Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ძალიან მიყვარდა ამ პიროვნების ლექსები,შემდეგ გადამიყვარდა,შემდეგ ისევ შემიყვარდა :hitler: მოკლედ განსაკუთრებულ სიღრმეს ნუ მოითხოვთ და ლამაზი მემგონი ნამდვილად არის :)

 

 

 

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -

როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

თვალებით თანხმობა, თვალებით უარი

და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,

შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,

მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -

როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია

 

 

***

 

მე გეკითხები: ეგ შენი ყელი

სადაფი არის, თუა ბაკარა?

შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:

- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

 

მე გეუბნები: შენი თვალები

მწველია ისე, ვით მზე თაკარა.

შეშინებული შენ იმეორებ:

- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

 

მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,

მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.

შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:

- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

 

და ასე გადის მთელი ცხოვრება.

მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.

შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ?

- იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა!

 

 

***

 

მელაპარაკე

 

 

მელაპარაკე,

ულამაზეს

შენი ნოტებით...

შემომეშველე

ტკივილების

დამიწებაში...

მელაპარაკე,

ვიდრე წავალთ,

განვიტოტებით,

ჩვენ ჩვენი გზებით

სამუდამო

დავიწყებაში...

მელაპარაკე,

ცაზე ნაწერ,

შენი ნოტებით...

 

 

***

 

 

 

მთელი საღამო გჭამდი თვალებით.

გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.

მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...

მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...

შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!

მთელი საღამო გჭამდი თვალებით.

გჭამდი მოზომილ თანმიმდევრობით:

ჯერ შეგიჭამე ფეხის ტერფები,

მერე წვივები დავხარ - ვერ გავძეხ,

ვღეჭე მუხლები - ვერც მათ გამაძღეს.

მერე ბარძაყებს მივეპარე ისე ქურდულად,

ვით მტაცებელი ეპარება თავის სამსხვერპლოს.

მერე თეძოთა გამაოგნა ზუსტმა სიმრგვალემ

და გული დამწყდა რადგან თვალებით

შემეძლო მხოლოდ მათი შეგრძნება.

მივყევი ზემოთ. აქ მახეში მკერდის გავები -

შეველ სამოთხეს, ვკრიფე ვაშლები

და ნერვიულად ვყლაპე მთელ-მთელი.

მთელ-მთელი ვყლაპე ძუძუსთავებიც.

მერე ყელს დავწვდი. დავეწაფე როგორც ვამპირი -

ციდან მოვხსენი ახალი მთვარე, სამეფო თასი,

შევავსე შენი ცისფერი სისხლით და ისე შევსვი.

მერე სველ ტუჩებს კინამ დავაკვდი -

იმდენხანს ვწოვე სიყვარულის ელექსირები,

სანამ ბოლომდე არ დავაშრე მათი სისველე.

ბოლოს წამწამთა მათრახები ვიგრძენ სხეულზე.

მათ უმოწყალოდ, დაუნდობლად გამამათრახეს

და გადამაგდეს თვალთა ზღვების აბისალებში.

მე ჩავიძირე გიშერისფერ მათ სიღრმეებში

და... იქ დავიხრჩვი. თუმცა არ მოვკვდი -

არ შეიძლება პოეტი მოკვდეს ასე იოლად! -

მე შენს სურნელად გარდავიცვალე

და ნაცვლად სამოთხის,

შენს ხავერდოვან თმებში ვპოვე განსასვენები.

მთელი საღამო გჭამდი თვალებით.

გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.

მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...

მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...

შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!

 

 

 

***

 

 

 

მზისფერს

 

იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ მზისფერი მზეობით,

უდაბურ უდაბნოს ქვიშიან ქარებით სიგიჯე ამიტანს...

სფინქსის მდუმარებით მომაჯადოვებელ თვალების ტყვეობით,

მივალ და აგიგებ, ნაქებ და ნადიდებ მზისფერ პირამიდას.

 

ნილოსის ტალღებში, მზისფერი ქაფიდან იშვება ვენერა...

მერე რა, რომ ერთ დროს მავანნი უმღერდნენ მერის და შაგანეს?!

ზეცას შეაქანებს შენი სისადავე! სხვისი ხარ? მერე რა?!

