Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

ჰარპიები (ჰარპაგოს – მტაცებელი; ტაცება; ხარბი) — ქარიშხლიანი ქალღმერთები, შმაგი ქარიშხლისა და ორომტრიალის სწრაფი ღმერთქალები, მტაცებელი ურჩხულები, ნარევი სახეები, ხარბი დემონები. ზოგი ღმერთებს უწოდებს, ზოგი დემონებს,რომელთაც ქალის თავი, ფრინველის ტანი და კლანჭები ჰქონდათ. ჰომეროსი უბრალოდ პოდარგეს ეძახის, ესაა აქილევსის ცხენების ქსანთოსის და ბალიოსის დედა (პოდარგოს - სწრაფი, „ფეხმარდი“, მენელაოსის და ჰექტორის ცხენებსაც ეწოდათ). ეს მტაცებელი ფრთოსნები, რომელნიც მეფე ფინევსს მიუჩინეს და სანოვაგეს პირიდან აცლიდნენ, ერთი ვერსიით უგზო-უკვლოდ დაკარგულებსაც დააცხრებიან, სულებს იტაცებენ. ჰესიოდეს მიხედვით მშვენიერ კულულებიანი ქალღმერთებია, თავმანტისა და ოკეანიდ ელექტრას ასულები, სახელად აელე და ოკიპეტე. შემდეგ ბოროტი მტაცებელი ფრთოსანი ქალწულების სახე მიიღეს, რიცხვმაც იმატა (აელოპე, თიელა, კელენო და ა.შ.). მათი სახე განსაკუთრებით ჩამოყალიბდა აპ. როდოსელის „არგონავტიკაში“, სადაც ანაზდეულად ღრუბლებიდან მოფრენილი ჰარპიები სუფრას უცარიელებენ და სასახლეს უყროლებენ თრაკიელ მისანს, ბრმა მეფე ფინევსს. მტაცებლებს ძმები — ბორეადები დაედევნებიან და სამუდამოდ განდევნიან, ან სტროფადებთან ეწევიან, კლავენ და ზოგი ვერსიით თვითონაც კვდებიან. აქ, სტროფადებთან ნახა ენეასმა საზარელი, ჭანგებიანი, მუდამ მშიერი ჰარპიები - ბოროტი კელენო და მისი დები. როგორც კი ენეასმა და მისმა მხლებლებმა სუფრა გაშალეს, ყრანტალით დაესხნენ თავს, შესანსლეს სანოვაგე და ააყროლეს იქაურობა. ბოლოს ხმლით შეუტიეს, მაგრამ ვერა ავნეს რა. კლდეზე შემომჯდარმა „ფურია კელენომ“ უწინასწარმეტყველა: ქალაქს გალავანს ვერ შემოავლებთ, ვიდრე შიმშილით ისე არ გამწარდებით, რომ მამიდასაც კი დახრავთო.

 

ჰარპია მითოლოგიური, ფრთოსანი, ბასრბრჭყალებიანი არსებაა, ნახევრად ქალი და ნახევრად ფრინველი. ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად იგი ზღვის ქალღმერთ ტავმანტასა და ოკეანიდა ელექტრას ქალიშვილია.

 

ჰარპია შურისძიების სიმბოლოდ ითვლება, მისი სახელი ითარგმნება, როგორც გრიგალი, ქარიშხალი,

 

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთები, მათ წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ჰარპიებს ადამიანების დასჯის მიზნით აგზავნიდნენ დედამიწაზე. ჰარპიები მათ ართმევდნენ საკვებს, რამდენჯერაც ისინი დააპირებდნენ მის მიღებას, და ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ ადამიანი შიმშილით არ დაიღუპებოდა.

 

ადამიანი - ჰარპია ძნელად ივიწყებს წყენას და ძალიან უჭირს პატიება. იგი წყენასა და ბოღმას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იხვევს გულში ისე, რომ გარეგნულად არაფერს იტყობს, თუმცა მუდამ მზად არის შურისძიებისათვის. ჰარპიებს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებთ მტრის წარუმატებლობა და მარცხი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...