Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

შახტიკოტეების საქართველო და მერის მისტიური ქარები


katya

3.213 views

blog-0804897001497526407.jpg„ტახტზე მეფე იჯდა. არ ეცალა _ ახალ კანონებს თხზავდა. მდივანი კი

პატარა წითელ წიგნაკში ბატის ფრთის კალმით იწერდა.

გარს მორთულ-მოკაზმული დიდებულები და სეფექალები ეხვივნენ.

ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ.

_ დღეს რამდენი კანონი შევთხზე? _ ჰკითხა მეფემ მდივანს.

მდივანმა უბის წიგნაკი გადაფურცლა და სასწრაფოდ დაითვალა.

_ სამოცდათორმეტი, თქვენო აღმატებულებავ! _ მდაბლად დაუკრა

თავი მეფემ და თან შეეცადა, ბატის ფრთის კალამს არ წამოსდებოდა (აბა, რა

ექნა, კალამი ვეებერთელა იყო).

_ ჰმ! არ არის ცუდი, სულ ერთი საათი ვიმუშავე! _ თქვა თავისი თავით

ფრიად კმაყოფილმა მეფემ. მერე ადგა, ლამაზად წამოისხა ყარყუმის მანტია

და მედიდურად ბრძანა:

_ მომართვით ეტლი! დალაქთან მივდივარ.“

პამელა ლინდონ ტრევერსი, „მერი პოპინსი“

ალუბლების ქუჩის 17-ში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და სასურველი ძიძა აღმოსავლეთის ქარმა შემოაქროლა და იმ არეულ-დარეულ, უწესრიგო ბენქსებს სიმშვიდე მოუტანა. ყველაზე ამაფორიაქებელი, ბურუსით მოცული, ხალისიანი, მაგრამ , მაინც სიმშვიდე ... ოო, ეს უსასრულო საიდუმლოებები, ბავშვობიდან რომ მოგვყვება და მოსვენებას არ გვაძლევს. ვის არ გვინატრია, სულ ცოტა ხნით ალუბლების ქუჩის იმ სახლში ცხოვრება... მაგრამ საიდუმლო რაღა საიდუმლო იქნება, თუკი ის ერთხელაც არ გამჟღავნდა?. და ჩვენც უკვე ვიცით, რომ ყველაზე გრძელ ზღაპრებსაც აქვთ დასასრული. ამის მიუხედავად, მაინც ყველას გვსურს ცოტა ხნით თავის მოტყუება, თუნდაც ყველაზე მოკლემეტრაჟიან ჯადოსნურ ამბავში ცხოვრება .

ვოლგა-ვოლგა კი არა და, მერი-მერი! ..

ხანდაზმულ და წიგნიერ საზოგადოებას „მერი“ გალაკტიონის გარითმული ზმანებებიდან ახსოვს, ბავშვობაგამოვლილებს - პამელა ტრევერსისგან...თბილისელებს -ოოოო... თბილისელებთან საქმე უფრო რთულადაა. აქ მარტო მერი კი არა, „მერიაც“ (მერის სამფლობელო და ქვეშევრდომები) შემოდიან სათვალავში და გამოდიან ასპარეზზე. წლების მანძილზე მსუყე ჩამონათვალი დაგროვდა ამნაირი და იმნაირი, აქეთური და იქითური მერის. ჩამონათვალი მსუყეა, შედეგები - არც ისე. არც ისე საზოგადოებისთვის, თორემ სარგებელი ზოგიერთმა თბილისის მერებისგან რომ ნახა, ისეთი უნდა - საარაკო.

სხვათა შორის, ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის, „მერი პოპინსის“ ავტორი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა. ჩვენი ქალაქის ყოფილ, მოქმედ და კანდიდატ მერებზე "საავტორო უფლებები" ძირითადად გარკვეულია, თუმცა, წვლილის და წილის ცნებებში ჯერ ყველაფერი ძველებურად ბუნდოვანია და რიგით მოკვდავთათვის - შორეული. ..

ცხადია, ესეც, ისე როგორც ზოგადად ყველაფერი "ცუდი თარგმანისგან" გვჭირს..

