ გვამყოფინა,

ზოგს სულ წაგვაჭრა თავები,

ზოგს ყულფში გაგვაყოფინა.

 

აღარც ცოცხლებში ჩაგვწერა

და მკვდრებშიც არ გვამყოფინა.

მე დე იურე მეგონა,

თურმე დე ფაქტო ყოფილა.

 

* * *

 

ალექსი ჭინჭარაულს

 

ლექსო, ეს ჩემი სიტყვები

არ გახლავს სახუმარონი.

მე ხომ შენს გვერდით ისე ვარ,

როგორც მოსესთან არონი.

 

მტრები ვერაფერს გვიზამენ,

გინდაც გვითხარონ ხარონი,

ისეთ კაფიებს ვაჯახებთ,

გავხადოთ სახარხარონი,

თავის სიტყვები გაირჭონ,

როგორც სიმინდის ტარონი.

 

შენ კაფიების ლორდი ხარ,

მე – შაირების ბარონი!

 

* * *

 

80 წლის ალექსი ჭინჭარაულს

 

ვულოცავ იუბილარსა

სიტყვის ჯადოქარს, მისანსა.

პაპა ალექსის ნალექსი

მუდამ აღწევდა მიზანსა.

 

მე აბა რა მათქმევინებს

მის აუგსა და მის ავსა,

და თუ წამამცდა, ბებერი

რაღა ჩემ ფეხებს მიზამსა?!

 

* * *

 

ვახუშტი კოტეტიშვილი

ერთი უბრალო კაცია,

თავზე ახურავს ბერეტი,

გაქექილ ჯინსებ აცვია,

ლექსების ფარას მოდენის

როგორც რო მწყემსი ქაცვია.

მისთვის კაცია მთავარი,

არა ჯური თუ ნაცია.

ხან საქმე უკეთებია,

ხან ცოტა უზარმაცია,

თავისას არ იშურებდა,

სხვისი არ წაუტაცია,

ყველაფერს წერდა მარჯვენით,

არ უხმარია ცაცია.

კარგ ლექსებს იჭერს შორითვე,

თითქოს ყურს უდგას რაცია.

პურმარილისას დინჯია,

მთვრალს არსად ურაცრაცია.

ბუნებით დარბაისელი

ქალებთან ცოტა ანცია.

შეუნდეთ, ჯეელობისას

თუკი რამ უქიცმაცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მინდა შენი სიბრალული,

შავი ნაწნავებით შემკარი, -

და თუ სიგიჟეა სიყვარული,

გავგიჟებულვარ და ეგ არი...

 

 

 

მორის ფოცხიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შორიდან მიცნო, მხრებზე თავშალი

გადიგდო მყის და ნაბიჯს უმატა,

სწადს: გზა მიყელოს, დამწვას, ამშალოს

და იზეიმოს მერე ჩუმადა.

 

ვხვდებით. ჩერდება ცბიერი, ანცი,

ყალბად მიღიმის წყნარს და ფიქრიანს...

ყოჩაღ, გაბრიელ! გულცივად გასცდი

და ერთხელ წარბიც არ შეგიხრია!

 

 

გაბრიელ ჯაბუშანური

 

ვისაც სიყვარული შეუძლია

 

იმ ქალს,

იმ ბერიკაცს

გაუმარჯოს,

ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,

ვისაც არასოდეს გაუმართლდა,

მაინც სიხარული შეუძლია.

ვისაც იმედები პურად ყოფნის,

ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,

ვისაც,

სიყვარულით უარყოფილს,

სხვისი სიყვარული შეუძლია.

იმ ქალს,

იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,

ვისი სიმღერებიც მწუხარია,

ვისაც სიხარული გაუავდრდა,

სხვისი გაღიმება უხარია!

ვისაც შეუძლია ატირება,

მზით და სიკეთით ძლეულია,

დიდი შეცოდების პატიება

ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!

ვისაც უხარია ყველაფერი -

ტყეებია თუ ველებია,

ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს

ვერა და ვერაფრით შელევია!

ვისაც არასოდეს გაუვარდდა,

მაინც იმედებით გრძნეულია,

ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,

ვისაც სიყვარული შეუძლია!

 

მედეა კახიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დრომ ახალგაზრდობაც შეიწირა,

ადრე თუ ვიყავი დასაბმელი,

ახლა ყველაფერი შემიძლია,

მაგრამ აღარ მინდა არაფერი...

 

 

მიხეილ ქვლივიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემო დედი,

დაბერდი და,

ლექსებს ირჩევ სევდიანს.

შენი ძვლები წამდაუწუმ

სატირალზე სხდებიან.

შენი ფიქრნი სად არ წავლენ

სად არ გადასწვდებიან.

აღმართსა და აღმართს შორის

ბილიკს გაიტკეპნიან.

 

დედი, იის ძირში ცხოვრობ,

სახლი გიდგას ფერებით.

სახლს კარიც აქვს,

მაგრამ, ვაი,

მე ვერ შემოვეტევი.

 

რაა, დედი,

ამ ბოლო დროს,

სულ საფლავზე გხედავენ!

ბებოჩემი, პაპაჩემი,

შენს თავს შემომედავნენ.

და თუ მაინც წაგიყვანეს,

თუ გაუწყრათ გამჩენი,

კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,

როგორც ხეზე დარჩენილს.

ჩამოვყვები კიბეს, დედი,

სისხლიანი ფეხებით.

დედი, როგორ გავიხარებთ,

როგორ გადავეხვევით.

 

ბესიკ ხარანაული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძნელია, მაგრამ ადვილად ითქმის,

როდესაც ტკივილს ტკივილით იხსნი,

როცა სიტყვიდან მოწვეთავს სისხლი .

მარადისობის ტოლია თითქმის -

სიცოცხლე, თუმცა ზომავენ მისხლით...

 

 

თამაზ ჭილაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წვიმს და მაინც მენატრება წვიმა,

როგორც ქალი მინატრია ქალში...

 

...........................................

 

თუ გიცდიათ მდინარეში ჩანგლით თევზის ჭერა?

სულ უბრალო საქმე არი: ზიხარ... უცდი... გჯერა...

ასეთია ჩვენი საქმეც,

ანუ ლექსის წერა:

კალმით ხელში მაგიდასთან

ზიხარ. უცდი. გჯერა.

 

მიხეილ ქვლივიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...