Jump to content
Planeta.Ge

მანანა ერქომაიშვილი: როცა არც წიგნი ვარგა, არც პროგრამა და არც - მასწავლებელი, გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს


არის საკითხები, რომელზეც რამდენიც არ უნდა წერო და ილაპარაკო, სათქმელი მაინც არასდროს ილევა. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ასეთი მუდმივად განსახილველი თემა ქართული განათლების სისტემაა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 15 ხელმძღვანელი გამოიცვალა, რომელთაგან ყველა გვპირდებოდა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში აღმოიფხვრებოდა აქამდე არსებული ყველა პრობლემა, გასწორდებოდა ყველა ხარვეზი, გადაიხედებოდა სასწავლო პროგრამები, შეიცვლებოდა სახელმძღვანელოები, გაუმჯობესდებოდა სწავლის პროცესი და განათლების სისტემა იქნებოდა მოსწავლის ინტერესებზე მორგებული.

კი, ამ სფეროში ყოველთვის რაღაცას ცვლიან და მიმდინარე რეფორმებიდანაც ყოველწლიურად გარკვეული დადებითი შედეგის მიღება ანონსდება, თუმცა ამ შედეგამდე ვერა და ვერ მივედით. სისტემის ძირეული ცვლილებების ნაცვლად ვიღებთ მხოლოდ ზედაპირულ სხვაობას ძველსა და ახალ მეთოდებს შორის და უფრო გაღრმავებულ პრობლემებს. ეს იქნება: სახელმძღვანელოების შერჩევის და გრიფირების საკითხი, ეროვნული სასწავლო გეგმა თუ პედაგოგთა გამოცდების ან სერთიფიცირების პროცესი.

ჩვენს საზოგადოებაში მოიძებნებიან ერთეული ადამიანები, რომელთაც საქართველოს განათლების სისტემასთან არავითარი პრეტენზია არ აქვთ და განათლების სამინისტროს მუშაობითაც კმაყოფილები არიან, თუმცა მათგან განსხვავებული აზრი აქვთ იმ მშობლებს და პედაგოგებს, რომლებიც პირადად მიკავშირდებიან და ერთხმად აღიარებენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს; რომ უინტერესოდ შედგენილი, სამეცნიერო ნაშრომებიდან თუ ინტერნეტიდან გადმოკოპირებული და გაუმართავი ტექსტები, არეული და ხშირ შემთხვევაში, მცდარი ტერმინები, უსისტემოდ დაჯგუფებული მასალები მოსწავლისთვის გაკვეთილის არსს გაუგებარს ხდის და სწავლის მოტივაციას უკარგავს. ასეთი წიგნებიდან მიცემული დავალებების შესრულებაც ბავშვებისთვის უინტერესო თავსატეხი ხდება და იძულებულნი ხდებიან, დახმარება მშობლებს სთხოვონ.

image.jpeg

მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო

ფიზიკის მასწავლებელი ფიზკის სახელმძღვანელოს უვარგისობაზე ჩივის, გეოგრაფიის მასწავლებელი - გეოგრაფიის წიგნს აკრიტიკებს, ქართულის პედაგოგი - ქართული ლიტერატურის წიგნის ავტორს და ეს ჩივილები არ ილევა, პირიქით, ყოველწლიურად მატულობს.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ქართული განათლების სისტემით უკმაყოფილოა სკოლა, მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე, სამაგიეროდ, კმაყოფილები არიან სახელმძღვანელოთა ავტორები, გამომცემლები და თავად განათლების სამინისტრო.

პროფესიით ფილოლოგი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი, მანანა ერქომაიშვილი ერთ-ერთი ის მშობელია, რომელიც სწავლა-განათლებასთან და სკოლებთან დაკავშირებულ გულისტკივილს ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მიზიარებს და რომელთანაც არაერთხელ განმიხილავს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი პრობლემები.

ამჯერად საუბარი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევის შედეგებით დავიწყეთ, რომლის თანახმადაც, წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანის კომპონენტში საქართველო ისევ დაბალ ადგილზე აღმოჩნდა.

