Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.301

ევროპავ, ჩვენო! ანუ, მოლოდინად ყოფნის იწილ-ბიწილო...


katya

1.988 views

blog-0646278001490618439.jpgჩვენ მაინც უნდა ავფრინდეთ, ავფრინდებით და ფრიიი...

დღეს დიდი დღეა ! ევროპაც გაზაფხულივით მოგვეპარა და, სავარაუდოდ, ჩვენში დარჩება, თუ იმ კუდიანი მარი ლე პენის წინასწარმეტყველება არ ახდა.

რა იწინასწარმეტყველა იმ შეჩვენებულმა და, „ევროკავშირი კვდება, ხალხს ის აღარ სჭირდებაო“. კიდევ კარგი, რომ მსოფლიო ლელა კაკულიას „ანალიტიკას“ უფრო ეყრდნობა, ვიდრე მაგის ოცნებებს.

დიდი მისვლა-მოსვლის ხანა იწყებაო, მთავრობაში ამბობენ. „გიჟი რომ ქალაქს მიმოდიოდა“ ეგ ამბავი კი ვიცით დიდი ხანია. ამიტომ, ამ გახსნილ საზღვრებში მიდი-მოდის უფრო კარგი თვალით ვუყურებთ ოპტიმისტები.

პირველი „ფრი“ ევროპაში პოლონეთის ავიარეისით შესრულდა...

საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია ჩვენმა დალიამაც მოგვილოცა დილაადრიან და ლიტვაშიც დაგვპატიჟა. მანდაც ჩამოვალთ, აბა რას ვიზამთო!? შეუთვალეს აქედან ღვაწლმოსილმა პოლიტიკოსებმა და საბჭოთა პასპორტები დემონსტრატიულად გადახიეს სარფის საბაჟოზე.

რა ევროპასთან მოსატანია, მაგრამ, ტაილანდის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელმა პრაიუტ ჩან-ოჩამ ადგილობრივ ჟურნალისტთა პროფესიული პასუხისმგებლობის ამაღლების მეთოდს მიაგნო. ტყუილის გავრცელებისთვის ნებისმიერ ჟურნალისტს უბრალოდ სიკვდილით დავსჯითო!. „არ არის აუციელებელი, მთავრობის მხარე იყოთ, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ სიმართლის მხარეს“, – განაცხადა გენერალმა, რომლის აზრით, ეს აზიურ სახელმწიფოში ერთიანობის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა.

არიქა, გრიგორიჩ! შენი დენდროპარკის ჭირიმე! პირდაპირი რეისი გვჭირდება ტაილანდში! გადაჯდომით იქ გასაშვებად ჩვენი ცრუპენტელები სანდო არ არიან. ხომ გახსოვს, ზოგიერთმა „თვალსაჩინო წარმომადგენელმა“ როგორ მოგვჯაყა? ევროპის სასამართლოში მორიგეობისას ძილი რომ არ აცადეს პატივცემულ მოსამართლეს. უჩვენოდ სიტყვა სიტყვაზე არ დარჩენილა და ქვაზე დასადები მადლი ცოტა იყო, გათავდაო!

„თავისუფალი სიტყვის“ რაინდმა და მეციხოვნემ სულ აბჯრის ჟღარუნით ჩაატარა, მაგრამ რა ჩაატარა! ჩაუტარა, მაგრამ, რა ჩაუტარა! „თავისიანებს“ „თავისას“ პირდაპირ ეთერში, მას შემდეგ, რაც ყარამანაშვილების 40% იან შემონათვალზე ჩვეული გულმოსულობით უპასუხა - ნეტაი თქვენ ვიღას დაკარგვიხართო!

არ იცის მიშას მოციქულმა, არა, „ყველაზე ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს“... არც ის იცის, ცხოვრება"შენს ჭკუაზე", გრძელვადიან გეგმებს რომ არ ითვალისწინებს...

გრიგორიჩს ნაცმო ხმები დაუყარა - თუკი ვინმეს წელს 41 წელი უსრულდება, პირადად უნდა მივულოცოო და დიდი კვლევა დაწყებულიაო... გრიგორიჩს შემოუთვლია - თქვენგან უნდა დავიწყოო და რიგები დგას იუსტიციის სახლებში პასპორტებში დაბადების წლების გადაკეთებაზე.

შალიკო ტრადიციულად აღშფოთებულია მოქალაქე ივანიშვილის საქციელებზე. ამჯერად ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების ნაცვლად აღშფოთდა, რომლებიც, წინასაარჩევნოდ დაპირებებით აავსო და ბოლოს „ყველა გადაყარა ჭორვილელმა თხა -ეშმაკამო“. „ბატონი ქურდები, იმედია, კიდევ არ მოატყუებინებენ თავს სხვა პოლიტ თაღლითებსაც, სხვა დროებში მაინც”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელის მისთვის კუთვნილ მიწა-წყალზე.

