პროკურატურის ცნობით ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2014 წლის 28 ივლისს დაიწყო.
„ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევადია. როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე. რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალურად ამ საქმეებისთვის საქართველოს პროკურატურამ შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელმაც შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებები. ხაზი უნდა გაესვას, რომ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტი შეაფასეს სწორედ ხსენებულმა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილმა უფროსმა პოლ კოფიმ, ისრაელის ყოფილმა სახელმწიფო პროკურორმა მოშე ლადორმა და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის იურისტმა სერ ჯეფრი ნაისმა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად“, - ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.