მე გჩუქნი ჩემს გულს და გჩუქნი ჩემს უმზეო მუზების სავანეს!

 

იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ, მზისფერო, ანათე!

 

 

 

***

 

 

 

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,

თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.

წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!

არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

 

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე

(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).

წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...

სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

 

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,

გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.

დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...

გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

 

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა

ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...

მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,

მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

 

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -

ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,

ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,

საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.

 

 

***

 

 

 

 

... ხანდახან ხდება რომ ტანში გაგაციებს

 

 

 

ხანდახან ხდება, რომ

ტანში გაგაციებს...

წართმევით ფეხების,

არაამქვეყნიურს

მე ვგრძნობ გრადაციებს

დროს, შენთან შეხების.

 

მზერაში არეკლილ

ტალღების ღელვათა

ჯადოსნურ მანევრით,

მართობ და განმგმირავ,

ზეციურ ელვათა,

მჭრი, ბასრი სატევრით.

 

მთრგუნავ და მაბრმავებ,

მამუნჯებ სამარის

აღთქმული სიმუნჯით.

მუხლებზე მაჩოქებ

დედოფალ თამარის

დარ თვალთა სილურჯით

 

და მკლავ და მაცოცხლებ -

ჯვარცმაში ნამყოფთა

წამებით მაწამებ,

უთვალავ კითხვებად

მამრავლებ და მყოფ და

მაკლებ და მაჯამებ...

 

და ზოგჯერ ხდება, რომ

ტანში გაგაციებს...

წართმევით ფეხების,

არაამქვეყნიურს

მე ვგრძნობ გრადაციებს

დროს, შენთან შეხების.

 

 

 

 

იმედი მაქვს,მოგეწონებათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

The Bearer of Light

 

 

ერთ ფრაგმენტს დაგიდებ , მისი ინტერვიუდან :ravic: ჩემი საყვარელი ლექსიც ერთვის

 

ბიოგრაფიის რა გითხრა, სიმართლე გითხრა არასოდეს დავინტერესებულვარ ,ახალგაზრდა ბიჭია რაა :ravic:

 

"შენ თვლი, რომ შენი ლექსები პლიუსი სწორედ ის არის, რომ დოგმებს ვერ კი არა, არ ასცდი...

აი ხომ ხედავ, ერთ პლიუსსაც ისე გამოვკარი ხელი, რომ ვერც კი მიხვდი... ეს ისე, ხუმრობით, რა თქმა უნდა.

 

ძალიან ხშირად ლექსებს კონკრეტულ ადამიანებს უძღვნი, მოკლედ, მაინტერესებს, რა გჭირდება იმისათვის, რომ ლექსი წერო?

"სისხლის დადინებით ქუსლებიდან,

გინდა გაქცევა და განაჩენად -

წყვილი ფანქარი და ფურცლები და

წყალსაც წაუღია დანარჩენი!"

 

ფურცელი და კალამი, სხვა არაფერი...

 

რაც შეეხება მიძღვნებს, აქ ალბათ უფრო სიყვარული და ადამიანობაა საჭირო, პირველზე ძლიერი მუზა და მეორეზე დიდი ხელოვნება არ არსებობს ბუნებაში...

 

ე.ი. შენი მთავარი მუზა სიყვარული ყოფილა... ხშირად ხარ შეყვარებული?

და როგორი ხდები მაშინ, როცა გიყვარს, ძალიან გიყვარს?

დიდი გული მაქვს, ყველას და ყველაფერს ვიტევ...

 

შეურაცხადი ვარ ამ დროს... და თუ ჩემს მეგობრებს დაეჯერებათ, რომლებიც ამბობენ, რომ საჯაია ყოველთვის შეურაცხადიაო, გამოდის რომ მარადი შეყვარებული ვყოფილვარ...

 

შეურაცხადო, დიდი გული რომ გაქვს, ერთბაშად რამდენი ადამიანის დატევა შეგიძლია?

მთელი დე-და-მი-წის... მართლა ყველა მიყვარს, თუ შევიყვარე - უზომოდ... შეძულება არ მჩვევია, მაგრამ თუ შევიძულე - ასევე უზომოდ... მოკლედ, ყველაფერი არანორმალური ვიცი...

