Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.303

დავით გარეჯას მარადიული ანდამატი, ანუ დარწყულებული უდაბნოს შთაბეჭდილებები


katya

2.301 views

blog-0844499001496149093.jpgგზა, სადაც უდაბნო მწვანედ ბიბინებს ...

- დე, სად ხარ?

- გარეჯაში.

- იქ, ზემოთ, უდაბნოში?

- ჰო, აბა სადაა კიდევ გარეჯა?!

- მანდ რა გინდა?

- რისთვის დადიან ადამიანები ასეთ ადგილებში?

- მე ტურისტები დამყავს და ... და ისე მეშინია მაგ ადგილის და მაგ გზის..

- რა გაშინებს?

- რა ვიცი, ისეთი სიჩუმე, მთები და მინდვრებია, უდაბური, გადახრუკული, სულ მგონია, საიდანღაც დინოზავრი გამოვარდება... არა წყალი, არა მაღაზია, არა სულიერი ირგვლივ, მარტო მწყემსები, ძროხები და ცხვარი.. სანამ მონასტრამდე მივალ, სულ შიში მაქვს.

- არ ყოფილხარ დიდი ხანია ალბათ, სულ მწვანეა აქაურობა, გზაზე მუშებია, სამშენებლო ტექნიკა, წყალიც მოდის, რამდენიმე მაღაზია და საოჯახო სასტუმროც შევნიშნე, საკონტაქტოც წამოგიღე, ვისი სასტუმროც მომეწონა.

- ის ვიღაც უცხოელი რომაა გზაზე? ოაზისი?

- არა, ადგილობრივები არიან, სვანები.

- ნორმალური სიტუაციაა? სისუფთავე, კომუნიკაციები მოწესრიგებული?

- კი, შევედი, ვნახე ყველაფერი. სველი წერტილები გამართულია და უდაბნოში 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ვის რად უნდა?

- არ უნდა, მაგრამ სისუფთავე, წყალი და კანალიზაცია ყველას უნდა დედა, აბა ისე ტურისტი სად მივიყვანო?.

- არის ეგ ყველაფერი, არ მეჩვენება. ონკანში მოდის წყალი, უნიტაზშიც..

- ონკანში წყალი მოდის მანდ? არ მჯერა.

- კარგი, უკან რომ წამოვალ, ვიდეოს გადავუღებ.

- ყოჩაღ! ყოჩაღ! შარშან რომ ვიყავი მარტო იმ უცხოელის რესტორანი იდგა მთელ გზაზე და საიდანღაც მოზიდული წყლით აბანინებდნენ სტუმრებს ხელს.

- როგორ არ გესმის - უდაბნოს რომანტიკა უწყლობაშია!

- კარგი რაა...

- კვების ობიექტი ისევ მარტო ეგაა გზაზე. ხუთი წლის წინ დაინახა ვიღაც გამვლელმა პოლონელმა ამ ადგილის პერსპექტივა და ჩვენ რა დაჩლუნგებული მხედველობა გვაქვს ასეთი.

- ქართველმა ვერავინ გარისკა არა?

- ჯერ-ჯერობით ვერა. იქნებ ახლა გარისკონ, სასიცოცხლო და ბიზნეს პირობებიც აშკარად მეტია. ან რატომაა საერთოდ რამე სარისკო ამ გზაზე ასეთი ცით, ასეთი მთაგორებით, ასეთი მზით და ამხელა საოცრებით?

- რა ვიცი დედა, მანდ ხარ და კითხე მაქაურებს...

 

გზა საგარეჯოდან დავით გარეჯამდე და ბერების მასპინძლობა

აქეთ მომავალი გზა სრული შოკია და არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის - მოდიხარ ცუდ გზაზე, ჭანჭყარებ, გწყინდება, ბუზღუნებ. გზის მშენებლები ცალკე გაფერხებენ. მოკლედ, ცხვირს იბზუებ - აქ ამ დაღლის ფასი რა უნდა ვნახოო? და უცებ, თითქოს არსაიდან, გალავანი, გალავანში ქვაში გამოკვეთილი საოცრება შემოგეფეთება და მოგნუსხავს. მერე იწყებ ნელ სვლას და რიგს მიყვები. უამრავი სტუმრის აღფრთოვანების გამომხატველ შორისდებულებში მაინც მკვეთრად ისმის მე-6 საუკუნის დროინდელი ნაბიჯების ხმა და სუნთქვა ხშირდება. საფეხურები, რომლითაც ისინი - დიდები, მართლები, გონიერები, სარწმუნოების, ერის და მიწის ერთგული მცველები - დააბიჯებდნენ და ლოცვებს აღავლენდნენ... კიდევ მაგალითს იძლეოდნენ გამძლეობის მთელი ერისთვის...