- PISA-ს ტესტირების შედეგებზე, რომლითაც, სამწუხაროდ, მოსაწონი არაფერი გვაქვს, გასულ კვირას ბევრი ითქვა. საინტერესო იყო განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის აზრიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო კვლევის მაჩვენებელზე გავლენა პანდემიამ იქონია და რომ არა ეს მიზეზი, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგი ექნებოდა. რამდენად ეთანხმებით მინისტრის ამ მოსაზრებას?

- არც კი ვიცი, ეს განცხადება როგორ შევაფასო. სასაცილოა, მინისტრმა რეალურ მიზეზებზე კრინტი არ დაძრა და ყველაფერი დააბრალო კოვიდს, მასწავლებელს, მოსწავლეს, ამინდს...

კოვიდამდე სად ვიყავით, რომელ ადგილზე?  ამ პროგრამაში საქართველო 2009 წლიდან მონაწილეობს და უკეთესი მაჩვენებელი არც წინა ტესტირებების დროს გვქონია, რაც განათლების მინისტრის მოადგილემაც აღიარა. იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყოო; არ გვახარებს, რომ შედეგი გაუმჯობესებული არ არის, მაგრამ არც გაუარესებულიაო.

განათლების სამინისტრო ასეთ განცახდებას უნდა აკეთებდეს?  

ამასწინათ წავიკითხე, ვიღაც ექსპერტი ამბობდა: დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა განათლებაში, თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობის, ხედვების არათანმიმდევრულობის და ხშირად არაკომპეტენტურობის გამო, ბევრი მათგანი იყო ფრაგმენტული და უნაყოფო. გასაკვირი არ არის, რომ დინამიკა არ არის დადებითიო...

რას ნიშნავს არაერთი რეფორმა? 30 წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა ვის გაუგია? განათლებაში რეფორმის შედეგს ხვდები მინიმუმ 6-7 წლის თავზე, ან მაშინ, როცა სკოლის ერთი გამოშვება სრულად გაივლის და მიიღებს ამ რეფორმას.

ზოგი მასწავლებლისკენ იშვერს ხელს და მას აბრალებს იმ შედეგებს, რაც გვაქვს. რა შუაშია მასწავლებელი იმ შემთხვევაში, როცა წიგნი და პროგრამა არ ვარგა, მაგრამ ვიღაცას ხო უნდა შეახოცონ ხელი? აბა, ვინც ჩვენი შვილების ხარჯზე ფულს აკეთებს, იმას ხო არ გამოაცლიან პირიდან მსუყე ლუკმას?

- თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც განათლების ეს ყბადაღებული რეფორმა ჩატარდა, შეიცვალა როგორც სახელმძღვანელოები, ისე პროგრამები და ეროვნული სასწავლო გეგმა. რა შედეგი გვაქვს 20 წლის შემდეგ?

- შედეგი გვაქვს ის, რასაც ყოველ 5 წელიწადში PISA-ს კვლევების შემდეგ ვიღებთ, სწავლა-განათლების მხრივ მუდმივად მაჩანჩალა ადგილზე ვართ.

უტყუარი ფაქტისახეზე, განათლების რეფორმა ჩატარდა სრულიად მოუმზადებლად. მას შემდეგ, ამდენი წელია, გზადაგზა ვითომ რაღაცას ხვეწენ, შეცვლით კი არაფერს არ ცვლიან და ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენს შვილებზე.

ხლახან ჩემი შვილის მერვე კლასის ქართული ლიტერატურის წიგნი გადავათვალიერე და ბრაზმა დამახრჩო. სრულიად უსისტემოდ არის შეყრილი ათასი აბდა-უბდა, მხატვრული ტექსტების ნაცვლად შეტანილი ლიტერატურის ისტორიის და თეორიის საკითხები, ვიღაცის ფილოსოფიური მსჯელობები; ალაგ-ალაგ ბლეზ პასკალის სახელი და გეომეტრიაც შემხვდა, მაშინ, როცა ალგებრას და გეომეტრიას სკოლაში საერთოდ არ ასწავლიან.

პროგრამა ისეა შედგენილი, რომ წიგნში მოცემული მასალიდან მოსწავლე ცოდნას კი არ იძენს, იღებს მხოლოდ ინფორმაციას. ცოდნა და ინფორმაცია კი ერთმანეთისგან განსხვავდება. მით უმეტეს, როცა ეს ინფორმაცია არის ბევრი, აბსოლუტურად უსისტემო და ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს.

