Jump to content
Planeta.Ge

ლონდა თოლორაია: დამნაშავეა ყველა, ვინც იცოდა, რომ 14 წლის ბავშვი იძულებით გაატანეს ზრდასრულ მამაკაცს და ხმა არ ამოიღო


14 წლის აითაჯ შახმაროვა მისმა გამტაცებელმა, 28 წლის მამაკაცმა 6 ოქტომბერს მოკლა. გოგონა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მე-9 კლასში ირიცხებოდა, თუმცა მას მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლაში არ უვლია. როგორც განათლების ადგილობრივი რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, სკოლამ მოსწავლის მშობელი დაიბარა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. დედა 5 ოქტომბერს გამოცხადდა მათთან და თქვა, რომ მისი შვილი კახეთში დასასვენებლად იყო წასული და მეორე დღეს დაბრუნდებოდა.

მეორე დღეს აითაჯი მოკლეს... პატარა გოგო მაზე ორჯერ უფროსმა მამაკაცმა ჯერ დაოჯახების მიზნით გაიტაცა, ორი თვის შემდეგ კი - მოკლა.

როგორ აღმოჩნდა 14 წლის აითაჯი გამტაცებლის ხელში, რატომ არ შეატყობინეს მშობლებმა, ახლობლებმა, ნათესავებმა პოლიციას, რატომ არ რეაგირებდნენ ადგილობრივი სახელმწიფო უწყებები იმ ძალადობის ფაქტზე, რაზეც ინფორმაცია ჰქონდათ, ეს ის კითხვებია, რომლის პასუხები დღეს ყველას გვაინტერესებს.

ის, რომ არასრულწლოვანთა ნაადრევი დაქორწინება ზოგიერთ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ტრადიციის ნაწილია და ვერ შევცვლით, მართებული არგუმენტი არ არის, ვინაიდან ამ ტრადიციების მანკიერებას თავი რომ დავანებოთ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, მსგავსი ქმედება სისსხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ისჯება შესაბამისი მუხლით.

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს; როგორ გავაგებინოთ ამ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისინი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ და წინაპართა ადათ-წესებს კი არა, ქეყნის კანონმდებლობას უნდა ემორჩილებოდნენ?

image.jpeg

ამ საკითხზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას მივმართეთ.

- აითაჯ შახმაროვას საქმეზე დამნაშავეთა დასჯის გარდა, კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, რომ მანკიერი ტრადიციის სახელით გამართლებული ნაადრევი ქორწინების  ფაქტები აღმოიფხვრას?

- რა მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევებს რას დაუძახებენ, თუნდაც ამას ტრადიცია ერქვას, როცა მისი შესრულება დანაშაულია და კანონს ეწინააღმდეგება, ასეთ ქმედებას სახელმწიფო უნდა ებრძოდეს; ეს არის მანკიერი ტრადიცია, რომელსაც წინ უნდა აღუდგეს ყველა, საზოგადოება, განათლების სისტემა, სკოლა, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ. დიახ, უპირველესად, სკოლა უნდა ზრუნავდეს შემთხვევების პრევენციაზე, რომ ოჯახებმა მათი მოსწავლე გოგონები ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანონ. მათ შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ, ასეთ ბავშვებთან უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ჩართული უნდა იყოს პოლიციაც, რომელიც თავის ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს.

სწორედ პოლიციამ უნდა გააგებინოს მოზარდი გოგონების ოჯახებს, რომ ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში დაიწყება გამოძიება და ვისაც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის, ყველა პასუხისგებაში მიეცემა. ეს იქნება პრევენციული ღონისძიება და თუ ასეთ ეტაპზე მათი ჩარევის მიუხედავად, ფაქტი მაინც მოხდება, შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი რეაგირება მოჰყვება ამას სახელმწიფოს მხრიდან.

