გიორგი ამილახვარი - ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება... 10 სკოლაში არის პრობლემა და პასუხისმგებლობას არ გავურბივართ
განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოში, პარალელურ რეჟიმში, დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. ერთ-ერთი, მაგალითად, დღეს გავხსენით და ასეთი კიდევ არის ათეულობით, ნელ-ნელა გავხსნით. იცით, რომ ვიცი ეს პრობლემა. იცით, ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება კონტრაქტორთან, იქნება უმკაცრესი მიდგომა და არის უკვე ეს განხორციელებული, სულ რომ ერთი ბავშვი არსებობდეს, არათუ მთლიანად სკოლა და მშობლები. იცით ჩემი დამოკიდებულება, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს ბავშვები არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ, არცერთი ბავშვი დღეს ღია ცის ქვეშ არაა. ყველა გადანაწილებულია უახლეს სკოლებში და ყველა სერვისი, რაც სჭირდებათ მათ, გარდა საგანმანათლებლო რესურსებისა, იგივე სატრანსპორტო მომსახურება, ეს უზრუნველყოფილია. ახლა რამდენ ბრუნვაშიც არ უნდა ვაბრუნოთ ეს კითხვა, ერთ დღესა და ერთ კვირაში ეს სკოლა ვერ აშენდება. და იმის წარმოჩენა, რომ, თითქოს, ახლა ბავშვები ხვდებიან გარეთ, ეს არის უბრალოდ სიცრუე. 10 სკოლაში არის მსგავსი პრობლემა, ვამბობთ ამას ნათლად და არ გავურბივართ არც პრობლემას, არც პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ამილახვარმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.