Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.300

ჩვენებური გრანდ-კანონები და სიმო (ნა) პოლიტიკოსები, ანუ გული ზურგიდან უფრო ახლოა...


katya

2.979 views

blog-0497107001497100244.jpg“- ერთი იცოდე, ჩემო პოლკოვნიკო, ერთი იცოდე - მაგათი წამალი სიმსუქნეშია. ჩემო გრანდჰალლე, საუკეთესო მზარეულები გაუგზავნე, ღორის ხორცის კარგად შეკმაზვა რომ იცოდნენ, სწორედ ისეთები - და ჩემი საწყობებიდან მჟავეს და ცხარეს ნუ დაინანებ, წყალსაც აწყურებს ეგეთი ხორცი, ღვინოს ხომ - უფრო, და რადგან ველა რაღაც გარკვეულ სიამოვნებას წიწკნის ამა ცხოვრებას, ცისა და ქვეყნის გაგების სურვილი ძღომის სურვილად გადაექცევათ და აეს სიმსუქნე იმითაცაა კარგი, გაბედულებასაც დაუკარგავს - ადამიანს ხორცი ხომ უყვარს, და თავისი - უფრო და, რამე იყოს, მსუქანი ხალხი წინააღმდეგობასაც ნაკლებად გასწევს - ვერ გაბედავენ, ვეღარ გაბედავენ, მაძღარ თვლემაში, გესმის, გრანდჰალლე?

- დიახ, გრანდისსიმოჰალლე.

დოჩანა „სამოსელი პირველი“

ერთ დროს ჩვენშიც, ისე როგორც სერტანაში, ჭკვიანი, ცის და ქვეყნის ამბის მცოდნე, ვარსკვლავთმჭვრეტელი, ხმელ-ხმელ-ტანადი და, ცოტა არ იყოს, გაბედული ხალხი ცხოვრობდა...

მერე ისე მოხდა ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე, როცა აქცენტი დინგზე კეთდება ... სხვისი უკანალით ზღარბზე ჯდომა დავამხეცეთ, დროის გამიჯვნა ვისწავლეთ - საზეპიროები „ჩემი“ და „შენი დროიდან“. „ჩვენმა დრომ“ არ გაამართლა, არცა ყოფილა და მიტომ. მე-დროვეებმა ვიღაც-ვიღაცეების მონდომებით „შეუცვლელი კადრების“ სახელი დაიმკვიდრეს, მარადიული სტაბილურობა გარანტიითურთ.

სხვანაირად როგორ? აბა სადაა ამდენი სიკეთე - ყველასთვის სამყოფი?. სამართალი - მითუმეტეს...

ჰო, გვახსოვს - „გული ზურგიდან უფრო ახლოა“...

 

მცირემიწიანი ერი, ერთი გოჯი სხვისთვის კი არა, ზოგჯერ თავისთვისაც რომ არ ემეტება…

არიან! რა თქმა უნდა, არიან „გამონაკლისი უცნაურებიც“ - „მიწის ჩიჩქვნაში“ მადლს რომ ეძებენ და პოულობენ... მერე მარტო მიწა? რა ცა!? რა მზე!? რა წყალი?! რა მთა?! რა ბარი?! რა კულტურა?! რა ენერგეტიკა და გენეტიკა?! რა ხალხი!?. აღარ გავაგრძელო? კი ბატონო...

რა აზრი აქვს?.. მანდ კი გეშლებათ... ყოველთვის ყველაფერს აქვს აზრი, ყველაზე დიდ უაზრობასაც კი.

მთავრობას რამის „როგორც უკეთესია“ -დ გაკეთება რომ ნდომებოდა, „როგორც ყოველთვის“ ტყუილებს შეეშვებოდა, პირველ რიგში.

მაგალითად? მაგალითად სულ ცხელ-ცხელი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირზე. უი-უი...

კიდევ მაგალითად? 3 677 სამთავრობო ავტომობილიდან გაარკვევდა რა სიკეთე რჩება ამ ქვეყანას + 53 მილიონის ბენზინს თუ მიათვლიან. შერცხვებოდათ, აუცილებლად შერცხვებოდათ, მაგრამ იზამენ მაგას? იქამდე მეც და თქვენც არაფერი გვეტკინოს...

