vitaminC Posted September 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2009 (edited) აბა ესეც ნახეთhttp://www.opentext.org.ge/09/sakartvelos-...ელოში ბიზნესი ისევე უმარტივესად კეთდება, როგორც უმარტივესად იჭმევა! ოთარ ხუციშვილი არ შეარცხვინოთ ახლა ქართველ ხელისუფალთა შორს გავარდნილი რეიტინგი და არა იკითხოთ, რატომაო. ამას, ჩემო ბატონო, ოკეანისგაღმელი მსოფლიო ბანკის მიუკერძოებელი არბიტრები მიუკერძოებლად მიხვდნენ, როცა საქართველო ბიზნესის მარტივად კეთების ურთულეს დარგში მსოფლიო ქვეყნებს შორის თითქმის პირველ ათეულში შეიყვანეს და ახლაღა იშმუშნებით. დაგვიანებულია, ბატონებო, დაგვიანებული, მხრების ჩეჩვანი. ეს ამბავი ახლა ევროპის წამყვან ქვეყნებსაც აღარ უკვირთ და თქვენ რა დაგემართათ. ღმერთსა მადლი, იმავე არბიტრებმა დაიზარეს და საქართველოში მარტივი ბიზნესის კეთებასთან ერთად ფულის მარტივად ჭამის შედეგებიც არ შეაჯამეს, თორემ ჩვენი საქმიანი პრეზიდენტის უსაქმო ბაქიბუქი მაშინ გენახათ! თუმცა ქვეყნის მეთაური მიღწეულითაც კმაყოფილია და ოპოზიციის გულის გასახეთქად, რომელმაც სამთვიან ორთაბრძოლაში "ჩაისვარა", ახლო მომავალში, თუ რუსეთმა ახალ პროვოკაციაზე არ წამოაგო, მსოფლიოს პირველ ხუთეულში გადასასვლელად აქედანვე გულმოდგინედ ემზადება. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გამოჩნდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძველი სახელისუფლებო დევიზი - "საქმე ლაპარაკის ნაცვლად!" მოძველებულად ჩათვალა და ის უახლესი გამოწვევების (ეს სიტყვა განსაკუთრებულად ევასება) შესაბამისად, ულტრათანამედროვე მოწოდებით - "საქმე ლაპარაკის პარალელურად!" - შეცვალა. ასე არა სჯობს. აწი პრეზიდენტს ვეღარავინ დაადანაშაულებს - ეს კაცი ყბედობას გადაყვა, საქმის კეთება კი დაავიწყდაო. ნურას უკაცრავად, ამის საბაბს მიხეილ სააკაშვილი აღარავის მისცემს, ერთდროულად კიდეც ილაპარაკებს და კიდეც საქმეს დაბგოლავს. ყოველ შემთხვევაში, თუ ორივე ერთად არ გამოუვიდა, თვითონ ილაპარაკებს და სხვები საქმეს გააკეთებენ. ამის პრეცენდენტი უკვე ვნახეთ, როცა ხარაჩოებზე მომუშავე მშენებლების, ანდა საკონსერვო საამქროს გახსნის ფონზე, ტრიბუნაზე შემდგარი პრეზიდენტი ეკონომიკური და სოციალური აყვავების უახლესი მომავლის გეგმას გვაცნობდა. აღარაფერს ვამბობ ქუთაისსა და ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მშენებლობაზე, რასაც ქვეყნის მეთაურმა არაერთი შთამბეჭდავი გამოსვლა მიუძღვნა. თუმცა, ვხედავ, პრეზიდენტის ქებამ იმდენად გამიტაცა, ლამის მთავარი სათქმელი გამომრჩეს. არადა, ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ კეთდება საქართველოში მსოფლიობანკელების მიერ მოწონებული მარტივი ბიზნესი და, ალბათ, კდევ უფრო მეტს - როგორ ახერხებენ ქართველები მის ასევე მარტივად შეჭმას. ერთმა ჩემმა მეგობარმა ეკონომიკის პროფესორმა ამ კითხვას სულ იოლად გასცა პასუხი - პიჯაკში ხელი ჩაიყო, უბის წიგნაკი ამოიღო, სათვალე მოიმარჯვა და რამდენიმე ციფრი დამისახელა. აი ნახეთ, თქვა მან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ნაცები მოვიდნენ (ანუ 2003 წლიდან), სახელმწიფო ბიუჯეტში ეგრეთ წოდებული გაუშიფრავი ხარჯები კატასტროფულად - 1 მილიარდ 103 მილიონი ლარით (347,8 პროცენტით) გაიზარდა, იყო 445,2 მილიონი და გახდა 1 მილიარდ 548,2 მილიონი ლარი. იქვე დაამატა: გაუშიფრავი სახელად ჰქვია, ჩემო ბატონო, თორემ ვის ჯიბეში მოხვდა ეს თანხები, რა თქმა უნდა, ყველაზე იოლი გასაშიფრიაო (!). რაც შეეხება ბიზნესის მარტივად კეთებას, ამას საქართველოში საერთოდ გაშიფვრაც არ სჭირდება. ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, "ჩვენი ხელისუფლება მარტივი პრინციპით იქცევა - მოშივდება და იწყებს ფულის მოპოვებას. ეს არ არის გადასახადების აკრეფა, არამედ ხარკის აკრეფას უფრო ჰგავს. ასეთ ვითარებაში კი, ჟარგონს თუ მივმართავთ, "ვაჭრობაც მოსულა". სწავლობენ ვითარებას და რისი გადახდაც შეუძლია რეალურად ბიზნესმენს, იმდენს ახდევინებენ. მეწარმეს ამ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ გადასახადებთან კი არა აქვს საქმე, არამედ სახელმწიფოსთვის ხარკის გადახდა უწევს". აი თურმე რეალურად რა იმალება საქართველოში ბიზნესის მარტივად კეთების უკან, რომელიც ჩვენს ოკეანისგაღმელ სპეციალისტებს ასერიგად მოეწონათ. თურმე ხელისუფლებას მოშივდება თუ არა, მაშინვე იწყებს ფულის მოპოვებას და ბიზნესისთვის ხარკის შეწერას. ამას არ სჭირდება სამუცნობიანი განტოლების ამოხსნა, მშიერმა, უფრო სწორად, მთავრობის უძღებმა მუცელმა ასე მოითხოვა - ეგ არის და ეგ მთელი ამ სიმარტივის ფილოსოფია. ფაქტები გნებავთ. კი ბატონო, მე თქვენ გეტყვით, მოძებნა გაგვიჭირდება. აი, მაგალითად, აეროპორტის მმართველ კომპანია "ტავ ურბან ჯორჯიას", რომლის სანაქებო საქმიანობით თავის დროზე პრეზიდენტისგან ყურები გვქონდა გამოჭედილი, თურმე დაარსებიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტში გროშიც არ ჰქონია გადახდილი. ეს "გაუგებრობა" შემოსავლების სამსახურმა სრულიად შემთხვევით ახლაღა აღმოაჩინა (?!) და ჯიუტ გადამხდელს 50 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. რა თქმა უნდა, კომპანიის მესვეურებსაც "აღმოაჩნდათ საპირისპირო არგუმენტები", რაც ფინანსთა სამინისტროსთან ვაჭრობის პროცესში ოპერატიულად გამოიყენეს და, როგორც სარწმუნო წყარო იუწყება, ჯარიმის თანხა 10 მილიონ ლარამდე შეამცირებინეს. უფრო ადრე ასევე მოიქცა ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნიკორა", რომელმაც იმდენად იმარჯვა, რომ 15-მილიონიანი ჯარიმა 4 მილიონამდე ჩამოაყვანინა. უფრო სკანდალური გამოდგა "ელიტ-ელიქტრონისისთვის" გაბერილი ხარკის შეწერა, რასაც პროტესტად ქსელის დახურვა და ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა მოჰყვა. როგორც ავი ენები ამბობენ, დასახელებულ კომპანიას ვიდრე ვანო მერაბიშვილი უწევდა "კრიშობას", ყველაფერი რიგიან-პირიანად მიდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ შორის "შავმა კატამ გაირბინა", საქმე ერთბაშად აიბურდ-დაიბურდა, რითაც მეორე სახელისუფლებო ძალამ მოსწრებულად ისარგებლა. ყველამ ნახა ტელევზიით, გიგი უგულავა როგორი დამწუხრებული სახით ესაუბრებოდა ქუჩაში გამოსულ ელექტრონიქსელებს და მსუქან-მსუქანი დაპირებებით აპურებდა. რა შეიძლება დავარქვათ ყოველივე ამას - ბიზნესის მარტივად კეთება თუ მთავრობის მხრიდან ბიზნესმენთა თვალდათვალ დაყაჩაღება. ეკონომიკის ექსპერტთა მოსაზრებებს თუ მოვიშველიებთ, ის რისი მსხვერპლიც "ელიტ-ელექტრონიქსი", "ნიკორა" და "ტავ ურბან ჯორჯია" გახდნენ, სხვა არაფერია, თუ არა ბიზნესზე განხორციელებული სახელისუფლებო რეკეტი. უფრო უარესი ის არის, რომ ამ ხვედრს მსხვილებთან ერთად ვერც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები გადაურჩნენ. ამაზე მიუთითებს ჩვენს დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში შემოსავლების სამსახურის მიერ ლუქდადებული ობიექტები, რომლებმაც ხარკის სიმძიმეს ვერ გაუძლეს და კარები გამოიხურეს. ასეთ დროს, როგორც წესი, მიმდინარეობს დასახელებულ სამსახურთან მოლაპარაკება-გარიგებები, ფაქტობრივად, ვაჭრობა, რაც ყოველთვის ხელისუფალთა "გამარჯვებით" მთავრდება. ამას არც თაკილობენ და საჯაროდ აცხადებენ, გლობალური კრიზისის პირობებში ჩვენ შეუძლებელი შევძელით, ეკონომიკის ვარდნა შევაჩერეთ და სულ მალე მისი ზრდის მოწმენიც გავხდებითო. ასეა, დღეს ქვეყანაში მთავარი ბიზნესმენი მთავრობაა, ხოლო წარმატებული ბიზნესმენები - სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლები. უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ მთავრობის წევრები, რომლებსაც პრეზიდენტ სააკაშვილისგან ინვესტიციების შემოტანა აქვთ დავალებული, იმავე ინვესტიციებისა და ცალკეული ბიზნესმენებისგან სოლიდურ წილს იღებენ. და ყველაფერი ეს ისე მარტივად და ეფექტიანად კეთდება, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მაღალი შეფასებაც კი დაიმსახურეს. ვერ დაამუნათებ, ეს წარმატება ხომ მათ დამსახურებულად მოიპოვეს (?!). . © გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" © ქართული პრესის კომპიუტერული არქივი -12.htm://http://www.opentext.org.ge/09/sakar... Edited September 22, 2009 by vitaminC Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.