- აითაჯის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისინი დაინტერესდნენ გოგონას არყოფნით და მიზეზის გასარკვევად დედა დაიბარეს, რომელიც მოგვიანებით მივიდა სკოლაში და განაცხადა, რომ მისი შვილი დასასვენებლად იყო წასული და მალე დაბრუნდებოდა.

 - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცხადია, დიდი წვლილი დანაშაულში მიუძღვით გოგონას მშობლებს და მისი გამტაცებლის გარემოცვას, რომლებმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს. თუმცა სახელმწიფო უწყებების მხრიდან შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომ ოჯახმა არ იმოქმედა და ისინი ვერაფერს გააკეთებდნენ, არის ძალიან სუსტი არგუმენტი და უსუსური განცხადება. იმათ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ, მაგრამ ასევე უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ან თავიანთი უგულისყურობის გამო ვერ დაინახეს ეს პრობლემა, ან დაინახეს, მაგრამ გულგრილობა გამოიჩინეს და პოლიციაში არ განაცხადეს.

საკითხავია, რატომ არ ატეხა განგაში სკოლის დირექციამ, როცა ნახა, რომ მეცხრეკლასელი ბავშვი სკოლაში აღარ დადიოდა. მით უმეტეს, მათ ევალებათ, ამ ასაკის ბავშვების კონტროლი, რათა გოგონები ამ ტრადიციების მსხვერპლნი არ გახდნენ. როცა მსგავსი საფრთხეები არსებობს, 18 წელს მიუღწეველი გოგონები სკოლას, თავისთავად, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა ჰყავდეს.

შეატყობინა თუ არა დირექტორმა პოლიციას იმის შესახებ, რომ ბავშვი სკოლაში არ დადიოდა ან როგორ შეიძლება, ორი თვის განმავლობაში თავად პოლიციას ვერ შეეტყო ეს ამბავი? როგორ შეიძლებოდა, იქაურ პოლიციას არ ჰქონოდა ინფორმაცია, რომ 14 წლის ბავშვი მაზე ორჯერ უფროს მამაკაცს გააყოლეს ცოლად და თანაც ძალის გამოყენებით? ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია და იმას ნიშნავს, რომ პოლიციის განყოფილება იმ რაიონში საერთოდ არ არსებობს.

თუ შენ ვერ დაინახე ეს პრობლემა, ესე იგი, შენი ფუნქცია კარგად ვერ შეასრულე, ხოლო თუ დაინახე და ხმა არ ამოიღე, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. ამიტომ მხოლოდ ოჯახის წევრებზე ჯოხის გადატეხვა აბსოლუტურად არასწორი პოზიციაა. ამით სახელმწიფო მოქალაქეს ეუბნება, რომ თუ შენ საკუთარმა ოჯახის წევრმა გაგიმეტა, მე ვერ გიშველი; თუ საკუთარმა მშობელმა ვერ დაგიცვა, ვერც მე დაგიცავ, რაც თავისთავად ძალიან ცუდი განაცხადია.

ამავე დროს, ეს ძალიან ცუდი გზავნილია ყველა იმ გოგოსთვის, რომელიც დღეს დგას მსგავსი საშიშროების წინაშე. მათ სახელმწიფო პირდაპირ ეუბნება, რომ თუ მე შენმა მშობლებმა ინფორმაცია არ მომაწოდა, არავითარი პერსპექტივა არა გაქვს, რადგან მე შენ ვერ გხედავ, არ ვიცი შენი პრობლემების შესახებ; თავისუფლება უკანონოდ გაქვს აღკვეთილი, მაგრამ ვერ ვხედავ; ძალადობენ შენზე - ვერ გხედავ... გამოდის, რომ ოჯახებში ჩადენილ დანაშაულს სახელმწიფო საერთოდ არ იმჩნევს და ვერ ხედავს.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება თუ არა ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების გულგრილობის საკითხი, რომელსაც მსგავს შემთხვევებზე რეაგირება ევალება?