გაიგებდით ალბათ, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცს კეკეს საფლავისთვის თვალი დაუდგამს... თვალი დაუდგეთ ზოგიერთებს თორემ მაგოდენა თანამდებობის ქალი ამოდენა სისულელეებს არ უნდა ამბობდეს, თუნდაც პოპულიზმის სოუსით.

გასულ კვირას დაფიქსირდა კონფლიქტი - ვიღაცის ცოლის დაქალების შემოქმედებითი ჯგუფი კუზანოვების კლანის წინააღმდეგ. კენედის დაავადება მხოლოდ მამაკაცებს ემართებათ თუ ვაჟკაც ქალებსაცო?- გაისმა კითხვა. გამოვიდეს და გასცეს პასუხი ჯანდაცვის მინისტრმა, სულ რაღაც რეფორმებით რომაა დაკავებული...

ცნობადმა ეკუნა ყურშიტაშვილმა თავისი ბოლო სიყვარული დაგმო და გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ "მეგრელად რომ იბადები უკვე გეშლება". თუმცა, მერე გადათქვა და თქვა -ნასვამი ვიყავი და მე შემეშალაო..

გასულ წელს ამ დროს რაულ კასტრომ ბარაკ ობამას ხელის გადახვევის უფლება არ მისცა . ხოდა ნანობს ახლა თურმე...

 

სოციალიზმის დროს გვქონდა სამუშაო, საცხოვრებელი, ხელფასი. მოეხეტნენ კაპიტალიზმი და მისი „მეგობარი ქალი“ დემოკრატია და მოგვცეს მიტინგების უფლება ამ ჩამონათვალის მოთხოვნით.

 

1804 წლის მარტში საფრანგეთში ნაპოლეონის კოდექსი მიიღეს. სანამ ფრანგები კოდექსის ავ-კარგიანობას არკვევდნენ , სულ რაღაც 19 წლის შემდეგ, ისევ მარტში და ისევ პარიზში, გამოხტა ვინმე დოქტორი როჟე და განაცხადა, რომ თამბაქოს მოწევა სასაგებლოა, რადგან ანტიბაქტერიულ თვისებას შეიცავსო.

ეს ისე, დამატებით მესიჯად, საერთო ბოქსიდან ამოვარდნილი, „უფლებაშეზღუდული პარლამენტარებისათვის“, ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობაში რომ შეიტყუეს, თუთუნის წევაზე წასწრების შემთხვევაში...

ვიდრე ქართველები ქუჩაში საზოგადოებრივ ტუალეტებსა და მოძრაობის წესების ორმხრივ გამკაცრებაზე ვმსჯელობთ, კვანტურმა ფიზიკამ აშშ-ში სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა დაამტკიცა. ვინმე ლანცას აზრით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანი პარალელურ სამყაროში განაგრძობს სიცოცხლეს.

ხოდა, ჩვენ რომ ხერხი გვეგონა, კვანტი ყოფილა! ამდენ ხანს სიცრუეში გვაცხოვრეს ქართველები ნაცარქექიას ზღაპრის გადამკიდე ..

 

ქუთაისის ბოლო 5 თვის კრიმინალური სტატისტიკა ასეთია - 101 ერთეული პირუტყვია დაკავებული სხვადასხვა ადგილას და დროს „წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით“ ქალაქის ტერიტორიაზე. განმათავისუფლებელ ხელწერილს ვინ აწერს ჩლიქს საქონელი პატრონი თუ პატრონის საქონელი, ეს დეტალები ჩვენთვის უცნობია.

ძროხების დევნაში, ქუთაისელი სამართალდამცავების ჯინაზე, მაღაზიის მძარცველს თანამშრომელმა გოგონამ სცემა.

მუნიციპალურ ტრანსპორტზე და კერძო ყვითელ მიკროავტობუსებზე ფასები არ გაიზრდება 3 წლის მანძილზე, ატვეჩაი ვარო!-ნარმანიამ... ოქტომბრამდე მეც ატვეჩაი ვარ და აი მერე..

ომალოში ყოველკვირეული ფრენები დაიწყება, ივნისიდან ხაშურამდე ჩქაროსნულად ჩავალთ , სექტემბრიდან პოლიეთილენის პარკების მოხმარებაც კი აიკრძალებაო, სულ მალე ნუშის რძეც არ უნდა მოგაკლოთო, ყვარლიდან შემოთვალეს, ოქროს ბიჭებმა... ხოდა, მოვიდეს და გვიბწკინოს ვინმემ!

ხშირად, ყველაზე კარგი იდეაც კი, ისევე გამოიყურება და ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ნებისმიერ კარგ საჭმელს, ადამიანების მიერ გამოყენების შემდეგ ..

და ეს სულაც არაა იდეის ბრალი.

რაღა დაგიმალოთ და, ზოგჯერ თემიდა აფერისტი მგონია. არ მიყვარს ღმერთები, თავს რომ იმკვდარუნებენ...

ღამით, ძილის წინ და მზის ამოსვლისას იმის გამეორება თუ გვიშველის, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა! რომ იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში. რომ არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი...

ჩვენი დოჩანა 78 წლის შესრულდა.

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...