Jump to content
Planeta.Ge

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ევროსასამართლომ დამნაშავედ რუსეთის ფედერაცია სცნო და ოჯახის სასარგებლოდ 130 000 ევროს გადახდა დააკისრა


გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პასუხიმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა და ოჯახის სასარგებლოდ 130 000 ევროს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო.

ევროსასამართლოს პალატის შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სიცოცხლის უფლება - როგორც არსებით ნაწილში (მკვლელობა), ასევე არაეფექტური გამოძიების ნაწილში.

ინფორმაციას ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას ოჯახის ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ტაბატაძე ავრცელებს.

გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა. გიგა ოთხოზორიას საქმე იყო ჩემი პირველი საქმე რომელიც სტრასბურგში ვაწარმოე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა Tamuna Abazadze-ს ამ ნდობისთვის, ასევე Nino Jomarjidze-ს,  რომლის გარეშეც ვერაფერს გავხდებოდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ჯულიეტა ჭანტურიას და ნინო მატკავას (გიგა ოთხოზორიას დედა და მეუღლე - რედ.), რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ჩვენების აღების დროს დეტალურად გაეხსენებინათ გიგას მკვლელობის დეტალები, რაც ძალიან მძიმე იყო.

ჩემი იდეა იყო ამ საქმეში მომჩივანი ყოფილიყო არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას დედა ან მეუღლე, არამედ მთელი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც. სიმბოლურია, რომ დღეს ბავშვებმა მოიგეს ეს ბრძოლა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე: აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.

მაშინ, როდესაც იქნება დებატები, პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ, რომ მქონდა პატივი, ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს! - წერს ადვოკატი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...