- დიახ, ამ საქმეში ნათლად ჩანს საქმისადმი გულგრილობა. ასეთ შემთხვევებზე რეაგირება სწორედ ადგილობრივი სხვადასხვა უწყების, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა. მათი მოვალეობაა, რომ ფლობდნენ დეტალურ ინფორმაციას, რა ხდება მათ რეგიონში, რაიონში, რა ხდება თითოეულ ოჯახში, დანაშაულის ნიშნები ხომ არ შეიმჩნევა სადმე. ეს არის შსს-ს ოპერატიული სამსახურების დანიშნულება და მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ამბავი იმ რეგიონში და იმ სოფელში არ იცოდა ან სკოლამ, ან პოლიციამ. მგონია, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, უბრალოდ ძალიან მარტივია, დანაშაულზე თვალი დახუჭო და იფიქრო, რომ ეს შენ არ გეხება.
როგორც წესი, ამ ტიპის დანაშაულის გამოძიება არ არის ხოლმე მარტივი საქმე, რადგან მას  აგრესია და წინააღმდეგობები მოჰყვება. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მათი ტრადიცია, ისიც ვიცით, რომ ამ ტრადიციის გამო ადამიანების დაკავებას ადგილობრივების მხრიდან აღშფოთება ახლავს თან. როგორც ჩანს, ამ აღშფოთების ჩახშობას და ადგილობრივებთან დაპირისპირებას ისევ წაყრუება ურჩევნიათ.

ბუნებრივია, ადგილობრივი ოპერატიული სამსახურები ცენტრიდან იმართება და ამიტომ მათი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.

-  თავად ძალადობის მსხვერპლი გოგოებიც თავიანთი მდგომარეობის შესახებ ხმამაღლა გაცხადებისგან იმიტომ ხომ არ იკავებენ თავს, რომ მშობლების დაკავების ეშინიათ და მათ არიდებენ პასიხიმგებლობას?

- ასეცაა და მე ვფიქრობ, რომ ამიტომ სამუშაოა არა მხოლოდ გოგონებთან, როგორც პოტენციურ მსხვერპლებთან, არამედ მათ მშობლებთანაც.

მაგალითად, ჩინარა კოჯაევას სისხლის სამართლის საქმე იყო ერთ-ერთი, რომელზეც მე პირადადაც ვმუშაობდი და სხვათაშორის, მაშინ, ერთ გოგონას, რომელიც ჩვენებას აძლევდა პოლიციას, მთავარი, რაც აინტერესებდა, იყო ეს: თუ მე ახლა თქვენ კითხვებზე ვუპასუხებ, ხომ არ დაიჭერთ მამაჩემს? ეს იყო მისთვის მთავარი კითხვა და პასუხიც არ დაუმალავთ, უთხრეს, რომ თუ მამას მის წინაშე დანაშაული მიუძღოდა, შეიძლებოდა დაეკავებინათ და გაესამართლებინათ. მიუხედავად ამისა, დაკითხვის პროცესში, როცა მას აუხსნეს, თუ პოლიციას სიმართლეს არ ეტყოდა, მშობლებს ხელს დააფარებდა და ნაადრევი ქორწინების შესახებ მათ ნებას დაჰყვებოდა, რა პერსპექტივა და როგორი მომავალი ელოდა, გოგონა მიხვდა, რომ მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა უფრო ნაკლები ბოროტება იყო, ვიდრე საკუთარი ცხოვრების დანგრევა და მან სიმართლე აღიარა.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ უპირველესად თავად ამ გოგონებს სჭირდებათ გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება. მათ უნდა დაინახონ ის პერსპექტივები, რაც მოჰყვება ნაადრევ, იძულებით დაოჯახებას და ამის საპირისპიროდ, რას შეიძლება მიაღწიონ სწავლა-განათლების და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შედეგად.

