Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.303

გაგულისებულნი გუგულისებრთა ოჯახიდან, ანუ აპრილი პოლიტიკურ სილურჯეში


katya

1.931 views

blog-0457367001491741492.jpg„ სამყაროში ჩვენს ყოველ საქციელს აუტანელი პასუხისმგებლობის სიმძიმე აწევს. რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ახლოა ჩვენი ცხოვრება მიწიერთან, უფრო ნამდვილია. ტვირთის უქონლობა პირიქით, ადამიანს ჰაერზე მსუბუქს ხდის, მიწას, მიწიერ ყოფას აშორებს, მისი მოძრაობები იმდენადვე მსუბუქია, რამდენადაც მნიშვნელობას მოკლებული”. მილან კუნდერაყოფის აუტანელი სიმსუბუქე

აგერ უკვე კვირაზე მეტია, აპრილი ნამდვილ გაზაფხულს მოაბილიკებს გოდრით და კალათით, ტყიდან, მთიდან, ციდან... და მთელ დედამიწაზე, გრავიტაციის კანონით გაერთიანებული ადამიანები, ვაგრძელებთ სვლას საათის ისრის მიმართულებით არათანაბარი ნაბიჯებით და არათანაბარი სუნთქვით.

აპრილი ქართველებისთვის ლურჯია, სევდის და მოგონებების დროა, ვისთვის - პოლიტიკური ოცნებებისაც, მაგრამ აპრილში გვაქვს ერთი დღე, რომელმაც 28 წლის წინ გრავიტაციის რეკორდი მოხსნა. ამ რეკორდის რეალური და ნაღდი შედეგი ჯერ არ გვინახავს, არც სიო და სურნელი გვიგრძვნია, მხოლოდ კვაზი და დემო ვერსიები - რამდენიც გინდათ... ბევრს იმ გამთენიის ტკივილის ხმა, შიშის სუნი, შეურაცხყოფილი თვალების ფერი და შურისძიების მწკლარტე გემო პირში დღემდე გვახსოვს... ისიც - ამ დღეს და იმ ღამეს, ქართველებს, ძალიან, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთიც და სამშობლოც...

და თუ დღეს გამთენიისას რუსთაველზე ბევრი წესიერი ადამიანის „მწარე ნაფაზი“ დაგროვდა, აი დარდი, თუ იმ ბოღმის გამონაბოლქვს სადღაც ვერ გაიგებენ...

 

ზოგადად პროფესიონალთა მოქმედებებისა და ქცევის წინასწარ გათვლა შესაძლებელია, მაგრამ, რა გინდა ქნა, როცა რეალობა „მოყვარულებით“ გაივსო?!.

პროფესიონალების ხსენებამ მოიტანა და, თუ „ჯეჯეს სწავლებას“ მივყვებით, ანუ გუგლს დავუმეგობრდებით და გუგულს დავგუგლავთ, მივიღებთ შემდეგ ინფორმაციას -„ ტყე და გუგული“, „გუგულიანი საათი“, „გუგულის კვერცხები სხვის ბუდეში“, „გუგული ყვავილით ტუჩის კუთხეში“ და „ ჩვეულებრივი გუგული“.

გაგიკვირდებათ და , მთელი ოჯახი ყოფილა გუგულისებრთა, ჩვენდა სანეტაროდ. აქამდე გუგულებზე სხვისი ბუდეების სიყვარულის ამბავი გვქონდა გაგონილი. ახლა ისიც ვიცით, რომ გუგული ის ჩიტია, რომელსაც თამბაქოს კვამლი არ სიამოვნებს და რაც სიამოვნებს ან არ სიამოვნებს, ამაზე ძალიან ბევრს და აღმაშფოთებლად კრიახობს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა „ბრწყინვალე ათეული“ საქართველოს სინამდვილეში, რომელთა ოფიციალური ჯამაგირი 10 000 ლარს აჭარბებს: სიის თამადობას საგანელიძე ვის დაუთმობდა? ძირითადად ეს ის ხალხია, რომლებიც ამ თანამდებობებსა და ხელფასებს „კარგი ყოფა-ქცევისთვის“ იმსახურებენ როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლებისგან. მაღრაძეების გვარის ყველაზე თვალსაჩინო გუგულთან, რა თქმა უნდა, მსგავსი ინფორმაციების განხილვა სერიოზული ქიშის მატარებელია მისი უაღრესად ფაქიზი ფსიქიკისთვის.