 

არა, ვერ დაგიჯერებ, არ შეიძლება მთელი დედამიწა გულით შეიყვარო, მთელი გულით მხოლოდ ერთი ადამიანის სიყვარული შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.

არ იფიქრო რას ჩამაცივდაო, მაგრამ საინტერესოა, თუ ჩაგიდენია ყველაზე დიდი სისულელე სიყვარული გამო.

 

რამდენიც გინდა... ყველას რა ჩამოთვლის... ყველაზე დიდი სისულელე კი ის იყო, რომ ოჯახი კინაღამ მივატოვე... ოჯახი, რომელზეც მზე და მთვარე ამომდის - ფანტასტიური ცოლი და ორი ანგელოზივით შვილი... ვაღიარებ - საშინელი კაცი ვარ! თუმცა... მიყვარდა, საშინლად მიყვარდა... ახლაც მიყვარს!

 

მგონი ცოტამ თუ იცოდა შენი ოჯახისა და შვილების შესახებ...

და გარდა იმისა, რომ ცოლი ფანტასტიურია და შვილები ანგელოზები არიან, კიდევ როგორია შენი ოჯახი? მოგვიყევი მათ შესახებ.

 

არ მიყვარს სიტყვა "ცოლი"... ცოლი არა, უფრო მეგობარია, უფრო სხვა განზომილებაა, უფრო ღმერთია, რომელიც ყველგან და ყოველთვის ჩემთან არის და ჩემშია - ერთადერთი კერპი, რომელსაც ვაღიარებ და ვისზეც ვლოცულობ... ულამაზესი ოჯახი მაქვს! შეიძლება ითქვას, იდეალურიც კი... გამიმართლა, უბედნიერესი კაცი ვარ!

 

მიხარია... იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს შენს მეუღლესაც წააკითხებ... დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვების მოსმენა გაუხარდება... გიო, ხშირად ნანობ შენს საქციელს?

 

Блаженны - простивший всех и простивший самого себя. (ფრაგმენტი აპოკრიფული ევანგელიიდან)

 

გიო, მხოლოდ მასზე (საყვარელ ქალზე) ვლოცულობ, ის არის ჩემი ღმერთიო...

ღმერთი არსებობს?

 

ამ საკითხზე დავას, ვიტგენშტეინმა დაუსვა თავის დროზე ძალიან მარტივად წერტილი, როდესაც თქვა, რომ "იმაზე, რაზეც საუბარი შეუძლებელია, საჭიროა დუმილიაო"... თავგადადებული მორწმუნე არ ვარ, სამწუხაროდ, მაგრამ ბორხესის არ იყოს, "დაე იარსებოს ზეცამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩემი ადგილი ჯოჯოხეთშია"!

 

გიო, რისი გეშინია?

 

მეშინია იმის, რომ ერთ დღესაც აღარ მეშინოდეს... შიში ბარიერი არ არის, (საერთოდ არ ვცნობ ბარიერებს) შიში ყველაზე კარგი სტიმულია, იმისათვის, რომ ადამიანმა ადამიანობა არ დაკარგო და საკუთარი თავი აკონტროლო, ყველაზე არაკონტროლირებად სიტუაციაშიც კი...

 

გიო და ბოლოს, ცოტა უცნაურ შეკიტხვად კი მოგეჩვენება, მაგრამ შენ როგორც გინდა, ისე მიპასუხე:

ვარსკვლავი თუ ციცინათელა?

 

რა თქმა უნდა ციცინათელა - ვარსკვლავებთან ჩვენ, მოკვდავებს, რა ხელი გვაქვს...

 

-----------------------------------------------------------------------------------------

 

P. S. ესეც გიოს კიდევ ერთი ლექსი:

 

სიყვარულის კამიკაძე

 

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -

რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.

არრა მაბადია გარდა ლექსების და

გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

 

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -

ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...

შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",

გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!

 

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი

განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,

ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად

იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.

 

და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,

დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...

ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,

როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.

 

აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -

წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,

კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,

ლექსში გავუცვალო ივან და მარია.

 

ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,

მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!

ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და

შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე. "

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...