ამას ემატება დავალებები, რომელსაც ან პირდაპირ ახლავს ბმული ან გითითებს, რომ მოიძიო ესა და ეს ინფორმაცია ინტერნეტში. ინტერნეტში კი ყველამ ვიცით, რომ ზღვა მასალა ჩაყრილი, რომელთაგან სწორის და არასწორის გარჩევა არათუ 8-9 წლის ან 10-15 წლის ბავშვებისთის, ბევრად უფროსისთვისაც არ არის ადვილი. მე ჩემი განათლება და გამოცდილება მეხმარება იმაში, რომ მივხვდე, მოძიებული მასალიდან რომელი მონაკვეთი გამომადგება ან რომლის წაკითხვა არ ღირს, საერთოდ, მაგრამ მსგავს დავალებებს 8 წლის ასაკიდან რომ აძლევენ ბავშვს, ის როგორ მიხვდეს, რა გამოტოვოს და რა - არა? ხომ ვიცით, რომ ერთი სათაურის ქვეშ ინტერნეტში ხშირად ზღვა მასალაა თავმოყრილი და გამოდის, ყველა უნდა წაიკითხოს, რათა იმ მონაკვეთებს მიაგნოს, რაც მეტ-ნაკლებად პასუხობს მის დავალებას. რა დრო შეიძლება ამას მოანდომოს ბავშვმა და აქვე, საინტერესოა, წიგნში რამდენად სწორად არის ის კითხვა მოცემული, რომლის პასუხსაც ეძებს?

ახლობლის მეოთხეკლასელ ბავშვს დაავალეს, მოეძიებინა ინფორმაცია პატარა კახზე და დაეწერა შინაარსი, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, მისი ცხოვრების რა მონაკვეთზე უნდა ყოფილიყო საუბარი: ყმაწვილობაზე, მოზრდილობის პერიოდზე, რომელიმე ბრძოლის ამბავზე თუ სხვა. პირდაპირ ასე ეწერა: მოიძიე ინფორმაცია პატარა კახზე.

დაგუგლა ბავშვმა პატარა კახი და სხვადასხვა ისტორიული წყაროდან ამოუყარა უამრავი ვრცელი მასალა, რომელსაც კარგა ხანს უტრიალა, მაგრამ თავი და ბოლო ვერ გაუგო და ისევ მშობელს მიადგა, დამეხმარეო. მშობელიც ჩაუჯდა მასალებს, მაგრამ დავალება იმდენად ზოგადი იყო, მასაც კი გაუჭირდა რამდენიმე წინადადება ისე ამოეღო და დაეკავშირებინა ერთმანეთთან, რომ შინაარსში ლოგიკური ჯაჭვი არ დარღვეულიყო.  

- მსგავსი მაგალითების მოყვანა მეც მრავლად შემიძლია, თუმცა, საგულისხმოა, რომ როცა ამას ხმამაღლა ვაპროტესტებ, ბევრს საპირისპირო აზრი აქვს და მიმტკიცებს, რომ კარგია, თუ ბავშვი საჭირო ინფორმაციის მოძიებას ისწავლის. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს საჭირო ინფორმაციის მოძიებად ის, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ?

image.jpeg

მე-6 კლასის ხელოვნების სახელმძღვანელო

- დაბალ კლასებში ასეთი სახით დავალებების მიცემასა და ინტერნეტში მათ მოძიებაში სახეირო არაფერი ყრია. საჭირო ინფორმაცია შეიძლება მოიძიონ მაალი კლასის მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა, ვისაც გარკვეული სახის ცოდნა უკვე აქვთ მიღებული და შეუძლიათ ისტორიული წყაროებიდან თუ სხვა სახის მასალიდან შესაბამისი შინაარსის ამოება. 8-10 წლის ბავშვმა რა მასალა უნდა მოიძიოს ინტერნეტიდან და როგორ უნდა მიხვდეს, რა არის მაში სიმართლე და რა - მოგონილი, რომელი წყარო გამოიყენოს და რომელი - არა?