მეორე შოკი - პირისპირ ‘შავ ბერებთან“ .

მარტო არ ვყოფილვარ, ამან მიშველა. ძირითადად ვუსმენდი და ვაკვირდებოდი. ისინი საუბრობდნენ და გვაკვირდებოდნენ. წარმოდგენით, შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ თუ ასე მშვიდად ვიქნებოდი, მაგას როგორ ვიფიქრებდი? ვიდრე გამოჩნდნენ, რამდენჯერ „გავზღარბდი“ და „ავხაჭოვდი“, სათვალავი ამერია.

-ალბათ ეკატერინეო! ნიშნის მოგებით შემომაგება მამა კირიონმა - კატო ქვიაო, ჩემზე რომ უთხრეს. მეც, სიტუაციიდან გამომდინარე, გავუღიმე. – „რაღადროს თქვენი კატოობააო!“ ჰმ.. სხვა რომ ყოფილიყო კი გავცემდი პასუხს - რაღა დროსიც იყო, მაგრამ აქ დავფიქრდი და შევირგე კეთილგანწყობილი კრიტიკა.

რა ჭკვიანია, რა მშვიდი და თანაც როგორი სიმპათიური, რეალობასარმოწყვეტილი და მაინც განსხვავებული ჩვენგან ...

20 წლის წინ ამოსულა აქ მამა კირიონი. ჩემზე უმცროსია... შავი წვერით, მაღალი, ათლეტური, სიმპათიური, ენაწყლიანი, გონიერი.. ისეთი - რომ იფიქრებ, ასეთები ხომ მუდამ დეფიციტშია, შესაბამისად, შეეძლო დარჩენილიყო ერობაში თავისი წრის ლიდერად, სასურველ მამაკაცად, თავისი თაობის გამორჩეულ ტიპად.

არ ეწყინება ვიცი, მასზე ასე რომ ვწერ. მისთვის არაფერია უცხო ჩვენი ყოფიდან, მათ შორის არც ჟარგონი. უბრალოდ მას, ჩვენგან განსხვავებით, უკეთ შეუძლია კარგის და ცუდის, სწორის და არასწორის გარჩევა. ჰო. აქ ამ სივრცეში მეტი ნათელია, შავი ბერების ყოფის და ლოცვის განსხვავებული ნათელი.

„მეფე იგი მონასტერთაი“... აქედან ნებაყოფლობით წასვლაზე სასულიერო პირებში სასჯელია - აქედან სადღა მიდიხარ, თუ ცხონება გინდაო?

 

ასურელ მამათაგან ერთ-ერთი დავითი , მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და ბუნებრივ მღვიმეში დასახლდა. 15 საუკუნის წინანდელი ამბავია ეს. იმ ადგილას ახლა დავითის ლავრაა. მერე გაჩნდა განშტოებები, ანუ „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. მოწამეთა, ბერთუბანი, დოდორქისა, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრსენაკები, მღვიმე, ქოლაგერი, მოხატული, ვერან-გარეჯა, პირუკუღმართი - უძლიერესი ენერგეტიკის სივრცე და სახელები.

 

ჩიჩხიტური უნიკალური ფრესკული მოხატულობით, ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტერთან ერთად, რამდენიმე წლის წინ სადაო გახადეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.

ჯერ სადაო, მერე კინაღამ დათმეს. დათმობდნენ კიდეც, რომ არა აქაური ბერები და ხალხი.

90-იანებში გარეჯას ირგვლივ ქართველობა გაერთიანდა და ეროვნული მოძრაობის ნაკვერჩხალმაც იკვესა, ეგ ამბავი ყველას გვახსოვს.

5 წლის წინ, 2012-ში რომ გარეჯას ბერებმა განგაშის ზარს შემოკრეს, ისევ შეიყარა ერი - ვინ მანქანით, ვინ ფეხით, ვინ ავტობუსით, ვინ ცხენით და დადგა იქ კედლად.

ამაშია ცხოვრების ამაოება - ის რაც მუდამ თავად გიცავს, ზოგჯერ შენი დასაცავიც ხდება. ზუსტად მაშინ არ უნდა შეგეშალოს...

უმეცარი კულტური მინისტრები დაბედებული აქვს ამ ქვეყანას. მათი და პოლიტიკოსების დამსახურებით, სულ ახლახანს, იყო დრო, როცა ქართველი მესაზღვრეები აქაურ ბერებსაც კი არ უშვებდნენ ზევით. გამდიდრებულ, მაგრამ ღატაკი ისტორიის მეზობლებს კი მოღალატეობრივი გარიგების ფასად მონასტერ „უდაბნოს „წაღება სურდათ.