ასევე, საჭიროა მათ მშობლებთან მუშაობა, იმის კარგად ახსნა, თუ რა პასუხისმგებლობები მოსდევს შვილების მიმართ მათ არასწორ ქმედებებს; თუ რა ტანჯვა-განსაცდელისთვის სწირავენ თავიანთ არასრულწლოვან შვილებს და შეიძლება ყველა შემთხვევის პრევენცია ვერ მოხერხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასრულწლოვნების ქორწინების ფაქტები შემცირდება. ხოლო თუ პრევენციულ ღონისძიებებს მოყვება იმ მშობლების სამაგალითო დასჯა, ვინც არასრულწლოვანი შვილის ნაადრევ დაქორწინებას მაინც გაბედავს, ასევე, მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ბავშვების ცოლად მოყვანას გადაწყვეტენ, ეს იქნება დამატებითი პრევენცია.

რომ დაინახავენ, ასეთი საქციელისთვის ვიღაცა რამდენიმე წლით ჩაჯდა ციხეში, ცხადია, გადაწყვეტილების მიღებამდე სხვებიც დაფიქრდებიან, ღირს თუ არა.

ამიტომ, როგორც პრევენციის, ასევე უკვე მომხდარ ფაქტზე რეაგირების თვალსაზრისითაც ძალიან ეფექტური, სისტემური და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

ახლა, ვიდრე ეს ამბავი ახალია, ყველას ტკივა, ყველა განიცდის და ყველას ახსოვს, საზოგადოებამ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირება უნდა დაინახოს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ყველა იმ პირის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ვისაც 14 წლის გოგონას უბედურებაში მიუძღვის ბრალი.

საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მხოლოდ მკვლელი კი არ არის დამნაშავე, არამედ დამნაშავეა ყველა, ვინც იცოდა, რომ 14 წლის ბავშვი იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაატანეს ზრდასრულ მამაკაცს და ხმა არ ამოიღო. ყველა დამნაშავემ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხიმგებლობა.

- სახელმწიფოს მხრიდან რა მექანიზმების ამოქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს თავიანთ წინაპართა ტრადიციების შესრულებით ამართლებენ, იმ ქვეყნის კანონმდებლობას დაექვემდებარონ, სადაც ცხოვრობენ, იგრძნონ, რომ ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და დანაშაულისთვის დაუსჯელები არ დარჩებიან?

- უპირველესად, ამ მიმართულებით სკოლამ უნდა შეასრულოს თავისი როლი, სკოლამ უნდა იმუშავოს მოსწავლეებთანაც და მათ მშობლებთანაც. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდ გოგონებს, რომლებიც შესაძლოა ნაადრევი ქორწინების საფრთხის ქვეშ ამოჩნდნენ და აუხსნან, გააგებინონ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ქორწინების იძულების შემთხვევაში. ასევე, თუ რამე ეჭვები გაუჩნდებათ, ან ხმები მიუვათ, რომ რომელიმე მათი მოსწავლე შეიძლება მშობლებმა ტრადიციის მსხვერპლი გახადონ, ამ მშობლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

სკოლას უნდა ჰქონდეს მსგავსი შემთხვევების აღმოჩენის ისეთი ინსტრუმენტები, რომ არც ერთი ფაქტი არ გამოეპაროს და მერე არ ცდილობდეს თვალი აგვიხვიოს და გვითხრას: მე ეს არ ვიცოდი; ჩემამდე ინფორმაცია არ მოსულა; ვერ გავიგე და ასე შემდეგ.