როგორც უკვე ვთქვი, მე ცოდნა და ლოგიკა მეხმარება ამის გარჩევაში, ლოგიკას კი კარგი საბაზისო განათლება აყალიბებს. ხელოვნებათმცოდნეობისა და მუსიკათმცოდნეობის ზუთხვა არ მაძლევს საბაზისო ცოდნას, რადგან ეს არ რის ფუნდამენტური მეცნიერება. 5 წელი სწავლობენ სულ კონსერვატორიაში და მოსწავლეს 9 წლის განმავლობაში რატომ აკარგვინებ დროს, რატომ უტენი ხელოვნების და მუსიკის თეორიებს თავში? საერთოდაც, ხომ უნდა იყოს განსაზღვრული, რა საგნები უნდა ისწავლოს ბავშვმა 21-ე საუკუნეში? თუ მაემატიკას არ მასწავლი საფუძვლიანად, რატომ მასწავლი იმას, რაც არაფერში მჭირდება?

- თქვენი აზრით, დღეს სკოლა აძლევს მოსწავლეს ზოგად განათლებას?

- როგორ შეიძლება, ზოგად განათლებად მიგვაჩნდეს ის, რაც დღეს სკოლებში ისწავლება? მუსიკათმცდონეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, მე და საზოგადოება?.. მუსიკის გაკვეთილზე მესმის სიმღერას ან ინსტრუმენტებზე დაკვრას ასწავლიდნენ, ასწავლიან თეორიას, რომელიც წიგნში აბსოლუტურად ქაოტურად არის ჩატენილი და არაფერში გამოადგებათ. ეს რომ იყოს სოლფეჯიო და ბავშვს მუსიკალურ გემოვნებას უყალიბებდეს, კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგალითად, ჩემს შვილს ახლახანს მუსიკაში ჰქონდა ასეთი კომპლექსური დავალება: მოისმინეთ ბეტ მიდლერის სიმღერა და გაიაზრეთ, რომელი სახის დეკლამაციითაა წარმოდგენილი სიმღერაში კონკრეტული ეპიზოდი. მუსიკალური ნაწარმოების მთავარი გმირის ხასიათის გადმოსაცემად რატომ მიმართა კომპოზიტორმა კონკრეტულ მუსიკალურ ხერხს, მის რომელ თვისებას უსვამს ხაზს ეს მუსიკა?

გესმით, რა ხდება? მე მაქვს მუსიკალური განათლება და გავიგე, რასაც ითხოვენ, მაგრამ ჩემი შვილი საერთოდ ვერ მიხვდა, რაზე იყოს საუბარი, ეს ერთი და მეორე, რაში სჭირდება ან რატომ უნდა იცოდეს 13 წლის ბავშვმა მუსიკალური დეკლამაციის რაობა და მუსიკალური ხერხები? ან ბეტ მიდლერის სიმღერის მოსმენას რატომ ავალდებულებენ?

image.jpeg

მე-4 კლასის მუსიკის სახელმძღვანელო

Quote

მოგეხსენებათ, ამ უბადრუკ დავალებებზე სხვა მშობლებთანაც ბევრს ვსაუბრობ და ერთ-ერთმა მითხრა, ჩემი შვილი პირველ კლასში იყო, კომპლექსური დავალება რომ მისცა მასწავლებელმა, მოვიდა სახლში და მეკითხება: დედა, რა არის კომბლე-ქსური დავალებაო...

- ვიდრე PISA-ს კვლევის შედეგები გახდებოდა სალაპარაკო, მანამდე საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებების გაუქმება იყო განსახილველი თემა, რომლის შესახებაც სამინისტროზე დაყრდნობით ყველა საინფორმაციო საშუალება ერთხმად აცხადებდა. მერე გამოვიდნენ მინისტრის მოადგილეები და დავალებები არ გაუმებულა, მისი ცალკეული კომპონენტები გაუქმდაო. თქვენ, როგორც ამ საკითხით დაინტერესებულმა პირმა, როგორ მიიღეთ ეს ინფორმაცია ან რამდენად გასაგებია თქვენთვის, რა დავალებებს ეხება სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება?

