Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

მარტის მამლობიდან ლურჯ აპრილამდე, აქა ამბავი აქეთურისა და იქეთურისა


katya

2.086 views

blog-0960596001491290501.jpgღმერთს შუბლი შეუკრავს, მოღუშულა. მართლაც, როგორი

ამბავია, ტალახიდან კაცი შეჰქმნა, ის კი აგიხტეს, კრიჭაში ჩაგიდგეს, არ მომწონს,

არ გეთანხმები, მეტი მინდა, უკეთესის ღირსი ვარო. მაგრამ ღმერთი კი არ

გაბრაზებულა, შესცოდებია გაუმაძღარი ტალახი. აბა, რიღას ღმერთი იქნებოდა და

რიღას შემქმნელი, თუ წინასწარვე ვერ განსჭვრეტდა, რა ძვირი დაუჯდებოდა ეს

პირველი გაბრძოლება თიხის კაცუნას. ოთარ ჭილაძე „მარტის მამალი“

გუშინ ისეთი ამბავი გავიგე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წმ. ნიკოლოზი უმაგრესი ტიპია, „ჩვენიანი“! რომ, ყველაფრის მიუხედავად, სასწაულები მაინც ხდება აგერ, აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე... რომ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს გვერდით ამ წუთას არიან ადამიანები, ვისაც დიდი ხნის ლოდინის, ტკივილის და იმედგაცრუების შემდეგ, ყველაზე სანუკვარი ოცნებები უსრულდებათ.

ეი შენ, მანდ! მაღლა თუ ჩვენს მარჯვნივ ან მარცხნივ... უხილავო გონო და ხელო! შენ მაინც ნუ მიგვატოვებ რა!

წყევლაც და ლოცვაც მათზე ჭრის, ვისაც ცხოვრების ლიცენზირებული ვერსია აქვს ..

ჩვენ ბიძია მხართეძოზე გვინდა ცხონება.. არადა, ზოგჯერ, ზოგისთვის, სამოთხეც შეიძლება ჩიხი აღმოჩნდეს...

ჯერ-ჯერობით აქ ვართ, მიწაზე, დიდ „საქმიან ეზოში“ და ერთი გვირაბიდან მეორე გვირაბში გამავალი შუქის დანახვა ისე გვიხარია, როგორც შვილის პირველი კბილი...

რას ვიზამთ?! ასეთი ინფანტილურები და სენტიმენტალურები ჩამოვყალიბდით - გული და თვალი ადვილად გვიჩუყდება...

უძრავი ქონება გააძვირეთ, ცოტა მიდექ-მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, მთლად ჩვენი ფეხების იმედად ნუ იქნებითო - დამოძღვრა ქუთაისლები პრემიერმა. საპარლამენტო ქალაქის შემდეგ საუნივერსიტეტო ქალაქიც ხდებით, საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელ რკინიგზასაც გიშენებთ ბატონო. აწი თქვენს მარიფათზეა დამოკიდებული ბანტიანი გიტარით იქეიფებთ თუ უბანტოთიო.

ისადა, საქართველოს მთავრობავ, დაგეწყოთ ბარემ „ქართული პურიჭმის“ კულტურული ძეგლის სტატუსის კამპანია ქუთაისიდან. თემატურიც იქნებოდა, სიმბოლურიც და ეკონომიურიც. ქუთაისს ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსი და დიდება თუ ეკუთვნის, ეგ პატივი აღარ ეკუთვნის ვითამ? გული გვიგრძნობს „კაიძალიბიუჯეტი“ იქნება „ქართული სუფრის“ გასაბრენდებლად გადადებული „შავი დღეების“ ფარგლებში.

ხოდა, ჯიბე-გავასქელმა ჯიგრებმა, საპარტნიორო ფონდიდან, - ბარემ აქაა პრემიერიცო, ვიცეებიცო, საწნახელი გვინახონო. არც აციეს, არც აცხელეს, გააქანეს და კვირიკას Best Western Kutaisi -ს, ანუ 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მაკრატელი ჩაუდეს. საპარტნიორო ფონდის ყელმოღერებას საზღვარი არ ჰქონდა. ხუმრობა ხომ არაა, ამ პროექტში 1,4 მლნ აშშ დოლარი ჩადო და რამდენს ამოიღებს ეგ არაა ჩვენი საქმე.

10 წლის წინ იმ ჩვენს გიჟს „ატკრივალკა“ რომ შევარქვი, შარზე კი არ ვიყავი? ალალად დაიმსახურა. ხოდა, მაკრატლები გადამალეთ! კრიჭი-კრიჭის გარდა ქვეყანა აქვს გასაბრწყინებელი მაგ კაცს. საკრიჭინოდ გყავთ გასიებული შტატი ყველა მუნიციპალიტეტში ...