კიდევ - „ჭარბი ნდობისგან“ და უკანონობის დამცველი კანონებისგან. კანონებისგან, რომელსაც, ძირითადად წერა-კითხვის მცოდნე „შახტიკოტეები“ წერდნენ. მერე მათ დაწერილს წერა-კითხვის უცოდინარი „შახტიკოტეები“ „იცავდნენ“ და „ასრულებდნენ“...

პრინციპი არ შეცვლილა. სამწუხაროდ, სულ ახლახანს შეგვახსენა თავი ზოგიერთების „ძმობის“ და გაგების ფორმატში...

გასული საუკუნის 90-იანებიდან მოყოლებული, ჩვენ, საქართველოს „ ხმოსანი საზოგადოება“, სულ რაღაცას და ვიღაცას ვირჩევთ, სულ ვიწყებთ და ვეღარ ვამთავრებთ... მედიკების აზრით, ეგ პროცესი, ანუ დაწყების და ვერ „დამთავრების“ ჯანმრთელობისთვის ფრიად საზიანოა. ფსიქიკას ანგრევსო, გამიგია... ამის გადამოწმება არც ისე რთულია თუნდაც ქართულ სოციალურ ქსელში. ჩემგან ეგ არ გესწავლებათ...

მოკლედ, მორიგი საარჩევნო კამპანია „ამოქოქვის“ სტადიაშია. ტრადიციულად, უცხელესი პოლიტ–ზაფხული და ემოციების შიშხინი გველის. კიდევ კარგი რომ ამინდი გვინდობს და გარეგანად გვაგრილებს...

ამჯერადაც ყველაფერი საარჩევნო სანელებლებით იქნება შეზავებული – ეკონომიკაც, კულტურაც, სპორტიც, განათლებაც, ჯანდაცვაც...

პატრიოტიზმიც, ოჯახური იდილიაც, ერთგულებაც, სიყვარულიც და, სავარაუდოდ, სექსიც.

ხაჭაპურს, მწვადს, ხინკალს, ტყემალს, წიწილს მაყვლის წვენში, ყველს, პურს, ღვინოს თუ ბუზის არაყს, - ოქტომბრამდე ყველაფერს ერთი გემო ექნება..

რა თქმა უნდა, ათასი ჯურის რეიტინგები წაგვლეკენ. ვიღაცას ნდობის ხარისხი მოემატება, ვიღაც წონაში დაიკლებს. ერთი სიტყვით, მოსაწყენ–მოსადუნებელი არც დრო გვექნება და არც სიტუაცია. და იქნება ეს ყველაფერი პურზე და სანახაობაზე გაცილებით მეტი...

ტაში, ამხანაგებო!

 

რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! აბა რაა! აბა რაა!!!

 

ისე, ისტორიული წყაროებიდან მახსოვს, ჩვენში, გამარჯვებისთვის ჯერ იბრძოდნენ და „გამარჯვებისას“ მერე სვამდნენ. ამიტომ, ყველაფრის უკუღმა დაწყებას გენეტიკას ვერ დავაბრალებთ. აშკარად შეძენილია.

 

„წითური ძროხა ფრიად პატივსაცემი მანდილოსანი გახლდათ. ყოველთვის ნამდვილი ლედივით იქცეოდა, კარგად იცოდა, როდის რა იყო საჭირო. თეთრს პირდაპირ თეთრს ეძახდა და შავს - შავს. ბაბუაწვერა ან ტკბი-

ლია ან მჟავე, საშუალო არ არსებობსო, იტყოდა ხოლმე.“

პროგრესის ეპოქაში ყველაფერი გამარტივებულია და დღეს ძალაუფლება, ანუ ხელისუფლება, დემოკრატიის ბრენდით იფუთება. დემოკრატია, თავის მხრივ, ისეთი პოლიტიკური სისტემაა, სადაც ხელისუფლებაში მოდის ის , ვინც მოცემულ მომენტში უკეთესად ცრუობს.

 

ვამძიმებ და ვართულებ? როგორ გეკადრებათ?!

 

აბა გადახედეთ ბოლო 2 ათწლეულის საარჩევნო სტატისტიკას.

