დათუნაშვილი პრემიერის ჩარტერზე: ასეთი რეისის საბაზრო ფასი 110-130 ათასი ევროა
პარტია ,,ლელოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ იმ ჩარტერული რეისის საბაზრო ფასი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში გაფრინდა, 110 000-დან 130 000 ევრომდეა. დათუნაშვილის თქმით, ადგილი აქვს კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რომლითაც სახელმწიფომ 80-90 ათასი ევრო იზარალა.
,,რეალურად, ის თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს პირველ პირებს ატარებს, არის, სადღაც 30-40 მგზავრიანი. მოკლედ რომ გითხრათ, ასეთი თვითმფრინავის, თბილისსა და მიუნხენს შორის ასეთი რეისის, ზუსტად იმის ანალოგიური, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა განახორციელეს - საბაზრო ფასი 110 000-დან 130 000-მდე ევროს ფარგლებში შეადგენს. საბოლოო ფასი მაშინ დგინდება, როცა იმ კონკრეტულ თარიღში აეროპორტის მიღების საფასური და ტარიფი ჯდება.
ანზორ ჩუბინიძის ვერსია, რომ პრემიერმინისტრის ოჯახმა საქართველოს ბიუჯეტის ხაზინაში 34 000 ევრო შეიტანა, პრობლემურია და პირდაპირ კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. გამოდის, რომ სახელმწიფომ კომერციული მიზნით, თვითმფრინავი მიაქირავა კერძო პირ ღარიბაშვილს, რომელმაც ამ თვითმფრინავში არასაბაზრო ფასი გადაიხადა. მეტიც, საბაზრო ფასთან შედარებით 20-30%, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ 80-90 ათასი ევროს მოგება იზარალა. გამოდის, რომ ღარიბაშვილმა კორუფციული გარიგებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, მოახერხა და ბორტი #1-ით იმგზავრა". - არნიშნა დათუნაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.