იქნებ, იმ ქართული ტურიზმის ახალ სახესთან ერთად, ვარდისფერი კვარტლების გახსნაც დააწყებინოთ პრემიერს - ტურისტულად მიმზიდველი თემაა ...

ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ჩემი გულის რეჩხი ახდა. გამოტყდა უკვე ის „შავი ჯასპერა,“ კოდური სახელწოდებით - „ მე-6 000 000-ე“ - საქართველოში ცხოვრება მინდაო!

ხომ ვამბობდი - ჩაგვისახლდება მეთქი? ქართველი ქალი არ მიჰგვარეს ჯერ?

ეგ ტიპი აფხაზეთს რომ მოსწრებოდა ჩვენს შემადგენლობაში, მერე გენახათ გადარევა. არა უშავს, გადარჩენილია. არ გადაირევა, რადგან აფხაზეთში სამხედრო ქალაქს აშენებენ რუსი სამხედროებისათვის. “სამხედრო მიკრორაიონში” 19 ორსათულიანი სახლი ჩაიდგმება 300 ოჯახისთვისო.

 

ამ დღეებში ორ სხვადასხვა ქვეყანაში დარეგისტრირებული 2 სხვადასხვა პარტიის ლიდერი მიშიკო ვიზალიბერალიზაციაზე მოლოცვებს ისეთი ენთუზიაზმით იღებდა, თითქოს საქართველოს პასპორტი ედო უბის ჯიბეში.

რა ქნას, ვერ ამოიგდო გულიდან საქართველო! ძალიან გრძელი ბოღმის ჭია ყავს.

ვერც გათავხედებული პაიკის რეპლიკა გაატარა. ჯულეტიჩს ძალიან აუვარდა თავში კამერის წინ ერთი ადგილის ქიცინი და თავის პრეზიდენტზე გახუმრება გაბედა - „ის იგივეა ჟურნალისტის როლში, როგორც მე ტანკისტიო". მიშამ ამაზე მრისხანე ტექსტი შემოთვალა, სადაც რუსთავი 2-ის სახე და მისი დირექტორის თვალის ჩინი გაბუნია „თავგადანერგილ ბოლოკად“ მოიხსენია. მესიჯად ისიც დაუმატებია - ახლა ჭიათურიდან გამოგზავნილი ლობიო მაქვს ქოთნით დადგმული. კარგად ამოვზელ, კი იცი მაგას ბოლოკი როგორ უხდება! ჰოდა, რაც გაიფიქრე, მაგ სახით მოგავლენ სამყაროსო ...

ახლანდელი პრეზიდენტი რა? არის თავისთვის დაიარება დუნიაზე და ხალხს დაჟინებით უმტკიცებს - „კონსტიტუცია ყველასიაო!“ თუმცა, მისი საპარლამენტო მდივანი 7 აპრილს "გაცხოველებულ დებატებს" დაგვპირდა და, ამ დაპირებისას, ტუჩები სიამოვნებისგან ისე გაილოკააა... გაიტლიკა უფრო მისეული იქნებოდა, მაგრამ წინასწარ სიღრმეებში წვდომას მოვერიდოთ სჯობს.

რაღა დაგიმალოთ და, თავს თუ დავიზღვევთ, ხელოვან საზოგადოებაში ალკოჰოლურ თრობას თუ ავკრძალავთ, საქმეს ძალიან გავუმარტივებთ მომავალ თაობებს. ჯეჯე! ყურად იღე პატივცემული რომანის მოსაზრება ლიტერატურის სახელმძღვანელოს შედგენისას.

მთვრალი რომან გოცირიძე ნეტავ თუ უნახავს ვინმეს? შეიძლება კიდეც უნახავს, მაგრამ ის ვინმე ვერ გადარჩებოდა და ამიტომ ჩვენ არ გვინახავს.

„ყმაწვილმამრობის“ ტრამვა აქვს მაგას, საყმაწვილოც ზედმეტი ხარჯი იყო, მაინც უზნეო გაეზარდა მის პატრონს.

ყველაფერი შეიძლება დააბრალო გოცირიძეს, მაგრამ კაცობაზე როგორ ექნებოდა პრეტენზია? მაგას ნაღდად უგონებენ. ხოდა, უხერხულია, არ შეიძლება ადამიანის ასე გაწირვა. თუნდაც ცუდი ადამიანის.

ხოდა, იმ თავის ყმაწვილ-მამრობაში , როგორც ჩანს, ლექსებს წერდა შეყვარებულისთვის და იმას მაინც „ლოთი გალას“ ლექსები მოსწონდა. ეს ჭიჭინდებოდა - მაგან როგორ უნდა მაჯობოსო!? ალბათ თვრებოდა კიდეც უგონოდ. მერე წერდა, ოღონდ არ აჩენს. სწორადაც იქცევა. ეგ ხომ მაგის „კანიოკია“ - რა არ შეიძლება მარტო იმას ჭუჭყუნებს და როგორ და რა შეიძლება ის არასოდეს იცის.