 

რამდენად ემთხვევა საარჩევნო დაპირებები და შესრულებული საქმეები ერთმანეთს?

 

თუ ლოგიკას გამოვიყენებთ, კანონი, პირველ რიგში, კანონშემომქმედი წრის მიმართ უნდა გამკაცრდეს. "მოაზროვნე პატრიოტთა საზოგადოება" ოთხწლიანი სადეპუტატო იმუნიტეტით და მყარი საპენსიო გარანტიებით. თუ მათ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირებების არშესრულების გამო და მსგავსი ქმედება კვალიფიცირდება როგორც ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა მისი საკუთრების - საარჩევნო ხმის მითვისების მიზნით, შევამცირებთ რისკებს ქართულ პოლიტიკაში. აი მერე ვნახოთ, მოუნდებათ თუ არა „ჭკუაგაპენტილ“ ოქრიაშვილის ჯიშის ძუძუმწოვრებს საკანონმდებლო ორგანოში „ბირჟა მაფიის“ გამაგრება...

სხვათა შორის, როცა ინგლისში უსინათლოთა შესახებ კანონს იღებდნენ, ამ კანონის განხილვის პერიოდში კანონშემომქმედთა მიმართ იყო მოთხოვნა - სახლში მისულებს, ყოველ დღე 1 საათი თვალახვეულებს გაეტარებინათ... მიზეზის ახსნა უხერხულია და, კანონის უზენაესობის პატივისმცემელი ქვეყნები ამბობენ - ამართლებსო. მერე ფინანსებიც ნაკლები იხარჯება, კორექტორიც და ფურცელიცო.

ახლანდელი მოწვევის პარლამენტში ზოგიერთი მაჟორიტარის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების გაპროტესტებას იურიდიულ ტერმინოლოგიაში „შანტაჟი „ ეწოდება. რაო? ჩვენ ასე არ ვთამაშობთო? გარანტირებული ვადები გვჭირდება, თორემ დახარჯულ მილიონებს უკან მოვითხოვთო? მსგავსი რამე ვინმემ სადმე ვერ გათვალა? რა სახალისოა... რა თქმა უნდა კარგი სავაჭრო თემაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც.

კი ბატონო, როგორც გენებოთ... ხალხს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების დაპირება სადმე თვალსაჩინო ადგილას ექნება მონიშნული და უხერხულ მომენტში არ შეგახსენონ...

 

"მერი პოპინსს ეცვა ვერცხლისფერღილებიანი ლურჯი პალტო, ეხურა ლურჯი ქუდი და იმ დღეებში, როცა ასე ეცვა, ძალიან ადვილად სწყინდა ყველაფერი."

მერის რომ ქართულ საარჩევნო ტრადიციებთან პატარა შეხებაც ჰქონოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ - ყველაზე დიდი შეცდომა დაუსმელ კითხვებზე გაცემული პასუხებია.

ყველაზე რთული მაძღრებთან შეთანხმების მიღწევაა. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ყოველთვის სხვებზე მეტი უნდათ.

მაგრამ, ჩვენ, „რიგითი მოქალაქეები“ ვალდებულები ვართ მაინც გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ამაში როგორც არ უნდა გვიშლიდეს ხელს სახელმწიფო.

იმედგაცრუებას პოლიტიკაში ჯერ კიდევ ვეგუებით, რადგან უახლოეს წარსულში მაგ მიმართულებით არ გაგვმართლებია. გარდამავალი ეტაპები – გრადაციაზე მეტი დეგრადაციები აღარ გვაღელვებს, რადგან როდის ვიყავით ბოლოს მორალურად, იდეოლოგიურად, ეკონომიკურად, სოციალურად, მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად წელში გამართულები, ჩვენს მახსოვრობას ისტორიის წიგნებიდან შემორჩა...

რომაული ტრადიცის თანახმად როდესაც ვინმე კვდებოდა, გამოძიება(ძალიან ხმამაღლა ჟღერს სიტყვა გამოძიება ანტიკურ სამყაროსთან მიმართებაში მაგრამ დაე იყოს) პირველ რიგში იწყებოდა კითხვით ვის აწყობდა ეს მკვლელობა?

