Jump to content
Planeta.Ge

ადვოკატი მოითხოვს, ქობულეთში მოკლული გიორგი ალხანიშვილის საქმის განხილვა ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაციით მოხდეს


ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 18 მაისს მოკლული გიორგი ალხანიშვილის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე ითხოვსრომ საქმის განხილვა ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაციით მოხდეს.

როგორც ადვოკატი წერს, საგამოძიებო უწყება მომხდარის ჯგუფურ მკვლელობად განხილვას თავს არიდებს და ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომელიც საქმეში ფიგურირებენ.

ოთხმა მეგობარმა - ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ლუკა ჯიბლაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა და დავით მენაბდემ გიორგი სტუმრად წაიყვანეს ერთ-ერთის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის სახლში. იქ სტუმარი დანით დაჩეხეს, 19 ჭრილობა მიაყენეს, გვამი გადამალვის მიზნით მიწაში ჩამარხეს. დადგენილია, რომ მკვლელობის ყველა კვალის გაქრობაზე ახალგაზრდებთან ერთად უფროსებმა იზრუნეს - მკვლელის მამამ და ბიძებმა. მკვლელის მამა, რომელმაც უკვე იცოდა მომხდარის შესახებ, რომ გიორგი აღარ იყო ცოცხალი და ის, სწორედ მისმა შვილმა, ალექსანდრემ მოკლა, მოკლულის დედასთან სახლში მივიდა და ათას ტყუილს უყვებოდა კვალის ასარევად, თითქოს გიორგი შუაღამისას ტაქსით გამოისტუმრეს სოფლიდან, რომ თითქოს თვითონაც წუხდნენ მისი გაუჩინარების გამო... მკვლელის ოჯახი დროს იგებდა. როგორც დაკავებული ახალგაზრდების დაკითხვის მასალებიდან ირკვევა, ბაჟუნაიშვილის მამა მათ გვამის საბოლოო მოშორებაში სთხოვდა დახმარებას, რაც ვერ მოასწრეს, რადგან გიორგის დედის მოთხოვნით პოლიციამ ლეღვანის ტერიტორიებზე დაიწყო გაუჩინარებული გიორგის ძებნა და მიაკვლია კიდეც მის გვამს.

საქმის 7-ტომიანი მასალები თავზარდამცემ სიმართლეს შეიცავს იმაზე, თუ როგორ ცდილობენ, მართლმსაჯულებას აარიდონ თავი ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ხაზგასმით ვამბობ, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მკვლელობა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ არის ჩადენილი, არამედ ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.

პროკურატურა ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომლებიც საკუთარი პირით ყვებიან, რომ უყურებდნენ, როგორ ჩეხავდა ბაჟუნაიშვილი ალხანიშვილს, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მის საშველად. პროკურატურა ცალსახად არიდებს თავს, რომ მომხდარი ჯგუფურ მკვლელობად განიხილოს. უფრო მეტიც, დანაშაულის შეუტყობინებლობასაც კი არ ედავება ერთ-ერთ ახალგაზრდას, გოგონას, რომელიც მკვლელობის წუთებში იმავე ჯგუფთან ერთად იყო და თანაც ყველაზე დაახლოებული გახლდათ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილთან“, - წერს მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 20 წლის მამაკაცის ცხედარი 26 მაისს გამთენიისას იპოვეს. მოკლული ახალგაზრდას ცხედარს მძიმე დაზიანებები ჰქონდა. მისი ამოცნობა დედამ პირადი ნივთების საფუძველზე შეძლო. მომხდარზე სამი პირია დაკავებული, სამივე მათგანს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ედებათ. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ქობულეთში 20 წლის მამაკაცი მოკლა და დამარხა, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...