მეორე და მთავარი მექანიზმია პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, რომლებიც ასევე უნდა მიმართავდნენ პრევენციის გზებს. პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობამდე უნდა მიიტანოს ის კანონები, რომლითაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს; არასრულწლოვანი გოგონების ნაძალადევი ქორწინების გამო განსაზღვრული სასჯელის ზომების და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ფორმების შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იქაურ მოქალაქეებს. უნდა იმუშაოს შიშის ფაქტორმა და თუ პოლიციის მიმართ შიში ექნებათ, მსგავსი ფაქტებიც არ მოხდება. თუ მაინც მოხდა, დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის პოზიციაც. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ პროკურატურისგან ვხედავთ არასწორ დამოკიდებულებას,

საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ იმ მამაკაცებს, რომელთაც 16 წლამდე ასაკის გოგონები მოჰყავთ ცოლად და მათ მიმართ ლიბერალურ სისხლის სამართლის პოლიტიკა ტარდება. სხვა რომ ხედავს ამას, ფიქრობს, რომ იგივე დანაშაულისთვის ციხეში მასაც არავინ ჩასვამს, ამიტომ, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მხრივაც გასამკაცრებელია.

- მსგავსი ტიპის დანაშაულზე ჩვენ, საზოგადოებას რა როლი და პასუხისმგებლობები გვეკისრება?

- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვრეაგირებთ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე და ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი ამ პროცესში. საჭიროა ამ თემებზე ხშირი საუბრები, ბევრი მუშაობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ქართულ, არამედ ეთნიკური უმცირესობების ენაზე, როგორც გოგონებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის, მეზობლებისთვის, ნათესავებისთვის და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, ამ პროცესში უფრო მეტად უნდა მონაწილეობდეს სახალხო დამცველი და უნდა აკონტროლებდეს, თუ რამდენად არიან პროცესში სახელმწიფო უწყებები ჩართული.

მაგალითად, ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ არ ვიცით, რა მოხდა რეალურად, რატომ ვერ დაინახა ეს ფაქტი სკოლამ, რატომ ვერ დაინახა ეს ფაქტი პოლიციამ?

ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს.

ამიტომ გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვოს დაზუსტებული ინფორმაცია და მან მაინც გვითხრას, რა მოხდა სინამდვილეში. ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია სახალხო დამცველისგანაც არ მიგვიღია.

აქედან კარგად ჩანს, რომ ყველა უწყებაში ჩავარდნა გვაქვს. არადა საქმე ეხება ისეთ შემთხვევებს, რომელთან ბრძოლაში თუ რომელიმე რგოლი სუსტი აღმოჩნდება, შედეგზე გასვლა წარმოუდგენელად რთულია.

ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რგოლმა, ყველა უწყებამ კარგად შეასრულოს თავისი ფუნქცია და ერთმანეთთანაც ჰქონდეთ კოორდინაცია. აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმემ კარგად გამოაჩინა, რომ სახელმწიფოში მსგავს დანაშაულთან ბრძოლის სისტემა მთლიანად მოშლილია.

ჩემი ინფორამციით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, არასრულწოვნებმა ისიც კი არ იციან, პრობლემის შემთხვევაში ვის მიმართონ, არ იციან ტელეფონის ნომრები, არ იციან, რას უნდა ელოდონ, თუ ძალადობის შესახებ პოლიციას შეატყობინებენ.

- ეს საკითხიც საინტერესოა, ვთქვათ და შეატყობინეს ოჯახში არსებული ვითარების შესახებ პოლიციას ან გაბედეს და გაიქცნენ სახლიდან. მერე რა ხდება, რა პერსპექტივა, როგორი მომავალი ელით მათ?

- ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ჩინარას შემთხვევა, რომელმაც სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა რა სირთულეების გადალახვამ მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის წინ წამოვიდა სახლიდან და 17 წლისა დამოუკიდებლად შეუდგა ცხოვრებას, დღესაც მძიმე გზას გადის. სწავლობს, მუშაობს, მაგრამ ამ ყველაფრის შეთავსება მისთვის ძნელია, რადგან სახელმწიფოსგან არანაირი მხარდაჭერა არა აქვს. არც სწავლის საფასურისგან არის განთავისუფლებული და მართლაც რომ არსებობისთვის უწევს ბრძოლა.

