Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.303

"ბედისწერის თამაშები" ქართულად, ანუ "ფორმა 100" კოლექტიური პორტრეტისათვის ოჯახურ ინტერიერში


katya

2.133 views

blog-0901546001494831408.jpgსხეულებისთვის და ვითარებისთვის არსებობს მხოლოდ ერთი დრო აწმყო. მხოლოდ სხეული არსებობს სივრცეში და მხოლოდ აწმყო არსებობს დროში. კოსმიური აწმყოს მასშტაბში ასეთ ერთიანობას ეწოდება ბედისწერა.

ჟილ დელიოზი

ბედისწერაზე ისეთებს დავწერდი, ჩვენი ტატოს და გალას გადამკიდე, მაგრამ „შინაურ მღვდლებს“ კი არა, შინაურ გენიოსებს როდის იყო ვინმე უსმენდა? არც ისინი ითხოვენ შენდობას და კი ვართ ასე...

გენიოსობაც ბედისწერაა, მართალია, ზოგს პროფესია ჰგონია (ეგონოთ!). ბავშვობიდან აქვს ჩა-გონებული - მთლად გენიოსი თუ არა, მისი აზრი, გამოხედვა, მიხვრა-მოხვრა და სოციალური მდგომარეობა მაინც უნდა იყოს გენიალური.

სადღაც, ვენეციაში, ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველო იყო „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" . ვინ თქვა და ვაჟიკო ჩაჩხიანმა და მიშა სააკაშვილმა გაიმეორა. სადღაც, ჭიათურაში ნაპოვნი და ქართულ პავილიონში წამოჭიმული ძველი იმერული ოდა, თურმე, „იმას გვასწავლის“ , „რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზეო“. ეს განმარტება თავად ინსტალაციის ავტორს ეკუთვნის თუ ჩვენი ე.წ. კულტურის სამინისტროს შეხედულებაა, არ ხმაურდება. სამაგიეროდ, ნაპრეზიდენტალი იპუტავს - „ეს რა გიყვეს ჩემო სავლე“-ო... სავლე ამ შემთხვევაში სიმბოლური საქართველოა. როგორ ვერ გაუარა ამ ტიპს „საქართველოს პრეზიდენტობამ!?“ მარგველაც ეგრე რომ დარჩეს?!

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და დაჯდა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო, სრულიადსაქართველოს ოპოზიცია, თვალების ჭუტვითა და ტუჩების პრუწვითა, თითის გაყოლებითა და ჩახველებით იკითხა ამბავი ესე. „ეს რა დაგვმართნიაო!?“ უიუიუიოოო... ჩემი ქართულის მასწავლებელი, ქალბატონი მედიკო ჯიქია გამახსენდა - თითებს რომ გაპარჭყავდა და დაუმიზნებდა ჩემს რვეულს - „დახეთ, რასაა რომ გავს ეკატერინეს საშინაო დავალებაო“... რომ შვუბღვერდი ხოლმე - რას ერჩით ჩემს დავალებას მეთქი? რასაა რომ მიბღვერ, კარგი ვთქვი, შეგაქეო... ხოდა, თქვენ , თითების მპარჭყავებო! ბორჯომი გაქვთ „სტოლში“ თუ ვუთხრათ ოფიციანტს დაამატოს?..

 

ისეთი ენთუზიაზმით აიტაცა საზოგადოებამ „წითელი ზონის“ მიერ გახმოვანებული პენსიონრების ორსულობის დაფინანსების ბოროტი ხუმრობა, მთავრობამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი - მართლა ხომ არ დაამატოს ეს პუნქტი საპენსიო ჯანდაცვის პაკეტს?

რაც შეეხებათ ნამდვილ ორსულებს, მათთვის ჯანდაცვის პროგრამის ვაუჩერმა ერთგვარი სიმბოლური სახე შეიძინა, ყველაზე მაღალფასიანი მომსახურების „თანადაფინანსების“ განუმეორებელი ხიბლით. ამას თუ აბორტის აკრძალვაც დაემატა, დემოგრაფიის პრობლემის გადაჭრის გზებს მთელი ცივილური მსოფლიო ჩვენგან გადაიწერს, ისეთი შედეგები გვექნება.

