Jump to content
Planeta.Ge

საქართველოო ლამაზო...


Recommended Posts

მოკლედ, აქ დავდოთ კექსები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ულამაზეს საქართველოზე...

 

 

ჩემი საყვარელი პოეტით დავიწყებ. :user:

 

 

ტიციან ტაბიძე

 

 

 

მაშ გამარჯვება...

თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე

 

და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.

 

- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,

 

დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

 

 

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,

 

ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,

 

სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს

 

გავარვარებულ ოქროს თაველებს!

 

 

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:

 

წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,

 

მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,

 

რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

 

 

ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,

 

ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.

 

სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,

 

ანდა არ იყოს ასე ლამაზი!

 

 

- სხვა საქართველო მაინც სად არი?

 

რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა?

 

ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,

 

ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?

 

 

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,

 

და საქართველოს მედგას უღელი:

 

- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,

 

დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.

 

 

ივლისი,

 

1928 წ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრიგოლ რობაქიძე

 

საქართველოს

 

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.

ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.

ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.

და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

 

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული

საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი

სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი

და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

 

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,

მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.

მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

 

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -

და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს

შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

 

1919

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანა კალანდაძე

საქართველოო ლამაზო

 

„სხვა საქართველო სად არი?“

გრ. ორბელიანი

 

 

ქარი გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს ჭადარი...

ძეწნამ ალერსით ამავსო

ეჭვებით ნაავადარი...

საქართველოო ლამაზო,

„სხვა საქართველი სად არი?“

ცა ვარსკვლავებით ინთება,

ცა – არცა რისი სადარი...

მთვარე რომ ამობრწყინდება,

გული გაფრენად მზად არი...

დიდება, შენი დიდება,

„სხვა საქართველო სად არი?“

მინდვრები, ქართლის მინდვრები,

ქედები მხარგაშლილები...

მთაში – ტყე დანაბინდები,

ტყეში – ქორბუდა ირმები...

ბარად შრიალებს ჭადარი,

მზეს უმღერიან ჩიტები...

მხარევ მოსილო დიდებით,

„სხვა საქართველო სად არი?“

ლურჯი ბალახი მხარამდი,

მწყერი გოგმანობს ბალახში...

თეთნულდზე – მზე და ბადაღში...

სხვა საქართველო ვინ ნახა?

„სხვა საქართველო სად არი?“

როს ვარსკვლავები ხმაურით

აინთებიან ცათანი,

კლდეს მოაწყდება ზღვაური

მეშვიდე ცაზე ატანილს...

კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,

გორში იტირებს ატამი,

ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,

„სხვა საქართველო სად არი?“

აქ დაიბადა „სულიკო“,

მზისკენ გაფრინდა „მერანი“...

და თუნდაც გადმოსულიყო

მტერი შმაგი და ვერანი,

მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,

სით გაუშვებდა ლელაჲ?

აქ დაიბადა „სულიკო“,

მზისკენ გაფრინდა „მერანი“...

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,

ცაში ასულა ძერაი...

დაბლა შრიალებს მოლისებრ

ყანაი გაუყელავი...

ფიქრს დაუღლია ონისე,

ბახტრიონს მიდის ლელაი...

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,

ცაში ასულა ძერაი...

ქარი გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს ჭადარი...

ძეწნამ ალერსით ამავსო

ეჭვებით ნაავადარი...

საქართველოო ლამაზო,

„სხვა საქართველო სად არი?“

1945

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

მუხრან მაჭავარიანი

 

* * *

 

შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო...

შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.

ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, -

ნადიდგორალი, ნაშამქორალი.

შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,

რამაც აქამდე კი მოაღწია:

სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, -

რაც მტერს წარუტაცნია...

შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება

ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...

სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, -

გაშორო, რაც შემიძლია...

შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,

დაუცხრომელო და უცნაურო...

საბედნიეროდ, საბედნიეროდ, -

ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!

 

გიორგი ლეონიძე

 

ვუმღერ სამშობლოს

 

სულ ჩემი გულის მონაწურია,

რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,

ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,

და მის სიყვარულს დავემწყემსები.

 

მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,

როგორც წყალში დგას წნორის ძირები,

სიცოცხლეს ვერსად დავესესხები,

თუ სამშობლოსგან გავიწირები!

 

მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,

მისი ნათელი დამთოვებია,

სიცოცხლე - მისი მშვენების იქით -

ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!

 

აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა

და ტკბილი სიტყვის გამართულობა.

ვით ღონიერი ნიაღვრის დენა,

ჩემი თქმულება, ლექსქართულობა!

 

დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,

ეს ყვავილები მე დავაგროვე;

მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,

ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!

 

გულის ნათელი მე მიპოვია,

ქართლის დიდების მე ვარ მნახველი,

სამშობლო - ჩემი გულის ფეთქვაა,

სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...