ამიტომ, როცა გოგონებმა იციან, რომ სახლიდან გაქცევს შემთხვევაში ისინი ოჯახებს დაკარგავენ  და მერე ვერც სახელმწიფოსგან მიიღებენ მხარდაჭერას, მაშინ ძალიან რთულია ასეთ რისკზე წავიდნენ.

ვთქვათ, ძალადობას გამოვგლიჯეთ გოგო ხელიდან და რას აკეთებს სახელმწიფო შემდეგ? ტოვებს მას უსახლკაროდ, უპერსპექტივოდ, საარსებო მინიმუმის და სწავლა-განათლების შანსის გარეშე.

თუ ამ გოგონებმა ტრადიციებთან ბრძოლაში გაიმარჯვეს და თავი დააწიეს ძალადობას, მერე ბრძოლა სოციალურ პრობლემებთან უწევთ და სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს ან თუ აკეთებს, ძალიან ცოტას. ამიტომ ამ მხრივაც ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

- ამ მძიმე ვითარებაში რა როლი ეკისრება სოციალურ სამსახურებს, ინფორმაციის ფლობა, რეაგირება, პრევენცია, რაზე არიან პასუხისმგებელნი?

- რაც შეეხება სოციალურ სამსახურებს, ჩემი აზრით, ვინაიდან ჩვენს ზოგიერთ რეგიონში არსებობს ასეთი პრობლემები, მათ კონტროლზე ყველა ის ოჯახი უნდა ჰყავდეთ აყვანილი, სადაც გოგონები იზრდებიან; ერკვეოდნენ სიტუაციაში, ამოწმებდნენ, ხომ არ არსებობს ეგრეთწოდებული ტრადიციების შესრულების მცდელობა, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ნაადრევი ქორწინების მცდელობა და ხომ არ არსებობს საფრთხე. სოციალური მუშაკები ასეთ ოჯახებში პრევენციულად უნდა მუშაობდნენ, ვინაიდან ეს ნამდვილად არის მწვავე პრობლემა და არ უნდა ელოდებოდნენ ვინმესგან შეტყობინებას.

როგორც ჩანს, იმ რეგიონებში, სადაც ამ მანკიერ ტრადიციებს მისდევენ, 18 წლამდე ასაკის ყველა გოგო არის ძალადობის პოტენციური მსხვერპლი. ამიტომ ვფიქრობ, რომ  იქ სოციალური სამსახურები ბევრად უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და ვიღაცის მოწოდებას არ უცადოს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როგორც ვიცი, სოციალურ სამსახურს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია, რადგან ისინი, ალბათ, ელოდნენ, რომ 14 წლის ბავშვის მოტაცების შესახებ მათ ვინმე ოფიციალურად მიმართავდა ან სკოლა შეატყობინებდა.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ ასეთ ოჯახებში პერიოდულად უნდა დადიოდეს პოლიცია, სოციალური მუშაკი, მშობლებთან მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყოს სკოლა, მასწავლებელი და ყველა კუთხიდან რომ იგრძნობენ შეტევას, შეიძლება, მსგავს ტრადიციაზე ხელი საერთოდ არ აიღონ, მაგრამ შემთხვევების რიცხვი ნამდვილად მოიკლებს. შესაბამისად, სახელმწიფოც დროულად შეძლებს საფრთხეების დანახვას და მათზე რეაგირებას.

ამ მანკიერი ტრადიციის და დანაშაულებრივი ქმედების აღმოფხვრას კი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სისტემური და ერთიანი პოლიტიკა სჭირდება, რომელიც ადგილობრივ დონეზე იქნება გატარებული.

ეთნიკურმა უმცირესობებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და უნდა ემორჩილებოდნენ იმ კანონებს, რომელიც საქართველოშია მიღებული. არ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული ტრადიციის სახელით მართლდებოდეს!

 

ირმა ბერიშვილი  

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...