- ორი კვირის განმავლობაში სატელევიზიო სიუეტები თუ სტატიები, ყველგან ამ სააურით იწყებოდა, რომ გაუქმდა საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებები და სკოლები თავად შექმნიან შეფასების სისტემას. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება რომ მოჰყვა, მერე გამოვიდა მინისტრის ხან ერთი, ხან მეორე მოადგილე და რაღაც სისულელეები იბორიალა. თან აქეთ მოგვედავნენ, თქვენ ვერ გაიგეთ კარგად, თორემ არაფერი გაუქმებულაო. ამ დროს, ყველას სათითაოდ მოვუსმინე, ვინც კი აღნიშნულ საკითხს შეეხო და ბოლომდე მაინც ვერავინ თქვა, რა გაუქმდა, რა დარჩა ან საერთოდ რა აზრი უნდა გამოგვეტანა მათი გადაწყვეტილებიდან.

დავალებების გაუქმებასთან ერთად, ისიც თქვეს, რომ სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები. რას ნიშნავს ეს, რისი შეფასების სისტემა უნდა შექმნას სკოლამ, ბავშვის ცოდნის? სხვადასხვა სკოლამ სხავადსხვა შეფასების სისტემა უნდა შექმნას? რის მიხედვით? აი, რამდენი კითხვა გაჩნდა და ამ კითხვებს ვინმე თუ პასუხობს?

რეალურად უფრო ართულებენ საქმეს, ქმნიან სურათს, რომ აუმჯობესებენ სისტემას, მაგრამ ღერძს არ ცვლიან და დანარჩენს არაფერს აზრი არ აქვს.

თუ წიგნი არ ვარგა, მასწავლებელმა რაც არ უნდა აკეთოს, პროცესი არ ივარგებს.  

ან ეს რა პრინციპია, სხვადასხვა სკოლა სხვადასხვა სახელმძღვანელოს რომ ირჩევს და ყველა განსხვავებული წიგნებით ასწავლის?

თუ მოსწავლეებს სხვადასხვა წიგნით სხავადსხვა შინაარს ასწავლიან, მისაღებ გამოცდებზე ერთნაირად რატომ თხოვენ ან ერთიანი ეროვნული გამოცდები რატომ ჰქვია, საერთოდ?

ან რა გარანტია არსებობს, რომ ყველა ეს წიგნი ერთი დონის არის და თუ ერთი დონის არ არის, მით უმეტეს, რატომ უნდა ისწავლოს ერთმა მოსწავლემ უკეთესი წიგნით და მეორემ - უარესით?

მოიყვანონ არგუმენტები, ერთი სკოლა ერთ წიგნს რა პრინციპით ირჩევს და მეორე სკოლა - მეორეს? რა სტანდარტებს და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო სახელმძღვანელო, მე, როგორც მობელს, ხომ მაქვს უფლება, ვიცოდე?

- ძალიან ბევრი პედაგოგი თუ მშობელი ლაპარაკობს ამაზე და ყველა მინისტრი, ვინც განათლების სამინიტროში მოვიდა, გვპირდებოდა, რომ გადახედავდ სახელმძღვანელოების შინაარსს და ხარვეზებს გამოასწორებდ, თუმცა ამ დრომდე უკეესობას ვერ ვხედავთ. რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს ამ მიმართულებით?

- ცოდნის მიღებას სჭირდება მოსწავლე, მასწავლებელი და წიგნი. რაც არ უნდა ნიჭიერი და გონებაგახსნილი იყოს მოსწავლე, თუ სახელმძღვანელო არ ვარგა, სულ რომ ანგელოზი მასწავლებელი ჰყავდეს, ვერაფერს იზამს. ამიტომ სკოლაში უნდა არსებობდეს ისეთი მექანიზმი, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, თუ ბავშვს სწავლა არ დაეზარება, ის ნამდვილად მიიღებს სათანადო განათლებას. შეიძლება, პედაგოგი ვარსკვლავებს არ წყვეტდეს და ახსნის გარეშე, აქედან აქამდე მოხაზვით აძლევდეს გაკვეთილს, მაგრამ თუ სახელმძღვანელო ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს სტანდარტებს, მოსწავლე აუცილებლად ისწავლის საგანს.

როცა არც წიგნი ვარგა, არც პროგრამა და არც - მასწავლებელი, გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს.