 

„და თუ მოიწყენს, რა შეედრება - უნაყოფო ხე? ჭა ამომშრალი? თუ დიდი ველი, მიტოვებული, გადაუხნავი მიწა, ეჰ, უპატრონო მიწის სევდა...

როგორ გგონიათ, კანონი რისთვის იწერება - საკითხავად თუ შედეგისთვის?

სენეკამ თქო, კანონი მოკლე უნდა იყოს რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროსო. როგორი უნდა იყოს კანონის დამცველი და მისი მოციქული მოსამართლე, ეგ სენეკას არ უთქვამს, ეგ უნდა გამოვიცნოთ...

გაურკვეველი მომავალი გარკვეული წარსულისკენ გვიბიძგებს ხოლმე.

რას ჩააცივდით წარსულსო!? რატომ ჩავაცივდით? იქნებ ჩავუთბით და ჩავუტკბით?

სითბოზე და სიტკბოზე გამახსენდა, ჩვენი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე დიდი თავისნათქვამა ვინმე ჩანს... მასეთებს ახლა “პრინციპულებს” უძახიან.. “12 კლასამდე წარმატებით მოსულ მოსწავლესო” ისე აიჩემა, თითქოს აზრზე არ იყოს, ის „წარმატებული“ მოსწავლეები როგორ გადადიოდნენ კლასიდან-კლასში? რაც შეეხება მეორე შესაძლებლობას, თუ ქალბატონი საქართველოს განათლების უახლეს ისტორიას გადახედავს, ნახავს, რომ იყო დრო, როცა წარჩინებული აბიტურიენტები ჩაჭრის კი არა ერთი ან ნახევარი ქულის გამო გარეთ რჩებოდნენ წლობით, მაგრამ ამას არავინ აპროტესტებდა. მივდიოდით სახლებში და ერთი წელი კიდევ უფრო მეტად ვმეცადინეობდით.

და კიდევ, რა არის იცით? რუსთაველის, ილიას, ბარათაშვილის, ვაჟას, ჯავახიშვილის, თუნდაც დოჩანას საკითხავად ახლა არავის სცალია? არც თქვენ, პირველ რიგში და თავს იმშვიდებთ - ისიც საკმარისია ვიამაყოთ და გვახსოვდესო...

უცნაურად იღვიძებდა მანუელო კოსტა - თვალს გაახელდა თუ არა, იღიმებოდა...“

ამასობაში „ნანინანატრი პრეზიდენტი“ გაგვიჭაღარავდა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში. ჩვენი უფლებებისთვის სად სცალია მაგას, ოჯახის წევრები, ახლობლები , ათასი შინაურ-გარეული ყავს „დასაცავი“ უსამართლობისა და ზეწოლისგან. სამაგიეროდ, მისი პრეზიდენტობის ხანაში დამკვიდრდა ახალი სოციალური სტატუსი - „ პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარი“ – „ მარადიულ ჩაგრულთა კასტა“. კიდევ კარგი რომ, პრეზიდენტის პოსტი არც ისე მარადიულია...

ინფორმაციის გაჟონვაში აკლდა დადანაშაულება მარგველას და ეგეც შეუსრულეს. ასე იცის „დანახვის ციცოობამ“. რომ შევარდა ავლაბრის სასახლეში, აფრთხილებდნენ - ჟონავს მაგ სადგომში ალაგ-ალაგ ჭერი, კედლებსაც ყურები აქვთ და, ზოგჯერ, სხვადასხვა სახის აირსაც „აპარებსო“, მაგრამ დაუჯერა ვინმეს?.. უნდოდა და ჰა! როცა ადამიანს რამე უნდა, ის ყველაფერს დაიბრალებს...

არიან ადამიანები, რომლებსაც თარიღები აღელვებთ, არიან ისინი, ვისაც მოვლენები ურჩევნიათ. ხომალდზე დემოკრატიას კიდევ ბუნტი ქვია, როგორც მახსოვს...

 

ვენეციელმა კომისრებმაც რას აიჩემეს ეს დაბალანსებული ხელისუფლება?! სად უნახავთ ეგეთი? მაგათ ჩვენთან, მგონი, ქვევრის ღვინის გარდა, სრულად, არც არაფერი აკმაყოფილებთ... ხელისუფლებას კი ხალხის რისხვისგან ქვევრის ღვინო ნამდვილად ვერ იხსნის...