თბილისიდან ბაქოში საჰაერო ტაქსით მგზავრობა სულ რაღაც 6930 დოლარი ეღირებაო. არაა ეს ისეთი თანხა, „ადგილობრივ ელიტას“ ერთ სამარიაჟო სელფად არ უღირდეს. როგორც გავიგე, "ჯემი როქუაის" კონცერტის ყველა ბილეთიც უკვე დასოლდაუტდა"-ო...

2014-2016 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების მიერ მოხმარებული საწვავი დაიანგარიშეს და 62 ტონამდე გამოვიდა.

 

სამაგიეროდ, წყლის, ტუალეტისა და აბაზანის გარეშე ცხოვრობენ ბავშვები ფშავ–ხევსურეთის პანსიონებში და დანაყრება ენატრებათ.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 10 100 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით ისეთ 11 აფრიკულ ქვეყანას ჩამოვრჩებოდით, როგორიცაა: ეკვატორული გვინეა, სეიშელის კუნძულები, მავრიკი, გაბონი, ბოტსვანა, ალჟირი, ლიბია, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ნამიბია, ტუნისი.

რა პრობლემაა დღეს საქართველოში ფულის შოვნა ერთეულებისთვის?! არანაირი. დაამთავრებ „ფინანსებს და კრედიტებს“ ვიოლონჩელის კლასით და მიდიი... პოლიტიკა გინდა, ბიზნესი გინდა... თუ არ იცი რა გინდა, არც ეგაა დიდი პრობლემა...

მასე არაა ამერიკაშიც?! ისტორიის ბოლო თავებში, ზოგადად, საქართველოს პრობლემა მუდმივად „უფროს ძმებშია“... ძმებში, რომლებსაც ჩვენთვის არასოდეს სცალიათ, თუ რამეში გამოსაყენებლად არ დავჭირდით. ივანკა მამიკოთი ამაყობს - „ ის არ შეეგუა ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ საზარელ დანაშაულსო“. მამიკოთი, სავარაუდოდ, ანი მარგველაშვილიც უნდა ამაყობდეს, მაგრამ რატომ „უტყდება“ იმის აღიარება რომ „საქართველოს პრეზიდენტის შვილია“ და არა რიგითი მოქალაქე, ეგ ჯერ არ იცის. როგორ გვიყვარს მაინც გოგოებს მამიკოები...

როგორც გერმანელები აანონსებენ, პუტინი და ტრამპი თუ სირიაში ერთმანეთს დასცხებენ, ჩვენ აქ კარგი დღე არ დაგვადგება, მაგრამ, სამაგიეროდ როგორ მოიფხანს გულს ჩვენი საზოგადოების ორი დიდი ნაწილი!?

თამბაქოს კანონით ჩაფიქრებული ერის მწეველებად და არამწეველებად გაყოფის ვერაგული გეგმა არ გვეყოფოდა, ახლა კიდევ „ამერიკა მოერევა თუ რუსეთი?“

წარმოდგენაც არ მინდა, რა ამბები დატრიალდება ქართულ ფბ-სივრცეში...

გახლეჩილ მოსახლეობას კიდევ ერთი გამაერთიანებელი სიახლე მოგვართვა ყველაზე წარმატებულმა და „მზრუნველმა“ ბიზნეს-სექტორმა. აქაოდა, ლარი გამყარდა, ისე ვეღარ ვსუქდებითო და, 18 აპრილიდან, ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე, 50 თეთრიანი საკომისიოს ნაცვლად 1 ლარი გვექნება გადასახდელი. არა, , 50 თეთრზე კი არაა „ბაზარი ძმაო!?“ უბრალოდ, დინგი გეზრდებათ უკანალივით და ბოლოს რითი შეჭამთ, მაგასაც ვნახავთ.

მეცნიერული კვლევებით, ღორები ცას ვერ ხედავენ. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ პოლიტიკოსებმაც და ბანკირებმაც, ყველამ, ვინც მმართველობისა და ხელისუფლების გეჯასთან , გობთან, ვარცლთან თუ როფთან მოიკალათეთ... მარგალიტები ცოტა იყო, გათავდააა...