კი , ეგ საფრთხე იდგა სწორედ წინა ხელისუფლების დროსო, - მიდასტურებს მამა კირიონი, მაგრამ იქვე მამშვიდებს რომ აქაური ბერების მონდომებით, გარეჯას სამონასტრო კომპლექსზე დოკუმენტალურად კითხვები აღარ არსებობს. ისტორიული წყაროები ადასტურებენ რომ მოცემული ტერიტორია ყველა ძეგლით, მთლიანად ჩვენია. 5700 ჰექტარი რომ მიტაცებული აქვს აზერბაიჯანს, დოკუმენტურად დამტკიცებულია. წინა ხელისუფლება „სოკართან“ რომ მოღალატურ ხელშეკრულებებს დებდა, ეგ უკვე ვიცით. ახლა ჯერი ხელისულების კვალიფიკაციასა და მონდომებაზე ყოფილა და ნეტავ ეს თუ იციან დღევანდელმა საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებმა?

დიდი კულტურული წარსული ერისთვის ყველაზე ღირებული რამაა . გამდიდრებულმა მეზობლებმა კი საკუთარი ქვეყნისთვის ლეგენდის შექმნა გადაწყვიტეს. ამისთვის თავს ალბანური კულტურის მემკვიდრედ იხსენიებენ. ამ ამბიციურ განაცხადს შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობით განმტკიცება სჭირდება. ჰოდა, აგერ საზღვარზე ამ მხრივ უნიკალური საბადოა, თუმცა ის საბადო მათ არ ეკუთვნით.

დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ იერუსალიმის წმ. საბას ლავრას შეიძლება შეედაროს, როგორც არქიტექტურული საოცრება. დავით გარეჯა ერის ღირსებაა. ჩვენი წინაპრები, საუკუნეების წინ, ასეთ არქიტექტურულ კულტურას და ცოდნას ფლობდნენ. ამიტომ უფართოვდებათ გუგები, გამოსცემენ არაადამიანურ ხორხისმიერ ბგერებს, როცა ამ კულტურასთან პირისპირ რჩებიან.

როცა ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს, ამას აქ კარგ ამინდად თვლიან.

ისინი არ წუწუნებენ, არაფერს ითხოვენ, მითუფრო არ აყენებენ ულტიმატუმებს ხელისუფლებასთან. როცა აქ მოვიდნენ, კარი მხოლოდ 2 კელიას ჰქონდა, სამს მხოლოდ ფანჯარა. სამაგიეროდ უხვად იყო კელიებში შლამი და სარეველა. წლობით კლდის სინესტეში ცხოვრებამ ჯანმრთელობა ყველას შეურყია.

როგორც ამბობენ, მუნიციპალური განვითარების პროგრამა მათ ყოველდღიურობასაც დადებითად შეეხო. დღეს კომპლექსში წყლის პრობლემა მოხსნილია, გამართულია კანალილზაციის სისტემა, ელექტრო ენერგიის მიწოდებაც უწყვეტია. ბერებს კლდეში ცხოვრება აღარ უწევთ, რაც სასტიკად ვნებდა მათ ჯანმრთელობას. იცოდნენ აქ რა პირობებშიც მოდიოდნენ და ამის გამო გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ. მათი შრომის შედეგი კი იქ ყოველ ნაბიჯზე ჩანს. ყველაფერი სანიმუშოდ მოვლილი და მოწესრიგებულია.

თბილი და გემრიელი მასპინძლობა იციან გარეჯას ბერებმა და საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტით ამაყობენ.

მეურნეობა, რომლითაც თავს ირჩენენ ისეთივე გამორჩეულია, როგორიც თავად გარეჯა. აქ ბერები ადედებენ საოცარ მაწონს, ამოყავთ უფრო საოცარი ყველი, უვლიან ფუტკარს და მათი თაფლიც, ისე როგორც ყველი, გამორჩეულია აქაური მზის, ბალახის, ყვავილების, წყლის და ჰაერის წყალობით. ოღონდ ამ ყველაფერზე სხვა დროს უფრო ვრცლად დავწერ, ისე როგორც ქართული სამეურნეო კულტურის საკითხებში ღრმად შეტოპილს შეეფერება.

აქა ამბავი, როგორ გაჩდნენ სვანები კახეთის „უდაბნოში“

ეგ ამბავი ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს სინამდვილეში მოხდა. გადაწყვეტილების ინიციატორი მედიკო მეზვრიშვილი ყოფილა. იდეა სწორი და სასარგებლო აღმოჩნდა.