“მინდა გულახდილად გითხრათ – როდესაც თქვენი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას საკვების 70-80 პროცენტი იმპორტით შემოაქვს, ეს არამარტო არასწორი, არამედ არანორმალურია” -ასე გვატაკა პირში მწარე სიმართლე შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ლუკას ბეგლინგერმა. დედა, რა უხერხულია! შვეიცარია ამდენი წელია ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნავს და მაინც არაფერი გვეშველა. ისევ ისე გვშია და გვწყურია, ზოგან და ზოგჯერ უარესადაც კი. რაც მაგ სფეროში ფული ჩაიყარაო და სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. მოკლედ, არ ვიცი მეო! როგორც გინდათ, ისე ამოავსეთ ეგ უზარმაზარი ნაპრალი და დოზანაო!

ხოდა, ავიკაპიწეთ ახლა შარვალ-ხალათები, დაგვირიგოს მთავრობამ თოხი, ბარი, თესლი, ნერგი, მიწა. ჩემობატონო! წავალთ და ვუბაყუნებთ იმ მამა-მარჩენალ ჩვენს წილ დედამიწას. ინტერნეტი კი გვაქვს უფასო სოფლად და აწი ჩვენ შრომა გაგვიჭირდება? ისე დაგვიმშვენდა ცხვირიც, პირიც და უნარ-ჩვევებიც....

უვადო პატიმრობაც კი შეუმჩნევლად გაიფრენს, კამერებში ინტერნეტის კაბელს თუ გადმოვჭიმავთ. ის ჩვენი სასჯელაღსრულების მინისტრი ნუ აიტაცებს უცებ ამ აზრს. ისედაც არაფერი დარჩა კომფორტიდან, იმ დაწესებულებებში „ჩაუნერგავი“ . ინტერნეტიც თუ ექნათ, მართლა ძალით თუ გამოყრი ციხეებიდან ხალხს. ტყუილად კი არ დაადგა ჩვენს მინისტრს აღფრთოვანებული მზერა „დეიდა ნატომ?!“ მეტი პარადოქსი და ბედისწერა რაღა გინდა - ქვეყანაში ყველაზე ჰუმანური, მზრუნველი და ადამიანური მინისტრი სასჯელაღსრულებაში რომ გეყოლება...არადა, სულ ცოტა ხნის წინ, იყო დრო, რის გამოც გლდანის ციხე მსოფლიოს ყველაზე საშინელი და სისხლიანი ციხეების ათეულში მეშვიდე ადგილზე მოხვდა. შავი რეიტინგიც რეიტინგია, ბატონებო!

უცხოელის თვალი არ ვნახოთ დადგმული ჩვენს მიწაზეო! ფეხი დაადგას, ჯანდაბასო. უცხოელი ტურისტად და ინვესტორად ჩამოეთრიოს, ფული დაყაჭოს ბღუჯა-ბღუჯა და წაეთრიოსო! თუ საქმე უნდა, ისეთი აკეთოს ბატონო, ჰაერში რომ იქნება გამოკიდებულიო. ჩვენ რომ გვინდა ისე უნდა იყოს ყველაფერი, აბა როგორო?! ჩვენ რჩეული ერი ვართ რჩეული მიწა-წყლით და ყველაფერი რჩეული გვახასიათებს უვიცობიდან- ამპარტავნობამდე, პატრიოტიზმიდან - პრინციპულობამდე და ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს... შევიკრიბებით აგერ, უცებ, რუსთაველზე, მელიქიშვილზე, ჭავჭავაძეზე, მაგის მეტი რა გვიკეთებია ბოლო 25 წელიაო?!

არადა, ეს „მიწის წუწკი“ ილონ მასკი, თურმე, ბოლო დროს, ახალი ქარხნებისათვის ასაშენებელი ტერიტორიების შერჩევით ერთობა. “ტესლას” დამფუძნებელი, წლის ბოლომდე, კიდევ 4 ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავსო. ვაიდა, ფეხი აუცდეს და „ჩვენს ეზოშიც გაადინოს ტყაპანი“...მტრისას! მტრისას!

ახალი ღვინის ფესტივალზე მზეც იყო, ღვინოც, ხალხიც, საქმეც და განწყობაც. გვიყვარს ჩვენ ჭიქით ხელში ბედნიერებასა და ცხოვრების ავან-ჩავანზე საუბრები ღია ცის ქვეშ და კარგადაც გამოგვდის. ჯერ-ჯერობით რაც მართლა კარგად გამოგვდის.

იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალისტი, ღვინის მწერალი აკიჰიკო იამამოტო საქართველოში სტუმრობის მერე ბოდიშს გვიხდიან - გვაპატიეთ, აქამდე ქართულ ღვინოს რომ არ ვიცნობდითო! ფაქტიურად, კოლეგები ვართ, იაპონური სამზარეულო და ქართული ქვევრის ღვინოც UNESCO-ს არამატერიალური ძეგლებია და ისე უხდებიან ეგენი ერთმანეთს, თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათო. მოკლედ, მალე ამომავალი მზის ქვეყნის ბაზრებიც ჩვენია და მთავარია ეს ამბავი თავში არ აგვივარდეს, ღვინო არ შემოგვეფუჭოს სიხარბით და გენეტიკური ამპარტავნებითა.

ჯერ კიდევ ვერ დაიმახსოვრა ყველამ, რომ მხოლოდ სიყვარული შეიძლება უბრალოდ, არაფრის გამო. პატივისცემას აუცილებლად სჭირდება რაღაც მიზეზი...

 

არც მკვახე ვაშლის ხის ჭანჭყარს აქვს აზრი. დამწიფდება ის ვაშლი და ჩამოვარდება თავისით. ყველაფერი ხდება, მაშინ, როცა მოსახდენია, თუმცა, ყველაფერი „ევრიკა“ არაა...

არც ყველა ოცნება ხდება ბატონებო, კრებითი „საგანელიძეების“ მოდგმის წესების თანახმად. მაგალითად, ბილ გეითსი ბავშვობაში მზარეულობაზე ოცნებობდა და ბედისწერამ ხომ ხედავთ, სად უკრა თავი.

არც ზურაბ პოლოლიკაშვილი ოცნებობდა ბავშვობაში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე, მაგრამ, თავისი მთავარი კონკურენტი ფინალში 18/15-ზე დაამარცხა.... ხოდა, კარგია ეს ! კარგი კი არა, უკარგესია!..

სამწუხაროდ, ადამიანებში გულწრფელობა არც ისე დიდი დოზითაა. ამიტომაც, გულწრფელობას უნდა გავუფრთხილდეთ, კი არ უნდა ვაფრიალოთ ქარში მარჯვნივ და მარცხნივ.

ერის გახლეჩის პროცესი ორ ფილტვად ჯერ კიდევ პიკშია. გუგული არსად წასულა. გუგული რეკლამაზეა გასული და დაბრუნდება... საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეთერში აღიარა რომ მარიხუანაზე სულაც არაა ისეთი საშიში, როგორც თამბაქო. იამაიკის იუსტიციის მინისტრმა კი ქვეყანაში მარიხუანას პირველ ლეგალურ ძირი დარგო...

„თელავიი თვითმმართველობაი ხელი დეედება და ვიღაცაი წითელი ეენთებაო!“-„თელაველმა კონსტიტუციონალისტებმა“ .

ირმა, ანუ "ინდირა განძი".. წითელ ზოლად გასდევს საკონსტიტუციო განხილვებს რეგიონებში და იცავს პრეზიდენტის ინტერესებს ქვეყნის ინტერესების სოუსით. პრეზიდენტი, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარისგან დიპლომს ითხოვს - ამდენ მეცადინეობას წყალში ნუ ჩამიყრი, ოჯახობა მინდა გავახაროო... მაგრამ, კობახიძე რის კობახიძეა მარგველას დაყენებული ღიმილი „სჭამოს?!“ - კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმასაო!- გამოუცრა კბილებს შუა და ჩაახველა. ისე, რას ერჩით ამ მარგველას? არ არსებობს ისეთი ლურსმანი, ჩაქუჩობაზე რომ არ ოცნებობდეს და ამან საერთოდ პლასტელინობით დაიწყო.

რაინდ ვასაძეს იმ დღეს ახალგაღვიძებულზე რომ რაღაც წამოაყვირა ქვეცნობიერმა, მერე ისევ ჩაეძინა?