სამწუხაროდ ყველაფერი ისეა დალაგებული, რომ ბავშვებმა განათლება არ მიიღონ, ამიტომაც ვამბობ, განათლების სისტემა აბსოლუტურად მოშლიალია; სწავლა-სწავლების პროცესით და სახელმძღვანელოებით უკმაყოფილოა მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, სამაგიეროდ კმაყოფილია სახელმძღვანელოს ავტორი, გამომცემელი, გრიფირების დეპარტამენტი, განათლების სამინისტრო და გამომცემლები - ყველაზე მეტად.

მიზეზი მარტივია, წიგნები უნდა ბეჭდონ და ფული აკეთონ ჩვენი შვილების ხარჯზე. თუ კომისიაზე რამდენიმე სახელმძღვანელო გავა, იქიდან კი მართლა საუკეთესო შეირჩევა და ყველა სკოლისთვის ის გახდება სავალდებულო, მაშინ დანარჩენი წიგნების ავტორები და გამომცემლები ხომ ვერ იხეირებენ?

პოლიგრაფიული უბადრუკობა ცალკე ამბავია. ტიპები ეკონომიას აკეთებენ და წიგნებს გაუგებარ ქაალდზე ბეჭდავენ, ამიტომაცაა რომ 5 წიგნი 4 კილოს იწონის და მათი თრევით ბავშვებს ჯანმრთელობა ერღვევათ.

- ეს ის საკითხებია, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს გვაწუხებს, პრობლემასაც ვხედავთ, მაგრამ ერთეულების გარდა ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს ვითარება?

- საქმე ისაა, რომ როგორც მე და თქვენ არ ვიცოდით ასე დაწვრილებით ამ პრობლემის შესახებ მანამდე, ვიდრე უშუალოდ არ შევეჩეხეთ, ისე არ იცის ბევრმა, ამიტომაც ვერ ხვდებიან, ჩვენ რა გვაწუხებს.

რა პრობლემებსაც განვიხილავთ, ამათი მოგვარება ძნელი არ არის, მაგრამ ეს ვიღაცას იმხელა ლუკმას გამოაცლის პირიდან, რომ აუცილებლად გამოიწვევს სერიოზულ წინააღმდეგობებს.

სამწუხაროდ, არც ერთი ტელევიზია ამ თემაზე არ ლაპარაკობს, არც ერთი ოპოზიციური პარტია ამ პრობლემას არ ეხება.

არადა, რამდენი სახელმძღვანელო იბეჭდება წელიწადში, რამდენი გამომცემლობაა, რამდენი ავტორი... მოსწავლისთვის -  ცალკე, მასწავლებლისთვის - ცალკე, ცალკე სახელმძღვანელო, ცალკე რვეული, ცალკე დამხმარე საშუალებები, რამდენი უჯდება ყველაფერი ეს სახელმწიფოს?

ახლა ვიკითხოთ, განათლების სამინისტროს ბაზაზე არსებული აიპ-ები და სიპ-ები რას აკეთებენ და რამხელა ხელფასებს იღებენ? ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი ვარ და 500 ლარი მაქვს ანაზღაურება. ეს ისე, შედარებისთვის...

ჰოდა, ეს აწყობილი სისტემა როგორი დასათმობია მავანითვის?

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა მონაცემებ და აღმოჩნდა, რომ წელიწადში სკოლებზე 1, 7 მილიარდი ლარი იხარჯება, თურმე. მართალია, ეს მონაცემები არ არის ჩაშლილი და არ ვიცით, კერძოდ რაში რამდენი ლარი მიდის, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება მხოლოდ სასკოლო განათლებისთის და არავის არ უნდა ამ სისტემის შეცვლა, რადგან ყველა რაღაცით ხეირობს; ვიღაც გამომცემლობის უკან დგას, ვიღაც გრიფირების კომისიის უკან და ასე. რამდენიმე ბობოლა გამომცემლობაა, რომელაც სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა დელეგირებული აქვ და ენდომებათ მათ რამეს შეცვლა?

მთავარი მაინც პოლიტიკური ნება. თუ ვინმემ მართლა გადაწყვიტა განათლების სისტემის ძირეული შეცვლა, ამისთვის მაქსიმუმ სამი წელი იქნება საჭირო, მეტი - არა.
ეს თუ არ მოხდა და სისტემა არ გამოსწორდა, უარეს და უარეს შედეგს მივიღებთ.  
 

 ირმა ბერიშვილი

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...