იორმუღანლოს აზერბაიჯანელების "ურბანულ თავდასხმებს" მარტო ეგენი შეაჩერებენო, - მედიკოს უთქვამს. ჰოდა აჩერებდნენ და აჩერებენ კიდეც. ახლაც ხშირად გვიწევს თითის დაქნევა მაგათთვის, ისე უნდათ ამ ბარაქიანი მიწის გათავისებაო ...

ამ სოფელს ყოველთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა ჰქონია. გარეჯელი ბერები ამბობენ, „ უდაბნო“ რომ არა და იქაური სვანები, დღეს საზღვარი სხვაგან იქნებოდა".

ჰოდა, წარმოიდგინეთ იმოდენა ჰიდრო რესურსის კუთხიდან ჩამოსახლებული ადამიანების რეაქცია და შეგუების უნარი უწყლო, გადახრუკულ ალაგას. დაპირებებში წლები გადიოდა, მაგრამ ნანატრი წყალი არსად ჩანდა. ბევრჯერ აყრა და სხვაგან გადასვლაც გადაწყვიტეს. იყო პროტესტიც, გაჭირვებაც, ორმაგად მძიმე შრომაც და იმედგაცრუებაც. მაგრამ დარჩნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა რომ დღეს უკვე უდაბნო წყლით უზრუნველყოფილი სოფელია, ცხოვრების წესის ერთბაშად შეცვლა ჯერ-ჯერობით უჭირთ.

ან რა უნდა ინატროს ადამიანმა უდაბნოში წყალზე უფრო ძვირფასი? არც რა..

წლობით წყლის ზიდვით დაღლილი „უდაბნოელი“ სვანები ნელ-ნელა ოაზისად ქცეულ სოფელში ახლებურად ცხოვრებას იწყებენ მესაქონლეობით, მევენახეობით, ტურისტულ ბიზნესში ფრთხილი ნაბიჯებით.

და თუ დღესაც ერთადერთი დასასვენებელ-წასახემსებელ ადგილად მთელს 65 კილომეტრზე იმ "შორსმჭვრეტელი" პოლონელის კაფე-რესტორანი „ოაზის კლუბი“ რჩება, სადაც სწორედ უდაბნოელი სვანი ქალბატონები ფუსფუსებენ სამზარეულოში და სტუმრებს აოცებენ, იმედს ვიტოვებ, რომ, თუნდაც წლევანდელი ტურისტული სეზონის დასასრულს, ერთი ადგილობრივი ოჯახი მაინც შეძლებს ამ მომგებიან ბიზნესში მისთვის კონკურენციის გაწევას..

გაუბედეთ ხალხო! გთხოვთ, გაუბედეთ!

 

ეპილოგის მაგიერ

როცა ფული არ გყოფნის, სხვებისგან კი არა, საკუთარი მდიდარი შინაგანი სამყაროსგან უნდა ისესხო, ასე ვეხუმრები ხოლმე საკუთარ თავს და იმ დღეს გარეჯაში მთელი დღის გატარების შემდეგ სრულიად სერიოზულად ვფიქრობ რომ ეგ ვერსია სიმართლეს შეესაბამება.

უფალი მაღალია და ის ხშირად რთულ გამოცდას გვიწყობს, რადგან მას ჩვენი შესაძლებლობების მეტად სჯერა, ვიდრე ჩვენ. აქ, მიწიერ ყოველდღიურობაში მარტივ დავალებებს იმიტომ კი არ გვაძლევენ, რომ ჩვენთვის იყოს იოლად შესასრულებელი. უფრო იმიტომ, რომ მათთვის იყოს მარტივად გასაკონტროლებელი. ასეა ეს!

ადამიანს თუ შესაძლებლობას მისცემ, მთებს გადააბრუნებს, მაგრამ როცა არ იცი, რისთვის აბრუნებ იმ მთებს, კისრის მოტეხვის ტოლფასია ეგ შესაძლებლობა.

 

გარეჯა სიწმინდე, ღირსება და ისტორიაა. უდაბნო მასთან მისასვლელი გზა - მხრებში გაშლილი სივრცე, რომელიც გისრუტავს.

უნდა მოასწროთ გარეჯულ გაგანია ზაფხულამდე იქ ასვლა, ვიდრე უდაბნო მწვნე ველია და ბიბინებს, ვიდრე მეტისმეტი მცხუნვარებისგან გადაიხრუკება...

თუმცა, იქ, სადაც წყალია, მზე ხომ არასოდესაა ზედმეტი...

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...