 

აბა თუ გამოიცნობთ, შალვა ნათელაშვილი, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში, 1 აპრილს ვის მიულოცავდა? რა თქმა უნდა! „ალბათ, მომავალი თაობა ამ დღეს "ბიძინაობას" დაარქმევს, მსოფლიოში ასეთი თაღლითი, აფერისტი და მატყუარა პოლიტიკოსი არ შობილა... იმედია, სამომავლოდ ასეთი პოლიტიკოსების დაბადება აღარ მოხდება არც საქართველოში და არც არსად“-ო. რა იცი შალვა ასე გულის ამოგდება. ამ გაგანია სულელების დღეს რა თავისმოჭკვიანება მოგინდა? კარგი, აქ გაგვიწყრა ღმერთი და გავაკონტროლეთ ეგ ამბები ჭუჭრუტანიდან, „არსად“ როგორ ვაკონტროლოთ პოლიტიკოსების ჩასახვის პროცესი? მაგდენი რომ ეფიქრათ შენს მშობლებს, სათოფეზე არ გაეკარებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ იფიქრეს?

და დაანებე თავი ბიძინას, ამოდენა მორალური ზარალი ნახა ადამიანმა (აბა მატერიალურ ზარალებს ეგ არ ითვლის!) - მისი ბოლო რომანი წიფელთან ტრაგიკულად დასრულდა. ეგრეა რა! სიყვარულს ვერ იყიდი! გულს ვერ უბრძანებ და ... მოკლედ, აკმაროს! ჩემი მხრიდან იმას დავამატებდი - ღმერთო! ახლა ვაჟა გააცოცხლა!

 

"გურიის მოამბეს" ცნობით, ოზურგეთის მერს და ჩხაკაურას მაჟორიტარს გაუძუყნავთ ერთმანეთი. რეიზა და რაცხა ვერ გაიყვესო სახელმწიფო ქონებიდან.

 

გაძუყვნით ერთიც გაიძუყნა, ცოლის თვალწინ, დღისით-მზისით... ყოფილი ძალოვანი, ყოფილი მაღალჩინოსანი, ყოფილი დამნაშავე, ყოფილი მსჯავრდებული და ყოფილი ჩიტი. აწი მაგის ყოფნა ჩიტების ბუდის დირექტორის „სამეგობრო სპისოკშიც“ კი საეჭვოა... მოგიკვტეთ ყველას ელისო! რა დღეში ყავხართ...

 

რას იზამთ ჩვენო ფრთახატულებო და ოქროსნისკარტებო?! მარტივი გადაწყვეტილების მიღება ხომ ყველაზე რთულია...

 

რა თქმა უნდა, გვაქვს სასიამოვნო სიახლეც! ჩვენს ქალაქებში კანონი ამოქმედდა ნახევარი ძალით - სისუფთავის დაცვაზე, ანუ ნაგვის არდაყრაზე. ნახევარი ძალის გამოყენება, 2 კვირას გასტანს. მერე თვალების წკურვა, თავის მოკატუნება, დედას ვფიცავა არ ვიცოდი და ხვალ მამას მოვიყვან! აღარ გაგივათ. ეგრევე კაიჯანმრთელ ჯარიმას აგარტყამენ და ახიც იქნება!

 

თბილისის ზოოლოგიურ პარკში 3 აპრილს სპეც-რეისით ჩამობრძანებული 14 ახალი ბინადარის მატება აღნიშნეს. ეგენიც ვიზა ფრის დახარბდნენ ნეტა თუ რამ გაამხეცათ აქ რომ წამოვიდნენ? ერთი უსურიული ვეფხვი, 7 პიკული ლონდონელი კენგურუ, ასევე ბრიტანელი ფაფრიანი 6 ცხვარი, ახალი, უცხო და ევროპული თვალით დაგვაკვირდება რა მაიმუნებზე ნაჯვარი ჩიტებიც ვართ.

მოკლედ, რას გეტყვით იცით ბიძიკოებო და ბიცოლებო? ვისაც ბავშვობაში ველოსიპედი არ გქონდათ და ახლა „ბენტლით“ დაიარებით, სულ რომ შუაზე გაიხეთ ფუყვით, მაინც იმად დარჩებით, ვისაც ბავშვობაში ველოსიპედი არ ჰქონდა...

წარმატება ყველასთან მოდის, უბრალოდ ხელმოცარულებთან მაშინ შემოირბენს ხოლმე, როცა სძინავთ.

ამიტომ, ცოტა გაგებით და სიფრთხილით მოეკიდეთ ყველაფერს, რასაც შეცდომად მიიჩნევთ... როგორც ამბობენ, მაღლიდან ყველაფერი გაცილებით უკეთ ჩანს...

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...