Jump to content
Planeta.Ge

ილია დარჩიაშვილი: აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები გამართა


აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

საუბრისას ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივ შეხვედრებზე.

„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ იორკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. პირველი შეხვედრა, პირველი მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის იყო მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი 2023, სადაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა წარმოდგენილი საქართველოს პოზიციონირება ამ მიმართულებით და ის გეგმები, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას, რათა იყოს თანხვედრაში საერთო, მსოფლიო გეგმებთან, რომლებიც განსაზღვრულია გაერო-ს მხრიდან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები. პირველი შეხვედრა იყო გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. როგორც ცნობილია, გერმანია ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, სადაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც გადადგა ქვეყანამ 12 პრიორიტეტის მიმართულებით და იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომლებიც დღეს უკვე აქვს ქვეყანას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, სადაც ასევე მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს 12 პრიორიტეტზე და პრემიერ-მინისტრის მხრიდან აქცენტები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ძირითადი მოთხოვნები. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ბატონი ბორელის ვიზიტის შემდეგ განსაზღვრული იქნა კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ მოკლევადიან პერიოდში უნდა შეასრულოს და ამის გამოხმაურება იყო დღეს უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრიფინგი, სადაც ნათლად გაცხადდა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამს მმართველი გუნდი და სწორედ პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაზიარებული პრეზიდენტისადმი ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ეს გზავნილია, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არსებობს ევროპელი პარტნიორებისგან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა  ყურადღება გაამახვილა პრემიერის შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან და აღნიშნა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას. მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის ახალ ელჩს.

„საქართველო ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ იმპულსს და ჩვენ დიდი ინტერესით ველით მის ჩამობრძანებას საქართველოში, რათა გაძლიერდეს, გაღრმავდეს ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ახალი ელჩის ჩამობრძანების, რომელთანაც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად.

პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, დღეს ჰქონდა შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, რომელთანაც ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების ძალიან გონიერ პოლიტიკას, რათა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს მშვიდობა და სტაბილურობა. მან ხაზგასმით აღნიშნა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების განსაკუთრებული ძალისხმევა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...