 

ემანუელ მაკრონის და მისი თანამეცხედრის ნანინანატრმა პირველი ღამის ცერემონიალმა ელისეს სასახლეში, ექსესების გარეშე ჩაიარა... პაპარაცებმა მხოლოდ ცერემონიალის პრელუდიას შეასწრეს თვალი და კამერებმა ეს მომენტი , რა თქმა უნდა, დააფიქსირეს. ფრანსუა ოლანდმა სასახლის დატოვება აღნიშნულ ცერემონიალამდე მოასწრო. მედიას არც ის გამოპარვია, რომ მაკრონი ელისეს სასახლეში თბილისის დროით 12:00 საათისთვის მივიდა, ხოლო პირველი ლედი იქ მასზე ადრე დააფიქსირეს. ბრიჯიტმა მეუღლეს სასახლეში მისვლა დაასწრო. რა თქმა უნდა, ახლა ეჩქარება და ბავშვობაში კი დააწყვიტა ბიჭს ნერვები... სამაგიეროდ, ამ ქალბატონმა, სულ სხვა ელფერი შესძინა პედაგოგის პროფესიას თავისი პერსპექტივებითა და ჰორიზონტებით.

გახსოვდეთ, ძვირფასო „მასწებო“! მაშინაც კი, როცა აღარაფერია დასაკარგი, ჯერ კიდევ ყველაფერი არ დაკარგულა!.. ხოლო, სიამოვნებით დაკარგული დრო არც დაკარგულად ითვლება და არც გაფლანგულად.

ელისეს მინდვრების ამბავი გასაგებია, ელისოს წყაროზე რა ხდება? კოკა მთელია?

 

თუ ადამიანს არასოდეს აწუხებს კითხვა „რატომ?“, მალე აუცილებლად შეაწუხებს კითხვა „რისთვის“?

 

ერთი სიტყვით და ორმაგი გაგებით, ქვეყანაში დამსხვრეული სტერეოტიპების „კაპიტალური რემონტი“ მიმდინარეობს.

თუ ბნელ ოთახში შავ კატას ვერ პოულობ, უნდა მიხვდე, რომ ის კატა თვითონ ხარ! თუმცა, ჯერ, ყოველ შემთხვევაში, ოთახში შუქი უნდა აანთო...

კიდევ, თუ სხვებს დაასწარი და საკუთარი მიქარვები იმათ „ჩაუდე“, მერე „იმათ“ რამდენიც უნდა იყვირონ, ვეღარ დაგეწევიან...

ამიტომ, თორდია-ფარცხალაძის ორთაბრძოლებში რაც უფრო ნაკლები ადამიანი ჩაერევა, არც სახელმწიფოს წაუცდება ცხვირი, მით უფრო მალე გაირკვევა ვის რა უნდოდა და ვის რა უნდა? ისე, ჩვენს ქვეყანაში გასართობ დაწესებულებებში, კამერების კულტურა რისთვის დაინერგა იცის ვინმემ?

ფსიქოლოგები ამბობენ რომ, ახალი ამბები ან კარგი უნდა იყოს, ან სასარგებლო , არადა წავილეკეთ ნეგატიური ნიუსებით. ჰობი აქვთ ასეთი ჩვენში ჟურნალისტებს - ნეგატივი უკეთ იყიდება!

რემარკის ერთი რემარკა გამახსენდა - ადამიანს გონი იმიტომ ეძლევა, რომ გააცნობიეროს - მხოლოდ გონებით ვერ იცხოვრებს. ადამიანები გრძნობებით ცხოვრობენ და იმართებიან და გრძნობებისთვის სულერთია მტყუან-მართალიო...

 

გეხსომებათ, - ერთმა ამერიკელმა ღმერთს რომ უჩივლა - რაც მე მაგას სანთელი ვუნთე და ვილოცე და ერთი ცენტის საქმეც არ გამიკეთაო. ჰოდა, მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. მოსამართლემ დიდი ხნის ტვინის ჭ####ტვის შემდეგ, როგორც იქნა, სარჩელზე უარის თქმის საფუძველი გამონახა: - თუ გინდა სარჩელი მივიღო, მოპასუხის ზუსტი მისამართი მიუთითე, სარჩელი რომ გადავუგზავნოო!

 

ჰარვარდში შესასვლელ კარიბჭეზე აწერია „შედი, რომ სიბრძნეში გაიზარდო“.

კი არ დავკვირვებივარ, რა აწერიათ ჩვენთან უნივერსიტეტების „კარიბჭეზე“?

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...