ოპოზიციას რომ ჰკითხო - პრეზიდენტმა პარლამენტში ქართველი ხალხის გზავნილი მოიტანაო... დიახ, ხარებას, გიორგი მუჰამედ მარგველაშვილი თავისი ფეხით მივიდა პარლამენტში, ვიზიტის ოფიციალურ ვერსიად დებატები დასახელდა კონსტიტუციის თემაზე. „გაცხოველებული დებატები“, როგორც ქალბატონი დოლიძე აანონსებდა, არ გამოვიდა. გაცხოველებული თათხვა და ბრალდებები რეგლამენტის დაცვით - კიბატონო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მუჰამედი ვერაგულად შეიტყუეს ნიკოტინით გაჯერებულ ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობაში, ხოლო კონსტიტუცია, მოწმის სტატუსით დაიბარა ბრალდების მხარემ.... და საერთოდ, მუჰამედის მიმართ „მთის“ ზოგადად ვერაგული ჩანაფიქრი - პრეზიდენტობის დაძალება - დიდიხანია გაიშიფრა მაზოხისტურ ქცევად „დაზარალებულის“ მხრიდან. მოკლედ, პარლამენტიდან ჯერ მთავრობის წევრები გაქრნენ გამომშვიდობების გარეშე, ბოლოს - მარგველა საპრეზიდენტო რეპერტუარით - „ნეტავ სულ რას მოვდიოდი?!“

ისე, რას ერჩით მაგ ტიპს უმრავლესობა? იმ პრეზიდენტის რა ვთქვი, პრემიერ-მინისტრობაზე რომ არ ოცნებობდეს...

მიუხედავად იმისა, რომ თერმოდინამიკის მეორე კანონით - ყველა პროცესი მიდის გაწონასწორებისკენ, არის პროცესები რომლებსაც ჩიხში ან გაურკვევლობაში ყოფნა ურჩევნიათ.

ჟურნალისტური ქარტიის მეთერმეტე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.

თუმცა, ეკა კვესიტაძეს არც პრინციპის სჯერა, არც ფაქტების დამახინჯებას აღიარებს, არც ქარტიის გადაწყვეტილებები აინტერესებს და, საერთოდ, ვის უბედავთ თქვენ კითხვების დასმას? იყო დრო, როცა ყველა მნიშვნელოვან კითხვას ამ ქვეყანაში მისი დრუნჩა თანამეცხედრე აჟღერებდა და პასუხობდა.

ამიტომ, არაა თქვენი და არც ჩვენი საქმე - საიდან დაადგინა „ის ხეები უნიკალური იყო თუ არა?“ კვესო კილაძე კი არაა, თავისი წყაროები და ლაბორატორიული სინჯარები ბაზრობაზე გამოფინოს!?.

 

პანთეონის ოლიები ისევ მძვინვარებდნენ.. 1700 -მა კვადრატულმა მეტრმა მახათას მთაზე, ვერა და ვერ მოხიბლა ქართული საბჭოთა ინტელიგენცია. ჭეშმარიტი საზოგადო მოღვაწენი „სამშობლოს მიწას“ ცხვირსახოცში გამოკრულს დაატარებდნენ გულის ჯიბით და სადღაც გადაკარგულში, ცხრა მთას იქით, ერთი მუჭის მოყრა ჰყოფნიდათ სულის ცხონებად. ესენი აქ გაჯეჯილებულნი ნაძალადევის მიწას იწუნებენ, მაინც და მაინც დიდუბისა გვინდაო?!

ფუჩეჩი-ფუჩეჩი კიარადა, ნახერხი! ნახერხი!

„ტიალო დარიალამ“ მოგჭამათ ჭირი, ბორანმა უფრო ადრე. 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციამ, როგორც ამბობენ, საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური - „დარიალი ჰესი" მოიტანა. ამასობაში, საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე ქართულმა მხარემ Tesla-სთან პირველადი კომუნიკაცია დაამყარა. ვაიდა, ამ ყველაფერს კარგი პირი უჩანდეს და ვისაც არ გაუხარდეს!..

გამოგიტყდებით და, 10 წლისაც კი არ ვოცნებობდი ასე განძის პოვნაზე, როგორც ახლა. ბოლო დროს კიდევ ხეებზე მუშტრის თვალით ცქერა დამჩემდა.

 

მეგობარმა შემომჩივლა - მიტევების კვირაში ბანკში რომ დავრეკე, კრედიტი კი არ მომოტევესო!?. ისიც საკუთარი გამოცდილებიდან დავასკვენი - რაც უფრო ჩუმად ყვირი, მით უფრო ყურადღებით გისმენენ.

ახლა რომ ჩვენს ქალაქში კარაულზე ამხედრებულმა იესომ ჩამოიაროს, ნეტავ თუ ვიცნობთ?

ყავამშვიდობისა !

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...