„აუზთან იდგა ლეპოლდინო, გატრუნული და მომლოდინე, ლამაზ-ქალაქის წუთიერი განმგებელი და, საკუთარი ღირსებით თრობა ორიოდ წუთით რომ იგემა, დიდის სიამოვნებით დაიძახა: „ღა-ამის ზუსტად თორმეტი საათია და ყველაფერი რიგზეა-...

პარლამენტის თავმჯდომარეს დევნის მანიის ნიშნები შეენიშნება. მარგველამ კობახიძე უბრალოდ ამოიჩემა. კობახიძემ, თავის მხრივ, საფუძვლიანად დააწითელმარკერა პრეზიდენტი. ამდენ ჭიჭყინს, ხელთათმანების ფრიალს, აირჩიეთ ბატონებო იარაღი და „კ ბარიერუ“!

კონსტიტუცია მოვიკითხე იმ დღეს წიგნის მაღაზიაში. სადაც სამართალი და კანონის ელემენტარული პატივისცემაა, საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია ტუალეტის ქაღალდზე ოდნავ ძვირი არ უნდა ღირდეს. „ ხელმისაწვდომი“ თორემ, იკლავენ მაგის კითხვით თავს ისინი მაინც, ვისაც ევალება...

„ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენ ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე... თვალებზე ქუდჩამოფხატულნი, მხრებაწურულნი მივიპარებით - ვინმემ არ გვიცნოს..

გერმანელებს რომ ჰკითხო, მარტო სუროს, ჭინჭარის, მაყვლის ფოთლები, ასკილი, პანტა, მაჟალო და კიდევ სხვა ველური რამე-რუმეები შეინახავს რაჭას, ახალციხეს, ტყიბულს და დუშეთსო. მაგრამ იქაურები რომ ვერ დააჯერეს? მართალია, მწარე ისტორიული პრაქტიკა გვიდევს წინ - მთელი საქართველო „ბორჯომს“ რომ უნდა შეენახა, მაგრამ, მგლის შიშით ცხვარს წყვეტდნენ, ეგეთი ჯერ ჩვენც კი არ დაგვმართნია. იმ კომპანიას დასაქმების მსურველი ტყემდე მანქანით მიჰყავთ, ხელთათმანებს ურიგებენ, ყველა საჭირო ინვენტარს, კარგად უხდიან, მაინც ეზარებათ მუშაობა. არსებული რესუსის მხოლოდ 8% -ს ითვისებენ. არადა...

არადა, შარაზე გამოდგნენ - ვის აკადრეთ ქართული მიწის უცხოელზე გასხვისების აზრის თავში გავლებაც კიო . ეგეთები იმ ტყის პანტას და სუროს არც ადგილობრივ შრომის მოყვარეს დაანებებენ, ისტორია ღაღადებს თორემ მე რა?

უცხოური ცხვარიც უცხოელებში აერია ბევრ კლავიატურის ლომს და გამოცხადდა საყოველთაო ხითხითი გულისწასვლამდე - ეს რა მოცლილი მთავრობააო!.. ძლივს მთავრობაში მშრომელ კაცზეც იფიქრეს და სასაცილო კიდევ იმდენია, ულევი - ზოგი კოკორში, ზოგი ყვავილობაში და ზოგიც უკვე ნაყოფად იჭმება.

ისე, როცა ცხვრები მწყემსებს არ მიყვებიან, მწყემსებს ცვლიან, ცხვრებს კი არა.

ჩვენი ეკონომიკა მეზობლის ბალღი კი არაა, უცებ და სწრაფად გაიზარდოს...

"ხდება ხანდახან ისეთი ნამდვილი ამბებიც, რომლებიც ტყუილია... ისიც შეიძლება, ტყუილი რომ მართალი იყოს"..

ბილ გეიტსს ყოფნიდა ჭკუა, რთული სამუშაოს შესასრულებლად ზარმაცები შეერჩია. იმიტომ რომ ჭკვიანი იყო - ზარმაცები უცებ პოულობენ რთული სამუშაოს მარტივად შესრულების გზასო. ჰოდა, ეგებ, ამჯერად, ვაკანსიები ზარმაცებზე გამოგვეცხადებინა, დაგვეინტერესებინა ეგ კატეგორია, თორემ ეს უკვე დასაქმებული „შრომისხამები“ და „საქმისმანიაკები“ რას გვიშვებიან ხომ ხედავთ?