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკრძალებულად ვიტყვი - არაა რეპი ჩვენი მუსიკა...

 

მასე, არც დამოუკიდებელი სასამართლოა ჩვენი საქმეო!- იტყვის ვინმე ინტრიგანი და, რიგ კონკრეტულ შემთხვევაში მარლიც იქნება. ხოდა, რა ძმებო და რა ძმის შვილებო?! ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ჩვენი შსს მინისტრიც გატაცებულია, ოღონდ, ჯერ თვითონაც არ იცის და ჩვენ როგორ გვეტყვის?

 

ცხონებული თენგიზ ჩანტლაძე გააცოცხლა! რა სკეტჩს „მისცემდა?!“

 

ჩვენი პოლიტიკოსების შემხედვარეს წარმომიდგენია, როგორ არ სიამოვნებთ დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებს ჭირისუფლის ფრაზა - „დაახლოებით თქვენი აღნაგობის“...

 

 

ერთი წლის წინ, ამ დროს, მსოფლიო მედია წერდა, რომ სტიქიამ ერთი პატარა ლამაზი ქვეყნის ერთ პატარა ლამაზ დედაქალაქში საშინელი ტრაგედია დაატრიალა. რომ დაიღუპნენ ადამიანები, რომ სტიქია ვერაგია და ძლიერი, ადამიანი კი უძლური, როცა სჯერა, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად იქნება. ამის სჯერა მაშინაც კი, როცა იმ ტოტს მიადგება მოსაჭრელად, რომელზეც ზის. აბა რა ქნას? ..

მსოფლიოს ეს დღე თავში ვარდისფერისარგარჭობილი თბილისელი ბეჰემოთით დაამახსოვრდა, საყვარლად რომ დააბოტებდა შლამში ქალაქის ცენტრში. იმ დღეს მანაც დაკარგა სახლი. თავიც დაკარგა და წარსულიც. ანუ ყველაფერი, რაც იქამდე იყო, ვიდრე დიდი და საშიში წყალი მოვარდებოდა...

ასეთ შემთხვევაში, ტრადიციულად იყენებენ ფრაზას - „სიმბოლურია რომ...“

ისიც სიმბოლურია რომ, ხშირად, ერთს ვფიქრობთ, მეორეს ვამბობთ, მესამეს ვგულისხმობთ, მეოთხეს ვაკეთებთ და, მერე გულუბრყვილოდ გვიკვირს, როცა ამ ყველაფრისგან მეხუთე გამოდის.

ხო, ადამიანზე თითის გაშვერაც დიდი უკულტურობაა, თუ მასთან მუშტით წვდომის მანძილზე ხარ. იუმორისტი როსტომაშვილი რომ პარალელურად მევახშე და ცემის ღირსი ყოფილა, ეგ ვიგულისხმე სწორედ...

არასახარბიელო და მოციმციმე პოლიტიკური ამინდი ეტყობა მაინც თავის დაღს ასვამს არამდგრადი ნებისყოფის და მასშტაბური ამბიციების დასის წარმომადგენლებს!

 

მერე რა, თუ შეცდომებზე სასწავლად და სამეცადინოდ, ზოგიერთები, მთავრობაში მოდიან და კვალიფიკაციას ჩვენი ნერვების ხარჯზე იმაღლებენ.

ფილოსოფოსის აზრი, გამოხატული სკაბრეზულ ფორმატში, ხალხურ სიბრძნედ ითვლება ხოლმე. ხოდა, რატომ ვითომ? გგონიათ, ფლოსოფოსები არ იგინებიან?

ყველა ზემოთ იქაჩება და სხვენში ზედმეტმა ხარახურამ ხანძარი იცის.

დღესაც, ისე როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად, სხვისი და განსხვავებული აზრის პატივისცემა გვიჭირს. ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით კი 2 მცდარი აზრი დაიარება: პირველი - რომ ის ვინმესთვის ცნობილია, მეორე - ის რომ საერთოდ არსებობს...

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...