მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის აშენების მოთხოვნით დადიანის ქუჩაზე აქცია გამართეს
„ჩემი მომავალი აქ წყდება, დაგვიბრუნე ჩვენი სკოლა“ - ამ ლოზუნგით მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე აქცია გამართეს.
მშობლები სკოლის დროულად აშენებას და მათი შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემის შესაძლებლობას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ის დღემდე არ აშენებულა.
„მესამე წელია, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იგივე მდგომარეობაშია ნაძალადევში არაერთი სკოლა, რაც ამ რაიონს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. დანგრეული და მიწასთან გასწორებულია, მე-10, 113-ე, 11-ე, 14-ე საჯარო სკოლა, ბავშვებს სხვა სკოლებში მიკედლება და მეორე ცვლაში შეზღუდული საგაკვეთილო დროით სწავლება უწევთ, რაც მათი განათლების ხარისხს მკვეთრად აუარესებს“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სკოლის პროექტებს აჩვენებდნენ, დღემდე მშენებლობა არ დაწყებულა.
„ვაპროტესტებთ იმას, რომ ამდენი წელი სკოლის მშენებლობას ველოდებით. პანდემიის პერიოდში გვითხრეს, რომ სკოლას დაანგრევდნენ, გვეგონა, იმ პერიოდს გამოიყენებდნენ, მაგრამ არ გამოუყენებიათ, პანდემიის დასრულების შემდეგ, გვეგონა, რომ რაღაც დაიწყებოდა, სხვათა შორის, პროექტებს, მაკეტებს გვაჩვენებდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, არაფერი აშენებულა. როგორც კი აქცია დაანონსდა, დირექტორებმა მასწავლებლებზე, მშობლებზე დაიწყეს მუშაობა, რომ მაქსიმალურად შეეშალათ ხელი დღევანდელი აქციისთვის“, - განაცხადა მშობელმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.