რეალიზებულ ტალანტზე თუ გსმენიათ, გეცოდინებათ რომ მაგისთვის ჰობის და პროფესიის დამთხვევაა უებარი. ჰოდა, ვეძებოთ პროფესიონალი ზარმაცები სწრაფი გამდიდრების წყურვილით. მეტი რაღა გიკარნახოთ?

ყველაზე რთული მაშინაა კონცენტრირება, როცა არაფერზე ფიქრობ. ძალიან მოცულობითი თემაა და მიტომ.

ნეტაი იმ დროს, როცა "გაბრაზებული" პოლიტიკოსები „სახლში მიდიოდნენ“... აბა ახლა გაბრაზებული ჟურნალისტებიც კი პოლიტიკაში მიდიან, ხოლო იმ ჟურნალისტების უფრო გაბრაზებული დირექტორები მიდიან, მაგრამ მხოლოდ თავად და ეშმაკებმა უწყიან - სად?...

 

ვინც გაჰკივის, რომ სიმართლის მოსასმენად მზადა, ის ყველაზე მეტად იტყუება...

ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო და ერთი პროკურორი ერთ პროკურატურაში ორჯერ როგორ შედის? ბესელიამ თქვა - გიორგი ბადაშვილის შესაძლებლობების გამოყენება ძალიან კარგი იქნება პროკურატურისთვისაც და საერთო საქმისთვისაცო. - რატომ აქამდე არ იყენებდითო? კითხვა შეუბრუნა ვინმემ?

სად არიან მესამე სექტორის ექსპერტები? დააგდონ თავიანთი წყალგაუმტარი სიტყვა... ექსპერტი რა არის? ექსპერტი ის ადამიანია, რომელიც შეეშვა აზროვნებას და ფიქრს, იმიტომ რომ, უკვე "იცის!" ხოლო კომბლე ის კაცია...

„წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებთ!

არამკითხეს უადგილო რჩევა - კალას „რასკრუტკით“ წინასწარ ისე ნუ შეაწუხებთ ხალხს რომ მერე, თქვენს ჯინაზე, ალალად მისაცემი ხმაც არ მისცენ.

ფუნდამენტალისტმა ნაცებმა ხელისვარსკვლავბიჭუნას მერობის კანდიდატობა უთავაზეს, როგორც ტელეგენურს, ფოტოგენურს და ა.შ ორიენტირი, რა თქმა უნდა , „ოცნების“კანდიდატზე გაკეთდა, ანუ, ძირითადად ქალ ამომრჩეველზე.

პოლიტმარკეტინგმა კარგად იცის - ქალს თუ ერთი შემოესიმპათიურა, მერე ცხრა უღელი დამკვირვებელი ვერ შეაჩერებსო!..

თუმცა, როცა გეგმა „ა“ არ ამართლებს, იქ, ქართველებს, კიდევ გვრჩება 32 ასო, რომ „კიდევ ვცადოთ“..

 

ამასობაში გირჩის საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს და "ბიბლიური თავისუფლება", თავისი ხუთასამდე დეზერტირი ღვთისმსახურისთვის, დამფუძნებელთა ლოცვა-კურთხევითა და საზოგადოების აქტიური შეკურთხებებით, ერთი გასაბერი ეკლესიის შეძენას მაინც მოახერხებს.

„პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში“, - ნათქვამია გირჩკურთხეულთა მიმართვაში, რომლითაც ისინი ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ .

მოქალაქე ივანიშვილო! შენ იყო წუწურაქი და ღვთისპირიდანგადავარდნილი, თუ ამათ ეგ გასაბერი კვატა არ უყიდო და ნასოსიც არ მოაყოლო... ნუ ამათხოვრებ საბრალოებს. მაგათ თავისიც ეყოფათ და ჩვენს ქუჩებს თავისი მოწყალების მთხოვნელი გასჭირვებიათ... თანაც, მაგათი ამ დღეში მოქცევა შენს კისერზეა, რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

ალბათ, რაც უფრო ბევრი გესმით, უფრო ცუდად გძინავთ. ესთეტი პოლიტიკოსები შიშველ სიმართლეზე შეხედვას ერიდებიან , - ეგ დეიდა უკვე კაიხნისაა და არც ისე საამო შესახედიო...

„ზაფხულის თამაშებს გახსნილად ვაცხადებ!“

 

ყავამშვიდობისა!

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...